FM97.5 / LIVE

გასაიდუმლოებული ექსკურსიები ახალციხის ციხეში

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 24.08.2012
რამდენიმე დღეა ახალგახსნილ ახალციხის ციხეს დედაქალაქიდან დღეში ათამდე ექსკურსია სტუმრობს. დამთვალიერებლებს ადგილზე უფასოდ ემსახურებიან. კითხვაზე - ვისი ორგანიზებით ეწყობა ექსკურსიები, არც ვიზიტორები გვპასუხობენ და არც ციხის ადმინისტრაცია.

გასაიდუმლოებული ექსკურსიები ახალციხის ციხეში

წარწერით - თბილისი, ზედა ციხის შესასვლელთან ყოველდღე რამდენიმე დიდი ავტობუსი დგას. სპეციალური საშვებით, რომელიც ყველა ვიზიტორს უკეთია, დამთვალიერებლები ციხეში ზედა კარიბჭიდან შედიან, ისე რომ ბილეთის ასაღებად ტურისტულ ცენტრში, რომელიც ქვედა ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს, არავინ ჩადის.

საუბარს გაურბიან, თუ გასაუბრებაზე დაითანხმე, ციხით აღფრთოვანებას გამოხატავენ, ექსკურსიის ორგანიზებაზე კი არაფერს ამბობენ. ”შევიკრიბეთ და წამოვედით. უმნიშვნელო თანხა დაგვიჯდა”, - მოკლედ გპასუხობენ, როცა კითხვას რამდენჯერმე უმეორებ და სწრაფად გშორდებიან.

- ”დღეს ჩამოვედით, ძალიან მომწონს. ჯერ აქ ვართ, ქვედა ციხე არ გვინახავს. ჩვეულებრივი ჯგუფი ვართ. მე არ გადამიხდია, გადამიხადეს”, - გვეუბნება მუზეუმიდან გამოსული ახალგაზრდა გოგონა სახელად ქეთი, - ”ქეთი მქვია, გვარს არ გეტყვით”.

ახალციხის ციხით მოხიბლულია ციცო ადეიშვილიც, რომელიც ახალციხეში პირველადაა.

- ”სპეციალურად ჩამოვედი, მეგობრებთან ერთად ვარ, ეს არის საოცრება! აღფრთოვანებული ვარ!” - ამბობს იგი.

კითხვაზე, რა დაუჯდა ახალციხის ციხის მონახულება, გვპასუხობს რომ მისთვის ყველაფერი უფასოა.

- ”ექსკურსიის მონაწილე ვარ, სპეციალურად ჩამოვედით რაბათის სანახავად, ჩემთვის ამჟამად უფასოა ყევლაფერი”, - ამბობს და როგორც კი ექსკურსიის ორგანიზების შესახებ ვეკითხებით, გამომეტყველებაც ეცვლება და ჩვენდამი დამოკიდებულებაც, - ”ჩვენ თვითონ წამოვედით ჯგუფი, ვიქირავეთ მარშუტკა, ძალიან მცირე თანხა დაგვიჯდა, აღნიშვნაც არ ღირს. ჩემი სახელი? მოქალქე ვარ, რა საჭიროა სახელი. ციცო ადეიშვილი ვარ წესით”.

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ დღეში 10 მსგავსი ჯგუფი შემოდის. თითოეულ ჯგუფში 50-მდე ადამაიანია. მათ უფასოდ ემსახურებიან, არც გიდის მომსახურებისთვის ახდევინებენ თანხას და ყველა ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი მიდის.

- ”საიდან ხართ? მე არ ვიცი ამ გაზეთის შესახებ არაფერი”, - გვეუბნება ”რაბათი ქლაბში” მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად შემოსული ინგა ადეიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელია.

- ორგანიზების კუთხით რა გითხრათ, ჩვენ თვითონ შევიკრიბეთ, მეგობრები, მეზობლები, თანამშრომლები და წამოვედით.

ს.კ. - ავტობუსი იქირავეთ?

- იცით, გააკეთეს ორგანიზება და რა და როგორ არ ვიცი. ჩამოვედით პირველ საათზე, ვართ 47. ვართ არაჩვეულებრივად მოხიბლული და კმაყოფილი. რაც არის გაკეთებული, საოცარია.

ს.კ - თქვენთვის არის უფასო დათვალიერება ხომ?

- იცით, გადავიხადეთ, 5 ლარი თუ 6 ლარი. ზუსტად არ მახსოვს.

ს.კ. - საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ თქვენთვის მომსახურება უფასოა...

- აბა რომელია ეგ საინფორმაციო სამსახური?

- ს.კ. ქვედა ციხის შემოსასვლელში, სადაც ბილეთები იყიდება...

- მე მგონი რომ არასწორად გითხრეს.

ს.კ. - თქვენ აიღეთ ბილეთები?

- ერთად ავიღეთ.

ს.კ. - ტრანსპორტი რა დაგიჯდათ?

- თქვენ ეს კითხვები რაში გაინტერესებთ? დავუშვათ უკეთებს ორგანიზებას ”ნაციონალური მოძრაობა”, ვიცი, რომ მასზე გაქვთ აქცენტი. თუნდაც რომ მათი ორგანიზებით იყოს, მერე რა?! აი ხელაპყრობილი მადლიერი და მადლობლები ვართ. იმიტომ, რომ ასეთი საოცარი რამ გააკეთეს. ჩვენ არავის ორგანიზებით არ შემოვსულვართ. კიდევ გიმეორებთ, ჩვენით შევიკრიბეთ და ჩვენით წამოვედით.


ახალციხის ციხის დირექტორი ნოდარ გოროხოვი ამბობს, რომ ციხის სანახავად მთელი საქართველოდან ორგანიზებულად ჩამოდიან. მათ უფასოდ იმ მოტივით ემსახურებიან, რომ ეს ციხის რეკლამაა.

- ”ვთხოვეთ თბილისს, რუსთავს, გამოუშვან ექსკურსიები, რომ ჩვენ დავანახოთ ჩვენი ციხე ხალხს. დაბრუნდებიან ისინი თავიანთ ქალაქებში და ინფორმაციას განავრცობენ”, - ამბობს იგი და პასუხს კითხვაზე, ვისი ორგანიზებულია ექსკურსიები, არ გვიკონკრეტებს - ”ვისი ორგანიზებულია არ ვიცი. ჩვენ ვთხოვეთ თბილისს, რომ ჩამოეყვანათ ხალხი”.

კითხვაზე, თუ ეს სარეკლამო აქციაა, რატომაა ციხის დათვალიერება ფასიანი ინდივიდუალური ვიზიტორებისთვის, რომელთა უმრავლესობაც ბილეთის ღირებულების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, გოროხოვი ამბობს, რომ ყველასთვის უფასო ვერ იქნება: ” უკმაყოფილება რატომ ხდება იცით? ადგილობრივებისთვის 1 ნოემბრამდე გვაქვს აქცია, რომ ბილეთის ფასი არის 1 ლარი. მესმის იგივე თბილისელის, ქუთაისელის გულის ტკივილი, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენს მოსახლეობას, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას გავუკეთეთ შეღავათი. ჩვენ ვთვლით, რომ უფასო ჯგუფი, რომელიც შემოდის, აკეთებს რეკლამას და უკან მოყვებიან ადამიანები, რომლებიც იხდიან ფულს”.

ს.კ. – ინდივიდუალურად შემოსულები არ აკეთებენ?

- ინდივიდუალურად შემოსულებიც აკეთებენ და ეს რეკლამის შედეგია. ვისაც ინტერესი აქვს შემოდის და ყველფერს უფასოდ ხომ ვერ გავაკეთებთ?! მაშინ ვთქვათ, რომ უფასოდ შემოვიდნენ და ყველა უფასოდ შემოვიდეს.

კითხვაზე ვინ დაიქირავა, კონკრეტულ პასუხს ვერც ავტობუსის მძღოლები გვეუბნებიან.

- ”თბილისიდან ვართ. მე მგონი მერიის დაქირავებულები ვართ.ზუსტად არ ვიცი რომელი ფირმაა, უცნაური სახელი აქვს და ვერ დავიმახსოვრე. მე მარტო მძღოლი ვარ და ხელფასზე ვმუშაობ, მეტი არაფერი ვიცი”, - გვეუბნება ნიკოლოზ ქიტუაშვილი და ამატებს,რომ უკვე მეხუთედ ჩემოვიდა.

- ”ორშაბათიდან დავდივართ. ზოგი საბურთალოდან გამოდის, ზოგი დიღმის მასივიდან, ცენტროვიკიდან, მუხიანიდან და ა.შ”, - ამბობს იგი.

გასაიდუმლოებული ექსკურსიები ახალციხის ციხეში

გასაიდუმლოებული ექსკურსიები ახალციხის ციხეში

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის ტერიტორიის ნაწილის დათვალიერება დღეიდან ფასიანი გახდა
ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
‘ახალციხის ციხეში’ ბილეთის ფასმა  მოიმატა
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა
ციხის ტერიტორიაზე დღეს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც  გაიხსნება