FM97.5 / LIVE

რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.02.2014
ჩამონგრეული საბავშვო ბაღი ადიგენში და გადარჩენილი ბავშვები; რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში; ბაღის გარეშე დარჩენილი ათობით ბავშვი და გამოუვალი ვითარება დაბაში; განახლდება ერთ კვირაში სასწავლო პროცესი, თუ ახალი ბაღის აშენებამდე მოუწევთ ლოდინი პატარებს ჯერ გარკვეული არ არის;

რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ
ჩამონგრეული შენობა

დაახლოებით დილის 9:00 საათზე, ადიგენში, საბავშვო ბაღში, დარაჯმა ავთანდილ დანელიანმა ოთახებში მასწავლებლების მისვლამდე ღუმელი აანთო და შინ ბრუნდებოდა საშინელი ხმაური რომ გაიგონა.

„გავცდი შენობას თუ არა, ისეთი საშინელი ხმა იყო, ვიფიქრე, სადღაც დიდი მანქანა გადავრდა. ვერ წარმოვიდგინე რომ აქ შეიძლებოდა შენობა ჩამონგრეულიყო“, - იხსენებს დანელიანი.

თორნიკე ერისთავის N18-ში მდებარე საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობის ნაწილი 26 დეკემბერს ჩამოინგრა. ამ დროს ბავშვები უკვე საახალწლო არდადეგებზე იყვნენ.

„ეს რომ სხვა დროს მომხდარიყო, დავიღუპებოდით. განსაკუთრებით ზაფხულში, ბავშვები სულ მაგ ადგილზე თამაშობდნენ, ჩრდილი იყო და მანდ გროვდებოდნენ ყოველთვის, - ამბობს 4 წლის სალომე ნარიმანიშვილის დედა თამუნა ბერიშვილი და ამატებს, რომ შენობა კარგ მდგომარეობაში იყო, - არაფერი ეტყობოდა, ამის ჩამონგრევას არავინ ელოდა“.

შენობისთვის რომ მანამდე ბზარიც კი არავის შეუტყვია, ამაზე საბავშვო ბაღში და ადგილობრივ თვითმმართველობაშიც საუბრობენ. ყველანაირი პირობების მქონე საბავშვო ბაღის სტანდარტული შენობა, რომელიც არა ერთ ჯგუფს იტევდა, 1980 წელს აშენდა, ამდენად მას არც ექსპლუატაციის ვადა ჰქონდა გასული და არც ამორტიზებული იყო.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა

„ჩამოინგრა ღია ტერასის მეშვიდე და მერვე მალებს შორის მზიდი კონსტრუქციები . ძირითადად მიზეზი სახურავის ხის კონსტრუქციული ელემენტების და რკ/ბეტონის სვეტების ცვეთის შედეგია“, - ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში (#5000288614/ 23.01.2014), რომელიც ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით გაკეთდა.

ამავე დასკვნის მიხედვით: „შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება. შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია“.

77 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

სწორედ სამხარაულის დასკვნის გამო, ნახევრად დანგრეული შენობის შეკეთება ადგილობრივ თვითმმართველობას აღარ უცდია. გარდა ამისა, ბზარები უკვე შენობის გადარჩენილ ნაწილშიც გაჩნდა. ამიტომ მუნიციპალიტეტში მოქმედი 7 ბაღიდან დღეს სასწავლო პროცესს 6 განაახლებს. დაბის ერთადერთი ბაღის ფუნქციონირება კი, სადაც 77 ბავშვი, 2 ჯგუფში სწავლობდა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.
რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ
„ახლა ალტერნატიულ შენობას ვეძებთ ყველა, არის რამდენიმე შენობა, მაგრამ ზოგი არ მოგვწონს. წესით მომავალ ორშაბათს, ანუ ერთი კვირის დაგვიანებით სასწავლო პროცესი უნდა განვაახლოთ“, - ამბობს ადიგენის ბაღის მენეჯერი ნინო ასანიძე.

მიუხედავად მისი მოლოდინისა, ჯერ ადიგენში ფართი, სადაც დროებით, 2 ჯგუფი განთავსდება ვერ გამოინახა. დაბაში გარდა პოლიციისა და დაზღვევის უკვე ყოფილი ამორტიზებული შენობებისა სხვა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული, ფართი არ არის. ამიტომ პედაგოგებმა თვითმმართველობასთან შეთანხმებით, კერძო შენობის ძებნა დაიწყეს. მის ქირას ადგილობრივი თვითმმართველობა გადაიხდის, თუმცა, ამ დრომდე გარდა არსებულ ბაღთან მდებარე ყოფილი რესტორნისა სხვა ფართი ვერ მოძებნეს.

ყოფილი რესტორანი ბეტონის იატაკით - საბავშვო ბაღისთვის შერჩეული შენობა

„კომუნისტების დროს აქ რესტორანი იყო და მას შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. ეს არის ერთადერთი შენობა სადაც შუქი, წყალი და კანალიზაციაა. ბინა გვინდოდა გვენახა, მაგრამ პატარა ოთახებია და 2 ჯგუფს ვერ დავტევთ“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნატო სინაურიძე.

მაგრამ, იმ ერთადერთ შენობაში, რომელიც ბავშვებისთვის გამოინახა, ბეტონის იატაკია. სინაურიძის თქმთ, ფართი 20-მდე მშობელთან, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან არსენ ბალახაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ხალიჩების დაგება შეგვიძლია. მშობლების ინტერესია, რომ ბაღმა იმუშავოს. როგორც მათ თქვეს, თავადაც დაგვეხმარებიან, რადგან ბიუჯეტით იატაკის დაგების საშუალება არ გვაქვს“, - აცხადებს სინაურიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული შენობის საბავშვო ბაღისთვის გამოსაყოფად ოქმი უკვე შედგა და მას ხელი 20-მდე მშობელმაც მოაწერა: „სიტყვიერად თითქმის შევთანხმდით გამგეობასთანაც, მაგრამ ჯერ ეს ოქმი უნდა წარვუდგინოთ თვითმმართველობას და საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს“.

გამოუვალი მდგომარეობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გივი ენდელაძე კი აცხადებს, რომ მდგომარეობა გამოუვალია: „მინდა მშობლები დარწმუნდნენ, რომ არ ღირს იქ ბავშვების მიყვანა. დიდი ნაწილი რომც იყოს თანახმა და ორი არა, გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ ბავშვები ბეტონზე შევიყვანო. სჯობს არ გაგრძელდეს ბაღის ფუნქციონირება, ვიდრე ერთი ბავშვი დაავადდეს“.

ყველა მშობლის ხელმოწერა თუ არ იქნება, აღნიშნული ფართის გამოყოფაზე სავარაუდოდ უარს განაცხადებს არსენ ბალახაშვილიც: „ალბათ მოვითხოვთ ყველა მშობლის ხელმოწერას. ღმერთმა დაგვიფაროს და, იქ რომ შემდეგ რაიმე პრობლემა შეიქმნას, არ გვინდა“.

სინაურიძის თქმით, კი იმ შემთხვევაში თუ მშობელთა მცირე ნაწილი აღნიშნულ ფართში ბაღის განთავსებაზე უარს იტყვის, მაშინ მისი შვილი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩება და მათ ადგილს ისინი დაიკავებენ, ვისაც სასწავლო წლის დაწყებისას უადგილობის გამო უარი ეთქვათ. თუმცა, ერთთვიანი დასვენების შემდეგ ბავშვებიცა და მშობლებიც სასწავლო პროცესის განახლებას მოუთმენლად ელიან.

მშობლების პოზიცია

„ბავშვი ვეღარ ძლებს სახლში, მიეჩვია უკვე ბაღის რეჟიმს. ყოველდღე მეკითხება ბაღი როდის დაიწყება, - ამბობს თამუნა ბერიშვილი და ამატებს, - მეც და მეუღლეც დილიდან საღამომდე სახლიდან გასული ვართ, ბებიასაც არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს და სხვა დამტოვებელიც არ გვყავს“.

ბავშვის დამტოვებელი არც 3 წლის ზურაბ ქაფიანიძის მშობლებს ჰყავთ.

„მეუღლე სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს, დედამთილი არ მყავს, მეც დასაქმებული ვარ და ჩემი მამამთილიც. ამიტომ ხან ერთი ვაცდენთ სამსახურს და ხან მეორე, ერთმანეთს ვენაცვლებით, - ამბობს ქაფიანძის მშობელი მანანა ბახტურიძე. თუმცა მიუხედავად ოჯახში არსებული გამოუვალი ვითარებისა, ამბობს რომ ფართი, რომელიც შეირჩა არ მოსწონს, - პრობლემური ადგილია, ეზოც არ აქვს“.

შერჩეულ ფართზე ალბათ უფრო უარს იტყვის მარიამ მაჭარაშვილის დედა მაცაცო მინაძეც. თუმცა, მისგან განსხვავებით მშობლების ნაწილი კატეგორიულ უარზეა. მათი თქმთ, არც აღნიშნული რესტორნის შენობაა ახალი, ამასთანავე არ აქვს ეზო და რაც მთავარია ფურნეს ესაზღვრება, ამდენად ხანძრის საშიშროებაც არსებობს.

გამოსავალი

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ადიგენში ახალი საბავშვო ბაღის აშენებაა. ამაზე ადგილობრივ თვითმმართველობაშიც თანხმდებიან, თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლის შემოსავლებიც 355,000 ლარით შემოიფარგლება ხარჯებს ვერ გაწვდება. ამიტომ საკრებულოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს დახმარების იმედი აქვთ, თუმცა ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია თვითმმართველობაშიც არ ჩამოუყალიბებიათ, რომ შემდგომ დახმარება სამინისტროს სთხოვონ.

როდის და სად განახლდება იძულებითი შესვენების შემდეგ სასწავლო პროცესი ჯერ უცნობია. და თუ ყველა მშობელი მოაწერს ხელს ბავშვი ყოფილი რესტორნის შენობაში ბეტონის იატაკზე შეიყვანოს, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობა ქირის საფასურს, ყოველთვიურად 313 ლარს გადაიხდის.
რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანონსი: რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ
ადიგენის საბავშვო ბაღის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა