
ახალციხეში და არამხოლოდ ახალციხეში,თავიანთი თვალით დანახული პრობლემები, სტუდენტებმა ვიდეობლოგებში გადაიღეს და ამავე ბლოგებით საარჩევნო სუბიექტებს, ამ პრობლემების მოგვარება სთხოვეს.
ახალგაზრდა ამომრჩევლები ბლოგებს ერთი თვის განმავლობაში ამზადებდნენ. შემდეგ კი ახალციხის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს პირისპირ შეხვდნენ და კიდევ ერთხელ შეეცადნენ, მათ ბლოგებში ასახული პრობლემების მოგვარების აუცილებლობა დაესაბუთებინათ.

შეხვედრა 3 ივნისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. ახალგაზრდებთან შესახვედრად ახალციხის ხუთი მერობის და ამდენივე გამგებლობის კანდიდატიდან, 4 მერობის, 3 გამგებლობის კანდიდატი მივიდა.
მერობის კანდიდატებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ზაზა ნათენაძე – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“, გელა დემეტრაძე – ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გოჩა ათოშვილი – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზიდან“ და გიორგი კოპაძე – ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.
გამგებლობის კანდიდატებიდან კი: ოლეგი ძოწენიძე – „ნინო ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიციიდან“; გოჩა გვარამაძე – ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ზაზა მელიქიძე – ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.

შეხვედრა „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ პროექტის „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ პრეზენტაციით დაიწყო. იმ პროექტის, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა ახალციხეში 10 ვიდეო და 1 ტექსტური ბლოგი მოამზადეს. თითოეულ ბლოგში ავტორი 2 ინიციტივაზე საუბრობს. 11 ბლოგიდან 9 ახალციხეს ეხება, 2 კი ქალაქ ვალეს.
ბლოგებში გაჟღერებული ინიციატივებია:
1.
მეორე ბაგა–ბაღის ეზოს კეთილმოწყობა;
2.
ცენტრალური პარკის გამწვანება და მაწანწალა ძაღლების პრობლემის გადაჭრა;3.
სტუდენტებისთვის შეღავათების დაწესება ტრანსპორტსა და კინო–თეატრებში და მინი გრანტების გამოყოფა;4.
საინფორმაციო დაფისა და წარწერების გაკეთება და საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნა რაბათის უბანში.
5.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყველაზე დიდი მინი–სტადიონის შეკეთება და ზარზმელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დადგმა, იმისთვის რომ ნაგავი რუსთაველის ქუჩაზე აღარ ჩამოვიდეს;6.
ფეხით მოსიარულეთა ადგილებისა და პარკირების მოწესრიგება ახალციხეში;7.
ხელოვნური ტბის აღდგენა და სტუდენტური საცხოვრებლის მოწყობა;8.
ლიტერატული კაფესა და აუზის გაკეთება;9.
ქალაქისა და საქალაქო ტრანსპორტის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებისთვის;10.
ვალეში გზებზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთება და სტალინის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება;11.
ვალეში დასუფთავების პრობლემის გადაჭრა და ვალელი სტუდენტებისთვის ტრანსპორტში შეღავათის დაწესება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ია ანთაძემ კანდიდატებს ყველა ინიციატივა გააცნო. ამის შემდეგ კი კანდიდატებს საშუალება მიეცათ ამ ინიციატივებზე თავიანთი მოსაზრებები გამოეთქვათ.
კანდიატებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ყველა ბლოგში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო წამოწეული და ახალგაზრდების მსგავსი აქტიურობა, ქალაქს და მათ მუშაობას სასიკეთოდ წაადგება. იყო ინიციატივები, რომლებზეც კანდიდატები აცხადებდნენ, რომ მათ წინასაარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებული აქვთ; ნაწილ საკითხებზე განაცხადეს, რომ იფიქრეს, მაგრამ არა ასე სიღრმისეულად და იყო საკითხები, რომლებზეც განაცხადეს, რომ აქამდე არ უფიქრიათ.

შეხვედრაზევე იმსჯელეს ამ პრობლემების მოგვარების გზებზე და გარდა ამისა, გაჩნდა ინიციატივა, იფიქრონ კომუნიკაციის საშუალებებზე, რათა ახალგაზრდებისა და საჯარო მოხელეების შეხვედრამ სისტემატური ხასიათი მიიღოს.
შეხვედრით სტუდენტები და კანდიდატები კმაყოფილები დარჩნენ.
„ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა. იყო დაპირებებიც, თუმცა არ ვიცი რამდენად რეალურია“, – ამბობს მეორე კურსის სტუდენტი გვანცა ჩინჩალაძე.
ჩინჩალაძეს ეთანხმება მისი მეგობარი ნანა მიქელაძეც: „კანდიდატებმა აღნიშნეს, რომ ჩემს მიერ დასახელებულ პრობლემაზე, კერძოდ რაბათში საინფრომაციო ბანერების დაყენებაზე ხშირად უფიქრიათ და მის მოგვარების გზებზეც გვესაუბრნენ. მთავარია საუბარი საუბრად არ დარჩეს და უკვე არჩეულმა მერმა განახორციელოს, ყველა თუ არა, რამდენიმე ინიციატივა მაინც“.
„საინტერესო შეხვედრა იყო. რეალური პრობლემები დაასახელეს სტუდენტებმა . ვფიქრობ, რომ ყველა ეს პრობლემა თვითმმართველობის მოსაგვარებელია და თუ არ იქნა თვითმმართველობის კომპეტენცია, მაშინ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს პრობლემა მივიტანოთ ადრესატამდე“, – განაცხადა ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გელა დემეტრაძემ.

გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტების 22–ვე ინიციატივის განხორციელებას გეგმავს „ნინო ბურჯანაძე– ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი ზაზა ნათენაძე: “ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ყველა ინიციატივას გავითვალისწინებთ. ჩვენ საარჩევნო პროგრამაში თითქმის 80 პროცენტი სტუდენტების ინიციატივისა დაემთხვა“.
სტუდენტების აქტიურობით კმაყოფილია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის“ მერობის კანდიდატი გოჩა ათოშვილი: „მინდა, რომ სტუდენტებმა ეს აქტიურობა შეინარჩუნონ, იმიტომ , რომ ესენი არიან ჩვენი მუშაობის შემფასებლები. ახალგაზრდები უფრო პირდაპირები არიან და პირდაპირ გვიყენებენ საკითხს ამა თუ იმ პრობლემაზე. ეს ჩვენ დაგვეხმარება ქალაქის პრობლემების უკეთ დანახვაში“.

ბლოკი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ამბობს, რომ მის საარჩევნო პროგრამაში გაწერილ საკითხებს, სტუდენტების მიერ წამოყენებული ინიციატივები დაემთხვა: „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ახალგაზრდებს. კარგი იდეები წამოაყენეს ბავშვებმა. ჩემს საარჩევნო პროგრამაში გაწერილია 24 სხვადასხვა საკითხი და აქედან სტუდენტების 6 ინიციატივა დაემთხვა. ბევრი პრობლემა ფართოდ იყო გაშლილი სტუდენტების მიერ და მე ამას აუცილებლად გავითვალისწინებ. მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს. ვაპირებ გამარჯვების შემთხვევაში სამ თვეში ერთხელ ახალგაზრდებს ვამართინო ერთი დღე ქალაქი, ამას სიმბოლური ხასიათი ექნება, მაგრამ ისინი ადგილზე გაეცნობიან, როგორ მიდის მათი ქალაქის მმართველობა“.

შეგახსენებთ, რომ ბლოგები პროექტის „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ფარგლებში მომზადდა. პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში: ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორსა და თელავში განხორციელდა. ხუთივე ქალაქში ჯამში 69 ბლოგი მომზადდა. პროექტი ერთიანი კონკურსით სრულდება, 69 ბლოგიდან 5 გამარჯვებული უნდა შეარჩიონ.
„თბილისში მოვიწვევთ ხუთვე ქალაქიდან თითო ახალგაზრდას,რომელიც იქნება გამარჯვებული, ანუ ჩავთვლით, რომ წინასწარ გამოცხადებული კრიტერიუმები დააკმაყოფილა. ამ თემაზე სპეციალური კომისია იმუშავებს და დაადგენს გამარჯვებულს. 11 ივნისს იქნება პროექტის შედეგების პრეზენტაცია და დაჯილდოვდება 5 ახალგაზრდა. პროექტი დამთავრდება, მაგრამ ჩვენ ვითანამშრომლებთ ახალგაზრდებთან რათა არ დავკარგოთ კონტაქტი მათთან და მივადევნოთ თვალყური ერთად, როგორ განვითარდება ამ ინიციატივების დანერგვის პროცესი, რომელთან დაკავშირებითაც დღეს პირობა დადეს მერობის და გამგებლობის კანდიდატებმა“, – განაცხადა „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ია ანთაძემ.

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]