FM97.5 / LIVE

სერტიფიცირებისთვის 549 პედაგოგი ემზადება

მთავარისაზოგადოება » განათლება 29.06.2012
2 ივლისიდან პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. წელს გამოცდებისთვის 41 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა, ამათგან, 549 ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებელია

სერტიფიცირებისთვის 549 პედაგოგი ემზადება

პედაგოგები, რომლებიც სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გეგმავენ, ახლა პროფესიულ უნარებში ტრენინგებს გადიან. ტრენინგს მასწავლებელთა სახლის ტრენერი ნინო თუმანიშვილი ატარებს. 30 პედაგოგისგან შემდგარი ჯგუფი ექვსი დღის განმავლობაში ”სასწავლო პროცესის დაგეგმვის, მართვისა და შეფასების” შესახებ მიიღებს ცოდნას.

პროფესიული უნარების ტრენინგში პედაგოგების მეოთხე ჯგუფი მონაწილეობს. პროფესიული უნარების ტრენერის, ნინო თუმანიშვილის თქმით, მსურველი ძალიან ბევრია.

- ”ტრენინგის მომზადებისა და ჩატარებისას გათვალისწინებულია მასწავლებელთა ის მოთხოვნები და საჭიროებები, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლებს პრე და პოსტ ტესტი უტარდებათ”, - ამბობს ნინო თუმანიშვილი და ამატებს, რომ ტესტები აუცილებელია იმისათვის, რომ განსაზღვრონ რა ცოდნას ფლობს პედაგოგი და რაში საჭიროებს დახმარებას.

თვეზე მეტია ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები ინტენსიურად მიმდინარეობს. ტრენინგის გავლა პროფესიული უნარების გარდა, ყველა საგამოცდო საგანში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მასწავლებლის სახლი ყველა მოქმედ პედაგოგს საშუალებას აძლევს სასურველ საგანში უფასოდ გაიაროს ტრენინგი. ინ შემთხვევაში, თუ პედაგოგი გამოცდას ვერ ჩააბარებს, მომავალ წელს ტრენინგისთვის 90 ლარი უნდა გადაიხადოს.

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები წელს მესამედ ტარდება. გამოცდებისთვის 41 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა.
სერთიფიცირებული პედაგოგი ხელფასზე დანამატს, 75 ლარს იღებს. დამატებით, ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში თანხა 200 ლარამდე იზრდება. მათ, ვინც ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში მოხვდება, ხელფასი 1000 ლარი ექნება.

პირველ საჯარო სკოლაში სრულად სერთიფიცირებული ათი პედაგოგია. ამ სკოლიდან გამოცდებისთვის წელს 42 მასწავლებელი დარეგისტრირდა.

სკოლის დირექტორს, მაკა ჯანაშვილს, იმედი აქვს, რომ წელს სერთიფიცირების გავლას მეტი პედაგოგი შეძლებს.

- ”მასწავლებელთა სახლის პროფესიული ტრენინგები საკმაოდ უწყობს ხელს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებთან მათი ცოდნის გათანაბრება აუცილებელია, - ამბობს დირექტორი და ამატებს,რომ გამოცდები რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, - ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ რთული იყო მათემეტიკის გამოცდა, ბევრი საკითხი იყო უმაღლესი მათემატიკიდან. ამას სჭირდება დიდი შრომა და გამეორება იმ საკითხების, რომელსაც სკოლაში არ ვასწავლით, მაგრამ ნასწავლი გვაქვს უმაღლეს სასწავლებლებში”.

მეორე საჯარო სკოლაში ამჟამად ერთი სერთიფიცირებული პედაგოგია, ხუთ მასწავლებელს კი ერთი გამოცდა აქვს ჩაბარებული.

სკოლის დირექტორის მარინა ზედგინიძის თქმით, წელს გამოცდაზე 28 მასწავლებელი გადის.

25 მასწავლებლიდან ცხრა სერთიფიცირებულია მეექვსე საჯარო სკოლაში. მათ შორის ერთი, ინგლისურის მასწავლებელი ნინო ბეგიშვილი, ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, საუკეთესო 25%-ში მოხვდა და სექტემბრიდან 1000-ლარიან ხელფასს მიიღებს.

წელს აღნიშნული სკოლიდან გამოცდებზე გასასვლელად ცხრა პედაგოგი ემზადება.

- ”იმედი გვაქვს ამ გამოცდების შემდეგ ჩვენ სკოლაში სერთიფიცირებული მასწავლებლების რიცხვი გაიზრდება და ყოველი მეორე სერთიფიცირებული პედაგოგი გვეყოლება”, -ამბობს სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

თამარ ჩაფიჩაძე მეექვსე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. საკუთარი ძალები ორივე გამოცდაში, უნარებსა და სამოქალაქო განათლებაში მოსინჯა, თუმცა, ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეძლო: ”სამივე საგნის: ისტორიის, გეოგრაფიის და თანამედროვე პოლიტიკის ნაზავი იყო. რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი. სამი ქულა დამაკლეს. გაპროტესტება თანხებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ თავი შევიკავე”.

მისი თქმით, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად ტრენინგები აუცილებელია. თუმცა, თავად იმ მიზეზით ვერ შეძლო, რომ ამ საგანში ტრენინგები არ ჩატარებულა: ”სამწუხაროდ ჩვენს საგანში ჯგუფი არ შედგა. ალბათ პედაგოგების საკმაო რაოდენობა ვერ მოგროვდა. ვერც ინტერნეტით ვერ მოვიძიე მასალა, ამიტომ სახელმძღვანელოების საშუალებით ვემზადები”.

ახალციხის კერძო სკოლა ”მზექას” ორი სერთიფიცირებული პედაგოგი ჰყავს. გასულ წელ ოთხმა პედაგოგმა თითო საგანი ჩააბარა, წელს გამოცდაზე 12 მათგანი გადის.

სკოლის დირექტორის ბელა კაპანაძის თქმით, აუცილებელია რომ მასწავლებელი მუდმივად იმაღლებდეს კვალიფიკასიას. თუმცა, მისივე თქმით, ჯობდა გადასამზადებელი კურსები ყველა პედაგოგისთვის ყოფილიყო.

მის აზრს იზიარებს მეორე სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძეც. მისი თქმით, როდესაც პედაგოგი მინიმუმ ხუთი წელი ასწავლის სკოლაში, გამოცდების საჭიროება აღარ არის: ”კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სრულიად საკმარისია სიახლეების გასაცნობად. გამოცდა უნდა ჩააბაროს იმან , ვინც სკოლაში ახლად იწყებს მუშაობას. ისეთ მასწავლებელს, რომელიც 30 წელია სკოლაში მუშაობს და რომლის მოსწავლეც ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულას იღებს, უხერხულია გამოცდა ჩააბარებინო”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2012 წლის სასერთიფიკაციო გამოცდას 549 პედაგოგი აბარებს. საგამოცდო ბარათებს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი არიგებს. სასერტიფიკაციო გამოცდები 2 ივლისიდან დაიწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება.

2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების განრიგი:

2, 3, 4 და 5 ივლისი (პირველი სესია) - უნარები;
6 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
11 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (VII-XII);
12 ივლისი (პირველი სესია) - დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის;
13 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI);
18 და 19 ივლისი (პირველი სესია) - უცხოური ენები (ინგლისური ენა, რუსული ენა, ფრანგული ენა და გერმანული ენა);
19 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება, ფიზიკა.

გამოდაზე პედაგოგი ბარათზე აღნიშნულ დროზე უნდა გამოცხადდეს. ბარათთან ერთად აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა.

გამოცდა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რუსთაველის #122-ში ჩატარდება.

სერთიფიცირების პროცესი 2014 წლამდე ნებაყოფლობითია. მასწავლებელს შეუძლია გამოცდაზე რამდენჯერმე გავიდეს. გამოცდის შედეგი კონფიდენციალურია და პედაგოგის სამსახურზე არ მოქმედებს. შედეგი მხოლოდ ხელფასზე აისახება.

სერთიფიცირების პროცესში ვერ მონაწილეობენ რუსული და სომხური სკოლის პედაგოგები. რომელი წლიდან შეეძლებათ არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგებს გამოცდებში მონაწილეობის მიღება, ჯერჯერობით უცნობია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე


პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ
პროფესიული უნარების მეორე სესია მთავრდება
კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
ახალციხეში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდიდან ერთი პედაგოგი მოხსნეს
2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო