FM97.5 / LIVE

მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა 25.09.2012
პირველ ოქტომბერს გამარჯვებისთვის ახალციხეში ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იბრძოლებს; რატომ მოდიან პოლიტიკაში, ვინ ვის მიიჩნევს კონკურენტად და რას ჰპირდებიან ამომრჩეველს მაჟორიტარები

მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული კანდიდატები რიგითობის მიხედვით ასე გამოიყურებიან: გურამ კუტალაძე - ”ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება”; ვაჟა ჩიტაშვილი - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; რევაზ სამსონიძე - ”კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო”; დავით თოდაძე - ”ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი”; მალხაზ გოგოლაძე - პოლიტიკური გაერთიანება ”ახალი მემარჯვენეები”.

ხუთი კანდიდატიდან, გარდა კუტალაძისა და თოდაძისა, ყველა ახალციხელია. გურამ კუტალაძე გურიაში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი ფესვები შავშეთში, მესხეთშია და იგი ამ რეგიონთან დაკავშირებული 1979 წლიდანაა.

მანამდე, სანამ კუტალაძეს მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელებდნენ, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე იყო.

მისი სახელი ახალციხეს ძირითადად ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან უკავშირდება. აქ მან მუშაობა 1990 წლიდან დაიწყო. წლების განმავლობაში მესხეთის ფილიალში სხვადასხვა პოზიცია ეკავა. იგი სასწავლებლიდან 2007 წელს გაათავისუფლეს. შრომითი ხელშეკრულების შესახებ არსებული ბრძანების (#1/104) მიხედვით, კუტალაძე მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს სათანადოდ არ ასრულებდა.

თუმცა, თავად ამბობს, რომ ეს ბრძანება აბსურდული იყო და თავდაპირველი მიზეზი, რის გამოც სასწავლებლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაეძაბა, პედაგოგების უხელფასო შვებულებაში გაშვება გახლდათ: ”პირველივე ზაფხულს მომთხოვეს ეს. თქვეს, ფული არ არისო. არადა, ვიცოდი რომ ბიუჯეტში თანხა იყო, არ ვიცი, სად გაქრა”.

კუტალაძეს გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოს ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიის, ძირითადად, მესხეთის, პრობლემატიკას ეხება; ასევე, პოლიტიკას და პოლიტიკურ იდეოლოგიებს.

“ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია. ეს კრიზისი ზოგადკულტურულია და ის ვრცელდება ჩვენი ცხოვრების ყველა დონესა და სფეროში. დღეს ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ამდენად, ვფიქრობ, საჭიროა ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ ქვეყანა მოსალოდნელი ტრაგიკული შედეგისაგან ვიხსნა“, - ასე ხსნის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საკუთარ გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

ვაჟა ჩიტაშვილს 2008 წლიდან კანდიდატად დასახელებამდე სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორის თანამდებობა ეკავა. იგი 1989 წლიდან მოყოლებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა განყოფილებებში სხვადასხვა თანამდებობზე მუშაობდა. გამონაკლისი 2008 წელი გახლდათ. მაშინ ჩიტაშვილს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ათი თვით ეკავა. როგორც თავად ამბობს, სწორედ ეს გახდა არჩევნებში მონაწილეობის საფუძველი.

„მოქალაქეებთან ურთიერთობამ იმდენი საზრუნავი დამანახა და იმდენი რამ დამრჩა გასაკეთებელი, რომ ვფიქრობდი, პროკურატურის ორგანოებიდან ნაკლებად შევძლებდი ამ პრობლემების გადაწყვეტას“, - აცხადებს ჩიტაშვილი.

რევაზ სამსონიძე სახელმწიფო უნივერსიტეტში მაკრო-ეკონომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ საბაჟო ტერმინალში მუშაობდა. 1998 წელს დაინიშნა პურისა და პურ-პროდუქტების მხარინსპექციის რეგიონული სამმართველოს უფროსად, 2001-ში კი პურის მიმღები საწარმოს დირექტორად. 2007 წელს სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობის გადამეტების ბრალდებით დააკავეს და ერთი წელი სასჯელს იხდიდა. პოლიტიკაში ოთხი თვის წინ მოვიდა.

„ახალციხელი ვარ, მინდა, გამოვადგე ჩემ რაიონს და რაც შემეძლება, ყველაფერი კარგი გავაკეთო მისთვის“, - ამბობს რევაზ სამსონიძე.

დავით თოდაძე თბილისში დაიბადა და გაიზრდა. იგი, როგორც რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, მუშაობდა სკოლებში პედაგოგად, ასევე კითულობდა ლექციებს სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. თოდაძეს მესხეთში არაერთი ისტორიული ძეგლის აღდგენა-რესტავრაციაზე უმუშავია, მაგალითად, საფარა, აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ჩართული იყო ახალციხის ციხის მშენებლობის პროცესშიც. ახალციხეში მოუწია ცხოვრება წელიწადნახევრის განმავლობაში მაშინ, როცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და ელექტრიკოსად იყო გაფორმებული.

თოდაძე 1988 წლიდან ჩართულია ეროვნულ მოძრაობაში, ამჟამად „კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის“ წევრია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამჯერად „ქართულ დასთან“ მოუწია ურთიერთობის გაგრძელება.

სწორედ ახალციხესთან ახლო კავშირის გამო თავად მიიღო გადაწყვეტილება ამ მუნიციპალიტეტში კენჭი ეყარა. ამბობს, რომ ოქროს კოშკების აგებას ვერავის დაჰპირდება: “იმის პირობას დავდებ, რომ ჩემი ამომრჩევლის ინტერესებს გავატარებ ყველგან“.

მალხაზ გოგოლაძემ რუსეთში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოვლის შემდეგ საამშენებლო ტექნიკუმი დაამთავრა. შემდეგ მუშაობდა ქვის საამქროში, მოგვიანებით კი, 14 წლის განმავლობაში, აგროტექსერვისში მთავარი ინჟინრი გალხდათ. „მემარჯვენეებში“ 8 თვის წინ გაწევრიანდა.

„მემარჯვენეებში“ ჩემი ბევრი მეგობარია და მივიღე გადაწყვეტილება, მათ გვერდით ვყოფილიყავი. რადგან პოლიტიკაში მოვედი, ავტომატურად გადავწყვიტე, კენჭი მეყარა არჩევნებშიც“, - გვითხრა გოგოლაძემ.

დაპირებები

რაც შეეხება კანდიდატების დაპირებებს ამომრჩევლებთან, კუტალაძე აქცენტს ქვეყანაში გამეფებულ ტოტალურ შიშზე აკეთებს და ამბობს, რომ ეს ქვეყანაში არსებული რეპრესიული მანქანის შედეგია: „წართმეულ უფლებებს დავუბრუნებთ ხალხს, ადამიანი თავს იგრძნობს ადამინად და თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“.

„ოცნების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალარი ფონია: „ერთმა ქალბატონმა მითხრა, რძალი და მეექვსე კლასელი შვილიშვილი მეზობელ სოფელში კარტოფილის ასაღებად წავიდნენ, დღეში 20 ლარს უხდიან და იმ ფულით ბავშვმა სასკოლოდ ტანსაცმელი უნდა იყიდოს, წიგნების ყიდვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტიაო“.

მისი თქმით, რაც უფრო მშიერი და უბადრუკია კაცი, მით უფრო იოლი სამართავია. უზრუნველყოფილი ადამიანი კი თავისუფლებას ინარჩუნებს: „ამდენად, თავისუფლების გარანტი სოციალური უზრუნველყოფა იქნება“.

კუტალაძე ხალხს ჰპირდება სამედიცინო პრეპარატებზე 50 პროცენტით ფასის შემცირებას, ასევე, განათლების სფეროში რეფორმის გატარებას საძირკვლიდან და არა სახურავიდან, როგორც ეს ხელისუფლების შემთხვევაში მოხდა: „არ ვამბობ, რომ განათლება უნდა იყოს სულ უფასო, მაგრამ არ უნდა იყოს მონოპოლიური“.

რაც შეეხეა სოფელს, კუტალაძე ვალესა და სხვილისში გლეხების მიერ ტონობით მიწაში დამარხულ კომბოსტოსა და კარტოფილზე აკეთებს აქცენტს: „38 ტონა კომბოსტოს რომ მიწაში დამარხავ, გიჟი ხარ თუ ზარმაცი?! სახელმწიფო ვალდებულია მოძებნოს როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარი. გლეხს სჭირდება კრედიტი მინიმალური პროცენტით“.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით კი კუტალაძეს მიაჩნია, რომ უნდა გავმართოთ დიალოგი ყველასთან, ვისთნაც კი შეიძლება ეს საკითხი დაისვას. დიალოგის გარეშე ვერც ერთი პრობლემის გააზრება და, მით უფრო, გადაწყვეტა ვერ მოხდება.

ჩიტაშვილის განცხადებით, ჩვენი ხელისულფება, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი, მობილური და ძლიერია. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობას სერიოზული საარჩევნო პროგრამაც აქვს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას ჰპირდება ძლიერი სოფლის შექმნას, ჯანდაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებში მხარდაჭერას და მეტ სამუშაო ადგილს: „ადამიანებს ვპირდები მოსმენას, მათი პრობლემების გულთან ახლოს მიტანას და ვპირდები, რომ არ ექნებათ ჩემი ძებნისა და მიუწვდომლობის პრობლემა“.

ამომრჩეველს მათი ინტერესების დაცვასა და გატარებას ჰპირდებიან სამსონიძე და თოდაძე.

„სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს, სწორედ ეგაა საწყისი ბაზა თუნდაც იმისათვის, რომ ბევრი ტურისტი შემოვიდეს. ტურიზმს ვერ ავაყვავებთ, თუ ჩვენი წარმოება, სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა არ გვექნება“, - აცხადებს თოდაძე.

გოგოლაძე კი აქცენტს ქვეყანაში არსებული მონოპოლიის წინააღმდეგ ბრძოლაზე აკეთებს: „მინიმუმ 1000 ლარი უნდა ჰქონდეს ოჯახს თვეში შემოსავალი, რომ თავი ირჩინოს. ჩვენი პროგრამა ეს არის - შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად. ეს 107 გვერდზე კარგადაა ჩამოყალიბებული. თუ სამუშაო ადგილები შეიქმნება, განვითარდება მცირე ბიზნესი და არ იქნება მონოპოლია, ადამიანს განძრევისა და არსებობის საშუალება ექნება“.

რიგით პირველი პრობლემა მუნიციპალიტეტში

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალციხის მუნიციპალიტეტში რიგით პირველ პრობლემად დამოუკიდებელი თვითმმართველობის საკითხს მიიჩნევს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი შერწყმულია “ნაციონალურ მოძრაობასთან“: „არამარტო მუნიცპალიტეტი, პოლიცია, პატრული, უნივერსიტეტი „ნაციონალური მოძრაობაა“. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს მუნიცპალიტეტში, ეს არის რეალური თვითმმართველობა“.

ჩიტაშვილი პირველ პრობლემად სუფლებში სარწყავი სისტემის მოწესრიგებას მიიჩნევს, ქალაქში კი კვლავ დასაქმების პრობლემაზე საუბრობს: „ბევრ სოფელში სარწყავი სისტემა არის. ქალაქში კი მეტი სამუშაო ადგილის გაჩენის წინაპირობები შექმნილია. უკვე არსებობს ენერგომატარებლები, გაზი, დენი, გზები, კუმუნიკაცია მეტნკალებად მოწყობილია, მცირე ბიზნესის განვითარების საშუალება ნამდვილადაა“.

სამსონიძე წყლის პრობლემის გადაწყვეტაზე საუბრობს: „წყალს მიაქვს ახალციხე, თუმცა, ჯერ მუდმივი წყალი და ისიც ეკოლოგიურად სუფთა, არ გვღირსებია“.

თოდაძის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განადგურებული საწარმოების აღდგენაა.

მხარდაჭერის იმედი

პირველ ოქტომბერს მხარდაჭერას თითქმის ხუთივე კანდიდატი თანაბრად ელოდება. გამონაკლისი „მემარჯვენეების“ წარმომადგენელია. ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალბედაა, ამდენად. მხარდაჭერის იმედი მეტნაკლებად აქვს.

