FM97.5 / LIVE

„მაისიდან დავიჯაფებით“ – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.03.2016
ყავა, ატმის კომპოტი, ლეღვის მურაბა, “ნათიას ვერცხლები“, პარფიუმერიის ახალი კატალოგი და სოფლის ცხელ–ცხელი ამბები – ასე ჩაივლის 8 მარტის რამდენიმე საათი ურავლელი ქალებისთვის...

„მაისიდან დავიჯაფებით“  – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo]

ეთერ გელაშვილი. 53 წელი სკოლაში მუშაობდა, ამიტომ დღემდე მთელი სოფელი ეთერი მასწავლებელს ეძახის

შუადღეა, მარტისთვის უჩვეულო ამინდი, სოფლის ცენტრში არავინ ჩანს, აქა–იქ ძაღლის ყეფა ისმის და ეზოებში მზეზე გასაშრობად გამოფენილი სარეცხი მოჩანს. ადგილობრივების ძებნას ვიწყებთ...

„იასთან არიან შეკრებილი, ვერცხლები აქვთ მოტანილი“, – გვეუბნება ერთ–ერთი ადგილობრივი და იქვე, გზის მარცხენა მხარეს ორსართულიანი სახლისკენ გვითითებს.

„მაისიდან დავიჯაფებით“  – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo] მეორე სართულზე ავდივართ, მისაღებში, დაბალ მაგიდაზე პარფიუმერული ფირმა „ეივონის“ ახალი კატალოგი და ვერცხლის სამკაულებია გაშლილი: „დვოიკები“, „ტროიკები“, ცეფები, ბეჭდები და გულსაბნევები... სხვადსახვა ფერის, ფორმისა და ზომის ძვირფასი ქვებით. ქალები სამკაულებს არჩევენ, ზოგი თავისთვის ყიდულობს, ზოგიც რძლისთვის.

როგორც კი საჩუქრების შერჩევა სრულდება, მაგიდიდან სამკაულები ქრება და „ტკბილი სუფრა იშლება“. მოდებაძეებთან 10–მდე ქალია შეკრებილი, ყველა თითქოს განსხვავებული, მაგრამ მაინც მეტ–ნაკლებად მსგავსი ისტორიით.

აქ ყველას ერთი რამ აერთიანებს, სოფლად მცხოვრები ქალის მძიმე ხვედრი, – დღე, დილის 07:00 საათიდან გვიან ღამემდე: შინაური პირუტყვის მოვლა, სახლის დასუფთავება, სადილ–ვახშმის მზადება, ქმარ–შვილის მოვლა და შიგადაშიგ, ძლივს გამოჩენილ თავისუფალ დროს, მეზობელთან ყავის დასალევად შერბენა. აქ არც სილამაზის სალონი აქვთ თავის მოსაწესრიგებლად, უმეტესობას არც სამსახური და საკუთარი შემოსავალი.

„მაისიდან დავიჯაფებით“  – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo] ეთერი გელაშვილი 78 წლისაა. 53 წელი სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, უმეტესად სოფელ ურაველში. წარმოშობით ბორჯომის რაიონიდან, დაბა წაღვერიდანაა, 24 წლის იყო ურაველში რომ გათხოვდა.

„დილის 06:00 საათზე ვდგებოდი, მე ურაველის სკოლაში მივდიოდი, ჩემი მეუღლე ხეოთში, დირექტორი იყო იქ. ყველაფერს ვასწრებდი. ახლა აღარ ვდგები ასე ადრე, მე ისეთი შვილი მყავს, ცივ ნიავს არ მაკარებს, საქმეც არაფერი მაქვს, მე თუ ჩემით მოვინდომე ბოსტანში რამე გავაკეთო, ეგაა“, – გვეუბნება და აქვე ამატებს, რომ სოფლად ქალის ცხოვრება მაინც გაცილებით მძიმეა, ვიდრე ქალაქში, – „პირობები უნდა ჰქონდეთ ქალებს, მთავრობისგან შექმნილი, რომ წინსვლა შეძლონ“.

სოფელში ქალებს პირობები რომ არ აქვთ, ამაზე მოდებაძეებთან შეკრებილი სხვა ქალებიც ყვებიან. იმის გამო, რომ სოფელში ბაღი არ იყო და შვილის დამტოვებელი არ ჰყავდა, ია მოდებაძემ მუშაობაზე თქვა უარი.

„მაისიდან დავიჯაფებით“  – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo] „სკოლაში ვმუშაობდი 7 წელი, ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიაში, მერე დეკრეტულ შვებულებაში გავედი და აღარ დავბრუნებულვარ სამსახურში. შვილები გავზარდე... მაშინ ბაღი არ იყო და არ მიღირდა ჩემი 70 ლარი ხელფასის გამო დედაჩემისთვის დამეკარგვინებინა 300–ლარიანი სამსახური“, – გვეუბნება მეზობლების მასპინძელი.

„ქალი რომ გადის გარეთ, სულ სხვაა... ქალი რომ მუშაობ, ყველანაირად იწესრიგებს თავს და მე რომ დილით ავდგები, თავდაყირა ვდგავარ, სულ არ მახსოვს არც თმის დავარცხნა და არც არაფერი“, – საუბარში გვერთვება ნათია საბაძე.

„მაისიდან დავიჯაფებით“  – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo] ნათია 16 წლის იყო თბილისიდან ურაველში რომ გათხოვდა, ვერც სკოლა დაამთავრა და ვერც რაიმე პროფესიას დაეუფლა: „ჩემი ფეხით, ჩემი ნებით გავთხოვდი, მაგრამ.... ჩემმა გოგონამ რომ მოინდომოს 16 წლისამ შექმნას ოჯახი, გავგიჟდები... ოჯახი კარგი შემხვდა, მაგრამ, ვერაფერი გავიგე: ვერც სტუდენტობა, ვერც შეყვარებულობა, არც პროფესია მაქვს, ყველაფერი დავკარგე“.

ვერცხლის სამკაულებს მეზობლებში ნათია ყიდის, ეს მისი მცირე ბიზნესია: „ცოტ–ცოტა მრჩება შემოსავალი. ახლა ქმარი არ მუშაობს და მხოლოდ დედამთილის პენსიაზე ვართ დამოკიდებული“

„მაისიდან დავიჯაფებით“  – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo] სხვებისგან განსხვავებით რუსუდან მოდებაძის ისტორია განსაკუთრებით მძიმეა, რამდენიმე წლის წინ ვაჟი დაეღუპა. სოფელ ურაველშიც, სადაც შვილის საფლავია, მას შემდეგ გადმოსახლდა.

„უფლის ნება და ბედისწერა რაცაა, ცხოვრებაც ისე მიდის ალბათ“, – ამბობს და ამატებს, – „რომ შემეძლოს რამის შეცვლა, დღესვე შევცვლიდი ჩემს შვილს“.

რამის შეცვლა რომ შეეძლოთ, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთებს თითქმის ყველა შეცვლიდა. ამბობენ, რომ კარგი ოჯახები ჰყავთ, არც უჭირთ, ხალისიც არ დაუკარგავთ, მაგრამ ასეთ ცხოვრებაზე არ უოცნებიათ.

„მაისიდან დავიჯაფებით“  – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo] „სოფლის ქალები ყველაზე მეტად ძლიერები და დასაფასებლები არიან. სოფლის ერთი ქალი ქალაქში 10–ს არჩენს“, – ამბობენ შეკრებილები და ამატებენ, რომ ჯერ საგაზაფხულო სამუშაოები არ დაწყებულა და ყავის დასალევად მოიცალეს, ხანდახან ამის დროც არ აქვთ.

„სულ გზას გავჩერებივარ, რომ ვინმემ შემოიაროს, ყავა დავლიოთ და დავისვენო. მეზობელი რომ შემოვა და დავჯდები, ეგაა ჩვენი დასვენება", – გვეუბნება ია მოდებაძე.


– "შრომაა სოფელში, ახლა რომ სამუშაოები დაიწყება და ყანებში წავლენ, მერე უნდა ნახო ქალების შრომა"
– „მაისიდან დავიჯაფებით“
– „ყანა აღარ გამახსენო“
– „ჩაკვდები და არც არაფერია მოსავალი“
– „აი მერე უნდა გადაგვიღო, მინდორში“
– „მორწყვის დრო რომ მოვა, სულ არ მახსოვს ქალი ვარ თუ კაცი“
– სევდანარევი ღიმილით იხსენებენ სოფლად მცხოვრები ქალის მძიმე შრომას და მათი რამდენიმე საათიც სრულდება.

დღეს მაინც განსხვავებული დღე ექნებათ.

„მოდი გავაკეთოთ ვისაც რა გვაქვს და საღამოს ვიქეიფოთ. მართლა ეგრე კი არაა, რომ დრო არ გვრჩება, სალონშიც დავდივართ და ვქეიფობთ კიდეც“, – გვეუბნებიან, საღამოს სუფრასთან ჩვენც გვეპატიჟებიან და მოდებაძეების ოჯახს ჩვენთან ერთად ტოვებენ.

„მაისიდან დავიჯაფებით“  – ქალები სოფელ ურაველიდან [Photo]


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ფოტოპროექტი: ნინო ნებაძე სოფელ ხეოთიდან [Photo]
'ქალები ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, მაგრამ არ სურთ მათი ბედი ქალიშვილმაც გაიზიაროს'
'ზამთრის' ცოლები
ადამიანები ნიჯგორიდან [Photo]
‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]
სოფლად მცხოვრები ქალები [Photo]
ქალების მუშაობა სოფლის მეურნეობაში ძირითადად აუნაზღაურებელია - FAO