სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

'ეს ამბავი არ 'გააბაზრო', თორემ შენც დაგიჭერენ და ჩვენცო' – სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

მთავარისამართალი 19.10.2015
ფსიქიურად დაავადებული 33 წლის ნ. ბერიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მუქარის შედეგად სამმართველოში წაიყვანეს და მოსთხოვეს ‘ეღიარებინა’ რომ ტყვიები, რომლებიც პოლიციელებმა თავად აჩვენეს,მან იპოვა, სანაცვლოდ კი 500 ლარს დაჰპირდნენ.

'ეს ამბავი არ 'გააბაზრო', თორემ შენც დაგიჭერენ და ჩვენცო' – სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

33 წლის ნ. ბერიძისა და მისი მამის ზურა ბერიძის მონათხრობის მიხედვით, სამართალდამცავები ნ. ბერიძეს დღეს დილიდან ეძებდნენ. როგორც ზურა ბერიძე ამბობს, პოლიციის თანამშრომელი, მასთან სამსახურში, მიქუტიშვილის N1–ში, დაახლოებთ 11:00 საათზე მივიდა და მისი შვილის ნომერი გამოართვა: „მითხრეს, უბრალოდ უნდა გავესაუბროთო“.

ამის შემდეგ, პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც გუჯას სახელით გაეცნო, ნ. ბერიძესთან დარეკა: „მითხრა სად ხარო, ფოსტასთან ვიდექი და ვუთხარი იქ მოსულიყო. მოვიდნენ ეგ გუჯა და პოლიციაში რომ მუშაობს, უდელი ბიჭი, გიორგი ფარცახაშვილი“.

მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ნ. ბერიძეს უთხრეს, რომ მას პოლიციაში წაიყვანდნენ, რაღაც საქმე უნდა გაეხსნათ სანაცვლოდ კი მას 500 ლარს მისცემდნენ: „შემეშინდა, მაგრამ მითხრეს თუ არ წამოხვალ და ხელს არ მოგვიწერ იმაზე, რაც ჩვენ გვინდა, გაწვალებთ, დაგიჭერთ–გაგიშვებთ, დაგიჭერთ–გაგიშვებთო“.

ამის შემდეგ ნ. ბერიძე მამასთან სამსახურში დაბრუნდა, თუმცა მომხდარის შესახებ არაფერი უთქვამს. მოგვიანებით ისევ პოლიციის თანამშრომელმა გუჯამ, იგივე ნომრით დაურეკა და უთხრა რომ არქივთან, ანუ მამის სამსახურიდან ცოტა მოშორებით, გასულიყო: „არ უნდოდათ მამაჩემს დაენახა, რომ პოლიციამ წამიყვანა. პიკაპში ჩამსვეს და უნივერსიტეტთან, სამმართველოში, უკანა შავი რკინის კარიდან შემიყვანეს“.

როგორც ბერიძე ყვება, იგი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობის მესამე სართულზე აიყვანეს. იქ დაახლოებთ 2 საათი დაჰყო: „თეთრი ყუთი მაჩვენეს, შიგ რაღაც ავტომატის ტყვიები იდო, ალბათ 50 ცალი იქნებოდა. მითხრეს თქვი, რომ ეს ტყვიები შენ ათი წლის წინ, „თბილ წყლებთან“, მერაბიშვილის „ბიტავოი“ რომ არის, იქ იპოვე და დღეს ჩვენთან მოიტანე ჩასაბარებლადო. რაღაცას წერდნენ ფურცელზე, იქ თარიღი დააწერეს და ზედ გიორგი ფარცახაშვილიც ეწერა. თან კომპიუტერში რაღაცას კრეფდნენ. პირადობაც გამომართვეს“.

მიუხედავად მუქარისა, რომ თუ დოკუმენტზე ხელს არ მოუწერდა, პოლიციაში სხვადასხვა მიზეზის გამო ბევრჯერ დაიბარებდნენ და დაიჭერდნენ კიდეც, ნ.–მ სამმართველო ისე დატოვა, რომ დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა: „თან მაფრთხილებდნენ, ეს ამბავი არ „გააბაზრო“, თორემ შენც დაგიჭერენ და ჩვენცო“.

ამასობაში, ვიდრე ნ. ბერიძე სამმართველოს შენობიდან გამოვიდოდა, მამა შვილის მოძებნას ცდილობდა.

„ჩემი მეგობრისთვის უთქვამს, პოლიციაში უნდა წამიყვანონო. მისი მანქანით ჯერ იქით (სამხარეო) სამმართველოში გადავედი, მერე აქეთ (რაიონული სამმართველო). ორივეგან მითხრეს აქ არ მოუყვანიათო. სამსახურში რომ დავბრუნდი, ჩემი შვილიც მალე მოვიდა“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ პოლიციის თანამშრომლებს ნ. ბერიძის წაყვანა მის გარეშე ეკრძალებათ, რადგან ფსიქიურად დაავადებულია.

„სამხრეთის კარიბჭე“ ზურა ბერიძის იმ მეგობარსაც ესაუბრა, რომელსაც პოლიციაში წაყვანამდე ნ. ბერიძე ამბავს მოუყვა: „მითხრა პოლიცია იყო ჩემთანო. მამამისს ვუთხარი ყურადღება მიაქციე–მეთქი. სამმართველოში ზურა მე წავიყვანე, მაგრამ შვილი ვერსად ნახა“.

ვიდრე „სამხრეთის კარიბჭე“ ბერიძეებთან ინტერვიუს იწერდა, ნ. ბერიძესთან იგივე ნომერმა, რომელიც მასთან გუჯას სახელით რეკავდა, ისევ დარეკა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბერიძემ ტელეფონს უპასუხა, გაითიშა.

„ახლა მირეკავენ იმისთვის, რომ მოვიდნენ, ის საბუთი მოიტანონ და ხელი მოვუწერო“, – გვთხრა ნ. ბერიძემ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ იმ ნომერზე დარეკა, რომელიც ნ. ბერიძესთან გუჯას სახელით რეკავდა. მან დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად გუჯაა, პოლიციაშიც მუშაობს და დღეს ნ. ბერიძეს ტელეფონით ესაუბრა კიდეც. მაგრამ რაც შეეხება ნ. ბერიძის მისამართით განხორციელებულ მუქარას, გვითხრა: „რა სისულელეა, ჩვენ ვმეგობრობთ, ცოლსაა გაშორებული და დახმარება მთხოვა, რომ ბავშვებს არ მაჩვენებს და იქნებ რამე მიშველოო“.

კითხვაზე, რა გვარია და პოლიციაში რა პოზიციაზე მუშაობს, ტელეფონი გაგვითიშა.

ამ ზარის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებელი გიორგი ფარცახაშვილი ნ. ბერიძის მამასთან მივიდა. იგი იმის ახსნას ცდილობდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მისი შვილი მეუღლესთან შექმნილი პრობლემების გამო ნახეს.

მათ შეხვედრას „სამხრეთის კარიბჭეც“ შეესწრო. თუმცა ფარცახაშვილმა ადგილი ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გააკეთა: „მე აქ არ ვმუშაობ“.

ამის შემდეგ თავად ზურა ბერიძემ გვთხოვა, რომ მომხდარი არ დაგვეწერა: „განერვიულებულზე ვეღარ მოვზომე და თქვენთან ვილაპარაკე. ვერ დავფიქრდი იმაზე, რომ თუ მე ახლა ამ ამბავს „მივაწვები“, ამ პოლიციელების ოჯახებს გავაუბედურებ“.

ბერიძის ნაამბობზე ინფორმაციის მისაღებად, „სამხრეთის კარიბჭე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშორდა. შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი კატეგორიულად განაცხადეს, რომ „მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ფსიქიურად დაავადებულზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ ძიება დაიწყო
რატომ მიიყვანეს 10–მდე არასრულწლოვანი პოლიციაში
რას ჰყვება რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებზე
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში გენინსპექცია შევა
მოქალაქე ამბობს, რომ ყოფილი პოლიციელი პოლიციის სახელით ემუქრება
პილიტიკური ნიშნით შესაძლო გათავისუფლების ფაქტი ნინოწმინდის პოლიციაში
პოლიციის თანამშრომელი მოქალაქეს მიყენებული ზარალის ოდენობას აუნაზღაურებს