FM97.5 / LIVE

საარჩევნო სიები საბოლოო შედეგამდე

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 03.09.2012
საარჩევნო სიები, მკვდარი სულები, ქვეყნიდან გასულები და მისამართზე არასწორად რეგისტრირებულები. სიების დაზუსტების კომისია და ”ქართული ოცნების” კარდაკარი

საარჩევნო სიები საბოლოო შედეგამდე

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით ახალციხის ოლქში 36 501 ამომრჩეველია. მანამდე არსებულ საარჩევნო სიასთან შედარებით სხვაობა ერთი ათეულიც კი არაა, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით 2010 წელს ამომრჩეველთა რაოდენობა 36 493 იყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით (#62/211905): ”2011 წლის 15 აგვისტოდან 2012 წლის 15 აგვისტომდე ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გაიცა 147 პირადობის მოწმობა და 4 529 პირადობის ელექტრონული მოწმობა, სულ 4 676 დოკუმენტი. ამ დოკუმენტებიდან
347 არის მოქალაქეზე გაცემული პირველი დოკუმენტი, 3 370 - მეორე დოკუმენტი, 739 - მესამე დოკუმენტი, 119 - მეოთხე დოკუმენტი, 18 - მეხუთე დოკუმენტი. ამავე პერიოდში სსგს ახალციხის სამსახურში გაცემულია 864 გარდაცვალების მოწმობა, რომელთაგან 309 არის განმეორებითი ტიპის, ხოლო 555 - პირველადი”.

ქვეყანაში ბოლოს ჩატარებულ ოთხ არჩევნებს შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სია რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 621 256-ია. ბოლოს ჩატარებულ ოთხ არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით (#03.07. 1056) ამომრჩეველთა რაოდენობა კი ასე გამოიყურება: 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები - 3 527 964; 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე - 3 465 736; 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 3 544 770;

სიების დაზუსტების მიზნით 2011 წლის 15 ნოემბერს პრეზიდენტის #726 ბრძანებულებით ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა. მას პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს. კარდაკარ შემოვლის პრინციპით, სიებს მმართველ პარტიასთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ამოწმებდნენ. კოალიცია ”ქართული ოცნებიდან” სიების დაზუსტების კომისიაში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პარტია - ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” იყო. თუმცა, ”ქართული ოცნება”, აღნიშნული კომისიის მიმართ უნდობლობის გამო, კარდაკარ შემოვლას ქვეყნის მასშტაბით კოალიციაში შემავალი პარტიის წარმომადგენლების საშუალებით, დამოუკიებლადაც ახორციელებდა.

სამცხე-ჯავახეთში კაციტაძის კომისიიდან კარდაკარ შემოვლაზე 542 ადამიანი დასაქმდა. მათ შორის, ახალციხეში ამ საქმით დაკავებული 112 იყო.

საარჩევნო უბანზე შემომვლელთა რაოდენობა ამომრჩეველთა რიცხვის მიხედვით დაინიშნა. უბანი, სადაც 500 ამომრჩევლამდეა, ორმა ადამიანმა შემოიარა და მათი ანაზღაურება 110 ლარი იყო. 500-დან 1 000 ამომრჩევლამდე უბნების შემთხვევაში კვლავ 2 ადამიანი აღრიცხავდა ამომრჩეველთა რაოდენობას, მაგრამ მეტი იყო მათი ანაზღაურება - 110 ლარის ნაცვლად, 200 ლარი აიღეს. უბნებზე სადაც 1 000-დან 1 500-მდე ამომრჩეველი იყო, 4 ადამიანი მუშაობდა და თითო 150 ლარს იღებდა. ახალციხეში რეგისტრატორებზე 1 7480 ლარი დაიხარჯა.

ახალციხეში კარდაკარ შემოვლაში ჩართულები იყვნენ ”ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის”, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლები.

”ახალი მემარჯვენეების” წევრმა მაია დემეტრაძემ 60-მდე ანკეტა შეავსო: ”48 საზღვარგარეთ იყო წასული. მკვდარი სულები არ შემხვედრია”.

დემეტრაძის თანაპარტიელმა თამუნა აბულაძემ 67 ანკეტა შეავსო და გარდაცვლილების შესახებ 15 განაცხადება დაწერა: ”იყვნენ საზღვარგარეთ გასულები, თუმცა გვითხრეს, რომ არჩევნებამდე დაბრუნდებიან და სიიდან არ ამოგვიღია”.

”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრს კოტე ღვალაძეს კარდაკარ შემოვლა საბარგო სადგურზე მოუხდა. აქ 600-მდე ამომრჩეველია: ”ხშირი იყო შემთხვევა, რომ მისამართი და საცხოვრებელი ადგილი არ ემთხვეოდა. ყველაზე დიდი რაოდენობა კი საზღვარგარეთ გასულების იყო. გვქონდა შემთხვევა, რომ ოჯახიდან 3 ადამიანი იმყოფებოდა უცხოეთში. რაც შეეხება მკვდარ სულებს, 10-მდე განცხადება დავწერე”.

ამავე პარტიის წევრმა ლია ხუციშვილმა 28-ე უბანი შემოიარა და ამბობს, რომ ყველაზე დიდ სირთულეს მისამართები, ანუ არასწორად დანომრილი ბინები ქმნიდა. იმავეს ამბობენ თამუნა აბულაძე და კოტე ღვალაძეც.

იმის შესახებ, რომ მისამართების სწორად რეგისტრირება პრობლემაა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც საუბრობენ. აქ ნუმერაციის შეცვლასთან დაკავშრებით არაერთი მოქალაქის განცხადება შედის. თუმცა, თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ყველა ქუჩის თავიდან გადანომვრა ხანგრძლივი პროცესია და ამის მოწესრიგებას დრო სჭირდება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ზაზა ზაზაძის განცხადებით, ახალციხეში ნომერი თითქმის ყველა სახლს აქვს, მაგრამ ხელახლა გადასანომრია: ”შესაძლოა იყოს ქუჩა, სადაც ეს საჭირო არ არის, მაგრამ არის ქუჩები, სადაც ყველაფერი თავიდანაა დასალაგებელი”.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრმა ნომრები ბინებს 14 სოფელში მიანიჭა.

”ახლა ეს პროცესი შეჩერებულია, თქვეს, რომ ჯერ დიდი ქალაქები უნდა დაესრულებინათ და ახალციხის დანომვრა ამის შემდეგ დაიწყებოდა“, - ამბობს ზაზაძე.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მანანა კურტანიძის თქმით, ძირითად სიაში ცდომილება ძალიან მცირე იყო. მან პირველი უბანი შემოიარა: ”სიაში რაც გადმოგვცეს, ყველაფერი სუფთა იყო. მაქსიმუმ ხუთი თუ შემხვდა ისეთი შემთხვევა, ქვეყნიდან გასული რომ ყოფილიყო ადამიანი. გარდაცვლილიც ერთგან დაფიქსირდა, ისიც მაშინ გარდაიცვალა, ჩვენ რომ კარდაკარზე დავდიოდით”.

საწინააღმდეგოს აცხადებს კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი ელვარდი ზაზაძე: ”ცდომილება დიდია და ამ ყველაფერს ვაფიქსირებთ. სიებიდან უამრავი საზღვარგარეთაა წასული, ბევრია მკვდარი სულიც”.

მისი განმარტებით, მაგალითად, ბოლო არჩევნებზე აგარის უბნის სოფელ წინუბნის სიებში ვალესთან მდებარე სომხური სოფლის სიები იყო არეული: ”ეს იყო ხმების გაყალბების მცდელობა და დღესაც იგივე სიტუაციაა. წინუბნის მაცხოვრებელთა სიები არეულია სომხური სოფლის სიებში. არადა წინუბანში ეთნიკურად სომეხი მოსახლეები არ ცხოვრობენ”.

ახალციხეში ’’ქართულმა ოცნებამ” კარდაკარ სიების გადამოწმება 4 აგვისტოს დაიწყო და, ელვარდი ზაზაძის თქმით, პროცესი 15 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, იმის გამო, რომ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის თანამშრომლები აშინებენ და ხშირია შემთხვევა, რომ კოალიციის წარმომადგენლებს მოსახლეობა სახლებში არ უშვებს, ეს პროცესი, ალბათ, გაწერილ ვადაში ვერ დასრულდება.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელის მამუკა კაციტაძის თქმით, ”ქართულმა ოცნებამ” კომისიაში 56 ათასი განაცხადი 17 აგვისტოს შეიტანა: ”526 განცხადება უკვე გავატარეთ და ავსახეთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. შეიძლება ზოგი განმეროდეს და ჩვენს მიერ უკვე ასახული იყოს სიაში, თუმცა, შესაძლოა იყოს სიახლეები და ამასაც გავითვალისწინებთ”.

