FM97.5 / LIVE

როგორ ხვდებიან ახალ წელს შერეულ ოჯახებში

მთავარისაზოგადოება 14.01.2014
ქართული და სომხური კერძები, ტრადიციები და შერეული საახალწო სუფრა; როგორ ხვდებიან ახალ წელს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები შერეული, ქართულ-სომხური ოჯახები. წესები რომლებიც ერთმანეთს შეერწყა და შერეული ოჯახების დამახასიათებლად იქცა.

როგორ ხვდებიან ახალ წელს შერეულ ოჯახებში
ახალქალაქში მცხოვრებ აღდგომელაძეებისა და ბაროიანების შერეულ ოჯახში ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია. ოჯახის უნიკალურობა ორი ერის, კულტურისა და ტრადიციების შერწყმაა. განსაკუთრებული და უნიკალურია მათი საახალწლო სამზადისი და სუფრაც.

ოჯახის დიასახლისი დალი აღდგომელაძე იხსენებს, რომ ახალ ოჯახთან შეგუება და მათთვის ქართული ტრადიციებისა და სამზარეულოს შეყვარება არ გასჭირვებია: „სიამოვნებით მიიღეს ყველაფერი. მაგალითად, საცივის შესახებ იცოდნენ, მაგრამ არ ჭამდნენ“.

ახლა მათ საახალწლო სუფრას ქართული ტრადიციული საცივიც ამშვენებს და სომხური ცივი ტოლმაც.

პრობლემა არც განსხვავებულ წესებს გამოუწვევია: „ჩემს დედამთილს უყვარდა, როცა კერძები მთლიანად ელაგა. მაგალითად, თუ გოჭს ჩვენ ნაჭრებად ვჭრით, იგი ამბობდა, რომ სუფრაზე მთელი გოჭი უნდა იდოს“.

დროთა განმავლობაში განსხვავებული ტრადიციები და სამზარეულოს ელემენტები ოჯახის ახლობლებმაც გადაიღეს და შერეული გახდა მათი სადღესასწაულო სუფრებიც.

„ჩვენთან მოდიოდნენ სომხები და დედაჩემისგან სწავლობდნენ. ეკითხებოდნენ, როგორ აკეთებ ნაზუქს - ეს ქართული ტკბილი პურია, გოზინაყს, საცივს. ყოველ წელს მეზობელი ქალები შემოდიოდნენ და დედა თავისი ხაჭაპურისა თუ საცივის რეცეპტებს არიგებდა. დედაჩემი კი მათგან იგებდა, როგორ მზადდება ერევნული ქადა ტკბილი შიგთავსით, ბადამბური და სხვა ორცხობილები“, - ამბობს დალი.

აღდგომელაძეების ოჯახს რამდენიმე საახალწლო ტრადიცია ჰქონდა.

„ახალი წლის მოსვლისთვის ყველა საქმე აუცილებლად დამთავრებული უნდა გვქონოდა. 10 საათის შემდეგ სუფრის გაწყობას ვიწყებდით. მაგიდაზე თეთრ სუფრას ვაფენდით და დედა სულ გვახსენებდა, რომ პირველად დანა-ჩანგალი არ დაგველაგებინა. პირველ რიგში სუფრაზე კანფეტებით ან ტკბილი ჰალვით სავსე ლარნაკს ვდებდით, რათა მთელი წელი პურმარილიანი, უხვი და ტკბილი გვქონოდა. ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ თუ პირველად მაგიდაზე ჭურჭელს დავაწყობდით, უსიამოვნებები შეგვექმნებოდა“, - გვიამბობს დალი.

ახალ ოჯახში შესულს სხვა ტრადიციებიც დახვდა: „სუფრასთან ვსვამთ ღვინოს, ვიხსენებთ, როგორი იყო გასული წელი და ოჯახის უფროსი განვლილ წელს მადლობას უხდის. ვგვით სახლს და ნაგავი გარეთ გაგვაქვს, მცირე ნაწილს კი სახლში ვტოვებთ, ერთ კუთხეში. შემდეგ ცოტა ხნით კარს ღიას ვტოვებთ, ახალ წელს ველოდებით. თუ კარი და ფანჯრები დაკეტილია, ახალი წელი სახლში როგორ შემოვა?! ფანჯარასთან ანთებულ სანთელს ვდგამთ, მომავალი წელიწადი ხომ ახალია და არ იცის, ვინ სად ცხოვრობს, სანთლით კი ვანიშნებთ, რომ ამ სახლში ადამიანები არიან და მას ელოდებიან“.

შერეულ ოჯახში ახლა უკვე ნაძვისხესთან ერთად ქართული ჩიჩლაკიც გაჩნდა: „ქმრის ოჯახმა ჩიჩილაკის შესახებ არაფერი იცოდა. აქ ბევრმა არ იცის, რა არის ჩიჩილაკი, ისეთმა ხალხმაც კი, ვისაც ქართველებთან ურთიერთობა აქვს. მე ვუხსნი, რომ ეს ქართული ნაძვის ხეა, რისგან აკეთებენ და როდის უნდა დაიწვას“.

დალი ამბობს, რომ მათ ოჯახში ერთმანეთს შეერწყა 2 იანვრის, ბედობის ტრადიციებიც. ახლა 2 იანვარს, სომხური წესების თანახმად, მონეტებიან ქადასაც აცხობენ და ქართულ წმინდა ბასილისაც.

„სომხური წესების მიხედვით, ქადა იმდენ ნაჭრად უნდა დაჭრა რამდენი წევრიცაა ოჯახში. რაც შეეხება ბასილის, დედაჩემი 2 იანვარს, ბედობის დღეს ყოველთვის ამზადებდა ადამიანის ფიგურას ტკბილი ცომისგან, ქართული ტრადიციით ამას კეთილი წელი ჰქვია. ჩვენ მას წმინდა ბასილის ვეძახით. მახსოვს, რომ თავს ლიმონათის საცობით აკეთებდა, თვალებს და პირს კი ხილით. დანარჩენად ჩვეულებრივი კაცუნა იყო, თავიც ჰქონდა, ხელებიც და ფეხებიც. ბასილის შიგნით ვმალავდით მონეტას და 2 იანვარს ყველა თითო ნაჭერს ვიღებდით. ვისაც მონეტა შეხვდებოდა, იმას აუცილებლად კარგი წელი ელოდა. მე დღემდე ვაკეთებ ბასილის ფიგურას და ახალგაზრდებს ვუმასპინძლდები“, - ამბობს დალი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში
‘ცეცხლის შენახვის’ და ‘ბობოლობის’ ტრადიცია – როგორ ხვდებოდნენ ძველად შობას მესხეთში [Video]
მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]
ძვირი ახალი წელი
შობა პატარა პამაჯში  [Photo/Video]
ანონსი: თინა ბებოს აუსრულებელი ოცნებები, გამზადებული კუბო და პირველი განსხვავებული ახალი წელი
ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]