FM97.5 / LIVE

სკოლებში სწავლის დასაწყებად ემზადებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 12.09.2012
ახალციხის საჯარო სკოლები 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყებად ემზადებიან. ახალ სასწავლო წელს სკოლები განახლებული საკლასო ოთახებით ხვდებიან

სკოლებში სწავლის დასაწყებად ემზადებიან

ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წლისთვის 1200 კვადრატული მეტრის გარემონტება შეძლო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადმორიცხული 18,000 ლარით და სკოლის ვაუჩერული თანხებით, მოწესრიგდა რამდენიმე საკლასო ოთახი, ასევე, სამასწავლებლოს, სამდივნოსა და ექთნის ოთახები. გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ დაწყებით საფეხურზე სრულიად განახლდა სასკოლო მერხებიც.

პირველ საჯარო სკოლას წელს 65 პირველკლასელი ჰყავს.

სკოლის დირექტორის მაკა ჯანაშვილის განცხადებით, გაიზარდა სკოლის სერთიფიცირებულ პედაგოგთა რაოდენობაც.

”პედაგოგებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს. რაც უკვე ვიცი, კიდევ სამმა ჩააბარა გამოცდები და ჯამში 22 სერთიფიცირებული მასწავლებელი გვყავს. შეიძლება კიდევ ვინმემ ჩააბარა წარმატებით, ამას სწავლა რომ დაიწყება მერე გავიგებთ”, - ამბობს დირექტორი.

მისივე თქმით, 12 პედაგოგს თითო გამოცდა აქვს ჩაბარებული და ესეც პროცენტულად მაღალი მაჩვენებელია: ”რაც შეეხება ჩვენ კურსდამთავრებულებს, 79 მოსწავლიდან 76 უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა”.

პირველი სკოლის კურსდამთავრებულმა ევა მოდებაძემ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგიონის მასშტაბით საუკეთესო შედეგები აჩვენა. დირექტორი ამაყობს, რომ იგი, როგორც საუკეთესო მოსწავლე, ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

მთლიანად რეაბილიტირებული ხვდება ახალ სასწავლო წელს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლა. გარემონტდა შენობის გარე ფასადი, შიდა ინტერიერი, ყველა საკლასო ოთახი, კომპიუტერის კაბინეტი და ლაბორატორია. ოთახებში დაიგო ლამინატი, შემოსასვლელში კი გრანიტის ფილები.

სკოლის დირექტორის ზაზა თამარაშვილის განმარტებით, სკოლის რეაბილიტაციისთვის 104,000 ლარი დაიხარჯა. აქედან, 66,000 ლარი სკოლას ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გადაურიცხა. თანხის გადარიცხვა უმაღლეს სასწავლებელთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდა. ამ მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები პრაქტიკას მეექვსე საჯარო სკოლაში გაივლიან. 18,000 ლარი სკოლას განათლების სამნისტრომ ჩაურიცხა, დანარჩენი 20,000 კი სკოლამ გაიღო.

სკოლის დირექტორის თქმით, უახლოეს დღეებში მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემაც.

სკოლას წელს სამი სერთიფიცირებული პედაგოგი შეემატა და ჯამში 11 სერთიფიცირებული პედაგოგი ჰყავს. ამათგან ერთი, საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა და ანაზღაურება 1000 ლარამდე გაეზარდა.

სკოლის 20 კურსდამთავრებულიდან, დირექტორის თქმით, ოცივე უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. მათ შორის, ორმა 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.

გარემონტებულ სკოლაში ახალი ავეჯის შეტანაც იგეგმება. რისთვისაც 2,700 ლარია გამოყოფილი.

”ვაპირებთ შევიძინოთ მაგიდები, კარადები და სხვა ინვენტარი, რაც სკოლას სჭირდება. მთლიანად ვაახლებთ კომპიუტერულ ოთახსაც”, - განმარტავს სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

2012-2013 სასწავლო წლის დაწყებისთვის მზადაა დამოუკიდებელი სკოლა ”მზექაც”. თანხების სიმცირის გამო სასწავლებელში მხოლოდ მცირე კოსმეტიკურ რემონტს დასჯერდნენ.

სკოლამ მიმდინარე წლის მარტში ავტორიზაცია გაიარა. ამჟამად სკოლაში 135 მოსწავლეა. ფართის სიმცირის გამო სასწავლებელს მეტი მოსწავლის მიღების უფლება არ აქვს.

”ხუთი პირველკლასელი გვყავს. მსურველები ბევრია, მაგრამ ვერ ვღებულობთ”, - ამბობს სკოლის დირექტორი ბელა კაპანაძე.

კერძო სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა, მათემატიკა და პროფესიული უნარები.

”მზექას” ექვსი სერთიფიცირებული პედაგოგი ჰყავს. ორ პედაგოგს კი თითო საგანი აქვს ჩაბარებული.

20 მოსწავლიდან 18-მა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, ორმა კი აკადემიაში, ფსიქოლოგიასა და სამედიცინო ფაკულტეტებზე გააგრძელეს სწავლა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალი სასწავლო წელი განახლებულ სკოლაში
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
სერტიფიცირებისთვის 549 პედაგოგი ემზადება
ახალციხის მესამე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა