ადიგენის საკრებულოს იურისტის კვალიფიკაცია საკრებულოს საჭიროებებს ვერ წვდება »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს იურისტის კვალიფიკაცია საკრებულოს საჭიროებებს ვერ წვდება

მთავარიპოლიტიკა 17.09.2015
რას ვერ წვდება ადიგენის საკრებულოს იურისტის კვალიფიკაცია და რა დაუჯდება ეს ადგილობრივ ბიუჯეტს; იყო თუ არა არასაკმარისი კვალიფიკაცია იმის მიზეზი, რომ საკრებულოს თავმჯდომარე პროცედურული დარღვევებით გადააყენეს;

ადიგენის საკრებულოს იურისტის კვალიფიკაცია საკრებულოს საჭიროებებს ვერ წვდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო იმისთვის, რომ თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ლევან ლობჯანიძის სასამართლოში მოგებული საქმე, სააპელაციოში გაასაჩივროს, კვალიფიციურ იურისტს იქირავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 17 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

აღნიშნული საკითხით საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

„საკრებულოში და მუნიციპალიტეტებში არ არიან შესაბამისი სპეციალისტები რომლებიც ზემდგომ ინსტანციებში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინტერესებს დაიცავენ. კანონით გვაქვს უფლება, რომ ადვოკატი ავიყვანოთ“, – მიმართა დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა.

ამ განცხადებას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

„თუ კვალიფიციური ადვოკატი არ გვყავს, მაშინ იურიდიული განყოფილება რას აკეთებეს?!“ „თუ არაკვალიფიციურია მაშინ რატომ მუშაობს, ხელფასს რატომ ვუხდით?!“ „ეს სისულელეა, საბიუჯეტო სახსრები რატომ უნდა ვხარჯოთ, როცა საკრებულოს იურისტი ჰყავს?!“ „თუ არაკვალიფიციური იყო თავიდანვე რატომ დანიშნეთ?!“ – კითხულობდნენ დეპუტატები სხდომაზე.

მიუხედავად თავად ლევან ლობჯანიძის და საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლების პროტესტისა, უმრავლესობამ საკითხი დადებითად გადაწყვიტა. სხდომის დასრულების შემდეგ კი იმედა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა: „ყველას არ აქვს იმის კვალიფიკაცია, რომ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში მხარეს წარმოადგენდეს. ანუ ჩვენი იურისტი ზემდგომ ინსტანციებში მონაწილეობას ვერ მიიღებს“.

საამისოდ კვალიფიკაცია რომ არ ჰყოფნის ამაში თავმჯდომარეს თავად საკრებულოს იურისტი შალვა ტყემალაძეც დაეთანხმა: „სასამართლოში წარმომადგენლობის დიდი გამოცდილება არ მაქვს. სააპელაციო სასამართლო ეს არ არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომ ადვილად გაართვა თავი. კვალიფიციური ადვოკატი უნდა იყო. მე კიდევ ადვოკატის კურსები არ ამქვს გავლილი“.

ტყემალაძეს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს დამთავრებული, რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას ამბობს, რომ 2005 წლიდან 2011 წლამდე ადიგენში საპასპორტოს უფროსად მუშაობდა: „რაღაც პერიოდი უსამსახუროდ ვიყავი, მქონდა დროებითი სამსახურებიც. აქ 2014 წლის დასაწყისში კონკურსის გავლის შედეგად დავინიშნე“.

საკრებულოს დეპუტატი პარტია „ბურჯანაძე – დემოკრატებიდან“ მალხაზ ბოჩიკაშვილი ირწმუნება, რომ ტყემალაძეს შესაბამისი კვალიფიკაცია არც საკრებულოში სამუშაოდ აქვს: „აქ ხალხი ბიძაშვილ–მამიდაშვილობით ინიშნება“.

კითხვაზე ტყემალაძე ვისი ნათესავია გვპასუხობს: „ის საერთოდ ამ ქვეყანაზე არაა“.

ასევე უმცირესობის წარმომადგენელი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ რატი ტატალაშვილი კი აქცენტს ლობჯანიძის პროცედურული დარღვევებით გადაყენების საკითხზე აკეთებს. იგი ამ მიმართულებით პრობლემას სწორედ არაკვალიფიციურ იურისტში ხედავს.

„როცა საკითხი დადგა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების, ხომ შეიძლებოდა იურისტს ისე მოემზადებინა, რომ აქ პროცედურული დარღვევები არ ყოფილიყო?! როგორც ვიცით მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, რომ პროცედურული საკითხები დაირღვა. ეს კი სწორედ არაკვალიფიციური კადრების დანაშაულია“, – ამბობს ტატალაშვილი.

კითხვაზე თუ ვინ მოაგვარა პროცედურული საკითხები, თავად საკრებულოს იურისტი გვპასუხობს: „საკრებულოს იურისტმა, აპარატმა, ცოტ-ცოტა ყველამ ვისაც რა ეხებოდა“.

ასევე შეკთხვაზე, მისი კვალიფიკაციის ეჭვქვეშ დაყენების შემდეგ, რამდენად კანონიერია იურიდიული მიმართულებით საკრებულოში მიღებული რიგი გადაწყვეტილებები, გვპასუხობს: „ყველას აქვს გასაჩივრების ვადა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება გაასაჩივრონ“.

აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებენ თუ არა უცნობია, თუმცა, საკითხავია, თუ სამომავლოდ საკრებულოში დავა რაიმე საკითხზე კვლავ წარმოიშვება, ისევ დასჭირდებათ თუ არა კვალიფიციური ადვოკატის აყვანა.

„ეს ბიუჯეტს დააწვება კისერზე. ახლა ალბათ მინიმუმ 5 000 ლარი დასჭირდებათ კვალიფიციური ადვოკატის ასაყვანად“, – აცხადებს ტატალაშვილი.

მღებრიშვილი კი ირწმუნება, რომ ეს თანხა 1 500 ლარს არ გადააჭარბებს: „ვეძებთ ისეთ იურისტს, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე ამ თანხაზე რამენაირად დაგვთანხმდება. ამ პროცესს აუცილებლად მოვიგებთ“.

არ იზიარებს მღებრიშვილის ოპტიმიზმს ლობჯანიძე, რომელმაც სხდომა იმ მიზეზით დატოვა, რომ მისი მონაწილეობა საკითხის განხილვისას უხერხულობას შექმნიდა: „სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ზუსტად თვითმმართველობის კოდექსისა და მის საფუძველზე მიღებული საკრებულოს დადგენილების მიხედვით. იურისტისთვის გამოყოფილი ეს თანხა წყალში გადაყრილი იქნება. გარდა ამისა, ჩემი იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებაც მოუწევთ, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი კი თვეში 2650 ლარია“.

რა თანხაზე იმუშავებს ზემდგომ ინსტანციებში კვალიფიციური ადვოკატი უახლოეს დღეებში გაირკვევა, სასამართლოს გადაწყვეტილება კი ცნობილი უფრო მოგვიანებით გახდება.

ადიგენის საკრებულოს იურისტის კვალიფიკაცია საკრებულოს საჭიროებებს ვერ წვდება

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულო საკუთარი იურისტის კვალიფიკაციას არ ენდო და ადვოკატი დაიქირავა
ხმაური ადიგენში – რისთვის აპირებს საკრებულო კვალიფიციური იურისტის დაქირავებას?
ადიგენის გამგეობის დაქირავებულმა ადვოკატებმა სააპელაციოში საქმე წააგეს
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