ახალქალაქში კუჭნაწლავის დაავადებები გახშირდა
მთავარი → 15.05.2012
ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში იმ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა, რომლებიც კუჭნაწლავის დაავადებებს უჩივიან
ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში იმ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა, რომლებიც კუჭნაწლავის დაავადებებს უჩივიან
მედიკოსების თქმით, ისეთი დაავადებები, როგორიცაა: გასტრიტი, კუჭის წყლული, წყლულოვანი გასტრიტი და ასე შემდეგ, წელიწადის ამ დროს გამწვავებას იწყებს. თუმცა, ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ექიმები პაციენტთა განსაკუთრებულ მომართვიანობაზე საუბრობენ.
საავადმყოფოს ექიმი ვენერა მაიტესიანი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით კუჭნაწლავის დაავადებათა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. მისი განცხადებით, ეს დაავადება ძირითადად ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციის გარეშე ინკურნება, მაგრამ წელს მათ ჰქონდათ სტაციონალური მკურნალობის შემთხვევებიც: ’’ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, ცხოვრების არაჯანსაღი წესით. ამას ხელს უწყობს უხარისხო პროდუქტები, კონსერვანტები, რამდენჯერმე გაყინული და გამლხვალი ხორცი’’.
კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე გენეტიკაც მოქმედებს. გარდა ამისა, სეზონური გამწვავება შეიძლება გამოწვეული იყოს დიეტის დარღვევით ან სხვადასხვა ვირუსული დაავადებებით.
წელს ვირუსული დაავადებები დიდხანს გაგრძელდა და ბევრმა დიდი დოზით გამოიყენა სიცხის დამწევი მედიკამენტები, მაგალითად, ასპირინი და ანალგინი. ექიმების თქმით, შესაძლოა ეს პრეპარატები კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადების ზრდის და გამწვავების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ისინი პაციენტებს ურჩევენ ექიმის დანიშნულების გარეშე არ გამოიყენონ მედიკამენტები და მუცლის ტკივილის, გულისრევის, გულძმარვის, კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევის ან სისხლდენის დროს, აუცილებლად მიმართონ ექიმს.
- ”სოდიანი წყალი, რომელსაც ხშირად სვამენ, მხოლოდ ტკივილს აყუჩებს. ექიმს კი მაშინ მიმართავენ, როცა დაავდება უკვე გამწვავებულია”, - ამბობს ექიმი სოფია ალვარიანი და ამატებს, რომ ვისაც აღნიშნული დაავადება აქვს, წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა ჩაიტაროს.
ექიმების განცხადებით, როცა დაავადება გამწვავებულია და კლინიკური მდგომარეობა შეცვლილია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა რთულდება. ამ დროს აუცილებელი ხდება გასტროსკოპია, რაც რთული და არასასიამოვნო პროცედურაა.
ახალქალაქის საავადმყოფოს ქირურგის კარინე ხრიკიანის თქმით, საშუალოდ, გასტროსკოპია კვირაში ორ ადამიანს უტარდება, თუმცა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ეს დაავადება აწუხებს, გაცილებით დიდია.
- ”გასტროსკოპიის ჩატარებაზე თანხმდებიან მაშინ, როდესაც დიაგნოზი გაურკვეველია ან მკურნალობდა და სურს შედეგის ნახვა. ბევრ პაციენტს ესაჭიროება ამგვარი გამოკვლევა, მაგრამ ეშინიათ”, - ამბობს იგი.
მეცნიერები კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებებს გელიკობაქტერმილორის მიკრობს უკავშირებენ. ბოლო წლებში დაავადების სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს იყენებენ, ადრე კი მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული ჩარევით ხდებოდა.
[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]