სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი ირწმუნება, რომ ბრალდებულის მამა გასაჩუმებლად ფულს სთავაზობს

მთავარისამართალი 08.09.2014
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და საპროცესო გარიგებას ითხოვს; დაზარალებულები კი აცხადებენ, რომ მათ ბრალდებულის მამა გასაჩუმებლად ფულს სთავაზობს; განზრახ მკვლელობა თუ ავტოსაგზაო შემთხვევა, რა წერია ექსპერტიზის დასკვნებში;

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი ირწმუნება, რომ ბრალდებულის მამა გასაჩუმებლად ფულს სთავაზობს
გარდაცვლილის დედა ნაზი აბუთიძე

ბრალდებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

„თავს დამნაშავედ ვცნობ ნაწილობრივ. მთვრალი არ ვიყავი“, - განაცხადა დღეს, 8 სექტემბერს წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა.ბ-მ.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–6 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნასვამ მდგომარეობაში, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.

„საინტერესოა, ბრალდების მხარე ამის დადასტურებას როგორ აპირებს. არანაირი ექსპერტიზის დასკვნა ამასთან დაკავშირებით მათ არ გააჩნიათ, ბრალდებული ალკოტესტით შემოწმებული არ არის“, - აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ა.ბ-ს ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი.

იგი იმედოვნებს, რომ საქმე გადაკვალიფიცირდება და სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ნაცვლად, იგივე მუხლის მეხუთე ნაწილით განისაზღვრება. რაც ასევე ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს, ოღონდ არა ნასვამ მდგომარებაში.

დაცვის მხარე ასევე, იმედოვნებს, რომ პროკურატურა მათთან საპროცესო გარიგებაზე წამოვა. ბრალდებული პროკურატურას არასაპატიმრო სასჯელს სთხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადებით მან პროკურატურას დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა.

„როგორი იქნება ამ შეთავაზებაზე პროკურატურის პოზიცია, ჯერ უცნობია“, - გვითხრა აკოფაშვილმა.

რისთვის სთავაზობს ბრალდებულის მამა დაზარალებულებს ფულს?

ვიდრე, ბრალდებულის საპროცესო გარიგების შესახებ საკითხი გადაწყდება, ან მოსამართლე განაჩენს გამოიტანს, როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ ბრალდებულის მამა გასაჩუმებლად ფულს სთავაზობს.

„ვეღარ ვითვლი უკვე რამდენჯერ მოგვიგზავნა ა.ბ-ს მამამ ხან ვინ და ხან ვინ. თიკოს (გარდაცვლილის შვილი) პატრონი სჭირდებაო. გვითვლის, რომ ავარია იყო და არა მკვლელობა, ამიტომ გამოიტანეთ საჩივრებიო, - აცხადებს გარდაცვლილის დედა ნაზი აბუთიძე და ამატებს, რომ ამის შესახებ ბრალდებულის მამამ გუშინ საღამოსაც დაურეკა, - რა უნდა გ.ბ-ის ჩემგან, რატომ დამსდევს?! ამასწინადაც დამირეკა გამოდე იურის (გარდაცვლილის მამა) ხელი და ზემოთ შემოუყევით, შეგხვდებითო“.

ბრალდებულის მამა აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა: „ეს ყველაფერი არის ტყუილი. მე მივუგზავნე... უფრო სწორად მისი ახლობლები მივიდნენ, რომ ავარია იყო ეს და არა მკვლელობა“.

დაზარალებულები ავტოსაგზაო შემთხვევას კატეგორიულად გამორიცხავენ და გამოძიების დაწყებას განზრახ მკვლელობის მუხლით მოითხოვენ. მათი განცხადებით, ის რომ ბესო ცემით მოკლეს, ბრალდებულის თანასოფლელმა რ.დ-მ, რომელიც შემთხვევის დღეს მას თან ახლდა, ბიჭებთან საქმის გარჩევისას აღიარა.

„მოყვა, ხელები როგორ გაუკავეს და თავში ურტყეს“, - ამბობს ნაზი აბუთიძე.

რა წერია ექსპერტიზის დასკვნებში

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გვამის გამოკვლევისას ბესო ენდელაძეს აღენიშნება: „დიფუზიური სისხლჩაქცევა თავის ქალის რბილი საფარის ქვეშ მარჯვნივ შუბლ-თხემ საფეთქლის მიდამოში... აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად“.

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრანსოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ „ბესო ენდელაძის სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ავტომობილი „მაზდას“ დაჯახების შედეგად, როგორც ეს მოწმეების ჩვენებებით დადგენილებაშია მითითებული, კერძოდ თუ იგი იქნებოდა სავალ ნაწილზე ჩაკუზულ მდგომარეობაში“.

ამავე დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზას ზუსტად იმის დადგენა თუ რა ვითარებაში მიიღო ენდელაძემ სხეულზე არსებული დაზიანებები, შეუძლებელია. ასევე ვერ ირკვევა, ის თუ რასთან კონტაქტის შედეგად მოხდა „მაზდას“ მარცხენა ფრთის დაზიანება.

ავტოტექნიკურ ექსპერტიზის დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ „მაზდას“ მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი მოთხოვნის გათვალისწინებით“.
გარდაცვლილის მამა იური ენდელაძე აცხადებს, რომ საქმეში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებაა. აღნიშნულის შესახებ მან მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილს წერილობით მიმართა.

დღეს წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების ჩამონათვალი წარადგინეს. პროცესს ესწრებოდა დაზარალებული მხარეც. სასამართლოს დასრულების შემდეგ შენობის ფოიეში გარდაცვლილის დედამ ბრალდებულის მამისკენ გაიწია, თუმცა, მანდატურებმა შეაკავეს.
ამ საქმეზე არსებითი განხილვა 19 სექტემბერს, 17:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი ირწმუნება, რომ ბრალდებულის მამა გასაჩუმებლად ფულს სთავაზობს
გარდაცვლილის მამა იური ენდელაძე

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

15.07.2018 ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

14.07.2018 ახალციხის ციხეზე დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს

14.07.2018 ასპინძის მერი გარბენში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

იურისტი: „ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს გაამართლებენ“
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს