FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებელს თანამშრომლების რელიგიური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ

მთავარიპოლიტიკა 23.04.2014
ჭეჭლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იური ჯიმშერაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ზაქარია ენდელაძესა და „საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარეს გოდერძი კუბლაშვილს მის რელიგიური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.

ადიგენის გამგებელს თანამშრომლების რელიგიური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ზაქარია ენდელაძე

იური ჯიმშერაძე ამბობს, რომ ზაქარია ენდელაძემ ადიგენის ტერიტიურიული ორგანოების რწმუნებულების ატესტაცია იმისთვის დანიშნა, რომ იგი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ჯიმშერაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ენდელაძემ მას 15 დღის წინ, გამგეობაში, სხდომათა დარბაზში, თათბირზე განუცხადა: „ჩემი კოლეგების თანდასწრებით განმიცხადა, შენს გამო ვატარებ ატესტაციასო“. [შეგახსენებთ, რწმუნებულების ატესტაცია ადიგენში ნამდვილად ზაქარია ენდელაძის მოთხოვნით ტარდება. ენდელაძემ განაცხადა, რომ რწმუნებულების კვალიფიკაცია აფიქრებდა].

ჯიმშერაძე ამბობს, რომ მაშინ გამგებელს არ შეპასუხებია. პროტესტი მოგვიანებით, 22 აპრილს, რწმუნებულების ატესტაციაზე გამოთქვა. კომისიასთან, რომლის ერთ-ერთი წევრია ზაქარია ენდელაძე, შევიდა, განუცხადა, რომ პროტესტის ნიშნად გამოცდას არ გაივლიდა და გამგეობის შენობა დატოვა.

იური ჯიმშერაძე ჭეჭლის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულად 1989 წლიდან მუშაობს. მის სამოქმედო ორგანოში 7 სოფელი შედის: ჭელა, ჭეჭლა, საირმე, კეხოვანი, ღორთუბანი, ზედუბანი და აფიეთი. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობენ მუსლიმები და ქრისტიანები. უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ. ჯიმშერაძეც მუსლიმია, იგი სოფელ ჭელაში ცხოვრობს. იმ სოფელში, სადაც 2013 წლის აგვისტოს მეჩეთის მინარეთი მოჭრეს, რასაც შემდგომ მუსლიმებისა და ქრისტიანების აქციები მოჰყვა.

ადიგენის გამგებელს თანამშრომლების რელიგიური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ
ფოტოზე, მარცხნიდან პირველი, იური ჯიმშერაძე. ფოტო გადაღებულია მინარეთის მოჭრამდე, მაშინ როცა მშენებლობის კანონიერების შესასასწავლად ჭელაში გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური ავიდა

ჯიმშერაძე ამბობს, რომ ენდელაძის განცხადების გარდა, მას კიდევ ხუთი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ არ უპასუხოს კომისიის წევრების კითხვებს. ჯიმშერაძე აქცენტს კომისიის კიდევ ერთ წევრზე გოდერძი კუბლაშვილზე აკეთებს. შეგახსენებთ, გოდერძი კუბლაშვილი ადიგენის არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარეა. იგი გასული წლის აგვისტოში, ახალციხეში, ჭელის მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. გარდა ამისა, "საზოგადოებრივი დარბაზი" იყო პირველი ორგანიზაცია,რომელმაც ქრისტიანების უფლებების დასაცავად ადიგენში აქციები დაიწყო. მოგვიანებით კი აცხადებდა, რომ მინარეთის დადგმის საკითხით საგამოძიებო სამსახურები უნდა დაინტერესებულიყვნენ.

„გოდერძი კუბლაშვილი შეურაცხყოფას აყენებს ჩემს სარწმუნოებას; აცხადებს, რომ ჩვენ ქრისტიანულ მოსახლეობას ვდევნით; რომ ჩვენი მინარეთიდან 1000-ვატიანი დინამიკები ამოიღეს; გვადანაშაულებენ, რომ ჩვენს ტერიტორიულ ორგანოს თურქული მხარე აფინანსებს და ჩვენი რაიონის მოსახლეობის 1/3-ს ემიგრანტებს ეძახის - ამ ბრალდებების მერე, ასეთ ადამიანს, წინ ვერ დავუდგები და კითხვებს ვერ დავასმევინებ“, - აცხადებს ჯიმშერაძე.

ჯიმშერაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ენდელაძე და კუბლაშვილი.

„აბსოლუტურად ტოლერანტული ვარ ყველა რელიგიის მიმართ“, - ირწმუნება ზაქარია ენდელაძე და ამბობს, რომ იური ჯიმშერაძის პროტესტის მიზეზს ვერ ხვდება.

ენდელაძე ადასტურებს, რომ ჯიმშერაძემ თათბირზე საყვედური მიიღო, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს საყვედურის რელიგიურ საფუძველს. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ჯიმშერაძე ახსენებს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ პრიორიტეტების განსაზღვრის დროს დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრეს: „ჯიმშერაძეს ერთი პრიორიტეტი უნდა გამოეყო, მან დაასახელა სამი, ისეთი პრობლემა, რომელთა მოგვარებასაც თანხა არ გაწვდებოდა. გამოცდილება კი აქვს, მაგრამ ვერ ერკვევა საკითხში, ამაზე გავაკეთე კომენტარი, ეს იყო შენიშვნის სახით. მე, როგორც ხელმძღვანელს, ხომ შემიძლია მივუთითო ჩემს ხელქვეითს? მან ეს არასწორად გაიგო და გამოიყენა“.

ჯიმშერაძის ბრალდებებს სარწმუნოების შეურაცხყოფაზე კატეგორიულად უარყოფს გოდერძი კუბლაშვილიც.

„მე არანაირი შეხება არ მქონია მასთან. თუ გამგებელთან აქვს გასარკვევი, მასთან გაარკვიოს. ვერ მივხვდი რას აპროტესტებდა. თუ რამე ცოდნა და განათლება აქვს, უნდა გამოსულიყო კომისიის წინაშე“, - ირწმუნება კუბლაშვილი.

ადიგენის გამგებელს თანამშრომლების რელიგიური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ
გოდერძი კუბლაშვილი. 2013 წლის 29 აგვისტო. ქრისტიანების აქციის პირველი დღე. ახალციხე, სამმართველოს შენობა

რას გადაწყვეტს კომისია ჯიმშერაძის საკითხზე, ჯერ უცნობია. კომისიის თავმჯდომარე თემურ ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ ჯიმშერაძის გასაუბრებისას ოთახში არ იმყოფებოდა და რა მოხდა არ იცის.

ენდელაზე და კუბლაშვილი აცხადებენ, რომ ჯიმშერაძის საკითხზე კომისია იმსჯელებს. ჯიმშერაძე კი აცხადებს, რომ რწმუნებულის პოსტი დატოვა და სამსახურში დაბრუნებას აღარ აპირებს.

„ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა რომ საქართველოში თავს ვერ ვგრძნობ როგორც სრულუფლებიანი მოქალაქე“, - ამბობს ჭეჭლის რწმუნებული.

შეგახსენებთ, ადიგენის გამგეობაში რწმუნებულების ატესტაცია გუშინ, 22 აპრილს ჩატარდა. 14 რწმუნებულიდან ატესტაცია 11-მა გაიარა, იური ჯიმშერაძემ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, 2 რწმუნებული კი ატესტაციაზე არ მივიდა.

[მასალაზე მუშაობდნენ:
ჟურნალისტი - თინათინ ზაზაძე
რედაქტორი - ნინო ნარიმანიშვილი]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა მოხდა ადიგენში რწმუნებულების ატესტაციაზე
იური ჯიმშერაძის სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
ადიგენში ორმა რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა
იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო
ადიგენის გამგებელი რწმუნებულებისა და მათი თანაშემწეების ატესტაციის შედეგებით უკმაყოფილოა
რატომ არ გაიარეს ატესტაცია ვარხნისა და ჭეჭლის რწმუნებულების თანაშემწეებმა
იური ჯიმშერაძე სადავო მიწაზე სასამართლოში მეორედ ჩივის