FM97.5 / LIVE

დაფარული მკვლელობა თუ ავტოსაგზაო შემთხვევა?!

მთავარისამართალი 21.02.2014
მკვლელობა თუ ავტოსაგზაო შემთხვევა; 47- დღიანი კომის შემდეგ დასრულებული სიცოცხლე; ვისზე „შეიწმინდეს ხელები“ და რაში ადანაშაულებენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს; გარდაცვლილი 24 წლის ბესო ენდელაძე და საეჭვოდ გაჭიანურებული საქმე; რა მოხდა 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში;

დაფარული მკვლელობა თუ ავტოსაგზაო შემთხვევა?!

47 დღე კომაში

სისხლის გუბეში, უგონო მდგომარეობაში მყოფი თავგატეხილი ბესო ენდელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ნაგვის ბუნკერთან იპოვეს. შემთხვევა 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით, 22:15 საათზე მოხდა.

„იმ წუთის გასული ვიყავი გარეთ, შეშას ვჩეხავდი. ეზოსთან მანქანა გაჩერდა, მძღოლი კითხულობდა ვინ არისო, რომ მივედი, პირქვე ეგდო და სისხლი სდიოდა“, - იხსენებს ვარხანში მცხოვრები აჩიკო გორგოძე, რომლის სახლის წინაც, გზაზე მომავალმა ბესო მსხვილიძემ მანქანა იმიტომ გააჩერა, რომ მის წინ დაგდებული კაცი დაინახა.

ენდელაძე მანქანაში ჩასვეს, მომხდარის შესახებ მის ბიძას ემზარ ენდელაძეს შეატყობინეს, სასწრაფოში დარეკეს და ახალციხისკენ წავიდნენ.

16 დეკემბრიდან 47 დღის განმავლობაში ბესო ენდელაძე, თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში იწვა. 2 თებერვალს გარდაიცვალა.

„რომ შევდიოდით, გვცნობდა, როცა ველაპარაკებოდით თვალებიდან ცრემლები სდიოდა, - იხსენებს გარდაცვლილის მამა იური ენდელაძე, - ბოლოს მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, აპარატი და ჟანგბადიც მოხსნეს, მაგრამ მიღებული ტრამვის გამო მენინგიტი დაემართა და საბოლოოდ ამან იმსხვერპლა“.

საეჭვო ოფიციალური ვერსია

ოფიციალური ვერსიით, ენდელაძე ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. მომხდარზე ძიება ადიგენის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. თუმცა, ეს ვერსია დაზარალებულის საავადმყოფოში მიყვანისა და დიაგნოზის დასმისთანავე საეჭვო გახდა. აღმოჩნდა, რომ ენდელაძეს თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ნარტყამი.

„ექიმი ჩხუბის ვერსიაზე საუბრობდა და ავარიას გამორიცხავდა, რადგან ბესოს თავის ფუძის ძვლის მოტეხილობა, ასევე, ჩაქცევები ტვინში და სხვა მრავალი დაზიანება მხოლოდ თავზე ჰქონდა. არანაირი მოტეხილობა, ან დაჟეჟილობა არ ეტყობოდა ტანზე“, - ამბობს გარდაცვლილის და თამრიკო ენდელაძე, რომელიც საავადმყოფოში დაზარალებულს ადგა თავზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში მასაც ეჭვი შეაქვს: „თავი შეუშვირა მანქანას დამეჯახეო?! მანქანა არ დაჯახებია, რადგან წელს ქვემოდან დაზიანება არ ჰქონია“.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მანქანა ენდელაძეს თავზე რომ არ დაეჯახებოდა, ამაზე საუბრობენ, როგორც ვარხანში, ასევე გარდაცვლილის მშობლიურ სოფელში, ხევაშენშიც. მაგრამ რომელი ვერსიაც არ უნდა განიხილონ, არ იცვლებიან შემთხვევის მონაწილეები, ვარხანში მცხოვრები: ა. ბ, რ.დ. და ზ.დ.

