FM97.5 / LIVE

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 04.07.2016
2016 წლის 1 ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდა. შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს (DC FTA) მოიცავს. ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს, ქ. ბრიუსელში მოეწერა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება [R]

ასოცირების შეთანხმება, პრაქტიკულად, საქართველოს მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. ასოცირების შესახებ შეთანხმება ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას, მეტ გამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას, უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებას, მომხმარებელთა და საკუთრების უფლებების დაცვას, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სატარიფო და არასატარიფო ბარიერების მოხსნით, საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ბაზარი, 500 მილიონიანი მაღალი შემოსავლების მქონე მოსახლეობით, ყველაზე დიდი ბაზარია მსყიდველობითუნარიანობის თვალსაზრისით, რაც საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს.

ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე. ამჟამად, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებულ აგრარულ პროდუქციაში წამყვან ადგილს იკავებს ახალი და ხმელი თხილი, ღვინო, ნატურალური ყურძნის წვენი და მინერალური წყლები.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება, ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო თანმიმდევრულად ხდება ევროკავშირის ეკონომიკის ნაწილი, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მომტანია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების საფუძველზე, 2014 წლის სექტემბრიდან ახორციელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის კუთხით, საქართველოს მთავრობა ეფექტიანად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო შეთანხმების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის პროცესში.

გასული 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული შემდეგ სფეროებში: მართლმსაჯულება (სასამართლოს, პროკურატურისა და სისხლის სამართლის რეფორმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება), სასჯელაღსრულება და პრობაცია, პერსონალური მონაცემების დაცვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის სისტემის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, უსაფრთხოების სფეროს რეფორმა, საჯარო სექტორის რეფორმა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული რეფორმები ევროპული მხარის მიერ დადებითად იქნა შეფასებული 2014 და 2015 წლებში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომებზე. ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპული კუთვნილების გამყარების, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობისა და ევროპული პარტნიორების მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლების მიზანს ემსახურება.

ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი ჯერ კიდევ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ძალაში არ შევიდა 2014 წელს, წევრი ქვეყნების და არა ევროკავშირის ინსტიტუტების კომპეტენციას განეკუთვნებოდა.

წელს კი, 2016 წლის 1 ივლისს ამოქმედებული მუხლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული მუხლები, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ. სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან. აგრეთვე შემდეგ საკითხებთან: თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი; ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ.

გასათვალისწინებელია, რომ ამ სფეროების უმეტესობაზე ამოქმედებული იყო შეთანხმების დანართები, რომლებშიც ასახულია საქართველოს მიერ განსახორციელებელი საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებები.

2016 წლის 1 ივლისიდან ასევე ძალაში შევიდა შეთანხმების 2 დარჩენილი დანართი, რომლებიც განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალური და მედიის სფეროებში თანამშრომლობას ეხება. ასოცირების შეთანხმების სექტორული კომპონენტი, დანართებითურთ, შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ძირითადად, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

[sknews.ge]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
მითი ევროკავშირზე [R]
კვირის აქცენტი: რას გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება თვითმმართველობების კუთხით [Video]
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით
ახალციხეში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  შესახებ იმსჯელეს
ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს
ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალ ატაშეს შეხვდა [R]