„ძალიან ბევრი ადამიანი მიცხადებს ნდობას, ამდენი წელი ვკითხულობდი აქ ლექციებს და ერთი ლაქა არაა ჩემს ზურგს უკან,“ - ამბობს კუტალაძე.

ჩიტაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში თუ ადამიანებს რაიმე სიკეთე გაუკეთა და გვერდში დაუდგა, ალბათ, არ დავიწყებიათ: „ახლა მათი ჯერი დადგა და რაღაცით მხარში დამიდგებიან“.

იგი აცხადებს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია: „ისეთ ადგილზე ვმუშაობდი წლების განამვლობაში, რომ ადამიანებს თუ არ უნდა ვუყვარდე, არ უნდა ვეჯავრებოდე მაინც. არასდროს მიფიქრია, რომ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა მომიწევდა, მაგრამ ალბათ ჩემი წარსულით ისეთი წინაპირობა შეიქმნა, რომ დღეს თამამად შემიძლია გამოვიდე და არავისთან შემრცხვეს. არავინ წამომაძახებს, რომ უკანონოდ დავაკავე. დამნაშავე სამაგალითოდ დასჯილა, მაგრამ მას სასჯელი დასაბუთებულად მიუღია“.

კონკურენტები

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მიიჩნევს, რომ კონკურენტი არ ჰყავს.

„ჩემი კონკურენტი მხოლოდ მიშაა“, - აცხადებს კუტალაძე.

სამსონიძეს კონკურენტად ჩიტაშვილი მიაჩნია.

თოდაძე კონკურენტად ახალციხეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს ასახელებს.

გოგოლაძე კი კონკურენტად ჯერ ჩიტაშვილს, შემდეგ კი კუტალაძეს მიიჩნევს.

ამომრჩევლები

ამომრჩეველს კანდიდატები უშუალოდ, შეხვედრებისას ეკონტაქტებიან. გამონაკლისი მხოლოდ კუტალაძეა, რომელიც ამისთვის სოციალურ ქსელს „ფეისბუქსაც“ იყენებს.

ჩიტაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერს აქვს საშუალება, ქუჩაშიც გააჩეროს და კითხვა დაუსვას, ტელეფონზე დაურეკოს, წერილი მისწეროს, ან პირადად ნახოს.

სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, გამონაკლისი თოდაძეა. ის ამ დრომდე ჯერ ახალციხეში არ ჩამოსულა: „თათბირი ჩატარდა, თუმცა, ჩემი წამოსვლის საკითხი ჯერ კიდევ ვერ გადაწყდა და დაფინანსდა“.

ამდენად შესაძლოა თოდაძემ კანდიდატურაც მოიხსნას.

რაც შეეხება ამომრჩეველს „სამხრეთის კარიბჭემ“ ქუჩაში შემთხვევით შერჩევის პრინციპით ექვსი ადამიანი გამოკითხა. მათ შორის, თოდაძეს და გოგოლაძეს არც ერთი იცნობს. ექვსივემ იცის, ვინაა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. კუტალაძეს მხოლოდ ორი იცნობს, სამსონიძეს კი სამი. ექვსიდან ერთმა იცის მხოლოდ, ვინაა ამჟამად ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი.

ვის აირჩევენ ახალციხის მუნიციპალიტეტში, პირველი ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა, მანამდე კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თითოეულ კანდიდატს მოსახლეობა კიდევ უფრო უკეთ გაიცნობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]



სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.


მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატები ახალციხეში


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 ახალციხეს 'კინობასი' ეწვევა

26.06.2019 მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

26.06.2019 ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
გურამ კუტალაძე: ”თქვენნაირი მაიმუნებისგან ვიქნები უარყოფილი?!”
შეცდა თუ არა ”ქართული ოცნება” მესხეთში კანდიდატების შერჩევისას
მოროშკინას პოლიტიკური გეგმები ახალციხეში
დაუგეგმავი გახსნა
არჩევნები ბრალდებებით - უნივერსიტეტში რექტორს ირჩევენ
პირველადი შედეგები სამცხე-ჯავახეთში