
შეხვედრა ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შედგა და მას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხეში გურამ კუტალაძე და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ელვარდ ზაზაძეც. თუმცა, იმ მოტივით, რომ შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი, დისკუსია მალევე დატოვეს.
„ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაჩი ებრალიძემ დამსწრეებს პარტიის პროგრამის ძირითადი აქცენტები გააცნო.
როგორი იქნება ქვეყნის საგარეო კურსი კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში; რას ნიშნავს სინამდვილეში სინგაპურიზაცია და რატომ არის ეს ევროკავშირის კურსიდან გადახვევა; რა იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებები ვარდების რევოლუციის შემდეგ და მათგან რეალურად რა მივიღეთ დღეს; რატომ გაიყინა ინტეგრაციის პროცესი; რატომ დარჩნენ საქართველოს რეგიონები ინფორმაციულ ვაკუუმში; რისი ეშინია ხელისუფლებას და რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის შეფასებები, - ამ საკითხებზე ესაუბრა ახალგაზრდებს დაჩი ებრალიძე.
გარდა ამისა, შეხვედრაზე იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომელთაც მოქალაქეთა ინფორმირების გაზრდის მიზნით კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაცია უახლოეს დღეებში დაიწყებს.
სამიდან ოთხი პროექტის სახელწოდება უკვე ცნობილია: „გადაეცი სიმართლე“, „დამზადებულია ერთიან ნაციონალლურ მოძრაობაში“ და „შენ უფლება გაქვს“. სამივე მათგანის ძირითადი დატვირთვა მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდაა. ამისთვის კი სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას გეგმავენ, მათ შორის: ლიფლეტების, ბუკლეტების, საინფორმაციო ბანერების, სტენდების, შეხვედრების, დისკუსიების, ქუჩის ტელევიზიებისა და ასე შემდეგ.
პროექტებს ადგილობრივი და დედაქალაქში მომზადებული ახალგაზრდების ჯგუფები განახორციელებენ. იმისათვის რომ მათი უსაფრთხოება დაცული იყოს, საქმეში დიპლომატიური კორპუსიც ერთვება.
„მომზადებულია დიპკორპუსი, 437 ადამიანია ჩამოსული, რომლებიც პროექტების დაწყებისას რეგიონებში გადანაწილდებიან და სწრაფი რეაგირება იქნება ყველა მცირე ინციდენტზეც კი რაც შეიძლება მოხდეს“, - აცხადებს კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი მურმან პატარაია და ამატებს, რომ პროექტების განხორციელბისას ძალიან აქტიურად გამოიყენებენ ქუჩის ტელევიზიებს, გაიმართება სხვადასხვა სტუდიების მიერ მომზადებული იმ დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომელთა ნახვა ცენტრალური ტელეეთერის საშუალებით შეუძლებელია.
ოთხიდან სამი პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, ხოლო ერთი - „შენ უფლება გაქვს“ მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.
მეოთხე პროექტის შესახებ ინფორმაციას კოალიციაში ჯერ არ ახმაურებენ.
მსგავსი შეხვედრა უკვე შედგა მარნეულში. მომდევნო კი გორშია დაგეგმილი.
[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]