FM97.5 / LIVE

ექიმების პროტესტის გამო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს დირექტორი შეიცვალა

მთავარისაზოგადოება 08.10.2014
ფინანსური პრობლემები და ტუბერკულოზით დაავადებული მედპერსონალი აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში; თანამშრომლების პროტესტით შეცვლილი დირექტორი თუ საკუთარი სურვილით შეწყვეტილი უფლებამოსილება; დირექტორის შემდეგ საავადმყოფოში საკადრო ცვლილებები სხვა თანამშრომლებსაც შეეხება;

ექიმების პროტესტის გამო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს დირექტორი შეიცვალა

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ტარიელ ენდელაძე კვლავ საავადმყოფოს გენერალური დირექტორია.

„ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას 3 ოქტომბრიდან შევუდექი“, - ამბობს აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალდანიშნული გენერალური დირექტორი ტარიელ ენდელაძე.

მას აღნიშნული თანამდებობა 26 წლის განმავლობაში, 2010 წლამდე ეკავა. 2010 წლიდან ენდელაძე თამაზ ქააძემ ჩაანაცვლა. ამ დროიდან მოყოლებული მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე საავადმყოფოს ქააძე ხელმძღვანელობდა. ბრძანება ტარიელ ენდელაძის დირექტორად დანიშვნის შესახებ სწორედ 29 სექტემბერს დაიწერა.

ხელმძღვანელის შეცვლის მიზეზი ტუბსაავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილის პროტესტი გახდა. მათ, დირექტორის თანამდებობიდან თამაზ ქააძის გათავისუფლებისა და ტარიელ ენდელაძის დანიშვნის თხოვნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნიას მიმართეს.

„ექიმებმა ადიგენის გამგეობას მიმართეს, მერე ჩვენ მოგვმართა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ენდელაძე ტუბსაავადმყოფოს დირექტორად, როგორც ძველი გამოცდილი კადრი, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეკომენდაციით დაინიშნა“, - გვითხრა ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა თეა ჩუბინიძემ.

ტუბსაავადმყოფოს ექიმებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ კი „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„შვებულებაში ვარ და სამწუხაროდ ვერაფრის გარკვევაში ვერ დაგეხმარებით“, - გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა სიმონ მღებრიშვილმა.

თანამშრომლების პროტესტი

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში განმარტავენ, რომ განცხადება-საჩივარის შეტანასთან ერთად თანამშრომლებმა გუბერნატორთან შეხვედრაც ითხოვეს. შეხვედრას ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილიც. მისი თქმით, ათამდე თანამშრომელმა მათ საავადმყოფოში არსებული პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

„...საავადმყოფო იმყოფება უაღრესად რთულ და კრიზისულ მდგომარეობაში. რაც მტკივნეულად განსაკუთრებით მორიგე პერსონალზე აისახება. არასწორი მენეჯმენტის გამო საავადმყოფო განიცდის ავადმყოფთა ნაკლებობას, რაც იწვევს საავადმყოფოს ბიუჯეტის კატასტროფულ შემცირებას“, - წერია ტუბსაავადმყოფოს თანამშრომლების სახელით დაწერილ განცხადება-საჩივარში, რომელიც გუბერნიაში 2 სექტემბერს შეიტანეს.

ამავე განცხადების მიხედვით, საავადმყოფოში მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მის ხელმძღვანელად თამაზ ქააძე დაინიშნა. გარდა ფინანსური პრობლემებისა, საავადმყოფოში ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადდა ორი მედდა და კვების ბლოკის ერთი თანამშრომელი.

„ჩვენი თხოვნაა გვიშუამდგომლოთ შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებთან, რომ საავადმყოფოს დაუბრუნონ ყოფილი დირექტორი ტარიელ ენდელაძე, რომლის ცოდნასა და გამოცდილებას, პიროვნულ ღირებულებებსა და ავტორიტეტს უაღრესად დიდ პატივს ვცემთ ტუბსაავადმყოფოს მედ–პერსონალი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს ისტორიის მძიმე წლებშიც კი საავადმყოფო ფუნქციონირებდა გამართულად და სრული დატვირთვით. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენ თხოვნას გაითვალისწინებთ, პასუხს ველით უახლოეს მომავალში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდებით მივმართოთ პროტესტის სხვა ფორმებს“, - წერია განცხადებაში.

ავთანდილ კაჭკაჭაშვილის განცხადებით, რადგან აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს ექვემდებარება, გუბერნიამ აღნიშნული საჩივარი სწორედ მათ გადაუგზავნა.

ტარიელ ენდელაძე: „საავადმყოფოში კატასტროფული ფინანსური მდგომარეობაა“

„როცა დამიკავშირდნენ ქონების მართვის სააგენტოდან და მითხრეს, რომ განცხადება დამეწერა ტუბსაავადმყოფოში ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით, მეგონა ხუმრობდნენ, წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა“, - აცხადებს ტარიელ ენდელაძე.

მისი თქმით, საავადმყოფოში კატასტროფული ფინანსური მდგომარეობაა: „ბოლო ხელფასი ადმინისტრაციამ ბანკიდან აღებული ვალით, 40 ათასი ლარით, დაფარა. დახურვის პირზეა მისული საავადმყოფო. წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაა, მალე გადახდის უუნარო გავხდებით, მით უფრო ახლა, როცა გათბობის სეზონიც დაიწყო და კომუნალური ხარჯი იზრდება“.

კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ მედიკამენტებსა და კვებაზე, გვპასუხობს: „მედიკამენტებს ცენტრიდან ღებულობს საავადმყოფო და ამის დეფიციტი არ არის. ჯერ-ჯერობით კვებასთან დაკავშირებით სატენდერო პირობებიც არ შეცვლილა“.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში 113 თანამშრომელი და 44 ავადმყოფია. ენდელაძის განცხადებით, ბოლო დროს საავადმყოფოში თანამშრომლების დამატება გაუთვალისწინებლად მოხდა.

„სამჯერ მეტია თანამშრომლების რაოდენობა ავადმყოფებზე. არადა შემოსავლების მიღება სწორედ ავადმყოფების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო დაფინანსება დღის განმავლობაში გატარებული საწოლების რაოდენობის მიხედვითაა განსაზღვრული, სწორედ ეს შემოსავალი უნდა გვეყოს ხელფასებში, კომუნალურ ხარჯებში და კვებაშიც“, - გვიხსნის ენდელაძე და ამატებს, რომ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას კვირის ბოლომდე გეგმავს.

მისი განცხადებით, საავადმყოფოში 40-ზე მეტი თანამშრომელი საპენსიო ასაკისაა: „ამიტომ კადრების ოპტიმიზაციის საკითხი მალე დღის წესრიგში დადგება“.

ტუბსაავადმყოფოს ყოფილი დირექტორი თამაზ ქააძე საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე არ საუბრობს. იგი კატეგორიულად უარყოფს იმასაც, რომ მისი მისამართით დაწესებულების თანამშრომლებმა საპროტესტო წერილები დაწერეს: „მსგავსი არაფერი ყოფილა. საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვედი იმიტომ, რომ სხვა სამსახურში გადავდივარ“.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში იმედოვნებენ, რომ ახალდანიშნული დირექტორი, თანამშრომლების მოლოდინს გაამართლებს.

„გავიკთხეთ და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტარიელ ენდელაძე მოწესრიგებული, ნორმალური პიროვნებაა და ნამდვილად შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. მაგრამ, თუ თავს ვერ გაართმევს, ალბათ ისიც თამაზ ქააძის ბედს გაიზიარებს“, - აცხადებს ავთანდილ კაჭკაჭაშვილი.

ექიმების პროტესტის გამო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს დირექტორი შეიცვალა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს დირექტორი ტარიელ ენდელაძე გარდაიცვალა
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
დარღვეული წესები თუ შემთხვევითობა
ტუბერკულოზის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში
დავით სერგეენკო აბასთუმნის საავადმყოფოს საკითხის შესწავლას გეგმავს
აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ახალი რენდგენის აპარატი აქვს
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს