FM97.5 / LIVE

ძვირი ახალი წელი ახალქალაქის სკოლებში

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.12.2012
ახალქალაქის ყველა სკოლაში საახალწლო მზადებაა. უმცროს კლასებში საახალწლო დადგმებისთვის, ხოლო უფროს კლასებში რესტორანში გასატარებელი საღამოებისთვის ემზადებიან. მშობლები კი, ამასობაში, ხარჯებს ითვლიან.

ძვირი ახალი წელი ახალქალაქის სკოლებში
სკოლებში უკვე წინასადღესასწაულო განწყობაა. მოსწავლებს გაკვეთილების მოსმენას მომავალ ზეიმებზე ლაპარაკი ურჩევნიათ, - რას ჩაიცვამენ სადღესასწაულო დღეებში, რა სიურპრიზებს უმზადებენ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს.

მასწავლებლები, ძირითადად კლასის ხელმძღვანელები ფიქრობენ, როგორ მოუწყონ ბავშვებს კარგი დღესასწაულები, ეძებენ სხვადასხვა პროგრამებს, აწყობენ კონკურსებს, ინტელექტუალურ თამაშებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს.

მშობლები კი ფიქრობენ, რა დაუჯდებათ მათი შვილების სიხარულის წუთები. როგორც წესი, უმცროს კლასებში ზღაპრების ან რაიმე სცენების დადგმებს აწყობენ, რაც მონაწილეებისგან შესაბამის კოსტიუმებს მოითხოვს. ტანსაცმლის გარდა მშობლები ფულს დებენ საზეიმო სუფრისთვის, რაც ზეიმის შემდეგ იმართება, ასევე მშობლები იკრიბებიან და წყვეტენ, რომ ზეიმის ორგანიზატორ მასწავლებელს მადლობა ეკუთვნის და საახალწლოდ რაიმე ძვირადღირებული საჩუქარი უნდა აჩუქონ. შედეგად ბავშვების რამდენიმეწუთიანი მხიარულება სკოლის საახალწლო ზეიმზე მშობლებს 100–200 ლარი უჯდებათ. იმ პირობებში, რომ მშობლებს სახლში სადღესასწაულო სუფრაც მოსაწყობი აქვთ, ეს ხარჯი დამატებითი ტვირთია.

ჯულია ბებო მე–5 კლასელი შვილიშვილისთვის თეთრ ფეხსაცმელს ეძებს.

„ჩვენს ხარჯებს სწორედ ეს თეთრი ფეხსაცმელიღა აკლდა, რომელიც ახლა უნდა ვიყიდოთ და მერე აღარ დაჭირდება. არ ვიცი, რა როლი აქვს, მაგრამ საჭიროა ლამაზი კაბისა და თეთრი ფეხსაცმლის ჩაცმა. კაბაზე ჩემს ნაცნობს მოველაპარაკე და 10 ლარად ვიქირავებ, ფეხსაცმელი კი მაინც უნდა ვიყიდოთ. ვეუბნები, რომ თავისი ვარდისფერი ჩექმა ჩაიცვას, ძალიან ლამაზი ჩექმები აქვს, მაგრამ არა, აუცილებლად თეთრი ფეხსაცმელი ჭირდება“, – ამბობს იგი.

მასწავლებლების მიზანი არ არის მშობლებისთვის ხარჯის გაღების იძულება. უბრალოდ, ისინი ამბობენ, რომ ბავშვებს საახალწლო ზეიმის გარეშე ვერ დატოვებენ, რადგან პატარებს ძალიან უხარიათ. ამიტომაც, ხარჯის გაწევა მშობლებს მაინც უხდებათ. დაწყებითი კლასების ერთ–ერთმა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ მშობლებისთვის დამატებითი ხარჯი აერიდებინა და თავის მოსწავლეებს საახალწლო ზეიმზე ცელოფნის კოსტიუმები ჩააცვა, თუმცა, ესეც მშობელთა უკმაყოფილების მიზეზად იქცა.

„კლასის დამრიგებელმა გვითხრა, კაბები ცელოფნისგან დაგვემზადებინა, რათა ბავშვებს ზეიმზე ლამაზად და ერთნაირად სცმოდათ. ამ მძიმე წინასადღესასწაულო დღეებში კიდევ უნდა ვისხდეთ და კაბები ვკეროთ. მშობლებმა გადავწყვიტეთ დროის დაზოგვის მიზნით ერთმანეთს დავხმარებოდით“, – ამბობს ერთ–ერთი მშობელი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა.

ამალია ოვანოგლიანი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევებში თუ ქალური ფანტაზია გაქვს, ბევრი ფულის დახარჯვა არ მოგიწევს.

„30–35 ლარი მარტო ვარცხნილობას ჭირდება, მაგრამ თუ ქალს გონება გიჭრის, შენს შვილს ვარცხნილობას თავად გაუკეთებ. ჩემი გოგონების საპარიკმახეროში წაყვანის შესაძლებლობა მაქვს, მაგრამ ჩემითაც დიდი სიამოვნებით ვუკეთებ მათ ვარცხნილობას“, – ამბობს იგი.

რამდენი დაუჯდება ამალია ოვანოგლიანს მისი ბავშვების საახალწლო ზეიმები, ჯერჯერობით არ იცის, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ღონისძიებები გაიმართება, რესტორანში წავლენ თუ პატარა ზეიმს მოაწყობენ. ამალია ტანსაცმელთან დაკავშირებითაც ფიქრობს, რომ საქმეში ქალური ფანტაზიის ჩართვაა საჭირო. იგი მიიჩნევს, რომ რამდენიც უნდა დაიხარჯოს, ბავშვების მხიარულება ამად ღირს.

„ჩემი აზრით, თუ ქალს ფანტაზია აქვს, ძალიან იოლად შეძლებს ტანსაცმლის შეცვლას, გადაკეთებას და ბავშვის ახლებურად შემოსვას“.

და მაინც, კმაყოფილია მშობელი თუ არა, ის მაინც გააკეთებს ყველაფერს, რათა ბავშვი მხიარული და ბედნიერი იყოს.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სესხი სკოლის დასამთავრებლად - რა უჯდებათ მშობლებს ბოლო ზარი და ბანკეტი
ტორტები და ზეიმები – რა შეიცვალა ახალციხის ბაღებში
ახალციხეში ბავშვები კულტურის სამინისტროს საჩუქრის გარეშე დარჩნენ
ძვირი „ბოლო ზარი“
ძვირი ახალი წელი
ახალქალაქში ბავშვებისთვის გასართობის არარსებობაზე ჩივიან
რატომ დადიან მოსწავლეები რეპეტიტორთან - სასწავლო გეგმის ხარვეზი თუ პრესტიჟი?