FM97.5 / LIVE

დარღვეული წესები თუ შემთხვევითობა

მთავარი 03.09.2012
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში დაავადებული მედდა და ხმამაღალი შელაპარაკების გამო დაჯარიმებული პაციენტები; აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო, ძველი და ახალი პრობლემები

დარღვეული წესები თუ შემთხვევითობა

აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში 38 წლის მედდა ტუბერკულოზით დაავადდა. ამჟამად იგი, ამავე საავადმყოფოში მკურნალობს.
აბასთუმნის ტუბსაწინააღდეგო საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თამაზ ქააძის თქმით, მედდა ბიულეტენზეა და ამბულატორიულად მკურნალობს.

საწინააღმდეგოს აცხადებენ კოლეგები. ტუბსაავადმყოფოს მედდები ამბობენ, რომ მათი კოლეგა რეზისტენტულ განყოფილებაში იმყოფება. ლუდმილა გრიგორიანის თქმით კი, რომელსაც რეზისტენტული განყოფილების პაციენტებთან საჭმელი მიაქვს, მედდა რეზისტენტულიდან პალიატიურ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამჟამად იქ იმყოფება. პალიატიური ნიშნავს უშედეგოს და ეს ის განყოფილებაა, სადაც პაციენტები ყველაზე მძიმე მდგომარეობით გადაჰყავთ.

„პროფილაქტიკურ მკურნალობას ვუტარებთ, იგი ემ-გე-ბე მინუსიანია და საგანგაშო არაფერი აქვს“, - აცხადებს ქააძე.

იგი აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში 2010 წლის სექტემბრიდან მუშაობს და ამბობს რომ ეს, საავადმყოფოს თანამშრომლის დაავადების პირველი შემთხვევაა.

ათეული წლებია ტუბერკულოზით დაავადებულებს ემსახურება ლუდმილა გრიგორიანი, თუმცა აქამდე საავადმყოფოს თანამშრომლის დაავადების შემთხვევის შესახებ არც მას ახსენდება: „პირბადე არასდროს მკეთებია, დარბაზში 200 კაცს რომ ვემსახურებოდი, მაშინაც კი და არაფერი შემხვედრია. ახლა უკვე მეშინია, მიუხედავად იმისა, რომ პირბადეებით ვმუშაობთ და ხელების დასაბანი ხსნარიც გვაქვს“.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ისეთ დაწესებულებებში, როგორიც ტუბსაავადმყოფოა, ყველა მედდა რისკის ქვეშაა, ამდენად აქ პროფილაქტიკური ღონისძიებები ყველა თანამშრომელს უნდა უტარდებოდეს.

„ვიდრე სხვა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს, ტუბსაავადყოფოში დასაქმებულებს უფრო ხშირად უნდა უტარდებოდეთ გამოკვლევები. აქ მკაცრად უნდა ხდებოდეს თავდაცვის საშუალებებზე კონტროლიც, მაგალითად, მუდმივად უნდა ატარებდნენ პირბადეს“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია და ამატებს, რომ როგორც ჩანს, დაავადებული მედდის შემთხვევაში ეს არ იქნა გათვალისწინებული.

ქააძეს უჭირს უარყოფა, ან მტკიცება იმის, რომ მედდას ტუბერკულოზი ტუბსაავადმყოფოში გადაედო, თუმცა, ის რომ მისი კოლეგა ძალიან მოწესრიგებული იყო და პალატებში პირბადის გარეშე არასდროს შედიოდა, ზუსტად იცის: „ბუნებრივია, გადადების საფრთხე არსებობს, მაგრამ საავადმყოფოში იგი ყველაზე მოწესრიგებული მედდა იყო, სხვა შეიძლება, მაგრამ მას, ხალათისა და პირბადის გარეშე ვერასდროს ნახავდი“.

მისივე თქმთ, ეს შემთხვევა ისტორიულად ასე შეიძლება აიხსნას: მედდას მშობლებს ოდესღაც ჰქონდათ ტუბერკულოზი, ამდენად, შესაძლოა ტუბსაავადმყოფოს თანამშრომელი ინფიცირებული იყო, შემდეგ გაცივდა, ორგანიზმი დასუსტდა და დაავადებამაც იჩინა თავი.

რაც შეეხება თანამშრომლების გამოკვლევას, ქააძე აცხადებს: „მე თვითონ დავაწესე ასე და ყველა, მათ შორის მეც, თვეში 10-12 თანამშრომელი, გავდივართ გამოკვლევაზე. სწორედ ამ დროს გამოვლინდა ეს შემთხვევაც“.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში, რაც ამგვარი დაწესებულებისთვის აუცილებელი მთხოვნაა, არ არის ვენტილაცია. თუმცა, მდგომარეობას ის ამსუბუქებს, რომ შენობა დიდი და მაღალჭერიანია. მაგრამ რამდენადაც ეს ჰაერის მოძრაობის თვალსაზრისით კარგია, იმდენად ცუდია ზამთარში გათბობისათვის. კურორტზე, სადაც ექვსი თვე ზამთარია, ტუბსაავადმყოფოს გასათბობად სეზონზე 17 ათასი ლარი სჭირდებათ.

„სამზარეულოდან პალატებამდე შემიძლია მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარო სირბილში, იმხელა დერეფნებია. ამიტომ ტყუილად, რომ არ გათბეს ისინი, ერთი და იგივე დიაგნოზის პაცინეტებს, ერთ პალატაში ვათავსებთ და ასე ვცდილობთ დავზოგოთ საწვავი“, - გვიხსნის ქააძე.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო 120 საწოლზეა გაშლილი და ამჟამად 96-ია დაკავებული. მათ შორის პალიატიურში 8 პაციენტია მოთავსებული მულტირეზისტენტულში კი 50. ბოლო სამი თვის განმავლობაში საავადმყოფოში დაავადებულთა რაოდენობა 87-დან 96-მდე მერყეობს და ქააძის თქმით, 80-ს ქვემოთ, მათი რიცხვი არასდროს ჩადის. რაც შეეხება გარდაცვლილებს, თუ შარშან საავადმყოფოში 5 პაციენტი გარდაიცვალა, მიმდინარე წლის მონაცემებით 5 პაციენტი ამ დრომდე უკვე გარდაცვლილია.

რეგიონის მასშტაბით ტუბერკულოზით დაავადებულების რიცხვი კი, ანუ ის პაციენტები, რომლებიც ამბულატორიულად მკურნალობენ, 76-ს აღწევს.

„დაავადებულთა რიცხვი ნამდვილად არაა მომატებული, შარშან ზაფხულშიც თითქმის იგივე რაოდენობა გვყავდა საავადმყოფოში პაციენტების, როგორც ახლა. სხვაობა 2-3 კაცი თუ იქნება, - ამბობს აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს მონაცემთა ბაზის მენეჯერი მაია ჭიჭიკოშვილი და ამატებს, რომ აქ პაციენტების უმრავლესობა სასჯელმოხდილია - ციხიდან არიან მოსულები. ამიტომ წესრიგის დაცვაში პოლიცია გვეხმარება“.

დღე-ღამის განმავლობაში პოლიცია ტუბსაავადმყოფოს ტერიტორიაზე ხუთჯერ მაინც პატრულირებს. სწორედ ერთ-ერთი შემოვლისას პოლიცია ჩხუბს შეესწრო.

„შემთხვევა პაციენტი გოგონას გამო მოხდა, ფეხი დაუდია სკამზე და ერთ-ერთ პაციენტს უთქვამს, მანდ ხომ ვჯდებით, ფეხს რატომ დებო. გოგონას მეორე გამოესარჩლა, შეყვნენ ერთმანეთს, ჩამოვიდნენ ეზოში, შელაპარაკდნენ და ამ დროს პოლიციაც მოვიდა. პაციენტები დაკითხეს და სამი მათგანი, ამ ყველაფრის წამომწყები ვინც იყო, დააჯარიმეს“, - გვიამბობს ქააძე.

ტუბსაავადმყოფოს პაციენტები საავდმყოფოში არსებულ პირობებსა და ბოლო დროს მომხდარის შესახებ პრესასთან საუბრისგან თავს იკავებენ.

„აქ კი არ მოდიან სამკურნალოდ, აქ მოსულები გარბიან, - ამბობს ახალციხელი, შუახნის მამაკაცი - ზოგს ფული არ ჰყოფნის, მაგალითად ვაშლს ან ძეხვს ხომ არ გაჭმევენ აქ, ამიტომ ყიდვა გიხდება“.

ქობულეთელი უფროსი ასაკის მამაკაცი კი მედპერსონალის თბილ დამოკიდებულებაზე საუბრობს „კარგად გვეპყრობიან“.

საავადმყოფოში ქააძის განცხადებით ყველა მედიკამენტი უფასოა. რაც შეეხება კვებას, თითო პაციენტი დღეში 4 000 კალორიას ღებულობს: „ისეთი კვება გვაქვს, რომ შემიძლია დავიკვეხნო“.

შენობა, სადაც ამჟამად ტუბსაავადმყოფოა განთავსებული 1924 წელს აშენდა. აქ წლების განმავლობაში სანატორიუმი „ზეკარი“ ფუნქციონირებდა. ტუბსაწინაღმდეგო დაწესებულებად კი 6 წელია რაც გადაკეთდა.

2013 წლიდან აბასთუმნის განაშენიანების გეგმის მიხედვით, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების განრიგში ჩასმულია ახალი ტუბსაავადმყოფოს მშენებლობა. ის კურცხანას ხეობაში აშენდება და 120 საწოლზე იქნება გათვლილი.

საავადმყოფო გათბება გაზით, ყველა განყოფილებას ექნება ცალკე შესასვლელი, დამონტაჟდება ვენტილაციაც და რაც მთავარია, ის მოშორებული იქნება კურორტის ცენტრიდან.

„აბასთუმანი მაღალ დონეზე მოეწყობა. ამდენად აქ ჩამოსულ ტურისტს, მაღაზიაში გვერდით პირბადით ტუბერკულოზით დაავადებლი რომ დაუდგება, ის მეორედ აბასთუმანში დასასვენებლად აღარ წამოვა და ფულს აღარ დახარჯავს, - ამბობს ქააძე და ამატებს, რომ ასე ადგილობრივი მოსახლეობაც უფრო მშვიდად იქნება - ეზოში ბავშვი რომ თამაშობს და ტუბით დაავადებული ჩაუვლის გვერდით, ეს მე ვიცი რომ არაფერი გადაედება, მაგრამ ყველამ ხომ არ იცის. ამიტომ ასე, მოსახლეობისთვისაც უკეთესი იქნება“.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

დავით სერგეენკო აბასთუმნის საავადმყოფოს საკითხის შესწავლას გეგმავს
ექიმების პროტესტის გამო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს დირექტორი შეიცვალა
‘აბასთუმანში ჰაერი მინდა, წამლით თბილისშიც ვიმკურნალებ’ – პაციენტები კურორტიდან ტუბის გადატანაზე
რატომ შემცირდა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი?
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ
‘დაავადებისგან თითქმის განკურნებულები იყვნენ’– ტუბის დირექტორი სახლში გაშვებულ პაციენტებზე