FM97.5 / LIVE

გენდერული დისბალანსი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში

მთავარისაზოგადოება 19.05.2016
სამცხე-ჯავახეთის 7 მუნიციპალიტეტიდან, არცერთი გამგებელი/მერი ან მათი მოადგილე, ქალი არ არის; იგივე ვითარებაა საკრებულებში, მცირე გამონაკლისით, აქ ერთი ქალი მოადგილე გვხვდება. ჯამში, საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა დაახლოებით 13%–ია და მხოლოდ 11%–ია ქალი კომისიის ხელმძღვანელებში, რითაც რეგიონს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

გენდერული დისბალანსი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში
ამ მონაცემებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული წარმომადგენლობა შეისწავლა.

მერია/გამგეობა

კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და გამგეობა/მერიებში ქალებს არ უკავიათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი პოზიციები;

სამცხე-ჯავახეთის რომელიმე მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციას არ იკავებს ქალი. ქალები არც გამგებლების მოადგილეებად არიან დანიშნული.

„რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და ქალაქ ახალციხის მერიის 303 საქალაქო სამსახურიდან 37-ის ქალები ხელძღვანელობენ, რაც საერთო რაოდენობის 12%-ია. საინტერესოა, რომ ნინოწმინდაში საქალაქო სამსახურების უფროსების პოზიციები გენდერული ნიშნით თანაბრად არის განაწილებული (7-7), ქალაქ ახალციხის 10 სტრუქტურული ერთეულიდან კი 6-ს ქალები მართავენ, 4-ს კი კაცები, ახალქალაქში კი 8-ვე სამსახურს მამრობითი სქესის მოქალაქეები ხელმძღვანელობენ“, – ვკითხულობთ კვლევაში.

გენდერული დისბალანსი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში


კვლევის მიხედვით, ქალები ჭარბობენ გამგეობების განყოფილებათა უფროსების პოზიციებზე. აჭარასთან შედარებით, სამცხე–ჯავახეთში გენდერული ბალანსი მეტად არის დაცული. ასპინძასა და ახალციხის თემის გამგეობებში ქალები გაცილებით მეტ განყოფილებას ხელმძღვანელობენ, ვიდრე კაცები. სულ კი რეგიონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ აპარატში 590 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 212 (35%) ქალია.

გენდერული დისბალანსი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში

გენდერული დისბალანსი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში

საკრებულო

კვლევის მიხედვით, რეგიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოებს სულ 182 წევრი ჰყავთ, აქედან ქალებმა მხოლოდ 22 მანდატი მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 13%-ია.

ყველაზე მეტი ქალი არჩეულია (9 ქალი წევრი 23 მანდატიანი საკრებულოდან) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ახალქალაქის საკრებულოში კი არცერთი ქალი წევრი არ არის.

არცერთ საკრებულოს არ ჰყავს ქალი თავმჯდომარე, ქალაქ ახალციხის საკრებულო კი რეგიონში ერთადერთია, რომლის თავმჯდომარის მოადგილე ქალია, დანარჩენი 6-ვე მოადგილე კაცია.

გენდერული დისბალანსი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში

საკრებულოების 38 ფრაქციიდან მხოლოდ 5 ფრაქციას ჰყავს ქალი თავმჯდომარე, აქედან ორი ბორჯომის საკრებულოშია რეგისტრირებული, 34 კომისიიდან კი 4-ს ხელმძღვანელობს ქალი.

გენდერული დისბალანსი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა წევრთა სრული შემადგენლობის დაახლოებით 13%-ია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (18%) გურიის მუნიციპალიტეტებშია, ყველაზე დაბალი (8%) - აჭარაში.

საკრებულოების 1240 მანდატიდან 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალებმა მხოლოდ 154 მანდატი მიიღეს;

ნაკლებად არიან წარმოდგენილები ქალები საკრებულოს ფრაქციების ხელმძღვანელების პოზიციებზეც: 243 ფრაქციიდან ქალები მხოლოდ 24-ს ხელმძღვანელობენ. ყველაზე ნაკლებად საკრებულოში რეგისტრირებულ ფრაქციებს ქალები აჭარაში თავმჯდომარეობენ (სრული რაოდენობის მხოლოდ 3%-ს), ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივაც გურიაშია - 17%;

მეტ-ნაკლებად განსხვავებული ვითარებაა საკრებულოებში არსებულ კომისიებში - თუ ფრაქციების შემთხვევაში, თავმჯდომარებიის მხოლოდ 10% იყო ქალი, კომისიების ხელმძღვანელების სრული შემადგენლობიდან ქალთა წილი დაახლოებით 16%-ია. ყველაზე მეტ კომისიას ქალები გურიაში ხელმძღვანელობენ (35%), ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთშია (11%);

გენდერული დისბალანსი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში

ორგანიზაციის რეკომენდაციები
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა სათანადო წარმომადგენლობის აუცილებლობაზე მკაფიო რეკომენდაციები აქვს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შექმნას სათანადო პირობები, რათა ქალებს „გაუადვილდეთ ოჯახური და სამუშო ცხოვრების აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებასთან კომბინირება“.

„საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ თანახმად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, იზრუნოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ლიდერ ქალთა გამოვლენას და მათ შემდგომ გაძლიერებას. ამ ვალდებულებების შესასრულებლად კარგი იქნებოდა პოლიტიკურ პარტიებს ქალები წარედგინათ მერის/გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატებად“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, იზრუნონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდაზე, რათა ცენტრალური თუ ადგილობივი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესებს უკეთ აკმაყოფილებდეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თბილისის შემდეგ არჩევნებში ქალები ყველაზე აქტიურები ახალქალაქში იყვნენ
გენდერული სტერეოტიპების გავლენა
ომბუდსმენი: 'ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში'
“თუ ქალი ოჯახს მართავს კარგად, სახელმწიფოსაც გამართავს”[Video]
არასამთავრობოები: კვოტირების უარყოფა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს
ქალები თვითმმართველობაში
სამცხე–ჯავახეთში არჩეული ქალების რაოდენობა 9%–დან 12%–მდე გაიზარდა