FM97.5 / LIVE

რა პრობლემები გადაჭრა BP-მ მესხეთის სოფლებში (R)

მთავარირეკლამა 10.07.2014
კილომეტრობით აღდგენილი საირიგაციო სისტემა და მოსავლის გაზრდილი რაოდენობა; ათობით მოწყობილი საწყურებელი და საქონლის მომატებული წველადობა; გზები, ხიდები, სასმელი წყალი და საკანალიზაციო სისტემა; ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 30-ზე მეტ სოფელში განხორციელდა;

რა პრობლემები გადაჭრა BP-მ მესხეთის სოფლებში (R)
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს დაახლოებით 500-მდე სული საქონელი წყლის დასალევად 2-3 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ოცხეზე, ყოველდღე მიჰყავდათ. ამის გამო პირუტყვი წონაში იკლებდა, ასევე კლებულობდა წველადობაც. ამასთან, თავად მოსახლეობასაც პირუტყვის დასაწყურებლად დღეში 4 კმ-ის გავლა უხდებოდა. ამ პრობლემის მოგვარებაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „რეგიონული განვითარების ასოციაციამ“ იზრუნა.

პროგრამის ფარგლებში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI), რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ, 2003 წლიდან სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არა ერთი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში სწორედ „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ ახორციელებს.

პროგრამა მილსადენის დასავლეთ მარშრუტის მიმდებარე სოფლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 33 სოფელში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას თანამონაწილეობრივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსების გზით.

სწორედ CDI პროგრამის ფარლგებში, სოფელ ვარხანში, ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა და განხორციელდა პროექტი - „პირუტყვის საწყურებლების მოწყობა“. გარდა მიზნობრივი სოფლისა პროექტმა მოიცვა სოფლები: აბასთუმანი, ხარჯამი, წახანი, ქიქინეთი, ფარეხა და წახანწყარო.

სოფელ ვარხანში მცხოვრები იზოლდა ბიბილური, რომელსაც 11 სული საქონელი ჰყავს, ამბობს, რომ ზამთარში საქონელი წყლის დასალევად ღელეში დაჰყავდა: „ძროხა ცურდებოდა და იმტვრეოდა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საქონელს ფეხი მოტყდა“.

ვარხანში 200-ზე მეტი ოჯახისთვის, პირუტყვის დაწყურების პრობლემა მას შემდეგ გადაიჭრა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ პროექტის – „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ – ფარგლებში, საწყურებლები გააკეთა.
500-მდე კომლისთვის მოგვარდა პირუტყვის დაწყურების პრობლემა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეშიც. აქ საქონელი ნადგომ წყალს საძოვრებზე ეძებდა, სოფელში კი ხის საწყურებლები პირუტყვს სულ რამდენიმე დღე ჰყოფნიდა.

„საძოვრებზე 7-8, სოფელში კი ყველა უბანში საწყურებელი დადგეს. ხალხმა დაისვენა“, - ამბობს საკირეში მცხოვრები არჩილ სამსონიძე.

BP-ის თანადაფინანსებით ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთის 33 სოფელში ხორციელდება

პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების ასოციაცია თანამშრომლობს ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან. სათემო ორგანიზაციის წევრებს და მის თავმჯდომარეს ირჩევს სოფლის მოსახლეობა.

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში განაცხადები პროექტების შესახებ სწორედ აღნიშნულ სათემო კავშირებს შეაქვთ. სოფლებში რიგით პირველ პრიორიტეტს, ანუ იმ საკითხს, რაზეც პროექტს ამზადებენ, სათემო კავშირები მოსახლეობასთან შეხვედრებისას არჩევენ და ამისთვის კრებებს ატარებენ. მოგვიანებით კი, იმის დასადასტურებლად, რომ პრიორიტეტი რომელზეც პროექტს ამზადებენ, ნამდვილად უმრავლესობის შერჩეულია, სოფლის მოსახლეობის 60%-ის ხელმოწერით ადასტურებენ.

„განაცხადის შერჩევისას ყურადღება ექცევა იმას თუ რამდენ მოსარგებლეზეა ესა თუ ის პროექტი გათვლილი, ანუ რამდენი მომხმარებელი ეყოლება მას. ამიტომ შერჩევის დროს ყურადღება ენიჭება იმ პროექტებს რომლებმაც გარდა მიზნობრივი სოფლისა შესაძლებელია სარგებელი მოუტანონ მის მეზობელი სოფლის მოსახლეობასაც “, - ამბობს პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ საველე კოორდინატორი ნანა ზუბაშვილი და ამატებს, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივები პროექტში 30%-იანი წილით შედიან შრომითი ან ფულადი სახით.

ზუბაშვილის განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 19 პროექტი განხორციელდა და 11 განხორციელების პროცესშია.

რატომ იმატა წველადობამ

ისევე როგორც ვარხანში, საწყურებლები მოეწყო ადიგენის მუნიციპალიტეტის კიდევ 7 სოფელში: სოფელ აბასთუმანში, საღრძეში, ხარჯამში, წახანში, ქიქინეთში, ფარეხასა და წახანწყაროში. აღნიშნულ სოფლებში 2-2 საწყურებელი დაიდგა.

„მას შემდეგ, რაც საქონელი კილომეტრებს აღარ გადის წყლის დასალევად, წონაშიც მოიმატეს და წველადობაც გაიზარდა. ძროხას თუ წყალი არ დაალევინე, ის არც წონაში მოიმატებს და არც მოიწველება, - ამბობს საღრძეში მცხოვრები ხვიჩა ცინცაძე და ამატებს, - აქ თავს ყველა მესაქონლეობით ირჩენს, ამიტომ, 8-ვე სოფელში, მოსახლეობამ რიგით პირველ პრობლემად საწყურებლები დაასახელა. თან, საწყურებლები ისეთ ადგილზე დაიდგა, სადაც საქონლის სადგომია. მაგალთად, დილით, მინდროში გარეკვამდე, პირუტყვი საწყურებელთან გროვდება“.
საქონელმა წონაში იმატა და გაიზარდა წველადობის ოდენობა სოფელ საკირეშიც.

„რაც საწყურებლები დადგეს, ძროხა ორჯერ მეტს იწველის“, - გვითხრა არჩილ სამსონიძემ.

352 ოჯახისთვის გადაჭრილი პრობლემა

გარდა ბორჯომისა და ადიგენისა, საწყურებლები მოეწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეშიც. თუმცა, აქ მესაქონლეობასთან შედარებით პრობლემები მიწათმოქმედების მიმართულებით უფრო იყო. სოფელი, სადაც 352 კომლი ცხოვრობს, საირიგაციო სისტემის გარეშე დარჩა, სარწყავი არხი მწყობრიდან გამოვიდა და 300 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ურწყავი გახდა. ამიტომ, მოსახლეობის ნაწილმა აქ სახნავ–სათესი ფართობები მიატოვა.

სოფელ კლდის სათემო კავშირმა საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტი „რეგიონული განვითარების ასოციაციაში“ 2011 წელს წარადგინა და მიღებული დაფინანსებით სოფელში 4 სათავე ნაგებობა გააკეთა.

„მას შემდეგ, სოფელში მიწა ვისაც აქვს, ყველას ნაკვეთი ირწყვება. მთელმა სოფელმა ამოისუნთქა. მოსავლიანობა ხუთჯერ გაიზარდა, - ამბობს კლდეში მცხოვრები ზურაბ კურტანიძე, რომელსაც 1 ჰა მიწის ფართობი აქვს.

საირიგაციო სისტემა არალში

ისევე როგორც კლდეში, მიტოვებულ სახნავ-სათეს ფართობებს დაუბრუნდა ათობით გლეხი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალშიც, მას შემდეგ, რაც აქ პროექტის ფარგლებში, 150 მეტრი სიგრძის საირიგაციო სისტემა გაკეთდა.

„მანამდე ხალხი ხელით აკეთებდა არხს, მაგრამ როგორც კი წვიმა მოვიდოდა, მწყობრიდან გამოდიოდა და ნაკვეთები ურწყავი რჩებოდა, - გვიხსნის არალში მცხოვრები გურამ თათეშვილი და ამატებს, - თუ აქამდე 20 მეასედზე 3 ტონა კარტოფილს ვიღებდი, ახლა 10-ს ვიღებ. აქ თუ არ მორწყე, ისე არაფერი მოვა“.

გარდა არლის სახნავ–სათესისა, საირიგაციო სისტემით, მის მეზობლად მდებარე სოფელ ბენარის ბაღებიც ირწყვება.

„ამ არხის გაკეთება დაახლოებით 18,000 ლარამდე დაგვიჯდა. სანამ ამას მოვაწყობდით, მანამდე აქ ყველაფერი გადამხმარი იყო, ახლა გარშემო ბაღები გამწვანდა“, - ამბობს არალში სათემო კავშირის თავმჯდომარე გივი აკოფაშვილი.

მისი თქმით, გარდა სარწყავი არხისა, სოფელში მოეწყო რიტუალების სახლი, გაკეთდა შიდა გზები, ხიდი, შემოიღობა სასაფლაო: „მას შემდეგ, რაც აქ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა გაიარა, ყოველ წელს ერთი პროექტი მაინც ხორციელდება“.

პროგრამის მობილიზატორის ზურაბ იოანიძის განცხადებით, 2003 წლიდან, არალში ბიპიმ 120,000 დოლარზე მეტი დახარჯა, ვარხანში დაახლოებით 50,000, კლდეში კი 100,000-მდე: „კლდეში, ბიპის დაფინანასებით გაკეთდა, გასულ წლებში, ამბულატორია, რიტუალების სახლი. შარშან კი 67-მა ოჯახმა სასმელი წყალი პირველად მიიღო, მანამდე ვედროებით ეზიდებოდნენ“.

მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები

სწორედ სასმელი წყალი ისევ რიგით პირველ პრობლემად რჩება იმ სოფლებში, სადაც „რეგიონული განვითარების ასოციაციამ“ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები დააფინანსა.

სასმელი წყლის რეაბილტაცია ხორციელდება სოფლებში: ციხისჯვარი, ტყემლანა, აწყური, მინაძე. ხოლო საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია მოხდება სოფელ არალსა და ნაოხრებში. ანდეზიტისთვის გამოყოფილი თანხა, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში [R]


რა პროექტები ხორციელდება ბი–პის დახმარებით სამცხე–ჯავახეთის სოფლებში (R)
მესამე წელია სოფელ არალში 150 ჰექტარი აღარ ირწყვება
BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R)
BP ქალების ჩართულობისთვის (R)
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში