FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზი მძვინვარებს

მთავარისაზოგადოება 08.07.2014
სოფელი, სადაც ბრუცელოზით დაავადებული ადამიანები, ბრუცელოზით დაავადებულ საქონელს ვერსად აბარებენ, რომ სამკურნალო ფული აიღონ; ასპინძაში ბრუცელოზი ჯერ პირუტყვს და შემდეგ ადამიანებს მასობრივად ედება; მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მთავრობაში კი ჯერ შემუშავებულ სტრატეგიის განხილვაზე ფიქრობენ;

სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზი მძვინვარებს
ოშორაში ამბობენ, რომ სოფელი იღუპება

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში, კახაძეების 11-სულიან ოჯახში, ორი წევრი ბრუცელოზით დაავადდა. მათი 6 სული პირუტყვიდან, 5 ბრუცელოზითაა დაავადებული. კახაძეებმა ძროხები ბანკიდან აღებული კრედიტით იყიდეს. თითოში 1500 ლარი გადაიხადეს, თუმცა ახლა დაავადებულ პირუტყვს სასაკლაოში 600 ლარადაც ვერ აბარებენ.

რეგიონში ორი სასაკლაო ფუქნციონირებს ასპინძასა და ახალქალაქში, ახალციხეში ახლადაშენებული სასაკლაო კი გაურკვეველი მიზეზების გამო ბოლო ერთი წელია არ იხსნება. ახალქალაქში მოქმედ სასაკლაოს დაავადებული პირუტყვის დასაკლავად შესაბამისი პირობები არ აქვს, ასეც რომ არ იყოს, გლეხები ამბობენ, რომ პირუტყვის მუნიციპალიტეტიდან გაყვანის ნებას არ აძლევენ. ამიტომ რეგიონში მხოლოდ ერთი, ასპინძის სასაკლაო რჩება, სადაც გლეხები პირუტყვს აბარებენ. თუმცა, ასპინძის სასაკლაოც ამდენ დაავადებულ ცხოველს ვერ ღებულობს და რაც მიიღო, ჯერ გლეხებს იმ თანხასაც ვერ უნაზღაურებს.

„სურსათის უვნებლობის სამსახურის ჩარევით, დახურული მანქანით ახალქალაქში სოფლიდან 15 სული საქონელი გავიყვანეთ. 36 საათი იქ ძაღლებივით სად ვიყავით შეყრილები, რა ვჭამეთ და სად დავიძინეთ ამაზე აღარ ვლაპარაკობთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასაკლაოზე ფულს ვერ გადაგვიხდიდნენ და საქონელი უკან წამოვიყვანეთ“, - ამბობს რეზო კახაძე და ამატებს, რომ 15 სულიდან სოფელში 14 დააბრუნეს, სასაკლაოზე მხოლოდ მისი ერთი ძროხა დატოვეს, - ფული არ ამიღია ამისთვის, კაცს სიტყვაზე ვენდე. ისე იყო საქონელი უკვე, რომ იმას უკან ცოცხალს ვეღარ ჩამოვიყვანდი და დავტოვე“.

მისი თქმით, ასპინძის სასაკლაო სოფლიდან პირუტყვის გაყვანას ვერ აუდის. ამის გამო, ხშირად თანასოფლელებს ერთმანეთში ჩხუბი მოსდით, მაგრამ პირუტყვი ასპინძის სასაკლაოზე რომც ჩააბარონ, არ იციან თანხას როდის აიღებენ.

„ოთხი დაავადებული ძროხა რომ ჩავაბარო, მე და ჩემ მეღულეს ბრუცელოზზე სამკურნალოდ ფული მაინც არ გვყოფნის. ერთი ჯანმრთელი ძროხა დაგვრჩა და 11 სული ვართ სახლში. 2 თვეა ბაზარში არ გავსულვარ, არაფერი გამიყიდია, წამლებს რომ თავი დავანებო, ხვალ 323 ლარი მაქვს „საქართველოს ბანკში“ შესატანი, საიდან გადავიხადო?! - კითხულობს რეზო კახაძე და ცრემლებს ვერ იკავებს, - სოფელი იღუპება, საით წავიდეთ, რა გავაკეთოთ, არ ვიცით!“

კახაძე მთავრობას ყურადღებას სთხოვს. მისი თქმით, ამას სახელმწიფოს ნება სჭირდება, რომ თუნდაც ერთი დღე ერთი სასაკლაო გააჩერონ, დაავადებული საქონელი დახურულ მანქანაში დატვირთონ, წაიყვანონ და დაკლან: „მოგვაცილონ ეს პირუტყვი, ოღნდ ამაში ფული გადაგვიხადონ, დაავადება მთელ სოფელს მოედო, ხალხი წამალს ვერ ყიდულობს!“

ხალხი შველას ითხოვს

კახაძისგან განსხვავებით, დაავადებული პირუტყვი ასპინძის სასაკლაოს უკვე ჩააბარა ზაურ ართმელაძემ, იმ იმედით, რომ იქიდან აღებული ფულით ბრუცელოზზე თავადაც იმკურნალებდა და წამლის ყიდვას დედისთვისაც შეძლებდა, თუმცა ამაოდ.

„მეც აღმომაჩნდა ბრუცელოზი და დედაჩემსაც, მარტო წამლებში 770 ლარი გადავიხადეთ, მაგრამ ძროხის ფული ჯერ კიდევ ვერ ავიღეთ, რომ წამლის ვალი მაინც დავფაროთ“, - ამბობს ართმელაძე.

13 ივნისის შემდეგ ასპინძის სასაკლაოდან ფულის მიღებას ელოდება ნორა მიქელაძეც: „შვილიშვილი ბრუცელოზზე სამკურნალოდ თბილისში საავადმყოფოში დააწვინეს, 1200 ლარს ითხოვენ, მაგრამ, ვერ ვრიცხავთ“.

მიქელაძისგან განსხვავებით, ასპინძის სასაკლაოზე ჩაბარებულ საქონელში ფული უკვე აიღო მის მეზობლად მცხოვრებმა თემურ ბოლქვაძემ: „მე და ნორამ ერთად ჩავაბარეთ, მაგრამ მე 642 ლარი ავიღე. ყოველდღე მივდიოდი, ვითხოვდი და იმიტომ მომცეს“.

ადგილობრივების თქმით, ოშორაში ბრუცელოზი 78 სულ საქონელს აღმოაჩნდა და ამ დრომდე სოფლიდან მხოლოდ 20-მდე სული გაიყვანეს.
„თუ საქონელს არ გაიყვანენ, უფრო მეტი პირუტყვი და ადამიანი დაავადდება. აქამდეც რომ მოექციათ ყუარდღება, სოფელში დაავადება ასე აღარ გავრცელდებოდა“, - ამბობს ზურა ართმელაძე.

რატომ ვერ ჩაიბარა ახალქალაქში სასაკლაომ პირუტყვი

ადგილობრივები მთავრობას კომპენსაციას სთხოვენ.

„საჯარო სამსახურებში თუ სამმაგი ხელფასი და პრემია ეკუთვნით, არ შეიძლება, რომ სახელმწიფო კომპენსაციის სახით გვერდში დაგვიდგეს? რასაც მე წლის განმავლობაში საქონლიდან და მინდვრიდან ვიღებ, იქ ერთ თვეში ღებულობენ“, - აცხადებს რეზო კახაძე და ამატებს, რომ ადგილობრივ ჩინოვნიკებზე მეტად, სოფელს გვერდში ახალქალაქის სასაკლაოს მფლობელი დაუდგა. მიუხედავად იმისა, რომ იქ საქონელი ვერ ჩააბარეს, საშა ალექსანიანმა მგზავრობის ხარჯი თავად დაფარა.

350 ლარი დაავადებული პირუტყვის ახალქალაქამდე ჩაყვანისა და შემდეგ უკან დაგბრუნებისათვის, მართლაც ალექსანიანმა გადაიხადა.

„15 სული დაკლული საქონლის ხორცი თბილისში ძეხვის ცეხს უნდა წაეღო. მოლაპრაკებულები ვიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ დღეს არ ჩამოვიდნენ. როცა დავურეკე სხვადასხვა მიზეზი მოიგონეს, ერთ-ერთი ფასიც იყო“, - ამბობს ახალქალაქში სასაკლაოს მფლობელი საშა ალექსანიანი.

ასპინძის სასაკლაო: „გლეხებს დაავადებული პირუტყვი ჩაბარება არ სურთ“

რაც შეეხება ასპინძის სასაკლაოს, აქ აცხადებენ, რომ ივნისში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 42 სული საქონელი ჩაიბარეს.

„ივნისამდე აღარ დამითვლია. ანგარიშს თქვენ ხომ არ ჩაგაბარებთ?!“ - აცხადებს „მესხეთი პროდაქტის“ მენეჯერი ალექსი ბერიძე.

მისი თქმით, მოსახლეობას დაავადებული პრიტყვის ჩაბარება არ უნდა, თორემ, ასპინძაში სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლების თხოვნით, სოფელში დაავადებული პრიტუყვის წამოსყვანად არა ერთხელ წავიდნენ.

„იციან, რომ ძროხა დაავადებულია, მაგრამ ზიან და წველიან. თვითონ თუ მეტი შეგნება არ აქვთ მე ვიდარდო?! ასეც რომ არ იყოს, რემონტი გვაქვს და შაბათ-კვირას ვერ ვმუშაობთ, - აცხადებს, ბერიძე და ამატებს, რომ „სამხრეთის კარიბჭეს“ სხვა შეკითხვებს არ უპასუხებს, - უფროსს დაუკავშირდით, გიორგი გოდერძიშვილს, ის გიპასუხებთ“.

გოდერძიშვილმა „სამხრეთის კარიბჭის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, შესაბამისად, კითხვა იმის შესახებ, თუ როდის მიიღებენ გლეხები კუთვნილ თანხას, პასუხ გაუცემელი დარჩა.

დაავადების მასიურად გავრცელებაში გამგებელი ხალხს ადანაშაულებს

გლეხებს ვერც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაეხმარებიან.

„ვერანაირ კომპენსაციას ბიუჯეტიდან ვერ გავცემთ. სტიქიის გამო ისეც დეფიციტი გვაქვს“, - აცხადებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.

ცაბაძეს ეთანხმებიან სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაშიც.

„ეს გლეხის ზარალია. კომპენსაციის თემა კიდევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა“, - აცხადებს სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი.

რაც შეეხება სასაკლაოებს, იგი აცხადებს რომ ყველა ასეთი ობიექტი კერძოა და მათ ვერაფერს დააძალებენ.

ლევან ცაბაძე კი გვარწმუნებს, რომ სოფლებიდან დაავადებული პირუტყვის ჩაბარებას ასპინძის სასაკლაოზე მას შემდეგ დაიწყებენ, რაც უკვე მიღებულ საქონელს დაამუშავებენ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან ამ დრომდე 200 სულ დაავადებულ პირუტყვზე მეტი სოფლებიდან უკვე გაიყვანეს: „39 დარჩა, მათ შორის 11 სოფელ რუსთავშია“.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ოფიცილაური მონაცემებით კი ასპინძაში დაავადებული სულ 109 სულია, მათ შორის ოშორაში - 77, სოფელ რუსთავში - 32.

რაც შეეხება ადამიანებს, ასპინძაში ბრუცელოზის 41 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ლევან ცაბაძე დაავადების მასიურად გავრცელებაში მოსახლეობას ადანაშაულებს: „ერთი წელია მოსახლეობას ვეხვეწებით, რომ საქონელი ჩააბარონ, მაგრამ არ სურთ, უნდათ რომ ცოცხლად გაყიდონ და იმიტომ მივედით ამ მდგომარეობამდე“.

ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის აგრო-კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილი აცხადებს, რომ ბრუცელოზი საშიში დაავადებაა და მასთან საბრძოლველად სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს: „თუ სახელმწიფო შეძლებს, ამ ადამიანების კომპენსირებაც უნდა მოხდეს“.

სახელმწიფოს სტრატეგია

ზურა სადათიერაშვილს ეთნხმება ქვეყნის მთავარი ვეტერინარი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე: „ეს ნამდვილად კომპენსაციის თემა, მაგრამ ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა შემიძლია. არც გარკვეული ბერკეტები გაგვაჩნია, თუმცა, შემუშავებული გვაქვს სტრატეგიული ხედვა და მას სოფლის მეუნრეობის სამინისტროს წარვუდგენთ“.

სტრატეგიის ერთ-ერთი ვერსია ქვეყანაში მინიმუმ სამი სანიტარული სასაკლაოს და მათ შორის ერთის სამცხე-ჯავახეთში მოწყობაა, რომელსაც განსხვავებული ინფრასტრუქტურა ექნება იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს.

„სანიტარული სასაკლაოდან ადამიანები მიიღებენ გარკვეულ თანხას და კომპენსირება სწორედ ამაში გამოიხატება, თუმცა ალბათ ეს თანხა ვერ იქნება იმ ოდენობის, რომ მათ იგივე წონის პირუტყვის ყიდვა შეძლონ“, - ამბობს სოხაძე და ამატებს, რომ ეს ჯერ სტრატეგიის მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. სანიტარული სასაკლაოების მოწყობას კი ფული სჭირდება და მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა.

რაც შეეხება კომპენსაციას, მისი თქმით, „ჯერ უნდა დავითვალოთ რამდენი საქონელი შეიძლება დაიკლას და ეს სახელმწიფოს რამდენად დააზარალებს. შემდეგ ეს საკითხი სხვა სამინისტროებთან, მაგალთად, ფინანასთა სამინსიტროსთან ერთად უნდა გადაწყდეს“.

თუმცა ვიდრე, სტრატეგიას განიხილავენ, მის საბოლოო ვერსიაზე შეთახმდებიან და შემდეგ განხორციელებას დაიწყებენ, სოხაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ისევ არსებულ სასაკლაოებთან თანამშრომლობაა: „მათ უნდა ვთხოვოთ, რომ გამოყონ ერთი სანიტარული დღე, როცა მხოლოდ ასეთ დაავადებულ პირუტყვს დაკლავენ“.

გარდა ამისა, უკვე გადაწყვეტილია, რომ ოქტომბრიდან ასპინძის სოფლებში ბრუცელოზზე ვაქცინაციაც დაიწყება: „ვიდრე ვაქცინაციას დაიწყებ, უნდა იცოდე რა ტიპის ბრუცელოზთან გაქვს საქმე და რომელი ვაქცინა უნდა გამოიყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აზრი არ აქვს და სახელმწიფო ფულს წყალში გადაყრის. მანამდე სისხლის შემოწმება ისევ გაგრძელდება. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში შედეგს მოგვცემს“.

ბრუცელოზი ადიგენსა და ახალციხეშიცაა გავრცელებული

ვიდრე სამინისტროში სტრატეგიას განიხილავენ და მის განხორციელებაზე შეთანხმდებიან, რეგიონში ბრუცელოზით დაავადებული ადამიანებისა და პირუტყვის რაოდენობა იზრდება.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ოფიცილაური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზზე გამოსაკვლევი 1309 სისხლის სინჯიდან 115 სინჯი დადებითია. აქედან ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ 72 სული დაიკლა.

გარდა ასპინძისა, სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ელიაწმინდასა და ანში, ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ქიქინეთსა და ჩორჩანში.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა
სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება
ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!
მეცხოველეობის ბაზარში თურქულით დაავადებული ძროხა გაიყიდა?
ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა
ასპინძაში ბრუცელოზით 41 ადამიანი დაავადდა
'ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან' – წინუბანში ბრუცელოზით 28 ძროხა დაავადდა