"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

სადავო, დაყადაღებული საკუთრება – ბაკურიანის მიწების საქმე

მთავარიეკონომიკა, სამართალი 17.05.2016
ტყის ნაწილი ბაკურიანში, რომელიც დაახლოებით ერთი თვის ვადაში ადგილობრივებმა დაისაკუთრეს და გაყიდეს კიდეც. პროკურატურა ბორჯომის გამგეობის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს. მანამდე კი ბაკურიანში 27 მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს;

სადავო, დაყადაღებული საკუთრება  – ბაკურიანის მიწების საქმე

ბაკურიანში მცხოვრებ გიორგი ბუძიშვილს საკუთრებაში არსებული 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაუყადაღეს. ბაკურიანის ტყეში, ე.წ. იაგორას ველზე, ბუძიშვილმა 10 000 კვადრატული მეტრი გასული წლის 21 დეკემბერს დაისაკუთრა, თუმცა, მესამე დღესვე, 25 დეკემბერს მისი ნახევარი ვინმე სოფიო კაკაშვილზე გაასხვისა. ამბობს, რომ ფული ჰქონდა ნასესხები და მიწა ვალში მისცა.

ბუძიშვილი ირწმუნება, რომ ეს ერთი ჰექტარი მიწა მას მიწის რეფორმის დროს, 1990–იან წლებში გადაეცა. თუმცა, ნაკვეთის დარეგისტრირების საშაულება „ნაციონალების“ მთავრობის დროს არ მიეცა. შარშან კი მიწის ამზომველ კომპანიას ნახაზი შეადგენინა და საჯარო რეესტრში წარადგინა.

„აქ ბაკურიანის რწმუნებულის ცნობა მომთხოვეს, იმის შესახებ, რომ ეს მიწა მე მეკუთვნოდა. რწმუნებულმა ცნობა მომცა და რეესტრმა მიწა დამირეგისტრირა“, – ამბობს ბუძაშვილი.

ბაკურიანში ყადაღა კიდევ 26 მიწის ნაკვეთს დაედო.

„კოხტა გორას მიდამოებში და ეგეთ კარგ ადგილებში ვიღაცეებს მიწები დაუმტკიცებიათ, ყადაღა ამიტომ დაადეს ამ ფართობებს და ჩვენ, უბრალო ხალხიც ამ ხმაურში მოგვაყოლეს“, – ასე ხსნის ბუძაშვილი ბაკურიანში მიწების დაყადაღების მიზეზს.

სადავო, დაყადაღებული საკუთრება  – ბაკურიანის მიწების საქმე
გიორგი ბუძიშვილი

რატომ დაედო ყადაღა მიწის ნაკვეთებს

დაბა ბაკურიანში ათობით ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელთა დიდი ნაწილი ტყეა, მცირე კი სათიბი, ყადაღა ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით დაედო. დაყადაღების საფუძველი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლით დაწყებული გამოძიება გახდა: პროკურატურა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს იკვლევს, რაც სწორედ აღნიშნული მიწების ადგილობრივებისთვის დანაშაულებრივი გზით დასაკუთრებას გულისხმობს.

ბაკურიანელებმა დაბაში სასოფლო–სამეურნეო მიწები 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისში დაისაკუთრეს. ამ პერიოდში, 20–ზე მეტი რეგისტრირებული ნაკვეთიდან უმრავლესობა ერთ თვეში, 2015 წლის დეკემბერში დაიკანონეს. ასევე, უმრავლესობა საკუთრებაში რეგისტრირების შემდეგ სხვაზე გაყიდეს. არადა აღნიშნული მიწები სახელმწიფოს ტყის ფონდშია მოქცეული და როგორც გამოძიება აცხადებს, მიწის რეფორმის დროს აქ ნაკვეთები არასდროს განაწილებულა.

„ამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია დაბა ბაკურიანის 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომდგენლის გოჩა გობრონიძის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე. აღნიშნული ცნობებით, გამგებლის წარმომადგენელი დაბა ბაკურიანში მოქალაქეებს უდასტურებს ტყის მასივებში და იმ ტერიტორიებზე, სადაც მიწის რეფორმის შედეგად არ გადაცემიათ მიწის ნაკვეთები, მათ მართლზომიერ მფლობელობას, თითქოს და მიწის რეფორმის დროს მოქალაქეებზე ტყის მასივებში გაიცა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით მიწის ნაკვეთები“, – ვკითხულობთ ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებაში (24.02.2016).

სადავო, დაყადაღებული საკუთრება  – ბაკურიანის მიწების საქმე
სასამართლოს განჩინება

დასაკუთრებული და უკან დაბრუნებული მიწები

მიუხედავად განჩინებაში ნათქვამისა, აღნიშნული მიწების მესაკუთრეების ნაწილი, ისევე როგორც გიორგი ბუძაშვილი, ირწმუნება, რომ აქ ფართობები სწორედ 1990–იან წლებში, მიწის რეფორმის დროს დაურიგეს.

„აქამდე ოჯახური პრობლემების გამო ვერ დავირეგსიტრირე“, – ამბობს ვლადიმერ გასიაშვილი, რომელიც ბაკურიანში „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელია.

მან 1700 კვადრატული მეტრი ბაკურიანში 2015 წლის 25 დეკემბერს დაირეგისტრირა, თუმცა ისევე როგორც ბუძაშვილმა, მანაც მესამე დღეს, 29 დეკემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატზე გიორგი ტალახაძეზე გაყიდა. თუმცა, ამ ფართობის გაყიდვიდან მეორე დღესვე გასიშვილმა ბაკურიანში მიწის სხვა ნაკვეთი ისევ დაირეგისტრირა.

„ერთ ჰექტარზეა საუბარი, დაახლოებით 4 წელი ვთიბავდი მანდ. ახლა ყადაღა ადევს“, – ამბობს გასიშვილი და ამატებს, რომ მიწის შესახებ პროკურატურაში უკვე დაკითხეს.

სადავო, დაყადაღებული საკუთრება  – ბაკურიანის მიწების საქმე
ვლადიმერ გასიაშვილი

ერთი ჰექტარი დაირეგსტრირა, მეზობლების მსგავსად რწმუნებულის ცნობის საფუძველზე, კახაბერ დიაკონაშვილმაც ბაკურიანის ტყეში. თუმცა, მათგან განსხვაებით, ამბობს, რომ ის ნაკვეთი, რომელიც 2015 წლის 23 დეკემბერს დაისაკუთრა, მისი ოჯახისთვის მიწის რეფორმის დროს არავის მიუცია.

„თავისუფალი იყო და როგორც ბაკურიანის მკვიდრს, ხომ მეკუთვნოდა არა?! ამიტომ დავირეგისტრირე“, – ამბობს დიაკონაშვილი და ამატებს, რომ ტყეს უკან აბრუნებს, – „რომ გადავხედე სიტუაციას, აღარ მაწყობდა ის ადგილი, ტყიანია, ამიტომ სამინისტროს უკან ჩავაბარე“.

დიაკონაშვილი არაა ერთადერთი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მიწა უკან დააბრუნოს. „სიტუაცია რომ აღარ აწყობდა“ ამას ბაკურიანში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სერვისცენტრის უფროსი ბესარიონ ფილაურიც მას შემდეგ მიხვდა, რაც საქმეზე ძიება დაიწყო.

თუმცა, ფილაურს დიაკონაშვილისგან განსხვავებით, აქ მიწა დასაკუთრებული კი არა, ნაყიდი ჰქონდა. 1400 კვადრატულ მეტრში 57 000 დოლარი გადაიხადა.

„აღარ მჭირდება ეს მიწა და ვისგანაც ვიყიდე უკან ვუბრუნებ. ფულის ნაწილი მომცა და კოტეჯი ჩემ ეზოში ავაშენე. იქ, მარტო, ტყეში რა მინდოდა?! კომუნიკაცია არაა, წყალს, გაზს და დენს მარტო მე ვერ მივიყვანდი“, – ამბობს ფილაური.

შეკითხვებზე, იქ არსებული კომუნიკაციების შესახებ აქამდე რატომ არ იცოდა, ან თუ მიწა უკან დააბრუნა, ყადაღა მის ქონებას რატომ ადევს, გვპასუხობს: „იმ ადამიანთან მოვილაპარაკე, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! რაც შეეხება კომუნიკაციებს, პროექტით იყო გათვალისწინებული, რომ 2017 წლამდე კოხტა გორა კეთდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პროექტი ნაწილ–ნაწილ ხორციელდება და ბანკის სესხის გაჩერება 2017 წლამდე არ შემეძლო“.

ყადაღა დადებული ნაკვეთების ჩამონათვალში, არის ისეთიც, რომელსაც დაყადაღებულ მიწაზე საცხოვრებელი სახლი აქვს. ანნა თიბილაშვილი ბაკურიანში ბორჯომის N33-ში ცხოვრობს. მანაც, მეზობლების მსგავსად, 600 კვადრატული მეტრი 2015 წლის 30 დეკემბერს დაისაკუთრა, ამავე წლის აპრილში მიტარბში კი 400 კვადრატული მეტრი გაიფორმა.

„მამას ეკუთვნოდა ეს ყველაფერი, ის 1996 წელს გარდაიცვალა. უბრალოდ ამ დრომდე დარეგსიტრირება ვერ მოვახერხეთ, სახლი დამეწვა და პრობლემები მქონდა. 40 მეასედი, სადაც ვცხოვრობთ, ოდითგანვე ჩვენი იყო, იმ 60 მეასედს კი მამა წლების განმავლობაში თიბავდა“, – ამბობს ანნა თიბილაშვილის შვილი ქეთევან თიბილაშვილი და ამატებს, რომ თაღლითური გზით მიწის გაფორმებასთან დაკავშირებული შეკითხვები ძალიან შეურაცხმყოფელია.

სადავო, დაყადაღებული საკუთრება  – ბაკურიანის მიწების საქმე
თიბილაშვილები

ბაკურიანში მიწების გაფორმება, რომ სწორედ თაღლითურად ხდება, ამაზე ის ადგილობრივები საუბრობენ, რომლებიც ნაკვეთების დარეგისტრირებას წლებია ცდილობენ, თუმცა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

„წლებია იმ მიწის დასაკუთრებას ვცდილობთ, რომელიც 1990–აინ წლებში მოგვცეს, მაგრამ ვერ ვისაკუთრებ“, – ამბობს ანნა თიბილაშვილის ნათესავი ბორის თიბილაშვილი.

მისი თქმით, მიწის რეფორმისას მიღებული მიწა „ნაციონალების“ დროს, 2007 წელს დაისაკუთრა, თუმცა ისევ „ნაციონალებმა“ 2009 წელს ჩამოართვეს.

„პროკურატურიდან მოვიდნენ და მათ შედგენილ ტექსტზე ხელი ნებით მოვაწერე. მაშინ ბაკურიანში მიწების გამო ყველას იჭერდნენ, შემეშინდა და დავთმე“, – ამბობს ბორის თიბილაშვილი.

ძველი ახალი პრობლემა – მდებარეობა შეცვლილი საკუთრებები

„ნაციონალების“ დროს, 2009 წელს რომ ბაკურიანში მიწა ბევრს ჩამოართვეს და უკანონოდ დასაკუთრების გამო პასუხისგებაში მისცეს, ამას სამცხე–ჯავახეთის ოლქის მაშინდელი პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილიც გვიდასტურებს. მისი თქმით, კანონდარღვევით რეგისტრირებული მიწები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა და შესაძლოა ახლა ამ მიწების ნაწილზეც იყოს საუბარი.

„თავიანთი ჩანაწერები და დოკუმენტები მოარგეს იმ მიწის ნაკვეთებს, რომლებსაც თავად დაეუფლნენ გარკვეული პერიოდის წინ და რომლებიც უკეთეს ადგილებში იყო. დაახლოებით ახლაც ამაზეა საუბარი“, – ამბობს ჩიტაშვილი, რომელიც ამაჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში.

მისი თქმით, გამოძიებით მინიმუმ ბაკურიანის რწმუნებულის სამსახურეობრივი გულგრილობა დადგინდება: „არ შეიძლება თანამდებობის პირმა ასე ზერელედ გასცე ცნობა, რომ ეს მიწა ვინმეს საკუთრებაა. სახეზეა დანაშაული“.

ჩიტაშვილს ეთანხმება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი უმცირესობიდან გიორგი გიუაშვილი: „შესაძლოა ამ ადამიანებს ბაკურიანში რაღაც ნაკვეთები ჰქონდათ ადრე, მაგრამ ახლა მდებარეობებია შეცვლილი. ბაკურიანის რწმუნებულმა კი ცნობა იმ ადგილებზე გასცა, სადაც არასდროს ყოფილა ვინმეს საკუთრება რეგისტრირებული“.

სადავო, დაყადაღებული საკუთრება  – ბაკურიანის მიწების საქმე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი უმცირესობიდან გიორგი გიუაშვილი

ვინ „ითბობს ხელს“ ბაკურიანის მიწებით?

ბაკურიანში ფიქრობენ, რომ „ამ ვითარებით ხელს მთავრობა ითბობს“ .

