FM97.5 / LIVE

რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ

მთავარიეკონომიკა 28.02.2014
იმის გამო, რომ ბაზარზე კარტოფილის ფასმა მოიმატა, გლეხები წელს უფრო მეტი კარტოფილის დათესვას გეგმავენ. თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უხვი მოსავალი ფასების კლებას გამოიწვევს.

რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის ძირითადი შემოსავლის წყარო მიწათმოქმედებაა. რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, გარდა ბორჯომისა და ნინოწმინდისა, უმეტესად კარტოფილს თესავენ.

2012 წელს რეგიონში კარტოფილის უხვი მოსავალი მიიღეს, თუმცა, რეალიზება გაუჭირდათ. მოსავლის სიუხვის გამო, ბაზარზე კარტოფილის ფასმაც დაიკლო. 2012 წელს შექმნილი პრობლემების გამო, 2013 წელს აღნიშნული კულტურა შედარებით ნაკლებმა ფერმერმა დათესა, შედეგად, გასულ, 2013 წელს, ფერმერები არც კარტოფილის გასაყიდ ფასს უჩიოდნენ და არც რეალიზება გასჭირვებიათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში გამოკითხული 7 გლეხიდან, 5 ამბობს, რომ წელს შედარებით მეტი კარტოფილის დათესვას აპირებს, რადგან ბოლო პერიოდში კარტოფილს კარგი ფასი აქვს.

„თავს ამით ვირჩენთ, თუ არაფერი დათესე და მოიყვანე, შემოსავალი არ გექნება. სამსახური ჩვენ არ გვაქვს. საგაზაფხულო ბარათებს რომ მივიღებთ, ყველაფერს მეტს დავთესავ, ალბათ უფრო კარტოფილს, წელს კარგი ფასი აქვს და კარგად იყიდება“, - ამბობს ზურა მოდებაძე.

გასულ წელთან შედარებით, გაცილებით მეტ ფართობზე აპირებს კარტოფილის დათესვას მისი თანასოფლელი გელა მოდებაძეც.

„70 მეასედს ვამუშავებ, ყველაფერს ვთესავ: სიმინდს, ლობიოს, ჭარხალს, კარტოფილს, ხახვს, ნიორს. წელს უფრო მეტს დავამუშავებ მიწას და მეტ კარტოფილს დავთესავ“, - ამბობს იგი.

საგაზაფხულო ბარათების დახმარებით, წელს გაცილებით მეტი მიწის ფართობის დამუშავებას გეგმავს ეთერ ლაცაბიძეც.

„წელსაც თუ მოგვცემენ ბარათებს შეგვეშველება, მიწის დამუშავებას ათასი რამე უნდა, თუ სახლში არ მოიკელი რაღაცა და არ გაყიდე, ისე ვერც დახნავ და ვერც შეწამლავ. კარტოფილს წელს კარგი ფასი ჰქონდა, შარშან 30 მეასედზე გვეთესა, წელს ალბათ 50-ზე დავთესავთ“, - ამბობს იგი.

ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის აგრო-კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილი ამბობს, რომ მაღალ ფასს ყოველთვის მოსდევს დაბალი ფასი. მისი თქმით, 2010-2011 წლებში კარტოფილს დაახლოებით იგივე ფასი ჰქონდა, რაც წელს. 2012 წელს კი დაიკლო.

„2012-ში ერთი კილოგრამი კარტოფილის საბითუმო ფასი 40-45 თეთრამდე მერყეობდა, 2013 წლის შემოდგომაზე 60 თეთრიდან დაიწყო და ნელ-ნელა მოიმატა, ახლა უკვე 1,20 ლარი ღირს, თბილისში 1,80 ლარამდეცაა. საერთოდ ასეა, როცა ფასი მაღალია, ბევრი თესავს, მერე ჭარბი პროდუქტი გროვდება და გასაღება უჭირთ. თუ გლეხებმა წელს ქვეყნიდან გატანა შეძლეს, მაშინ გაამართლებს მათი მოლოდინი. მაგრამ თუ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან, მაშინ დაბალი ფასი ექნება“, - ამბობს იგი.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბუცხრიკიძე ამბობს, რომ როცა ბაზარზე მოთხოვნილება დიდია, მაგრამ პროდუქტი ნაკლებია, შესაბამისად ფასები იზრდება.

„2012 წელს ბევრი კარტოფილი დათესეს, თუმცა გვალვების და ცუდი კლიმატის გამო მოსავლიანობა დაბალი იყო. 2013 წელს კი პირიქით მოხდა, მოსავლიანობა გაიზარდა, მაგრამ საერთო ჯამში კარტოფილის რაოდენობა ნაკლები იყო და ბაზარზე მოთხოვნილება ვერ დააკმაყოფილა“, - ამბობს გიორგი ბუცხრიკიძე.

მისივე თქმით, კარტოფილზე ფასის ზრდა დოლარის კურსის ცვალებადობასთან კავშირში არაა. გიორგი ბუცხრიკიძე ვარაუდობს, რომ 2014 წელს მოსალოდნელია კარტოფილის ნათესების გაორმაგება და არ არის გამორიცხული, რომ ფასმა ისევ დაიწიოს.

„რა თქმა უნდა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, წელს საკმაოდ ნალექიანი ზამთარი გვქონდა, ნიადაგი სინესტეს იღებს, რაც ნაყოფიერებას ზრდის. მოსავლიანობა დიდი იქნება, მაგრამ ბაზარზე მოთხოვნილება იგივე რჩება, ამან შეიძლება ფასების ვარდნა გამოიწვიოს, - ამბობს გიორგი ბუცხრიკიძე და ამატებს, რომ დაახლოებით იგივე სტატისტიკა არსებობს ნიორზეც: ოთხ წელიწადში მისი ფასი პიკს აღწევს, მეხუთე წელს კი ყველაზე დაბალი ფასი აქვს. მაგალითად, სამი წლის წინ ნიორი რვა ლარამდე გაძვირდა, მაგრამ წელს ორი ლარი ღირს. გლეხი ყოველთვის უყურებს, რამ მისცა უკეთესი შემოსავალი და აქედან აკეთებს გათვლებს“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
რამდენად მომგებიანია კარტოფილის ბიზნესი
რა შეცვალა  საგაზაფხულო ბარათებმა სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი
ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]
“ახალი მემარჯვენეები” დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრნენ
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო