FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგებლის ყოფილ მოადგილეს მანქანის დაბინძურებაში ედავებიან: 'მანქანით ნაკელი იყო ნაზიდი'

მთავარისაზოგადოება 10.05.2014
რამდენს ხარჯავს ახალციხის თვითმმართველობა ტრანსპორტის მოვლა-შენახვაში, ვინ ზიდა ნაკელი ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილით და რატომ დასჭირდა თვეზე მეტი ავტომანქანების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ახალციხის გამგებლის ყოფილ მოადგილეს მანქანის დაბინძურებაში ედავებიან: 'მანქანით ნაკელი იყო ნაზიდი'
„არ მეცალა და ვერ გიპასუხე“ - პასუხი ერთი თვის შემდეგ

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მანქანების ჩამონათვალზე, მათთვის გათვალისწინებულ ხარჯსა და იმაზე, რომელი ავტომობილით რომელი თანამშრომელი სარგებლობდა, „სამხრეთის კარიბჭემ“ 25 მარტს გამოითხოვა. წერილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის სახელზე დაიწერა. მაშინ ბლიაძე პასუხისგებაში მიცემული არ იყო.

პასუხი ერთი თვის შემდეგ, 28 აპრილს, მას შემდეგ მივიღეთ, რაც წერილის მოკითხვა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს ნინო ბლუაშვილს ვთხოვეთ. წერილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ ჟუჟუნაძის ხელმოწერით მივიღეთ.

„წერილი საფინანსო სამსახურში ნინო გოგოლაურთან აღმოჩნდა, სად ჰქონდა აქამდე და რატომ არ გიპასუხათ, ეს თავად ჰკითხეთ“, - გვითხრა ჟუჟუნაძემ.

„არ მეცალა და იმიტომ ვერ გიპასუხე. მე არ ვარ კანცელარიის თანამშრომელი წერილები ვწერო და ახლა იმის გამოძიებას იწყებ, პასუხის გაცემა რატომ დავაგვიანე?! ეგ რომ არ დაწერო, არ შეიძლება?! ჩივილსაც ხომ არ აპირებ?!“ - ასე გვიპასუხა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგოლაურმა.

ჟუჟუნაძის თქმით, მიზეზად მოუცლელობა შეიძლება ნებისმიერ თანამშრომელს ჰქონდეს: „კეთილი ენება და პასუხი გაეცა. ყოველთვის ვეუბნები თანამშრომლებს, იმუშავეთ ღამის 12-მდე და პასუხი გაეცით ხალხს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის გიგი ჩიხლაძის განცხადებით, ადამიანს, რომელიც ინფორმაციის გაცემაზეა პასუხისმგებელი, კანონი ავალდებულებს საჯარო ინფორმაცია გასცეს: „თუ ვინმემ დაარღვია კანონი, ნებისმიერ საჯარო ორგანოში არსებობს დისციპლინური სახდელი, პირველ ეტაპზე ეს შეიძლება გაფრთხილებაც იყოს“.

რამდენი ავტომობილი ირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე და რა ჯდება მათი შენახვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის (28 აპრილი, 2014 წ. N543/4) თანახმად, მუნიციპალიტეტის ბალანსზე 10 მსუბუქი და 6 სახანძრო მანქანა ირიცხება. 10 მსუბუქი მანქანისთვის თვეში 2,803 ლარი და წელიწადში 33,636 ლარია გაწერილი. სახანძრო მანქანების გათვალისწინებით კი, 16-ვეს შენახვა, ადგილობრივ ბიუჯეტს თვეში 3,961 ლარი, წელიწადში კი 47,532 ლარი უჯდება.

10 მსუბუქი ავტომობილიდან 4 „ნივა“ და 2 „ვაზ 2107“ - ია. მსუბუქი მანქანების ჩამონათვალშია „პაჯერო იო“, „ტოიოტა პრადო“, „შკოდა ოქტავია“ და „ტოიოტა რანერი“.

„ტოიოტა პრადო“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს ემსახურება. ბიუჯეტიდან მისთვის თვეში 692 ლარია გათვალისწინებული. „პაჯერო იო“ - თი კი ოლეგ სანდროშვილის მოადგილე მალხაზ ასპანიძე სარგებლობს. მისი ყოველთვიური ხარჯი 290 ლარია.

რაც შეეხება „შკოდა ოქტავიასა“ და „ტოიოტა რანერს“, ორივე მათგანი გამგებლისთვისაა განკუთვნილი. „შკოდა ოქტავიასთვის“ ბიუჯეტში თვეში 408, „ტოიოტა რანერისთვის“ კი 255 ლარია გაწერილი. ორივე მათგანი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ და ახლა უკვე ბრალდებულ გამგებელს ბესიკ ბლიაძეს ემსახურებოდა.

რატომ ემსახურებოდა ორი ძვირადღირებული მანქანა, ბესიკ ბლიაძეს, შეგიძლიათ დეტალურად ამ ბმულზე იხილოთ.

ვინ ზიდა ნაკელი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქანით

მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ ამ დრომდე მისთვის განკუთვნილი მანქანით ვერ სარგებლობდა: „10 თვის განმავლობაში რაც გამგებლის მოადგილე ვიყავი ჩემთვის გათვალისწინებული 1,100 ლიტრი ბენზინი არ გამომიყენებია. მანქანა არ მყავდა და იმიტომ. ჩემი საკუთარი მანქანით დავდიოდი და ჩემს მანქანაში ბიუჯეტის ფულით ნაყიდ ბენზინს ვერ ჩავასხამდი“.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან გამგებლის მოადგილე ავთანდილ თელიაშვილი ჩაანაცვლა, „ვაზ 2107“, რომელიც თელიაშვილს ემსახურებოდა, მას უნდა გადასცემოდა: „მანქანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამ მანქანით ნაკელი იყო ნაზიდი. ისეთი ჭუჭყიანი და დაბინძურებული იყო, რომ თავმოყვარე კაცი იქ ვერ დაჯდებოდა. თან მწყობრიდანაც იყო გამოსული“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ავთანდილ თელიაშვილი, რომელიც „ვაზ 2107“-ით 6 თვე სარგებლობდა, ჟუჟუნაძის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს: „რომელი ჭკუათმყოფელი იზამდა ამას?! მანქანა რამდენი ხანია სხვა თანამშრომელს გადაეცა და ახლა ამბობენ იმას, რომ ვითომ მწყობრიდან იყო გამოსული?!“

თელიაშვილის აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მანქანა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს მანუჩარ გოგოლაურს გადაეცა. მანქანა რომ კარგ მდგომარეობაში არ იყო, ამაზე გოგოლაურიც საუბრობს.

„რაღაცეები ჰქონდა დაზიანებული და შევაცვლევინე, დაბინძურებულიც იყო, მაგრამ რა ზიდეს ამ მანქანით, ნამდვილად არ ვიცი, - ამბობს გოგოლაური და ამატებს, რომ ამ მანქანით ამჟამად თავადაც აღარ სარგებლობს, - ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო დამაჯარიმეს და ამიტომ მანქანა გავაჩერე“.

ამჟამად, აღნიშნული მანქანა სარგებლობისთვის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს გიორგი გიქოშვილს გადაეცა. ჟუჟუნაძის განცხადებთ, ხელისუფლების შეცვლამდე აღნიშნული მანქანით სწორედ გიქოშვილი სარგებლობდა. შეგახსენებთ, მაშინ გიორგი გიქოშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

რამდენს ხარჯავს ახალციხის თვითმმართველობა ტრანსპორტის მოვლა-შენახვაში
ასპინძის გამგეობის კუთვნილი დამტვრეული მანქანა – რა შეემთხვა გამგებლის მოადგილეს
ასპინძის გამგებლის მოადგილეს ნაავარიები ავტომანქანის ნაცვლად ახალი უყიდეს
ნინოწმინდის გამგებლის სამსახურეობრივი მანქანა ქორწილში
ახალციხის გამგებელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა
ვინ შეასრულებს ახალციხის გამგებლის მოვალეობას?
გამგეობის ყოფილი იურისტი: ‘იმათ გაუგრძელეს ჩუმად ხელშეკრულებები, ვინც აწყობდათ’