ბრალდებულის და: ‘სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა’

მთავარისამართალი 08.12.2014
სცემა თუ არა დედა, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ; ერთ–ერთ საქმეში ბრალდებულის ოჯახის წევრები პოლიციის თანამშრომლებს გაუპატიურების მუქარაშიც ადანაშაულებენ;

ბრალდებულის და: ‘სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა’

სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობის დღეს, მკვლელობაში ბრალდებულის და სოფლიდან დასაკითხად ასპინძის რაიონულ სამმართველოში წაიყვანეს. ამ დროისთვის ბრალდებული მიმალული იყო და სამართალდამცავები მისი ადგილსამყოფელის მიგნებას ცდილობდნენ.

„მეორე სართულზე ოთახში შემიყვანეს, დაახლოებით ოთხი იქნებოდნენ, მიყვიროდნენ: იცი შენი ძმა სადაცაა და გვითხარიო. კიდევ მეუბნებოდნენ: თქვი, რომ ჩემ ძმას ეს მე გავაკეთებინე და გაგიშვებთო“, - ამბობს ბრალდებულის და.

მისი თქმით, მას პასუხის გაცემაც არ აცალეს და ცემა დაუწყეს: „სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე ჯერ ხელით თავში და მერე უკნიდან წიხლებს მირტყამდა, თმას მწიწკნიდა და ტანსაცმელს მაგლეჯდა“.

სამხარეო სამმართველოს უფროსი, ბრალდებულის დას გაუპატიურებითაც დაემუქრა: „გაგხდით ტანსაცმელს და ამას და ამას ვიზამთო... დედას მაგინებდა სამმართველოს კიდევ ერთი თანამშრომელი ზაზა ზაზაძე. კალანდაძის მოადგილეც მირტყამდა, იმან პირთან ფეხსაცმელიც მომადო. ამ ცემა-ტყეპაში გათენდა, მეორე დღეს გავიგე, რომ თურმე დასაკითხად ჩემი 15 წლის ბიჭიც ჩამოყვანილი ჰყოლიათ და ისიც უცემიათ, თქვი ბიძაშენი სადააო“.

პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ბრალდებულის კიდევ ერთ არასრულწლოვან დისშვილს, 17 წლის გოგონას მიაყენეს.

„ეს ამბავი რომ მოხდა და მშობლები დაკითხვაზე წაიყვანეს, მე და ჩემი ძმა, პატარა დეიდაშვილები გვყავს და იმათთან მივდიოდით. გზაში, ბიძაჩემის (ბრლადებულის) სახლთან, პოლიციელები შეგვხვდნენ, გვაგინეს, ბიძათქვენი მკვლელიაო და მერე თავში დამარტყეს. ვინც დამარტყა, თეთრი „საროჩკა“ ეცვა, პოლიციელის ტანსაცმლით არ იყო“, - იხსენებს 17 წლის გოგონა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა მეორე დღეს მათ სახლში მიაკითხეს და დედასთან ერთად ასპინძის რაიონულ სამმართველოში დასაკითხად წაიყვანეს.

„ოთახებში ცალ–ცალკე შეგვიყვანეს. მეუბნებოდნენ, იცი სადაცაა ბიძაშენი და თქვიო. კეფაში ისე მირტყეს, რომ ფეხი მქონდა გაშეშებული და თითქმის სამი თვე მტკიოდა. მერე მითხრეს, თუ არ გვეტყვით ბიძაშენი სად არის, იქით ოთახში შეგიყვანთ და გაგაუპატიურებთო“, - ამბობს იგი.

გოგონას რომ ცემის შემდეგ ფეხი სტკიოდა და კოჭლობდა, ამის შესახებ დედაც საუბრობს: „ნერვი დაუზიანეს ალბათ“.

მიუხედავად ძლიერი ტიკივლებისა, ბრალდებულის დის ოჯახმა გოგონას ექიმთან მიყვანა ვერ შეძლო. მიზეზი მათი მისამართით თანასოფლელებისა და დაზარალებულების ახლობლების მხირდან განხორციელებული მუქრა იყო.