„ზოგი ამბობს იჩხუბესო, ზოგი ამობს მანქანა დაეჯახაო. იმ წუთებში ბესოს გვერდით არავინ ყოფილა და ღმერთმა იცის სინამდვილეში რა მოხდა“, - ამბობს ხევაშენის მკვიდრი კობა კოხოძე.

22: 00 საათიდან 22: 30 საათამდე

ბესო იმ საღამოს მართლაც მარტო იყო.

„მგონი ენთელში ეხმარებოდა ძმაკაცს, იქიდან რომ წამოსულა, ბენარაში დარჩენილა „კალონკასთან“, სახლში აპირებდა წამოსვლას. დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, დედაჩემმა რომ დაურეკა და უთხრა, 5 წუთში სახლში ვიქნებიო, - ამბობს თამრიკო ენდელაძე და ამატებს, - ალბათ, ამ დროს დაიმარტოხელა ა.ბ-მ, ჩაისვა მანქანაში და ყველაფერი მაშინ მოხდა“.

ა.ბ-მ იმ დროს სოფელ ბენარასთან მდებარე „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურთან მანქანით ნამდვილად რომ გაიარა, მომხდარში მონაწილე სამი პირიდან ერთ-ერთის, რ.დ.-ს ოჯახის წევრები გვიდასტურებენ.

„ახალციხიდან მოდიოდნენ ა.ბ. და რ.დ., მანქანაში კიდევ ერთი ბენარელი ბიჭი ეჯინათ. ის ბენარაში დატოვეს და სახლისკენ რომ მოდიოდნენ, მაშინ, შემთხვევით მოხდა ეს ამბავი გორგოძეების სახლთან. ბესო ჩაცუცქული იყო და ა.ბ-მ მანქანით დაარტყა. რ.დ. ამ დროს მანქანაში მის გვერდით იჯდა“, - გვიყვება რ.დ-ის ბიძა.

კითხვაზე, თუ მომხდარის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, მაშინ რატომ მიატოვეს დაზარალებული უგონო მდგომარეობაში, გვპასუხობს: „არ მიუტოვებიათ, იქ ხალხი შეიკრიბა, ჩოჩქოლი ატყდა“.

ხალხის ხმა და ხმაური არ გაუგია ლია გორგოძეს, რომლის სახლის წინაც ენდელაძე იპოვეს: „ბარბარობა თენდებოდა, ლობიანებს ვაცხობდი. გზაზე ვინმემ რომ დაილაპარაკოს, ხმა ზარივით შემოდის. ეგ კი არა და, გზის მეორე მხარეს მაღაზიის დაკეტვისას ბოქლომს რომ უყრიან კარს და კეტავენ, ეგეც კი მესმის. გამორიცხულია სახლთან ჩოჩქოლი ყოფილიყო და ვერ გამეგო“.

იმ საღამოს ხმაური არც „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურზე, ანუ არც იქ გაუგიათ, სადაც თამრიკო ენდელაძის ვერსიით, ბესო ენდელაძეს ა.ბ. და რ.დ. მანქანით შეხვდნენ.

„ჩემთან მოვიდა სიგარეტი მინდაო. მარტო იყო, ფეხით, მანქანა არ დამინახავს. არც ის ვიცი, აქედან როგორ წავიდა“, - იხსენებს „რომპეტროლის“ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი ზვიად მსხვილიძე.

რა მოხდა 22:00 საათიდან, ანუ იმ დროიდან, როცა ბესო დედას ტელეფონით ესაუბრა, 22:30- სათამდე, გამოძიება იძიებს. მანამდე კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ როგორც გარდაცვლილის ერთ-ერთი ოჯახის წევრი ჩვენთან საუბარში აცხადებს: „ა.ბ-ს დაურეკავს ზ.დ-სთან, კაცი მოვკალი და მომეშველეო“.

ვინ იხდიდა მკურნალობის ხარჯს

ამ დღის შემდეგ ა.ბ. სოფელში აღარავის უნახავს. ზოგი ამბობს, რომ უკრაინაში გაიქცა, ზოგი გვიმტკიცებს, რომ სოფელში დაუნახავთ. სამაგიეროდ, დაზარალებულის ოჯახს გვერდიდან არ მოსცილებია ა. ბ-ს მამა. სწორედ მან დაფარა, ბესო ენდელაძის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯის ნაწილიც.

„საყოველთაო დაზღვევა 15 ათასი ლარი 20 დღეს გვეყო. 2,000 ლარით გამგეობა დაგვეხმარა, 1,000 ლარი ძმებმა შემიგროვეს, ა.ბ-ს მამამ კი 14,622 ლარი გადაიხადა. ამბობდა, რადგან ავარია იყო, მკურნალობის ხარჯს მე დავფარავო, - ამბობს გარდაცვლილის მამა იური ენდელაძე და ამატებს, - მე მგონი ბავშვებს ჩხუბი არ მოსვლიათ, უბრალოდ დაეჯახა. ჩვენ ოჯახებით ვახლობლობთ, თან ჩემი ძმა ემზარი ა.ბ-ს დისშვილის ნათლიაა“.

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი

თამრიკო ენდელაძე კი წლების განმავლობაში ა.ბ-სა და მის ძმას შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს: „ა.ბ. მაგარ ბიჭად აცნობდა ყველას თავს, ძველბიჭობა მხოლოდ ბესოსთან არ გასდიოდა და დაუტრაბახია, ერთი ბესო ენდელაძე მეჯიბრება და მაგასაც მივხედავო. კარგად მიხედა, ჩადო მიწაში“.

მისი თქმით, ა.ბ-ს „ძველბიჭობის“ გამო ვითარება ბესო ენდელაძესა და ა.ბ-ს შორის 4 წლის წინაც დაძაბულა, მაშინ ა.ბ-ს მამა ჩარეულა საქმეში და ბიჭები შეურიგებია: „როგორც ხალხი ამბობს, ამ შემოდგომითაც ყოფილა რაღაც მსგავსი. ეს ყველაფერი ძველბიჭური ახირების გამო გააკეთა“.

ბესო ენდელაძესა და ა.ბ-ს რომ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ამას რ.დ.-ს ოჯახის წევრებიც ამბობენ: „ყური გვაქვს მოკრული, რომ მათ კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ“.

ა. ბ-ს „ძველბიჭობაზე“ ვარხანსა და ხევაშენშიც საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, იგი ყაჩაღობაზეა ნასამართლევი და პირობითის ვადა ჯერ კიდევ არ ამოწურვია.

„გადაცდომები ჰქონდა. აბასთუმანში ტურისტები დააყაჩაღა და მაგის გამო იჯდა. მაგრამ ჩვენმა საამაყო პრეზიდენტმა, სააკაშვილმა საბოტაჟი რომ მოაწყო, მაშინ გაათავისუფლა. გამოუშვა გარეთ და შედეგიც დადგა“, - ამბობს ვარხანში მცხოვრები კობა კოხოძე.

რატომ დუმდა პოლიცია

მიეცემიან თუ არა პასუხისგებში ა. ბ, რ. დ, ან ზ. დ, გამოძიება გადაწყვეტს, თუმცა, მანამდე კითხვები გამოძიების მისამართით ჩნდება: მიუხედავად იმისა, რომ 16 დეკემბრის ღამეს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ფოტოები გადაიღეს და მეორე დღეს აჩიკო გორგოძე დაკითხეს, 47 დღის განმავლობაში, ანუ ენდელაძის გარდაცვალებამდე, მათ არც დაზარალებულის ოჯახის წევრები, არც ა.ბ, არც მასთან ერთად მანქანაში მყოფი რ.დ. და არც ბენზინგასამართი სადგურის ის თანამშრომელი დაუკითხავთ, რომელმაც ბესო საბედისწერო შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახა.

ამის შესახებ, აღნიშნულმა პირებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ თავად განაცხადეს, გარდა ა.ბ-სი, გასაუბრება მხოლოდ მის დედასთან შევძელით, რომელმაც განაცხადა: „არაფერი ვიცი რა მოხდა, მაგრამ ბესოს გარდაცვალებამდე ა.ბ. რომ არ დაუკითხავთ, ეს ვიცი“.

მომხდართან დაკავიშრებით საუბარი არ ისურვა ზ.დ-მ. ის „სამხრეთის კარიბჭეს“ დაემალა, სატელეფონო საუბრისას კი განაცხადა: „არც ბესო ვიცი, არც დაკითხვა“ და ტელეფონი გათიშა.

„ბესო თუ გადარჩებოდა, საქმეს ჩაფარცხავდენენ“

საქმის გაჭიანურებას, გარდაცვლილის ახლობლები ა.ბ-ს მამის აქტიურობას უკავშირებენ.

„ა.ბ-ს მამას იმდენი ფული აქვს, ყველას აჩუმებენ. პოლიციაც გააჩერეს“, - ამბობენ პირად საუბრებში.

მათი თქმით, სწორედ „ა.ბ-ს მამამ ჩააწყო საქმე პოლიციის უფროსთან თეიმურაზ კალანდაძესთან, თორემ ამ საქმეს ადიგენის პოლიციის უფროსი ასე ვერ დატოვებდა. ბესო თუ გადარჩებოდა, საქმეს ჩაფარცხავდნენ ისე, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. რადგან ბავშვმა ვეღარ იცოცხლა, ხელები ადიგენის პოლიციის უფროსზე შეიწმინდეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კალანდაძე მშრალზე დარჩა“.

დაახლოებით, 2 კვირის წინ ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსი გელა კოხოძე თანამდებობიდან მართლაც გაათავისუფლეს, იგი აბასთუმნის განყოფილებაში დეტექტივად გადაიყვანეს. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შსს-ს და პროკურატურის პოზიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კოხოძის დაქვეითებას ენდელაძის საქმესთან კავშირი არ აქვს. ასევე კატეგორიულად უარყოფენ იმას, რომ თითქოს კალანდაძე ა.ბ-ს მფარველობდა.

„ამ დროისთვის დაკითხულია ორივე მხარე, გამოძიება არ შეჩერებულა. აქამდე ელოდნენ იმას, რომ ენდელაძე კომიდან გამოვიდოდა. ჩატარდა როგორც გვამის, ასევე, მანქანის ექსპერტიზა. გარდაცვლილის ექსპერტიზის პასუხი უკვე მზადაა, მანქანისას კი დრო კიდევ სჭირდება. ეს ნამდვილად ავტოსაგზაო შემთხვევა იყო და არა მკვლელობა“, - განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ შსს-ს პრესამსახურში.

მოსაზრებას საქმის დროში გაჭიანურებასთან დაკავშირებით არც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახაბერ ლეკიშვილი ეთანხმება. მისი თქმით, პროკურატურა საქმეში ფაქტის დაფიქსირებისთანავე, 2013 წლის 17 დეკემბერს ჩაერთო. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რატომ არ დაიკითხა ენდელაძის გარდაცვალებამდე, მაგალითად რ.დ, რომელიც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ა.ბ-ს გვერდით იჯდა, გვპასუხობს: „ძალიან ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. ვერ დაგიდასტურებთ, რომ საჭესთან იჯდა ვინმე ა.ბ. და მას გვერდით რ.დ. ეჯინა“.

ამ დრომდე საქმეში დაკავებული არ არის. როგორც შსს-ში განმარტავენ, ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ პროკრუატურა გადაწყვეტს, ა.ბ უნდა დააკავონ თუ არა: „ა.ბ. თანამშრომლობს გამოძიებასთან“.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ოჯახი არ ჩივის, იგივეს გვიდასტურებენ თავად ენდელაძეებიც, თუმცა საპირისპიროს აცხადებს შსს.
„ახალგაზრდებმა კარგი გზა და კვალი უნდა ნახონ. ეგ რომ ციხეში დაჯდეს და იქიდან საზოგადოებისთვის საშიში კაცი გამოვიდეს, ნამდვილად არ მინდა“, - ამბობს გარდაცვლილის მამა იური ენდელაძე.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგზარდის ოჯახს გამოძიების ვერსიის აღარ სჯერა
მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
იყო თუ არა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებული მთვრალი დანაშაულის ჩადენისას