FM97.5 / LIVE

ადიგენში გამგებლის პოსტს ვერ იყოფენ [Photo, Video]

მთავარიპოლიტიკა, ვიდეო 13.12.2012
ორი კვირაა”ოცნების” აქტივისტების ნაწილი ადიგენის გამგეობასთან პერიოდულად აქციებს მართავს და გამგებლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ითხოვს. ”ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ამ ხალხს ემიჯნებიან და მათი სიმპატიით სხვა კანდიდატი სარგებლობს. ეს იმ ფონზე, როცა გამგებელს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია და პოსტი ვაკანტურად არ გამოცხადებულა

ადიგენში გამგებლის პოსტს ვერ იყოფენ [Photo, Video]
აქცია ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, დღეს, დილიდან, 50-მდე ადამიანი შეიკრიბა. ძირითადად, სოფელ მლაშეს მცხოვრებლები. ისინი აცხადებდნენ, რომ გამგეობის შენობასთან გამგებლობის კანდიდატის ლევან ლობჟანიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

მათივე თქმით, ლობჟანიძე იყო ადიგენში ”ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის ბიძინა გუჯაბიძის კანდიდატურაც, თუმცა, ბოლო დღეეში გუჯაბიძემ არჩევანი მამუკა კუხალაშვილზე შეაჩერა. გამგებლობა კი ლობჟანიძეს უფრო შეეფერება, რადგან იგი ადგილობრივი კადრია და მუნიციპალიტეტის პრობლემებსაც უკეთ იცნობს.

”ბიძინამ ლევანს თვითონ შესთავაზა, მიატანანინა საბუთები. იმედი გვქონდა რომ დანიშნავდნენ და ბოლო მომენტში, რომ უნდა წამოსულიყო გამგებლად, გამოჩნდა კუხალაშვილი. ჩვენ მიზეზი გვაინტერსებს, ლობჟანიძე მეცნიერ-მუშაკია, კუხალაშვილი კი ყოფილი ინსპექტორი. დაიღალა ხალხი, მკვდარია რაიონი, გვინდა მოგვხედონ და ნორმალური ადამიანი დაგვინიშნონ”, - აცხადებს ”ოცნების” ადიგენის ოფისის მენეჯერი თეა გოგრიჭიანი.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები

სოფელი მლაშე მუნიციპალიტეტის ერთდაერთი სოფელია, სადაც საპარლამენტო არჩევნები ”ქართულმა ოცნებამ” მოიგო. ”ოცნების” აქტივისტი ლიანა კაპანაძე ამბობს, რომ მლაშე ”ოცნებამ” ლევან ლობჟანიძის დახმარებითა და დამსახურებით მოიგო. ამიტომ, რატომ ასახელებს გუჯაბიძე კუხალაშვილს, მათთვის გაუგებარია.

ადიგენში გამგებლის პოსტს ვერ იყოფენ [Photo, Video]

”კუხალაშვილი არასასურველი კანდიდატია. ჩვენთანთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი, რომელიც არის ღირსეული და მიხედავს რაიონს. მოვითხოვთ ჩვენი კანდიდატი დაინიშნოს, არ გვინდა არეულობა და შევარდნები. ისეთი კარგი კანდიდატია, რომ არავინ მის დანიშვნაზე უარს არ იტყვის. ჩვენ ბიძინას გულისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, თუ მაინც დანიშნა კუხალაშვილი, არ შევუშვებთ შენობაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკრებულომ არ დანიშნოს”, - აცხადებს იგი.

ნატალია ლობჟანიძე ამბობს, რომ კუხალაშვილი ყოფილი ”ნაციონალია”. ამიტომ, ეწინააღმდეგებიან მის მოსალოდნელ დანიშვნას: ’’თუ ივანიშვილს არ უნდოდა რომ ადიგენიდან წასულიყვნენ ”ნაციონალები”, ეთქვათ. ჩვენ გვინდა ლევანი და არა ”ნაციონალების” კანდიდატები. კუხალაშვილი სინამდვილეში ”ნაციონალია”, ყოფილი ინსპექტორი”.

რას ამბობს ბიძინა გუჯაბიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს, რომ გამგებლის დანიშვნა საპროტესტო აქციებით არ წყდება და იგი ემიჯნება მოქალაქეების იმ ჯგუფს, რომლებიც დღეს გამგეობასთან იყვნენ შეკრებილი: ”მე მაგათ ვურჩიე, რომ არ მოქცეულიყვნენ ასე. გამგებლის დანიშვნა საკრებულოს გადასაწყვეტია და არა ქუჩაში გამოსული ხალხის”.

გუჯაბიძე ადასტურებს, რომ ლობჟანიძის მხარდამჭერები წინასაარჩევნოდ ნამდვილად ეხმრებოდნენ ქართულ ოცნებას. იგი იმასაც ადასტურებს, რომ გამგებლის პოსტზე ლობჟანიძის კანდიდატურა განიხილებოდა: ”რამდენიმე კანდიტატი იყო, ბოლოს დარჩა ორი, ლობჟანიძისა და კუხალაშვილის. ორივე კარგი კადრია, მაგრამ კუხალაშვილი ბევრი მონაცემით აღმოჩნდა საუკეთესო და მასზე შეჯერდნენ”.

გამგეობასთან შეკრებილები ადასტურებენ, რომ ბიძინა გუჯაბიძემ მათ ნამდვილად სთხოვათ დაშლილიყვნენ.

”ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც მართლა მზა სუფრაზე დასვა გუჯაბიძე, შიში გარდატეხილი იყო, კარდაკარი ჩატარებული იყო, პოლიცია რომ დაგვგევდა, არც მისი გვეშინოდა. გუჯაბიძემ სატელეფონი საუბარში გვითხრა, თქვენ დაწყნარდით და დაიშალეთ, ლევანსაც მივხედავ და თქვენც მოგხედავთო. მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. მოსალოდნელია ჩუმად მოეწყოს რიგგარეშე სხდომა და უჩვენოდ გაკეთდეს ყველაფერი”, - ამბობს თინათინ გოგრიჭიანი.

რას ამბობენ კანდიდატები

ლევან ლობჟანიძე ამბობს, რომ გამგებლის პოსტზე კანდიდატურის წამოყენება მას ბიძინა გუჯაბიძემ შესთავაზა: ”თავიდან უარი ვთქვი, მერე დავთანხმდი. თუმცა, თბილისში, საბჭოში კომისიაზე როცა წარადგინეს ჩემი და კუხალაშვილის კანდიდატურა, სიაში პირველი კუხალაშვილი ეწერა და მას გაუწია გუჯაბიძემ რეკომენდაცია. როცა მიზეზი ვიკითხე, მითხრეს რომ მეორე კანდიდატის მომხრე კალაძეა. ხალხი არ ჩერდება, ურჩევნიათ მე ვიყო გამგებლად. როგორ დამთავრდება ეს საქმე არ ვიცი, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ვნახოთ კომისია რას დაადგენს”.

ლობჟანიძის მოსაზრებას, რომ კახა კალაძის კადრია, კატეგორიულად უარყოფს მამუკა კუხალაშვილი. იგი უარყოფს იმ მოსაზრებასაც, რომ გამგებლის პოსტზე მოსახლეობის უმეტესობა ლობჟანიძეს უჭერს მხარს.

”ესენი არიან 20-მდე ადამიანი, ლობჟანიძის ახლობლები. მე გამგებლის კანდიდატად თვითონ მომითხოვა ხალხმა, როგორც ადგილობრივი კანდიდატი. ჩვენ არ გვინდა პირველყოფილი ადამიანებივით მოვიქცეთ და გამგეობასთან ვირბინოთ, თორემ ხალხის შეკრებაზე თუ მიდგა საქმე, ხალხი იმდენი შეიკრიბება, ვერავინ დათვლის. ცივილური გზით, არჩევნების გზით უნდა დაინიშნოს გამგებელი”, - აცხადებს კუხალაშვილი და ამატებს, რომ კახა კალაძესთან მას არანაირი შეხება აქვს, - ”საიდან მოიტანეს, ან უხერხულად რატომ მაყენებენ. არანაირი შეხება არ მაქვს კახა კალაძესთან. ეს დეზინფორმაციაა, მე მათ არ ვყვები. ტელეფონზეც იყო ზარები, რომ კანდიდატურა მოიხსენი და მოადგილედ წაგიყვანთ. არ მინდა, არ ავყვები მათ”.

ადიგენში გამგებლის პოსტს ვერ იყოფენ [Photo, Video]

კუხალაშვილიც და ლობჟანიძეც წარმოშობით ადიგენიდან არიან. ორივე მათგანი ამჟამად თბილისში ცხოვრობს. კუხალაშვილი 2005 წლამდე ადიგენის პოლიციაში მუშაობდა. სწორედ ამიტომ უკავშირებდნენ მის სახელს ”ნაციონალურ მოძრაობას”.

გამგეობის შენობაში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება

შეგახსენებთ, რომ დღეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა გამგეობის შენობასთან მოქალაქეები თავიანთი მოთხოვნებით შეიკრიბნენ. მსგავსი აქცია ადიგენელების ნაწილმა დეკემბრის დასაწყისშიც გამართა. თუმცა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს სიმონ პარუნაშვილს, რომელსაც ეს პოსტი 2009 წლიდან უკავია, ჯერ გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია.
”მე არ ვიცი რა აქცია იყო შენობასთან და ვინ რას ითხოვს. განცხადება არ დამიწერია და ჩვეულებრივად ვმუშაობ”, - აცხადებს სიმონ პარუნაშვილი.

იგივეს აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძეც. ეს ფაქტი ენდელაძემ დღის მეორე ნახევარში მასთან შესულ აქციის მონაწილეებსაც განუმარტა.

”არცერთი განცხადება არ შემოსულა და არც განიხილება ამ ეტაპზე. ჯერ ვაკანტური ადგილი არ არის, განცხადებებს ვერ მივიღებ და ვერ გავატარებ კანცელარიაში. სანამ ვაკანტური ადგილი არ იქნება, საკრებულო ვერ იმსჯელებს”, - განაცხადა ენდელაძემ.

მიუხედავად ამისა, აქტივისტების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი აცხადებენ, რომ მსგავს აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე გამგებლად მათი კანდიდატი არ დაინიშნება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ამ პოსტს კუხალაშვილი დაიკავებს, მას შენობაში არ შეუშვებენ და მუშაობის უფლებას არ მისცემენ.




უნდა შეიცვალოს თუ არა გამგებელი ძალადობრივი გზით - მოქალაქეთა პოზიციები



[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

აქცია ადიგენის გამგეობასთან
ადიგენელთა ნაწილი გამგებლის შეცვლას ითხოვს
ადიგენის გამგებლის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, იმედა მღებრიშვილი დაინიშნოს
ასპინძაში გამგებლის დანიშვნას აპროტესტებენ
"ოცნებაში” ამჯერად პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ვერ თანხმდებიან
პრემიერი დღეს რეგიონების გუბერნატორებს წარადგენს
ხმაურიანი ვაკანსია