FM97.5 / LIVE

მშენებლისა და გამგეობის დავა შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

მთავარისამართალი 12.05.2014
ინდივიდუალური მეწარმე ნუგზარ სარაშვილი ახალციხის პირველ და მესამე ბაგა-ბაღებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დამატებით დახარჯული 24,000 ლარის ანაზღაურებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს აპირებს.

მშენებლისა და გამგეობის დავა შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
ინდივიდუალური მეწარმე „ქრისტინე სარაშვილი“ ერთ-ერთია იმ ოთხ კომპანიას შორის, რომელთაც ახალციხეში არსებული ოთხი სტანდარტული ბაგა-ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 2013 წელს გამოცხადებული ტენდერი მოიგეს.

„ქრისტინე სარაშვილმა“ ორი ბაღი გაარემონტა. ორივე დაწესებულებისთვის ჯამში 282.936 ლარი იყო გამოყოფილი. კომპანიის ხელმძღვანელი ნუგზარ სარაშვილი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული: „საპროექტო ორგანიზაციას საქვაბეს მშენებლობა გამორჩა. ცალკე უნდა აშენებულიყო სათავსო, შენობაში მისი აშენება არ შეიძლებოდა, გაზს რომ გაეჟონა, მთელი შენობა ჰაერში აიწეოდა. პირველ ბაგა-ბაღში საქვაბე ავაშენე, 12 ათას ლარამდე დამიჯდა. ამავე ბაღში დავამატე სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი ჩანები. მესამე ბაგა-ბაღში კი სველი წერტილი დაემატა, რისთვისაც კანალიზაცია აღვადგინე. ჯამში 24,000 ლარზე მეტი გადავიხადე“.

მისივე თქმით, პროექტში ცვლილებების შესატანად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის სახელზე წერილი იქამდე გაგზავნა, ვიდრე სამუშაოებს დაიწყებდა: „რადგან წერილიც მქონდა გაგზავნილი და გამგეობაში ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეთანხმებაც იყო, ამასობაში საქვაბე დავიწყე კიდეც“.

სარაშვილი ამბობს, რომ გაწეულ სამუშაოებზე შედგა ხარჯთაღრიცხვა, თუმცა, საბოლოოდ, ხელშეკრულებაში ცვლილება მაინც არ შევიდა: „კალათბურთი ითამაშეს - ჩემი წერილი ხან სად გადააგდეს, ხან სად. ამასობაში დრო გავიდა და შესყიდვების სამსახურში მანანა ბალიაშვილმა მითხრა, დაგვიანებულია და ხელშეკრულებაში ცვლილებებს ვერ შევიტანო“.

რა ბედი ეწია სარაშვილის წერილს

შევიდა თუ არა მის სახელზე წერილი, ოლეგ სანდროშვილი ვერ იხსენებს. ამბობს, რომ წერილი მის სახელზე რომ ყოფილიყო, აუცილებლად შესაბამის სამსახურს დააწერდა, ამ შემთხვევაში, გამგეობას, გამგეობა კი ინფრასტრუქტურის სამსახურს.

„ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურს უნდა შეესწავლა აღნიშნული და წარმოედგინა დასკვნა, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას მშენებელის მიერ მოთხოვნილი ცვლილებები. მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ მიიღებდა თანხმობას. უფლება არ ჰქონდა ნებართვის გარეშე რამე გაეკეთებინა“, - აცხადებს სანდროშვილი.

ვითარების გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარ სპეციალისტს შესყიდვების საკითხებში, მანანა ბალიაშვილს დაუკავშირდა. ბალიაშვილმა კომენტარზე უარი განაცხადა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტთან, ნინო ბლუაშვილთან გადაგვამისამართა. ბლუაშვილმა გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობაში სარაშვილის სახელით შესული წერილი არ მოიძებნა.

მაშინ, როცა ბაღები რემონტდებოდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოავლეობას ბესიკ ბლიაძე ასრულებდა. ბლიაძეს დეტალების გახსენება უჭირს: „ნამდვილად ვერ გავიხსენებ მაგ ვითარებას. გასულ წელს იყო, ახლა სამსახურშიც არ ვარ, რომ დოკუმენტაციით ვიხელმძღვანელო“. (შეგახსენებთ, ბლიაძეს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს).

