"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

სიცივე და უხელფასობა ასპინძის საავადმყოფოში

მთავარი 26.01.2013
ასპინძის საავადმყოფოს მედ-პერსონალი სამედიცინო დაწესებულების მფლობელს, შპს ”ადიტს”, უპირისპირდება. რას ითხოვენ ექიმები, რას პასუხობს გაფიცულებს კომპანია და რა შემთხვევაში მივა დავა სასამართლომდე.

სიცივე და უხელფასობა ასპინძის საავადმყოფოში
მედ-პერსონალის გაფიცვა


ასპინძის საავადმყოფოს მედ-პერსონალი ბოლო სამი თვის და გასული 1995-2000 წლების სახელფასო დავალიანების გაცემას, ხელფასების მომატებას და გაუქმებული განყოფილებების აღდგენას ითხოვს. ოთხპუნქტიანი მოთხოვნები მათ საავადმყოფოს მფლობელს, შპს ”ადიტს” უკვე გაუგზავნეს.

6 იანვარს ასპინძის საავადმყოფოს უკმაყოფილო მედ-პერსონალმა პროტესტის ნიშნად მუშაობაც შეწყვიტა. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებს კვლავ ემსახურებიან, რადგან მათ ვერ უღალატებენ, მაგრამ ფაქტობრივად ისევ გაფიცულებად მიიჩნევენ თავს, რადგან კომპანიის მფლობელმა მათი არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

”ავადმყოფის მომსახურებას არ ვწყვეტთ, ვერ ვეტყვით, რომ ხელფასები არ აგვიღია და არ მოგემსახურებითო. ”ვედავებით შპს ”ადიტს”, ”ადიტმა” თანხები უნდა აგვინაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მივმართავთ”,- ამბობს მიმღების ექთანი ნანა გოგოლაძე.

სიცივე საავადმყოფოში


ექიმების თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში პირობებიც არ არის, თუნდაც, სულ მცირე, გათბობა. საავადმყოფოში ელექტროგამათბობლებით მხოლოდ რამდენიმე ოთახს ათბობენ.

”ავადმყოფს გადასხმას გაყინულ ოთახში ვუკეთებთ. რომელ ოთახშიც შევდივართ, ”პლიტები” იქ მიგვაქვს. მთელი ღამეების გათენება გვიწევს, ხშირია ავარიები. პაციენტის მომსახურების გარდა ”ჩეკის” ამოღება და რეგისტრატურაში ჩასვლაც ჩვენ გვიწევს. ამ ყველაფერს მიზერულ ხალფასზე ვაკეთებთ და ისიც სამი თვეა არ მიგვიღია. დეკემბრის თვეში მხოლოდ 30 ლარი დაგვერიცხა”, - ამბობს მიმღების ექთანი დოდო ბერიძე.

”რთულ პირობებში მუშაობის გამო ფილტვების ანთება დამემართა. ამხელა შენობას მხოლოდ მე ვალაგებ”,- საუბარში ერთვება სანიტარი თამარ ქარჩაიძე.

ექიმები იმასაც ამბობენ, რომ რადგან საავადმყოფოში გათბობა არ არის, ხშირ შემთხვევაში პაციენტები სხვა სამედიცინო საწესებულებას მიმართავენ.

სიცივე და უხელფასობა ასპინძის საავადმყოფოში

კადრების ნაკლებობა


დაბალი ანაზღაურებისა და შეუსაბამო პირობების გამო საავადმყოფოს ტოვებს მედ-პერსონალიც.

”თვალის ექიმი ახალციხიდან დადიოდა. დაბალი ხელფასის გამო ჩვენთან მუშაობა შეწყვიტა. ჩემს დედამთლს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მომიწევს ახალციხეში წავიყვანო”, - ამბობს ნანა გოგოლაძე.

საავადმყოფოს არცანესთეზიოლოგი ჰყავს. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტს ახალციხიდან იძახებენ. თუ საავადმყოფოს მძიმე პაციენტმა მიაკითხვა, ექიმები ახალციხის საავადმყოფოში წასვლას ურჩევენ.

რატომ გვიანდება ხელფასები


აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ყველაფერი იცის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მანანა ცინაძემ. იგი ამბობს, რომ მედ-პერსონალს მართლაც მიზერულ ხელფასზე უწევს მუშაობა. ცინაძე ფიქრობს, რომ ამის მიზეზი სადაზღვეო კომპანიის მხრიდან თანხის დაგვიანებით ჩარიცხვაა.

”შპს ”ადიტში” ხელფასების დაგვიანების მიზეზი სადაზღვეო კომპანია ”ალდაგია”. კომპანიას ამ დრომდე ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება არ გადმოურიცხავს. კარგი იქნება თუ სადაზღვეო კომპანიებს ეყოლებათ ვინმე მაკონტროლებელი და თანხის გადმორიცხვის დაგვიანების შემთხვევაში ჯარიმას დააკისრებენ. ჩვენი მფლობელის ინტერესებში ნამდვილად არ ზის ის, რომ მისი თანამშრომლები ხელფასს ვერ იღებდნენ,-გვიხსნის ცინაძე და აქვე იმასაც ამატებს, რომ ”ადიტის” შესვლის შემდეგ ხელფასებმა საგრძნობლად დაიკლო, - ყოველი ახალი ხელშეკრულების დადების შემდეგ ხელფასი დაბლა იწევს. მანამდეც გამომუშავებაზე ვიყავით, მაგრამ სახელფასო პროცენტი გაცილებით მეტი იყო ვიდრე ახლა გვაქვს”.

შემცირებული ანაზღაურება და გათავისუფლებული ექიმები


ასპინძის სამედიცინო დაწესებულება შპს ”ადიტს” მფლობელობაში 2011 წლის მარტში გადეცა.

საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ”ადიტის” შესვლამდე გამომუშავებული თანხის 80 პროცენტი ანაზღაურებისთვის იხარჯებოდა: 40 პროცენტი ექიმებისა და მედდების ხელფასს, ამდენივე კი ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასს ხმარდებოდა.

”ადიტი” ექიმებს შემოსავლების 20 პროცენტს, მედდების კი 6 პროცენტს უხდის. ამჟამად, მედდებისა და სანიტრების ანაზღაურება 30-45 ლარია, ექიმების კი 150-200 ლარი. გარდა ამისა, შემოსვლისთანავე ”ადიტმა” 87 თანამშრომლიდან ხელშეკრულება მხოლოდ 44-ს გაუგრძელა.

”ისე გამათავისუფლეს, რომ წინასწარ არავის გავუფრთხილებივარ. თბილისიდან ჩამოსული მონიტორინგის ჯგუფისგან შევიტყვე, რომ ერთი თვის გათავისუფლებული ვიყავი. რომ არა ჩვენი მთავარი ექიმი, ბოლო თვის ხელფასსაც არ მომცემდნენ. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ანალიზი ახალციხის საავადმყოფოში მიმქონდა. სამივლინებო ხარჯი, 440 ლარი კი დღემდე არ მაქვს აღებული”, - ამბობს ყოფილი ლაბორანტი მარინა ნადირაძე.

რას ითხოვენ ექიმები


ასპინძის საავადმყოფოს თანამშრომლებმა საავადმყოფოს მფლობელს ოთხპუნქტიანი მოთხოვნა გაუგზავნეს. ანალოგიური შინაარსის წერილი გააგზავნეს ჯანდაცვის სამინისტროშიც. ექიმები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

”ვითხოვთ სასწრაფოდ გაიცეს ჩვენი ხელფასები, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებები, თუნდაც ბრძანების დონეზე. სასწრაფოდ აღდგეს სამშობიარო და რეანიმაციული განყოფილებები, რადგან ჩვენ ამის ტექნიკურ- მატერიალური ბაზა გვაქვს. გვყავს სპეციალისტები და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. უნდა დაბრუნდნენ თანამშრომლები, რომლებიც უკანონოდ გაათავისუფლეს. უნდა შეიქმნას ხელშეკრულების ფორმა, რომელშიც სახელფასო ფონდი იქნება მინიმუმ 35 პროცენტი. ხალხი ჩვენს მომსახურებაში იხდის ფულს და არა ”ადიტის”, - აცხადებს საავადმყოფოს ქირურგი მერაბ წამალაშვილი.

”ადიტის” პოზიცია


ვითარების გასარკვევად ”სამხრეთის კარიბჭე” ასპინძის საავადმყოფოს მფლობელს შპს ”ადიტს” დაუკავშირდა. კომპანიაში ადასტურებენ, რომ ხელფასების გაცემა ამდრომდე ვერ ხერხდება და ცდილობენ სადაზღვეო კომპანიისგან თანხების მიღება დააჩქარონ. რაც შეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ”ადიტში” ამბობენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

”ჩვენი კომპანია ასპინძის საავადმყოფოში 2011 წელს შევიდა. შეგიძლიათ გადახედოთ უწყისებს და დარწმუნდებით, რომ ხელფასი კი არ დაკლებულა, მოიმატა. მედ-პერსონალი ჩვენი კომპანიის შესვლამდეც პაციენტების მიმართვიანობის შესაბამისად იღებდა ხელფასს, ამ დროისთვის სახელფასო პროცენტი 50-ია”, - განაცხადა სატელეფონო საუბარში შპს ” ადიტის” წარმომადგენელმა კოკა ფრუიძემ.

მისივე თქმით, მედ-პერსონალის მოთხოვნა რეალური არ არის და თუ არ სურთ მუშაობა, შეუძლიათ აღარ იმუშაონ.

ასპინძის საავადმყოფო ამ დროისთვის15 საწოლზეა გათვლილი. მფლობელ კომპანიაში ამბობენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, 15-საწოლიან საავადმყოფოებზე სამშობიარო და რენიმაციული განყოფილებები გათვალისწინებული არ არის.

”მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, პაციენტების რაოდენობა ძალიან მცირეა. სადაც ერთი პაციენტი და 10 ექიმია, ეს თანხა გაიყოფა ათზე და ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება”, - ამბობს ფრუიძე.

სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაში” აცხადებენ, რომ მათ ასპინძის საავადმყოფოს მიმართ დავალიანება არ აქვთ.

”ჩვენ ასპინძის საავადმყოფოსთან დავალიანება არ გვაქვს”, - განაცხადა სატელოფონო საუბარში სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაის” პრესსამსახურის უფროსმა მაია ივჩენკომ.

შესაძლოა საქმე სასამართლომდე მივიდეს


საავადმყოფოს თანამშრომლებს მფლობელი კომპანიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ექიმები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავენ.

”გამზადებული გვაქვს წესდება, გარდავიქმნებით კერძო სამართლის იურიდიულ პირად და დავიწყებთ სამართლებრივ დავას სასამართლოში, რომ დავისაკუთროთ ეს ქონება და ვიმუშაოთ ისე, როგორც მათ შემოსვლამდე ვმუშაობდით”, - გვითხრა მერაბ წამალაშვილმა.

შპს ”ადიტის” ხელმძღვანელობა საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის პასუხის გაცემას არ აპირებს. სასამართლო ინსტანციებში კი საავადმყოფოს ხელმძღვანელობას წარმატებებს უსურვებს.

სიცივე და უხელფასობა ასპინძის საავადმყოფოში

”ღმერთმა ხელი მოუმართოთ. საქართველოში სასამართლო არის ბოლო ინსტანცია და რასაც სასამართლო დაადგენს, ის იქნება ბოლო გადაწყვეტილება”, - განუცხადა ფრუიძემ ”სამხრეთის კარიბჭეს”.

”საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები” ექიმებს დახმარებას ჰპირდება


”საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების” ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი მთელ პასუხისმგებლობას საავადმყოფოს მფლობელ კომპანიას აკისრებს. პეტრიაშვილი თანამშრომლებს მათი უფლებების დაცვასა და კუთვნილი ხელფასის მიღებაში დახმარებას ჰპირდება.

”ვურჩევ მედ-პერსონალს ჩვენთან ერთად ჩამოაყალიბონ პროფკავშირები, რათა ვიბრძოლოთ მათი უფლებების დასაცავად. ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი 160 ლარზე მეტია, უბრალოდ სირცხვილია მათ ქონდეთ 30 ლარი ხელფასი. მოვუწოდებ სოლიდარიბისკენ, ჩვენთან ერთად დაგეგმონ ღონისძიებები, რაც მათ ღირსეულ ანაზღაურებას მოუტანს. ამის გარანტს მე ვაძლევ”,- გვითრა ირაკლი პეტრიაშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.07.2017 დღეს გამოცდა ფიზიკაში და მაგისტრანტებისთვის უნარებში ჩატარდა

24.07.2017 დღეს გამოცდა მასწავლებლებმა და მაგისტრანტებმა ჩააბარეს

21.07.2017 სამცხე–ჯავახეთში "ბუკს" 2 258 პირველკლასელი მიიღებს

19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.07.2017 გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI

27.07.2017 ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია

27.07.2017 დღეს NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

27.07.2017 დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა
ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს
ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
ახალციხის საავადმყოფოს ექიმები ტოვებენ
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