„სოფლიდან გაგვასახლეს, გვეუბნებოდნენ: მოგკლავთ და გადაგწვავთო. დაბნეულები და შეშინებულები ვიყავით, ბავშვები გადამალული მყავდა, რომ უარესი არ დაგვმართნოდა“, - ამბობს ბრალდებულის და.

კითხვაზე, რა იცის მან თუ ვინ ურტყამდა, ან იცნობს თუ არა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს, გვპასუხობს: „პოლიციასთან შეხება არასდროს მქონია. მაშინ, როცა მირტყამდა, არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ მერე გავარკვიე, კომპიუტერში ვნახე და მივხვდი ვინც იყო. ბავშვებიც იცნობენ მას, ვინც სცემა“.

მომხდარის შესახებ ბრალდებულის დის ოჯახმა საქართველოს სახალხო დამცველს, მთავარ პროკურორს, პარლამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა. მათი ადვოკატის თქმით, აღნიშნულმა უწყებებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მიმართეს.

როგორც პროკურატურაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლით მიმდინარეობს.

იმის გამო, რომ მომხდარიდან გამოძიება გვიან დაიწყო და, ამ დროისთვის, ბრალდებულის ოჯახის წევრებს დაზიანების კვალი აღარ ეტყობოდათ, როგორც ადვოკატი ამბობს, საქმეში სასამართლო სამედიცინო ექსერტიზის დასკვნა არ არსებობს: „თუმცა გვაქვს ასპინძის სამმართველოში ბრალდებულის დასთან სასწრაფოს გამოძახებისა და ხულოს საავადმყოფოში ჩატარებული მკურნალობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტები“.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე პროკურატურაში არ საუბრობენ. აქ ბრალდებულის და და დისშვილებიც უკვე დაიკითხნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ იმ ღამეს, როცა სამცხე-ჯავახეთში მკვლელობა მოხდა და ბრალდებულის ოჯახის წევრები ასპინძის რაიონულ სამმართველოში დასაკითხად წაიყვანეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე იქ არ იმყოფებოდა. უფრო მეტიც, შსს-ში ამბობენ, რომ მკვლელობის დღიდან დღემდე პოლიცია იცავს ბრალდებულის ოჯახის წევრებს და რომ არა სამართალდამცავების აქტიური ქმედება, შესაძლოა სოფელში მოვლენები კიდევ უფრო ცუდად განვითარებულიყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.09.2016 უსაფრთხოების ათი გაკვეთილი – საგანმანათლებლო პროგრამა მეხუთეკლასელებისთვის

16.09.2016 ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ

15.09.2016 ახალციხეში სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში განახლდა

14.09.2016 მეორე სკოლასთან საკანალიოზაციო მილი გაწმინდეს და გზა შეაკეთეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.09.2016 ტაძრისში მცხოვრებ ხუციშვილებს სახლი ენგრევათ

23.09.2016 გიორგი კოპაძე: ‘მეჩეთები ყველა სოფელში უნდა ჰქონდეთ, სადაც მუსლიმები არიან’

22.09.2016 TI: მუნიციპალური SMS-ები კითხვებს აჩენს

22.09.2016 დღე ავტომობილის გარეშე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.05.2016 სინაგოგის ერთადერთი მლოცველი [Video]

28.05.2016 ბორჯომი ტურისტული სეზონისთვის ემზადება [VIDEO]

23.05.2016 ლუდა კაპანაძე: სანამ სული მიდგას, ბავშვებთან ვიმუშავებ [Video]

12.05.2016 'წყალი კი არა 'ლუფხია' – ჩივილი ასპინძიდან [Video]

მსგავს თემაზე

რას პასუხობენ შსს-ში სამხარეო სამმართველოს უფროსის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს
ყარათუბნელები სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს სოფლიდან ასახლებენ [Photo]
“სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება
ბრალდებული: ‘კალანდაძემ ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი და მერე ‘სნოს’ ბოთლი მირტყა’
ბრალდებულის პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო