FM97.5 / LIVE

“ქართულმა ოცნებამ” სოფელ ხავეთში მოსახლეობასთან შეხვედრა ვერ შეძლო

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 28.08.2012
“ქართულმა ოცნებამ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთში მოსახლეობასთან შეხვედრა ვერ შეძლო. კოალიციაში ამბობენ, რომ მმართველი პარტია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მათ საქმიანობას ხელს უშლის, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ისინი არაფერ შუაში არიან, ოპოზიციას თავად ხალხი არ იღებს.

“ქართულმა ოცნებამ” სოფელ ხავეთში მოსახლეობასთან შეხვედრა ვერ შეძლო

ამ ეტაპზე ახალქალაქში ოთხი პარტიაა წარმოდგენილი. მმართველმა პარტიამ აქტიური წინასაარჩევნო აგიტაცია უკვე დაიწყო. პარტიის აქტივისტები შედიან ყველა სახლში, არიგებენ ჟურნალებს განახლებული საქართველოს შესახებ და ბიულეტენებს, რომლებშიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აგიტიაციას ეწევა მისი, როგორც სახელისუფლებო პარტიის შესახებ და მოსახლეობას მათი პროგრამის “მეტი სარგებელი ხალხს” ფარგლებში 1000-ლარიან ვაუჩერებს ჰპირდება.

“ქართული ოცნება” მმართველი პარტიის “მსხვერპლად” წარმოადგენს თავს. კოალიცია აგიტაციას ეწევა, როგორც მოქმედი ხელისუფლების მიერ დევნილი პარტია, დაპატიმრებული და გაქცეული აქტივისტებით.

დანარჩენმა ორმა პარტიამ, - “ახალმა მემარჯვენეებმა” და “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ”, გვაცნობეს, რომ მათთან მიმართებაში რაიმე დარღვევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით ან დაბრკოლება მათ წინასაარჩევნო საქმიანობაში არ დაფიქსირებულა.

საქართველოში ოფიციალური წინასაარჩევნო აგიტაცია ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” საოლქო საარჩევნო კომისიასა და რაიონის პროკურტურაში განცხადება უკვე შევიდა.

განცხადებაში, რომელიც “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის აქტივისტმა აზატ შიფაქციანმა დაწერა, ვკითხულობთ, რომ სოფელ ხავეთში კოალიციის სავარაუდო წარმომადგენელი გაგიკ სიმონიანი უნდა ყოფილიყო. კოალიციას სურდა მოსახლეობასთან და აქტივისტებთან შეხვედრები მისი მეშვეობით შემდგარიყო. თუმცა, გამგეობის სპეციალისტმა იურა ხაჩატურიანმა, ასევე ხავეთში გამგეობის რწმუნებულმა ხაჩატურ მოვსისიანმა, საკრებულოს დეპუტატმა გრაჩ მოვსისიანმა და სხვა საჯარო პირებმა ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

- “რამდენიმე დღის წინ ხავეთში ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა ჩვენი აქტივისტის დაშინება დაიწყეს, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები წავიდნენ სოფელში ჩვენსავე აქტივისტთან და არა მოსახლეობასთან შესახვედრად. დილის 8 საათზე მათ სოფელში დახვდა ათამდე ადამიანი სოფლის გამგეობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და მათ ჩვენი აქტივისტების შეხვედრისთვის ხელის შეშლა სცადეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს შეხვედრა უნდა მომხდარიყო არა მოსახლეობასთან, არამედ აქტივისტებს შორის. საბოლოოდ შევხვდით ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც გამგებლის მიერ, ჩვენი სოფელში შესვლისთვის ხელის შესაშლელად ჩამოყვანილ ადამიანებს ესაუბრნენ”, - ამბობს კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჟვანია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელი, დეპუტატი ჰარუთიუნ ჰოვჰანისიანი მათი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს ვერ იხსენებს. ხავეთში მომხდარ შემთხვევას კი ასე განმარტავს:
“ოპოზიციას თავისი ხალხი ჰყავს, რომლებიც რეგიონში მუშაობენ, ჩვენც ჩვენი აქტივისტები გვყავს. ზეწოლას არავინ არავისზე ახდენს. ხავეთის შემთხვევაც ამის მაგალითია. ისინი ხალხმა არ მიიღო და უნდათ ჩვენ გადმოგვაბრალონ. შეხვედრის ორგანიზება მათმა წარმომადგენელმა ითავა, მაგრამ შეხვედრა არ შედგა, რადგან ისინი ხალხმა არ მიიღო”.

ხავეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ განმარტებისთვის დავურეკეთ ხავეტის რწმუნებულს ხაჩატურ მოვსისიანს, რომელიც განცხადებაში ხელის შემშლელ პირთა შორისაა ნახსენები.

- “ჩვენი სოფელი საზღვარზეა, ამიტომაც ყველა მანქანას ეკითხებიან, ვინ არიან და სად მიდიან. ალბათ, მიზეზი ესაა. მათ შეხვედრას არავინ უშლიდა ხელს. ვის უნდა შეეშალა?! შეხვედრა ჩაატარეს და არ ვიცი, შეიძლება ცოტა ხალხი იყო. მე როდესაც მივედი, უკვე მიდიოდნენ”, - ამბობს სოფელ ხავეტის რწმუნებული ხაჩატურ მოვსისიანი.

“ქართული ოცნების” აქტივისტები, მათ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიასა და პროკურატურაში შეტანილი განცხადების თანახმად, ხავეთში ორჯერ იყვნენ, ერთხელ 8 აგვისტოს, როცა თავიანთ შესაძლო აქტივისტს გაგიკ სიმონიანს ესაუბრნენ, მეორედ კი 11 აგვისტოს, ტელეკომპანია “მე-9 არხის”ჟურნალისტებთან ერთად, რომლებმაც გადაიღეს სიტუაცია, როდესაც ხავეტში “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა საქმიანობას ხელს უშლიდნენ. ეს კადრები განცხადებასთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიასა და პროკურატურაშია გადაცემული.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს
დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის
„ოცნებამ“ საარჩევნო სამზადისი დაიწყო – დახურული შეხვედრა ახალციხეში
ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს
გიორგი ჟვანიას დაპირებები ”ოცნების” ახალქალაქელ აქტივისტებს
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
„ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქში დაგეგმილი აქცია გადადო