"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

მთავარი 05.04.2014
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები სახელმწიფოს მმართველობაში ბრუნდება. რატომ გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაცია და როგორი იქნება რეგიონული სამსახურის სტრუქტურა;

რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახური სახელმწიფოს მმართველობაში 2014 წლის დასაწყისიდან, ეტაპობრივად გადადის.

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ პირველ და მეორე ეტაპზე, 42 მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, სადაც 129 ბრიგადა მუშაობს, სახელმწიფომ უკვე გადაიბარა. რაც შეეხება მესამე ანუ ბოლო ეტაპს, ის მიმდინარე წლის პირველ აპრილს დაიწყო. ბოლო ეტაპზე სახელმწიფოს მმართველობაში კიდევ 24 მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, 88 ბრიგადა გადავა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გახშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების გაუმართავობის, გამოძახებაზე დაგვიანების, გამოძახების შეუსრულებლობის, პერსონალზე სახელფასო დავალიანების ფაქტები, რამაც ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. სამინისტროში განმარტავენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის სახელმწიფოს მმართველობაში დაბრუნება მსგავს შემთხვევებს შეამცირებს.

„მსგავსი ფაქტები, მიუხედავად სახელმწიფოს არაერთგზის ჩარევისა, არათუ შემცირდა, კატასტროფულად გაიზარდა. შესაბამისად, მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული სამსახური დაქვემდებარებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“, - აცხადებენ სამინისტროში.

სახელმწიფოს მმართველობაში დაბრუნებამდე აღნიშნულ სამსახურს კერძო სადაზღვევო კომპანიები ფლობდნენ. 2011 წლის პირველი ოქტომბრიდან, თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების სამსახური ეტაპობრივად სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებს გადაეცა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, 2014 წლიდან, რეორგანიზაციის შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ შეიქმნა. ცენტრის ადმინისტრაცია თბილისში იქნება, ასევე იარსებებს რეგიონული და რაიონული სამსახურები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგიონული სამსახური სტრუქტურული ერთეულია, რომელიც რეგიონში შემავალ რაიონულ სამსახურებს მართავს: „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეგიონული მოწყობა ნიშნავს, რომ აღარ იარსებებს მკაცრად განსაზღვრული პრინციპი, შესაძლებელია მეზობელი რაიონის ბრიგადა მოემსახუროს ნებისმიერ ავადმყოფს, უახლოესი პრინციპის გათვალისწინებით“.

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ცენტრი ახალციხეში განთავსდება. ყველა მუნიციპალიტეტში კი რაიონული სამსახური იმუშავებს.

„ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის 2013 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური სადაზღვევო კომპანიების კუთვნილ შენობებში რჩება, ხოლო რამოდენიმე თვეში სსიპ-ის კუთვნილ კეთილმოწყობილ ფართში გადავა“, - განმარტავენ სამინისტროში.

თუმცა, შეარჩიეს თუ არა სამინისტროში აღნიშნული ფართი და სამცხე-ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში სად განთავსდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, ამ ეტაპზე ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

უკვე ცნობილია ვინ უხელმძღვანელებს რეგიონულ სამსახურს. სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეგიონული სამსახურის უფროსის მოვალეობას სამი თვის განმავლობაში დავით ფართალაძე შეასრულებს. ვინ არის ფართალაძე და რატომ გადაწყდა მისი ამ პოსტზე დანიშვნა, ჯანდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ. სამინისტროში ამბობენ, რომ სამი თვის შემდეგ კადრებს კონკურსის წესით შეარჩევენ.

ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში 15 სამედიცინო ბრიგადა მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტრო მომავალში ავტოპარკისა და სხვა ინფრასტრუქტურის განახლებას გეგმავს. თუმცა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, გამოძახების ფორმა არ შეიცვლება. სამინისტროს ინფორმაციით სასწრაფოს გამოძახება ისევ ცენტრალური სადისპეჩერო სამსახურის - 112-ის მეშვეობით მოხდება.

ცენტრალიზებული გამოძახება არ მოსწონს მოსახლეობას. მათი თქმით, ამგვარი სისტემა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლას დროში აჭიანურებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური რომ გამოიძახო ჯერ 112-ზე უნდა დარეკო და აუხსნა რომელი რეგიონის, რომელი მუნიციპალიტეტის, რომელი დასახლებული პუნქტიდან რეკავ. შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია ცენტრმა რაიონს უნდა გადასცეს. ცხადია, ამას ემატება ის დროც, რაც ბრიგადას რაიონული ცენტრიდან კონკრეტულ დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელად ესაჭიროება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, სტალინის ქუჩაზე N12-ში მცხოვრებ 88 წლის თამარა ჯოხაძესთვის, ერთი თვის წინ გადატანილი ავადმყოფობის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება მის ოჯახის წევრებს ხშირად უწევთ. ბოლოს სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაახლოები ორი კვირის წინ გამოიძახეს. თუმცა, ბრიგადა 28 წუთის შემდგომ მივიდა.

„წესით ვალეში ხუთ-შვიდ წუთში უნდა ამოსულიყვნენ, მაგრამ 28 წუთი დასჭირდათ. აქ რომ იყო სასწრაფო, უკეთესი იყო, ან ფეხით მივიდოდით, ან დავურეკავდით და უფრო მალე მოდიოდნენ. ადგილობრივი მძღოლები იყვნენ და იცოდნენ ვინ სად ცხოვრობდა. ექიმებიც ნაცნობები იყვნენ და სად მიდიოდნენ იცოდნენ. დროს არ კარგავდნენ და დროულად მიდიოდნენ პაციენტთან“, - ამბობს თამარა ჯოხაძის შვილი გურამ ჯოხაძე.

სამინისტროში კი ამბობენ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ პრობლემას ცენტრალიზებულობაც კი აღარ შექმნის.

„აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს დროში გაჭიანურების შემცირებას“, - ირწმუნებიან სამინისტროში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


25.04.2017 საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება - შეხვედრა მეორე სკოლაში

24.04.2017 გაზის გათიშვის გამო ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი შეფერხდა

22.04.2017 მოსწავლის ინიციატივა სოფელ დილისკას სკოლისთვის

20.04.2017 განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.04.2017 თისელში დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება

25.04.2017 საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება - შეხვედრა მეორე სკოლაში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

18.04.2017 ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

მსგავს თემაზე

ვალეში სასწრაფო დახმარების სამსახურს უჩივიან
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებების კონტროლს სახელმწიფო უზრუნველყოფს
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების ექიმები გადამზადდებიან
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
ჯანდაცვის სამინისტრო ახალციხის სასწრაფოს ახალ მანქანას გადასცემს
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკი განახლდა
სამმართველოში სასწრაფო გამოიძახეს