არც წერილისა და არც დაპირების შესახებ არაფერი იცის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა გიორგი ქასრაშვილმა.
„უთხრა ვიღაცამ თორემ, ისე ხომ არ გააკეთებდა?! მაგრამ, არ უნდა მიკარებოდა იმ საქმეს, რაც პროექტში არ ჰქონდა. ერთი დღის მშენებელი ხომ არ არის. პროექტში თუ ცვლილება არ შევიდა, ზღაპარია ვინმემ რამე გადაუხადოს. დაბერდა მშენებლობაში და არ იცის, რომ თუ რამე დამატებით გააკეთა, არავინ მისცემს?!“

ვინ შეადგინა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა

ახალციხის ბაგა-ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტიც და ხარჯთაღრიცხვაც გიორგი ბაგინაშვილმა შეადგინა. ბაგინაშვილი, ამავე დროს, „საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ხელმძღვანელია. იგი ირწმუნება, რომ პირველ და მესამე ბაღების პროექტში ცვლილებების შესატანად მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა:
„პროექტი რომ გაკეთდა, შეთანხმდა გამგეობის შესაბამის სამსახურთან და შემდეგ ჩაეშევა ტენდერში. საქვაბის ცალკე მშენებლობა დაკვეთილი არ იყო. თანხა ძალიან შეზღუდული იყო, ზუსტად აღარ მახსოვს რამდენი, მაგრამ ისეც არ იყო, რომ შენ ეს გააკეთე და რამდენიც დაჯდება მერე დავაფინანსებ. ეს იყო მოჭრილი თანხა. უნდა მოემართა გამგეობას თხოვნით და შემეტანა ცვლილებები. სხვა ბაღებში, მაგალითად, მეხუთესა და პირველში, საჭირო გახდა დამატებითი ხარჯთაღრიცხვა და საპროექტო დოკუმენტაცია და გავაკეთე კიდეც“ .

ნუგზარ სარაშვილი ამბობს, რომ იგი ადგილობრივ თვითმმართველობაში მოატყუეს. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია მათ უჩივლოს. სარაშვილი ამბობს, რომ ყველა წერილი აქვს, რაც კი საკრებულოში გააგზავნა. ვადები არსად დარღვეული არ აქვს.

„2013 წლის 22 ოქტომბერს ოლეგ სანდროშვილის სახელზე გაგზავნილ წერილზე, რომელშიც ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანასა და ობიექტის ვადის ჩაბარების 15 ნოემბრამდე გადაწევას ვითხოვდი, პასუხი 15 ნოემბერს მომივიდა. წერილს მაშინდელი გამგებელი ბესიკ ბლიაძე აწერდა ხელს. მასში ნათქვამი იყო, რომ წერილი რეაგირებისთვის პროექტის ავტორთან, გიორგი ბაგინაშვილთან იყო გადაგზავნილი. ბაგინაშვილმა ბლიაძის სახელზე წერილი 25 ნოემბერს დააბრუნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საპროექტო ორგანიზაცია არ არის წინააღმდეგი შეიტანოს ცვლილება“, - ამბობს ნუგზარ სარაშვილი.

ვის საკუთრებაში იქნება საქვაბე

ნუგზარ სარაშვილი ამბობს, რომ საქვაბეს, რომელიც მისი თანხებითაა აშენებული, ადგილობრივი თვითმმართველობა ბალანსზე ვერ აიღებს: „ქვაბს რომ ღებულობენ ექსპლუატაციაში და ბალანსზე არ აქვთ, ხომ შემიძლია მოვიკიდო და წავიღო. თუ არ მოგეწონა და არ გინდა, წავიღებ უკან. ეს ჰაერშია ჩამოკიდებული, აქილევსის ქუსლად აწევთ. ხომ უნდა აიღონ ბალანსზე, უქვაბოდ ხომ არ იმუშავებს გათბობა?! მანამდე შემპირდნენ, რადგან დაგვიანდა, დამატებით ტენდერს გამოვაცხადებთ 5,000 ლარამდე, ხელშეკრულებას გაგიფორმებთ და შეიძლება შევთანხმდეთო, მაგრამ მაინც უარი მივიღე“.

გიორგი ქასრაშვილის განმარტებით, საქვაბეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება კანონიერად აიღებს ბალანსზე, რადგან შენობა მათ ტერიტორიაზეა: „ადამიანურად მართალია, მისია შენობა, მან ააშენა, მაგრამ მაშინ იმაზე ეკუთვნის ჯარიმა, ნებართვის გარეშე, სხვის ტერიტორიაზე რომ ააშენა“.

„ნებისმიერი უპატრონო შენობა, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებობს, შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ ბალანსზე“, - ამბობს სანდროშვილი და ამატებს, რომ სარაშვილს საქვაბის არც წაღების უფლება აქვს და არც თანხას აუნაზღაურებს ვინმე.

„იქ უკვე სისტემაა, რომ მოანგრიოს, მაგის უფლებასც არ აქვს. ჯერ უნდა დაადასტუროს, რომ თავისი გაკეთებულია, რატომ და რისთვის გააკეთა, მერე რომ ანგრევს, რატომ ანგრევს. ხელშეკრულებით რა პროექტიც მოვითხოვეთ, მთავარია იმ პროექტს არაფერი აკლდეს, იმის ზემოთ თუ რამე გააკეთა, თან ჩვენთან შეთანხმების გარეშე, რა ვალდებული ვართ თანხა ავუნაზღაუროთ?! იმ ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ სიტყვეზე ვენდეო, არაერთ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და ძალიან კარგად იცის, რომ ასეთი ქმედებები დოკუმენტალურად უნდა იყოს გაფორმებული“.

ადვოკატი სარაშვილს ურჩევს სასამართლოს მიმართოს

„ვფიქრობ, რომ სარაშვილმა აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს“, - ამბობს ადვოკატი დავით ზარიძე.

მისივე თქმით, თუ სარაშვილმა წინასწარ მიმართა დამკვეთს დამატებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები აუცილებლად უნდა წარადგინოს სასამართლოში. რაც შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევას, უნდა აეშენებინა თუ არა ცალკე მდგომი საქვაბე, რადგან გაზის გაჟონვის შემთხვევაში საფრთხე თავიდან აეცილებინა, ზარიძე ფიქრობს, რომ მას, როგორც ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული, ისე უნდა ემოქმედა და თუ რაიმე მოხდებოდა, პასუხისმგებლობა პროექტის ავტორს დაეკისრებოდა: „მშენებელს შეიძლება არც ჰქონდეს იმის კვალიფიკაცია, სად უნდა იყოს საქვაბე. ეს უნდა იცოდეს პროექტის ავტორმა“.

როდის მიმართავს სასამართლოს, სარაშვილმა ჯერ არ იცის. საკუთარი სიმართლის სასამართლოს გზით დამტკიცებამდე, ცდილობს კიდევ ერთხელ სცადოს კუთვნილი თანხის მიღება მოლაპარაკებით.

„უნდა მივიდე და მოვთხოვო პასუხი ოლეგ სანდროშვილს, რის საფუძველზე მეთქვა უარი“, - ამბობს სარაშვილი და იმედი აქვს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთ-ერთ ინდმეწარმეს ბაღების რეაბილიტაციისას ზედმეტად დახარჯული თანხა არ აუნაზღაურეს
ახალციხის ბაღში აყრილი იატაკი დაგებულია, თუმცა, თანხას არავინ იხდის
ვის უწევს ახალციხის ახალგარემონტებულ ბაღში აყრილი იატაკის დაგება?
ბაგა-ბაღში აყრილი პარკეტი დავის საგანი გახდა
ახალციხის ახალგარემონტებულ ბაღში წყლის გახეთქილმა მილმა საძინებლის იატაკი აყარა
მესხეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
ვის რამდენი შეხვდა ბაღების რემონტისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონიდან