FM97.5 / LIVE

ორმაგად დაზარალებული მოსახლეობა

მთავარიეკონომიკა 26.07.2012
ტონობით გაფუჭებული, თითქმის წყლად ქცეული კომბოსტო სარდაფებში და მდინარის ნაპირებზე ყრია; ინფექციური დაავადებების გაჩენის საფრთხე და უკანონობა, რომელიც დაუსჯელი რჩება

ორმაგად დაზარალებული მოსახლეობა

გაფუჭებული კომბოსტოს სუნი სოფელ ვალეში შესვლისთანავე იგრძნობა. თუ სუნი ვერ იგრძენით, აქ მომრავლებული მწერები მაინც შეგაწუხებთ.

ანალოგიურია ვითარება მდინარე ქვაბლიანის ნაპირებზეც, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალთან ჩამოდის. აქ კომბოსტოს ახლა ძნელად შეამჩნევთ, ის რაც მდინარემ ვერ ჩამორეცხა, თითქმის გაიხრწნა და წყლად იქცა. თუმცა, დამპალი კომბოსტოს სუნი ნებისმიერ გამვლელს შეაწუხებს.

ვალეში მცხოვრებ 800-მდე კომლს ათობით ტონა კომბოსტო გაუფუჭდა. კომბოსტო გაფუჭდათ არალშიც, თუმცა აქ მისი რაოდენობა ვალესთან შედარებით მცირეა.

- ”ხევში და წყალში გადაყარეს გაფუჭებული კომბოსტო. ზოგიერთმა მიწა ამოთხარა და შიგ ჩაყარა” - ამბობს არალში მცხოვრები სტეფანე აფრიამაშვილი.

სოფელში, მათ ვისაც კომბოსტო გაუფუჭდათ, მდინარეში გადაყრის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

”დაახლოებით ოთხი ტონა კომბოსტო მქონდა, დავარიგე, ნათესავებს მივეცი, საქონელსაც ვაჭამე”, - გვითხრა არლელმა ეთერ აფრიამაშვილმა.

ამავე სოფლის მკვიდრი ოთარ კაჭკაჭაშვილი კი გვიხსნის, რომ სამი ტონა კომბოსტოს გასანადგურებლად სახლთან ახლოს მიწა გათხარა, შიგ ჩაყარა და ზემოდან ისევ გადაფარა: ”ვალის გადასახვევთანაც გამოგვიყვეს ადგილი, ხალხის ნაწილმა აქ გაიტანა ტრაქტორებით გადასაყრელად”.

რაც შეეხება ვალეს, აქ ნახევრად გახრწნილი კომბოსტოს ნაწილი ამ დრომდე სარდაფებსა და სათავსოებში რჩება. გაზაფხულის შემდეგ კი, სიცხის მატებასთან ერთად, სოფელში აუტანელი სუნიც მძაფრდება და მწერების რაოდენობაც მატულობს.

- ”ტრაქტორზე დატვირთული ედგა მეზობელს რამდენიმე დღე გაფუჭებული კომბოსტო ეზოსთან, წყალი გასდიოდა და უმარავი მწერი ეხვეოდა. სარდაფებშიც უყრიათ დამპალი კომბოსტო. პირს ვერ გააღებ საღამოს ექვსი საათის შემდეგ, იმდენი ქინქლაა დაიხრჩობი. გვეშინია არ მოვიწამლოთ ”, - ამბობს სოფელ ვალეში მცხოვრები ლამარა ლოლაძე.

გაფუჭებული კომბოსტო სოფელში მეზობლებს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა. მათ, ვისაც სახლთან ახლოს ჰქონდა მოთავსებული მოსავალი, სუნს რომ არ შეეწუხებინა მალევე გადაყარა. თუმცა იმ სათავსოებში, რომლებიც მათგან მოშორებით იყო, კომბოსტო გადასაყრელი დატოვეს. ასეთი საწყობები მართალია მათი სახლიდან მოშორებით დგას, მაგრამ სოფელში სხვა მცხოვრებლებთანაა ახლოს.

- ”შენობის ფანჯრებიც დაკეტილია და კარიც, მაგრამ ისეა ჩამპალი შიგნით კომბოსტო, რომ გარშემო საშინელი სუნი დგას, სახლში ფანჯარას ვერ ვაღებთ და ეზოშიც ვეღარ გამოვდივართ. ძალიან გვაწუხებს ქინქლაც”, - გვიყვება ლოლაძის მეზობელი ზინა დაბაზოვი და ამატებს, რომ ამის გამო მეზობელთან შელაპარაკებაც მოუხდა, თუმცა, ამაოდ.

სოფელში დამპალი კომბოსტოს გამო, რომ ვითარება დაძაბულია, ახალციხის მუნციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული ვალეში გედევან გოზალიშვილიც გვიდასტურებს: ”ბოლო დროს ხუთი-ექვსი ოჯახის შემთხვევაში ჩარევა მოგვიხდა და ვაიძულეთ, რომ დარჩენილი კომბოსტო გადაეყარათ”.

ვალეში იმას, რომ ამ დრომდე კომბოსტო სარდაფებში აქვთ, არავინ გვიდასტურებს.

- ”ხუთი ტონა გამიფუჭდა, ვალესთან ნაგავსაყრელზე გადავყარე”, - აცხადებს იოსებ ასპანიძე.

დარბაზოვი კი გვეუბნება, რომ მეზობლები კომბოსტოს გადაყარაზე უარს უსახსრობით ხსნიან: ”ამბობენ ფული არ გვაქვსო, არც მე მქონდა, მაგრამ გადავყარე”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა 200 ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად გამოიყო. ამდენად, ვალელებს იმისთვის, რომ კომბოსტო გადაეყარათ, აქ არსებული ერთი ნაგავმზიდი უფასოდ ემსახურებოდათ. გაფუჭებული კომბოსტო ნაგავმზიდს ვალიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით, ნაგავსაყრელზე გაჰქონდა.

გაფუჭებული მოსავალი მოსახლეობას ნაგავსაყრელზე თავადაც გაჰქონდა.
გოზალიშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ ნაგავსაყრელამდე სოფელში მცხოვრებლებს ტრანსპორტით კომბოსტოს მიტანა თავადაც გაადვილებოდათ, გზებიც კი მოწესრიგდა: ”თუ გზა არ მივიდოდა ნაგავსაყრელამდე, მაშინ იქ დაყრიდნენ კომბოსტოს, სადამდეც მიიტანდნენ. ამიტომ, გზები ნაგავსაყრელზე ბოლომდე მივიყვანეთ”.

ნაგავმზიდი მოსახლეობას მარტსა და აპრილში ემსახურებოდა. თუმცა, სოფელში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ძნელია ივარაუდო, რომ სოფლიდან ასობით ტონა კომბოსტოს გასატანად ერთი ნაგავმზიდი და 200 ლიტრი საწვავი საკმარისი იყო.

იმას, რომ გაფუჭებული მოსავალი ძალიან ბევრი იყო გოზალიშვილიც ადასტურებს: ”გადასაყრელი კომბოსტო წარმოუდგენლად ბევრი იყო. თუ გასულ წლებში ოჯახს 12 ტონა მოჰყავდა, წელს მინიმუმ 40 ტონა მაინც აიღო”.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი თემურ ზაქროშვილი ამბობს, რომ ვალეში ასეთი მდგომარეობა სექტემბრამდე გასტანს: ” შესაძლოა ინფექციური დაავადებები გავრცელდეს. ამ დრომდე ჩვენთან რაიმე დაავადება არ დაფიქსირებულა, თუმცა, რომც დაფიქსირდეს, ძნელია მიხვდე გამომწვევი მიზეზი რა იყო”.

ახალციხის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებუილების ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ რაიმე ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არის, მაგრამ, რადგან კომბოსტო ლპება, აქ პათოგენური მიკრობი ჩნდება და ეს კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებების საფრთხედ შეიძლება იქცეს: ”საშიში იქნება მაშინ, თუ დამპალი კომბოსტოდან გამოყოფილი მასა წყალში ჩაიჟონება. განსაკუთრებით სახიფათო კი იმ შემთხვევაში იქნება , თუ ის სასმელ წყალს შეერევა”.

”ქვაბლიანას” ნაპირებზე დამპალ კომბოსტოს წყალი ამ დრომდე რეცხავს. შესაბამისი სამსახური კი, რომელიც მსგავს შემთხვევებს გააკონტროლებს ქვეყანაში არ არსებობს.

- ”არ არსებობს კანონი ნარჩენების შესახებ, რომელიც განსაზღვრავდა ნარჩენების სახეებს და მათ მოვლაზე პასუხისმგებელ ორგანოებს და პირებს - ორგანული ნარჩენების მართვის სფეროში ზუსტად იგივე მდგომარეობაა როგორიც ნარჩენების სხვა ფრაქციების მართვის სფეროში. პრაქტიკა კი ასეთია - ორგანული ნარჩენებიც სხვა ნარჩენებთან ერთად ნაგავსაყრელზე ხვდება”, - აცხადებს ”მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე-ადიგენი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეურნე: როგორ შევინახოთ კომბოსტო [Video]
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი
თითქმის პარალიზებული ავტოსადგური და ათობით სამარშრუტო ტაქსი ახალციხის ციხისკენ

სამცხე-ჯავახეთში დამუშავებული ფართობები დასათესი რჩება

სტიქიით დაზარალებულები დახმარებას დღემდე ელიან