„მთავრობა რიგდება იმასთან, ვისზეც ამ მიწას აფორმებს. ადგილობრივი ხომ ვერ გააკეთებს ამას ისე, ადგილობრივი თვიმმართველობა რომ არ იყოს ჩარეული?! ადგილობრივი მთავრობა კი ვერ გაბედავს ამის კეთებას, უფრო ზემდგომი თუ არ ეყოლება საქმის კურსში“, – ფიქრობს ბორის თიბილაშვილი.

ამ მოსაზრებას იზიარებს ვაჟა ჩიტაშვილიც: „ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვემდგომისა ზემდგომთან თანხმდება. ყველა საკითხის გარშემო საქმის კურსშია ხელმძღვანელი“.

გიუაშვილი კი იმ ზემდგომების ვინაობას ასახელებს, რომლებიც უშუალოდ არიან გარეული ბაკურიანის მიწის საქმეში: „სახელმწიფო ვინ არის ამ შემთხვევაში? ეს არის ბაკურიანის რწმუნებული და ბორჯომის გამგებელი. ასევე, რაც მთავარია, ბორჯომში სუს–ის უფროსის გურამ ჩადუნელის დავალებითაა ეს მიწები გაცემული“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გურამ ჩადუნელის ბრალდებაზე კომენტარის ჩაწერას პროკურატურაში გვირჩევენ: „პროკურატურა იძიებს მაგ საქმეს, პროკურატურას ჰკითხეთ“.

პროკურატურაში გადაგვამისამართა ბაკურიანის რწმუნებულმა გოჩა გობრონაძემაც: „რა უნდა გელეპარაკოთ, როცა არ ვიცით რა იქნება“.

პროკურატურისკენ გვითითებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანიც: „რელურად რა მოხდა, იქ დაადგენენ. ეს ყველაფერი ‘სეროჟას სიზმრებია’. ერთმა ჭუჭყიანმა ღორმა სხვებიც დასვარაო, დაველოდოთ გამოძიება რას იტყვის“.

სადავო, დაყადაღებული საკუთრება  – ბაკურიანის მიწების საქმე
ბორჯომის გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი

თუმცა, ვიდრე გამოძიება დასრულდება ჩიტაშვილი და გიუაშვილი მიიჩნევენ, რომ გობრონაძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.

გობრონაძის უფლებამოსილების შეჩერებაზე არა, თუმცა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი რომ აუცილებლად უნდა დადგეს ამაზე „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძეც საუბრობს: „სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, მათ შორის, სათიბებისა და საძოვრების პრივატიზება მიწის რეფორმის ფარგლებში დაუშვებელი იყო. ამდენად, თუ საქმე ეხება ასეთ მიწებს, მაშინ გარიგებები, რა თქმა უნდა, უკანონოა და უნდა დადგეს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი“.

გუჯარაიძის განცხადებით, საქმე იმაშია, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო განჩინებაში, მოსამართლის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთები „ტყის მასივებში“ მდებარეობს, ასეთი ცნება კი არ არსებობს: „ე.წ. ტყის მასივები შეიძლება შეგვხვდეს როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე, ისე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რომელიც შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ან სახელმწიფო საკუთრებაში. ასე რომ, ყადაღის განჩინებაში მოყვანილი ეს მიზეზი დაუსაბუთებლად მიმაჩნია. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგენილიყო, ექცევა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთები შესაბამისი სატყეო მეურნეობის ტერიტორიის ფარგლებში“.

რას დაადგენს გამოძიება, ჯერ უცნობია. ვარაუდი, ახლა მხოლოდ იმაზე შეიძლება, თუ რამდენად აწყობს სახელმწიფოს რეალობის გარკვევა მოახლოებული არჩევნების პერიოდში.

სადავო, დაყადაღებული საკუთრება  – ბაკურიანის მიწების საქმე

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.03.2017 ევროპის დედაქალაქებში მიმავალ მგზავრებს აეროპორტებში საქართველოს კონსულები დახვდნენ

28.03.2017 უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

28.03.2017 პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

28.03.2017 პირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დაჯარიმდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

3 გასამართლებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული 1,5 მლნ–ის ქონება
პროკურატურასთან შეკრებილი ბაკურიანელები დაიშალნენ
ბაკურიანელები პროკურორს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ
ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა
ბაკურიანელები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
ბაკურიანის მიწების საქმეზე კომპანია „X ჯგუფის“ მფლობელი დააკავეს
ბაკურიანის მიწების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს