FM97.5 / LIVE

დაგვიანებული გაზიფიკაცია

მთავარიეკონომიკა 30.12.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბუღაშენსა და მაჯადიაში გაზიფიკაცია გვიანდება. ადგილობრივებს კი გაზიფიცირების თანხა დიდი ხანია გადახდილი აქვთ.

დაგვიანებული გაზიფიკაცია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციის სამუშაოებს „სამცხე–ჯავახეთის გაზის კომპანია“ (SJGC) აწარმოებს. ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტის 60 სოფელში უნდა შევიდეს. ამათგან, ზოგან მუშაობა უკვე დასრულებულია, ზოგან კი, მათ შორის, ბუღაშენსა და მაჯადიაში, ჭიანურდება.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაზის შეყვანას 1 დეკემბრისთვის დაპირდნენ, თუმცა, ჯერ მთავარ მაგისტრალს სოფლის ყველა უბნამდეც არ მიუღწევია. შესაბამისად, სოფლის მცხოვრებლები ამ ზამთარსაც ბუნებრივი აირის გარეშე გაატარებენ. ეს მაშინ, როცა გაზიფიკაციის ფული გადახდილი აქვთ.

გაზიფიკაცია 650 ლარი ჯდება. ადგილობრივი მცხოვრებლების უმრავლესობამ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოდან“ გაზის შესაყვანად სესხი აიღო, ნაწილმა კი წინასწარ რამდენიმე თვის პენსია გამოიტანა.

„პროცენტს ვიხდი, მაგისტრალი კი ჩემს სახლამდე ჯერ არ მოსულა. ერთი ტონა კარტოფილიც რომ გავყიდო, ერთ წყება შეშასაც ვერ ვიყიდი იმ ფულით. გაზის კომპანიასთან ხელშეკრულებაში არის ასეთი პუნქტი, რომ დაგვიანება ჩვენი ან თქვენი მიზეზით დასაშვებია, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, აღნიშნული არ არის. რატომ უნდა ვიხადო პროცენტები?!“ – ჩივის ანდრანიკ ავაგიანი, რომელმაც გაზიფიცირებისთვის სესხი აიღო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა გაზის კომპანიას თანამშრომლებისთვის ხელფასი არ გადაუხდია, ამიტომაც მათ მუშაობა აღარ სურთ და სამსახურიდან წავიდნენ. ბუღაშენის მოსახლეობამ კომპანიას თავისი მომსახურება შესთავაზა, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა. კომპანია დღეში 25 ლარის გადახდაზე იყო თანახმა, ადგილობრივები კი 30 ლარს ითხოვდნენ.

ფრუნზიკ ავაგიანი, რომელიც 5 წელია SJGC–ში მუშაობს, ამტკიცებს, რომ მუშაობა რამდენიმე დღეში დასრულდება: „2–3 დღეში გაზი უკვე სოფელში იქნება. ხალხს ყველაფერი უცებ და ერთად უნდა. მაგისტრალი მხოლოდ ზედა 2–3 სახლამდე არ არის მისული. არ ვიცი, ხალხს რა რიცხვისთვის დაპირდნენ, მაგრამ ვმუშაობთ. ჩვენი ბრიგადა სოფელში მუშაობს, ორი ადამიანი ვართ და უნდა მოვასწროთ“.
სოფელ ბუღაშენის მცხოვრები, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა, ჩივის, რომ გაზის კომპანიის თანამშრომელთა დაუდევრობის გამო მთელი თვეა სასმელი წყალი არ აქვს.

„სადაც ტრაქტორი მიწის გათხრას აპირებდა, წყლის მილები გადის. შორს ამოთხრა შევთავაზე, მაგრამ ჩემს სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს, მილებთან გათხარეს და გამიფუჭეს. წყლის გარეშე დავრჩი. არც გაზი მაქვს და აღარც წყალი. რა ვქნა. 350 ლარი უკვე გადახდილი მაქვს, დანარჩენი, ხელშეკრულებით, შემდეგში უნდა გადამეხადა“, – ამბობს იგი.
„სამცხე–ჯავახეთის გაზის კომპანიის“ დირექტორი რაზმიკ ღუმაშიანი ამტკიცებს, რომ არანაირი დაზიანება არ ყოფილა: „მიწის ქვეშ ან მიწის ზემოთ მილებს პროექტის მიხედვით ვაკეთებთ. არაფერს არ ვაზიანებთ. ასეთი რამ თუ მაინც მოხდა, იმავე დღეს ვაკეთებთ“.

ბუღაშენში გაზის შეყვანას სოფლის ყველა მცხოვრები არ გეგმავდა. ნაწილმა გაზიფიცირებაზე უარი სიძვირის გამო განაცხადა.
ნოვზარ ეგოიანიც ამ უკანასკნელთა შორისაა. მას გაზის შემოსაყვანად ბანკიდან კრედიტი არ აუღია, რადგან გადახდის საშუალება არ აქვს. აგვან ფალიანმა კი თანხა წინასწარ გადაიხადა.

„გადავიხადე და ახლა წაგებაში ვარ. ერთი ბალონი გაზი 30 ლარი ღირს, დიდი ოჯახი მაქვს და თვეში ორი ბალონიც არ გვყოფნის. ალბათ წელს აღარც იქნება. მაგისტრალიც კი არ არის ბოლომდე გაყვანილი, სახლებამდე მიყვანაზე რომ არაფერი ვთქვა“, - ამბობს იგი.
გაზიფიკაციასთან დაკავშირებით სოფელ მაჯადიაშიც იგივე მდგომარეობაა.

რუშან ალექიანი ამბობს, რომ თანხა აგვისტოში გადაიხადეს, თუმცა გაზი დღემდე არ აქვთ: „მთელმა სოფელმა გადაიხადა. ზოგმა ბანკიდან აიღო კრედიტი, რომ სახლში ბუნებრივი აირი ჰქონოდა. ვნახეთ, რომ ორი ადამიანი მუშაობს, მაგრამ შედეგი?!“
აშოტ ოგანესიანმა ვითარებაში გარკვევა კომპანიის ოფისში სცადა.

„იქ არავინ იყო, მხოლოდ მდივანი დამხვდა და კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო. არ მუშაობენ, ამოთხარეს, შემდეგ მიატოვეს და წავიდნენ. გაუსაძლისი მდგომარეობაა“, - ამბობს იგი.

რაზმიკ ღუმაშიანმა დაგვარწმუნა, რომ ახალ წლამდე ამ სოფლებში გაზიფიკაციის სამუშაოები დასრულდება.

„დაგვიანების მიზეზი გადახდებია. მათ მხოლოდ პირველი წერტილისთვის გადაიხადეს, მაგრამ მეორე წერტილიც უნდათ, რისთვისაც არ გადაუხდიათ. ფული თუ არ გვექნა, მასალის ყიდვას ვერ შევძლებთ“, – განაცხადა მან.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინასწარ გადახდილი თანხა და დაგვიანებული გაზიფიცირება ახალქალაქში
გაზიფიკაცია განვადებით
ლელოვანში გაზის მილების შესაკეთებლად ასფალტის საფარი აყარეს და მიატოვეს
ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა
ახალქალაქის სოფლებში გაზიფიკაცია გვიანდება
ახალქალაქსა და ნინოწმინდას დილიდან გაზი არ მიეწოდება
ვალეში გაზის მიწოდება დღეს ვერ აღდგება