რა შეეხება ახალციხის კარდაკარის მონაცემებს, კაციტაძის თქმით, თუ შემოვლა 4 აგვისტოს დაიწყეს და 15-მდეც ვერ დაამთავრეს, შესაძლოა მათი მონაცემების ერთიან სიაში ჩასწორება ვერ მოხერხდეს: ”სანამ დაასრულებენ და მის ანალიზს გააკეთებენ, პირველი სექტემბერი უკვე გასული იქნება. პირველის შემდეგ კი კომისიაში განცხადებების შემოტანას კანონი კრძალავს”.

კოალიცია ”ქართული ოცნების” კარდაკარის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში გოჩა ღადუა აცხადებს, რომ ახალციხეში ”ოცნებას” სამუშაოდ დრო ჯერ კიდევ აქვს: ”სიების ნაწილი უკვე გადავეცით კაციტაძის კომისიას, რაც დარჩა, მის დამუშავებას სულ 3 დღე დასჭირდება, ასე რომ პირველ სექტემბრამდე მოესწრება”.

რაც შეეხება კაციტაძის კომისიის სიების დაზუსტების შედეგებს, დაახლოებით 3 600 000-იან ამომრჩეველში, 1 100 000-ზე მეტი ჩასწორება გაკეთდა. მათ შორის 525 000-მა ჩასწორებამ უშუალო გავლენა იქონია ამომრჩეველთა ერთიან სიაზე, სიიდან ამოღებულ იქნა 26 000 გარდაცვლილი, სიაში ცალკე გაიტანეს დაუდგენელი პიროვნებები და 310 000 ჩვენი თანამოქალაქის გასწვრივ გაჩნდა მინაწერი - არის საზღვარგარეთ.

”ეს არის ის შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ როცა სია არის 3 600 000-იანი და ნახევარ მილიონზე მეტი უზუსტობა აღმოიფხვრება, ხოლო 310 000 სტატუსი გაჩნდება საზღვარგარეთ გასულებთან დაკავშირებით, ამას განმარტება აღარ სჭირდება, ციფრები თვითონ მეტყველებს შედეგზე”, - განუცხადა ”სამხრეთის კარიბჭეს” კაციტაძემ.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიებს 26-27 აგვისტოს მიიღებენ და უბნებზე 29 აგვისტოდან გამოიკვრება. თუმცა, ეს არ იქნება საბოლოო სია, რადგან ამომრჩევლებს სიაში თავის გადამოწმება სწორედ ამის შედეგ შეეძლებათ.

ელვარდი ზაზაძეს ეეჭვება, რომ სიები უბნებზე კალენდარული გეგმის მიხედვით გაიკვრება: ”ალბათ, როგორც ყოველთვის, სიებს ისეთ დროს გამოაკრავენ, რომ ამომრჩეველს საკუთარი თავის გადამოწმების დრო, ფაქტობრივად, აღარ ექნება”.

დაირღვევა თუ არა სიების გამოკვრის ვადა, თვის ბოლოსთვის გაირკვევა. ხოლო ის, თუ რამდენად ზუსტია სიების დაზუსტების კომისიისა და“ქართული ოცნების“ კარდაკარის გადამოწმებული სიები, პირველ ოქტომბერს გახდება ნათელი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.


საარჩევნო სიები საბოლოო შედეგამდე საარჩევნო სიები საბოლოო შედეგამდე


21.01.2019 განათლების მინისტრი: 'წითელას და გრიპის ვირუსს სკოლებში ყოველდღიურად დავაკვირდებით'

18.01.2019 ახალციხეში 48 კურსდამთავრებულმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მიიღო

18.01.2019 მასწავლებლებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება

30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2019 დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

19.01.2019 ნათლისღების დღესასწაული ახალციხეში [Photo/Video]

19.01.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

19.01.2019 წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის საოლქოში სიების გადამოწმების საჭიროებას ვერ ხედავენ
“კარდაკარის” შედეგი ახალქალაქში
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 510 514 ამომრჩეველია
8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 146.160 ამომრჩეველია რეგისტრირებული
„მკვდარი სულები“ საარჩევნო სიებში ისევ რჩებიან
ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია
ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო