FM97.5 / LIVE

სასამართლო პროცესი დაზარალებული მხარის მონაწილეობის გარეშე

მთავარისამართალი 16.07.2014
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 25,000 ლარი გირაო შეუფარდა. პროცესს არ დასწრებიან არც გარდაცვლილის მშობლები და არც მათი ადვოკატი.

სასამართლო პროცესი დაზარალებული მხარის მონაწილეობის გარეშე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში გარდაცვლილი 23 წლის ბესო ენდელაძის საქმეში ბრაკდებული ა.ბ. შსს–ს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი დღის წინ, 14 ივლისს დააკავეს. საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

ა.ბ.–ს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 16 ივლისს, აღკვეთის ღონისძიებად, გირაო, 25.000 ლარი შეუფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. ამ დროისთვის იგი თბილისში, გლდანის მე–8 საპყრობილეში იმყოფება.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესს არ დასწრებიან არც გარდაცვლილი ბესო ენდელაძის მშობლები და არც ოჯახის ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რევაზ რევაზიშვილი.

რევაზ რევაზიშვილი ამბობს, რომ ოჯახი საქმის 276–ე მუხლით ძიებას აპროტესტებს. უკვე თვეებია დაზარალებულები საქმის რეგიონიდან აცილებას ითხოვენ იმ მოტივით, რომ ადგილობრივ საგამოძიებო უწყებებს არ ენდობიან. გარდა ამისა, ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ მათი შვილი ავტოავარიის შედეგად არ დაღუპულა.

„ჩვენ ისევ გავარძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მოხდეს საქმის არიდება რეგიონიდან“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ დაზარალებულების ადვოკატმა რევაზ რევაზიშვილმა.

დაზარალებულების წერილი, რომლითაც საქმის მთავარი პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვენ, უკვე დიდი ხანია საქართველოს მთავარ პროკურატურაშია. თუმცა, ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ა.ბ.–ს პატიმრობა შეეფარდა, ბრძოლას უწინდებურად გავაგრძელებთ. დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ეს იყო მკვლელობა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. გამოძიება დაზარალებულებს არ სცემს სარწმუნო პასუხებს“, – ამბობს რევაზ რევაზიშვილი.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მხოლოდ ა.ბ.–ს დაკავება არაფერს ნიშნავს. მათი განცხადებით, ამ საქმეს რამდენიმე მონაწილე ჰყავს.

„მთავარი მისი დაკავება არ არის, მთავარია ის 5 კაცი დაიჭირონ, ვინც ამ მკვლელობაში მონაწილეობდა“, – ამბობს გარდაცვლილის მამა იური ენდელაძე.

ადვოკატისა და ოჯახის წევრების მოსაზრებას მკვლელობაზე, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ა.ბ.–ს ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი.

„არაერთი ექსპერტიზა დაინიშნა ამ საქმეზე და ყველა მტკიცებულება იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. ამას ადასტურებს კომისიური ექსპერტიზის პასუხიც“, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი.

მისი თქმით, კომისიური ექსპერტიზის პასუხი ა.ბ.–ს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

საქმეში მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩაერთო საიას იურისტი რევაზ რევაზიშვილი, რომელიც საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. საქმის აღძვრის დღიდან დადიან პროკურატურაში გარდაცვლილის მშობლებიც და ითხოვენ პროკურორთან შეხვედრას და საქმის აცილებას რეგიონიდან. მათი ამ მოთხოვნით წერილები მთავარ პროკურატურაში და იუსტიციის სამინისტროშიც გააგზანეს. სამინისტრომ პასუხი დააბრუნა კიდეც, სამცხე-ჯავახეთის პროკურატურას მიწერა, რომ ოჯახი უკმაყოფილოა გამოძიებით და გამოძიება დააჩქარონ. ოჯახისთვის უცნობია ექსპერტიზის პასუხიც.

როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 სექტემბერსაა ჩაინიშნული.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
რატომ შედის ჩიხში ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის გამოძიება
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა