FM97.5 / LIVE

სკანდალური საქმეები, რომელშიც ახალდანიშნული ოლქის პროკურორი ფიგურირებს

მთავარისაზოგადოება 27.11.2012
სკანდალად ქცეული ამბავი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ახლად დანიშნულ ოლქის პროკურორს გიორგი პაპუაშვილს ეხება. შეცდა თუ არა ”ქართული ოცნება” რეგიონში პროკურორის შერჩევისას; კადრების დეფიციტი თუ არჩევანი, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმის გამო გაკეთდა

სკანდალური საქმეები, რომელშიც  ახალდანიშნული ოლქის პროკურორი ფიგურირებს
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორის თანამდებობა, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში იყო ვაკანტური, გიორგი პაპუაშვილმა დაიკავა.

ბიოგრაფია

გიორგი პაპუაშვილი 1963 წელს დაიბადა. სკოლა თბილისში დაამთავრა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მუშაობდა უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივნად. 1991-1995 წლებში იყო მოსამართლე წალკის რაიონში. 1995 -1997 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ, შემდეგ თბილისში კრწანისის, მოგვიანებით კი მთაწმინდა-კრწანისის პროკურორის უფროსის თანაშემწედ. 2004-2005 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, მერე კი აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი. 2005 წლიდან თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველ მოადგილედ გამოძიების ხაზით მუშაობდა, პარალელურად იყო საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ერთ-ერთი წევრი. ქვეყნიდან რუსეთის ბაზების გაყვანის შემდეგ სამსახურიდან წამოვიდა და საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ოლქის პროკურორად დანიშვნამდე „ქართუ ბანკში“ პრობლემური სესხების განყოფილებაში ექსპერტად მუშაობდა.

პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად 10 ნოემბერს დაინიშნა. აღნიშნული პოსტი 14 აგვისტოს ვაჟა ჩიტაშვილმა იმის გამო დატოვა, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძარაობიდან“ ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს.
პაპუაშვილს, მისი წინამორბედი, რომელიც ახლა ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატია, დადებითად ახასიათებს. ადვოკატები კი რომლებიც ბათუმში 2004-2005 წლებში საქმიანობდნენ, პაპუაშვილს ბევრ უკანონო დაკავებას, ასევე აბაშიძის ყოფილი ჩინოვნიკების ქონების განაწილებისას სხვადასხვა უკანონო ქმედებებს უკავშირებენ.

„პაპუაშვილს საპატიმროებიდან ჩამოჰყავდა ხალხი და აიძულებდა საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებულიყვნენ. ფულებს აწერდა და ამ ვითომ ჯარიმებს რა ანგარიშებზე არიცხინებდა კაცმა არ იცის“, - ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

„ნაციონალი“ გამგებლების საქმე

პაპუაშვილთან დაკავშირებული ყველაზე უფრო გახმაურებული ამბავი, რომელიც რევოლუციის შემდგომ აჭარაში სკანდალად იქცა, ხულოსა და შაუხევის „ნაციონალი“ გამგებლების დაკავება იყო. ხულოს გამგებელი ოთარ ცეცხლაძე და შუახევის გამგებელი ნოდარ ქარცივაძე ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. სწორედ ამიტომ დაინიშნენ რევოლუციის შემდეგ გამგებლებადაც, თუმცა 2004 წლის 5 ოქტომბერს პაპუაშვილმა ორივე მათგანი ხე-ტყის გამო დააკავა.

მაშინ მთავრობის გადაწყვეტილებით აჭარაში სკოლები რემონტდებოდა. ამისათვის ხულოდან 500 კბ ხე-ტყე უნდა გასულიყო. თუმცა, როგორც ხულოს ყოფილი გამგებელი და ახლა ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ოთარ ცეცხლაძე ამბობს, ხულოდან მეტი ხე-ტყე იზიდებოდა, ოღონდ ადიგენისთვის გამოყოფილი ბილეთებით, ანუ რესურსისა და ყველა საჭირო გადასახადს ადიგენში იხდიდნენ, ხეს კი ხულოში ჭრიდნენ: „ადიგენში ვანო მერაბიშვილის ბიძა, რომელსაც ჰქონდა ფირმა „პაკო“ და ხე-ტყის ბიზნესით იყო დაკავებული პირდაპირ იერიშებზე გადმოდიოდა ჩვენთან. მასალის დიდი ნაწილი ვალის საბაჟოთი გაჰქონდათ თურქეთში, ნაწილი კიდევ ხულოთი. არანაკლები პატარ-პატარა მაფიოზები იყვნენ ხულოშიც და მათ ალიანსი ჰქონდათ. მერაბიშვილის მაფიას დიდი დისკომფორტი შევუქმენი“.

ხე-ტყით დატვირთული მანქანა ცეცხლაძემ ხულოში 5 დღის განმავლობაში გააჩერა. მასალას 6 კბ-ის ბილეთი აკლდა.

„ოთარს ეუბნებოდნენ, რომ ამ მასალის შესახებ ვარშალომიძემ იცოდა და მანქანა უნდა გაეტარებინა, მაგრამ ამბის მიმტანს არ დაუჯერა“, - ამბობს ცეცხლაძის ერთ-ერთი ადვოკატი რამინ პაპიძე.

მეხუთე დღეს კი მანქანა რომლის გატარებასაც მთავრობის წარმომადგენლები ცეცხლაძეს სთხოვდნენ, გააპარეს და სწორედ ამ მანქანის გამო თავად ცეცხლაძე დააკავეს.

„ჩემი დაკავება რომ ძალიან ცუდად არ გამოჩენლიყო, შუახევის გამგებელიც მომაყოლეს, ისიც აბსოლიტურად არაფერ შუაში იყო“, - გვიყვება ცეცხლაძე.

დაკავებას გადარჩა ქედის გამგებელი, რადგან აქ, მაშინ მიხეილ მაჭავარიანის ცოლის ბიძა მუშაობდა და დაინდეს.

„ქედაში ეტყობა აფრინდა მანქანა და გზაზე არ გამოიარა“, - ხუმრობს ცეცხლაძე.

ხუთ ოქტომბერს დაკავებულები დანაშაულის არ არსებობის გამო 28-ში გაათავისუფლეს ისე, რომ სასამართლო არ გამართულა.

„გათავისუფლების საფუძველი ვითარების შეცვლა იყო. 2010 წლამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სისხლის სამართლის შეწყვეტის ასეთ საფუძველს ითვალისწინებდა. ნასამართლობა არ დამდგარა, მაგრამ ეს მარეაბილიტირებელი საფუძველი არ არის“, - გვიხსნის ადვოკატი და ამატებს, რომ მაშინ ცეცცხლაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ინტერესებს შეეწირა - პაპუაშვილმა ვარშალომიძის ინტერესი გაატარა“.

პაპუაშვილი კი პირიქით აცხადებს: „ვარშალომიძისა და მერაბიშვილის ინტერესების გამტარებლები თავად გახლდნენ. დავალებული ჰქონდათ ხე-ტყის გარკვეული ლიმიტით გატანა, იმისთვის, რომ სკოლების რეაბილიტაცია მომხდარიყო. მათ ისარგებლეს ამით და გამოიტანეს უფრო მეტი. ეს დააფიქსირეს ჩემმა თანამშრომლებმა და დავაკავეთ კანონის სრული დაცვით“.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, მათი არსებობა-არარსებობის შესახებ პაპუაშვილი ამბობს, რომ არაფერი იცის: „გამოძიებამ რა ქნა არ ვიცი, მალევე წამოვედი აქედან“.

დატოვა თუ დაატოვებინეს პაპუაშვილს აჭარა?

პაპიძის თქმით, პაპუაშვილს აჭარა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. მას სამსახური იმ მიზეზით დაატოვებინეს, რომ მისი და მაშინდელი მთავრობის ბიზნესინტერესები ერთმანეთს დაეჯახა: „იმისთვის კი არ დაუსჯიათ პაპუაშვილი, რომ უკანონოდ აპატიმრებდა ხალხს, ქონების დაგროვება რომ დაიწყო, ეს აღარ მოეწონათ. მან ხელვაჩარუში დიდი ქონება შეიძინა“.

პაპუაშვილმა, რომ აჭარაში „ფული აკეთა“ ამაზე ცეცხლაძეც საუბრობს: „გადაპარსა ბათუმი. როგოც ამბობენ, ამას ვერ დავადასტურებ, საკურორტო ზონაში, ზღვისპირთან ახლოს, ათობით ჰექტარი ქონება აქვს მიტაცებული და ნათესავებზე აქვს გაფორმებული“.

ოლქის პროკურორი აჭარაში რაიმე ბიზნესინტერესებს კატეგორიულად გამორიცხავს. კითხვაზე, თუ რატომ აღარ სურდა მაშინდელ ხელისუფლებას იგი პროკურორად, შემდეგ კი აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად დარჩენილიყო , გვპასუხობს რომ ამის შესახებ მაშინდელ მთავრობას უნდა ვკითხოთ: „ ალბათ მათ სხვა პოლიტიკის გატარება სურდათ რეგიონში. უკანონობას არასდროს დავუჭერდი მხარს“.

რატომ დანიშნეს პაპუაშვილი ოლქის პროკურორად?


პაპიძე სამცხე-ჯავახეთში პაპუაშვილის ოლქის პროკურორად დანიშვნის გამო გაკვირვებულია: „მმართველი გუნდი ცდილობს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდეთ, მაგრამ პაპუაშვილის შემთხვევაში სერიოზულად შეეშალათ“.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ კადრების პრობლემაც აქვს: „ფიქრობენ, რომ ვინც სააკაშვილმა გადააგდო, ყველა პატიოსანია“.

ცეცხლაძე პაპიძის მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ ახლა კადრების კრიზისია.

„პაპუაშვილმა თავი წამებულად გაასაღა. დარწმუნებული ვარ, არ იციან მისი ბიოგრაფია. იგივეს გააკეთებს სამცხე-ჯავახეთშიც, ეგ ამ ხელისუფლებას დიდებას ვერ მოუტანს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, გამიხარდება, - აცხადებს ცეცხლაძე და ამატებს, რომ თხემით ტერფამდე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია - რომ დამიჭრეს და ციხიდან გამოვედი, იმ ხელისუფლებაზე ცუდი არ მითქვამს, ვამბობდი, ახალგაზრდები არიან და შეეშალათ-მეთქი. მაგრამ, რომ ვნახე რასაც აკეთებდნენ, ოპოზიციაში გადავედი და ღიად ვუჭერდი მხარს „ქართულ ოცნებასაც“.

ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება, ამბობს რომ პაპუაშვილი ის ადამიანია, რომელიც ყველაფერზე ხელისმომწერია: „გარდამავალ პერიოდში რიგი საქმეების საკეთებლად ეტყობა ასეთი ადამიანი სჭირდებათ“.

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მას კარგად იცნობენ და ოლქის პროკურორად მისი დანიშვნის შესახებ არჩევანი სწორედ პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების გამო გააკეთეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორმა თანამდებობა დატოვა
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შეიცვალა
ოლქის პროკურორი - მოძალადეებთან საპროცესოს არ ვაფორმებთ
სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა