FM97.5 / LIVE

‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.09.2020
უკვე მეორე დღეა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხები, მთიანი ყარაბაღის დაპირისპირებაში დაზარალებული სომხების დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებენ. გარკვეული აქტივობები აქვთ ქვეყანაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი კონფლიქტის დროს ეთნიკური უმცირესობების ქმედებებს სახელმწიფომ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ეს საფრთხის შემცველია.

‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

28-29 სექტემბერს, მას შემდეგ რაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სომხური მხარის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყეს. 29 სექტემბერს, გვიან ღამით, ნინოწმინდაში საქართველო-სომხეთის საზღვარი გადაკვეთა ორმა მიკროავტობუსმა, რომლებიც პროდუქტით იყო დატვირთული. საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს ოთხ ტრაილერს, რომლებიც საბურავებით იყო სავსე. მათი გატარების უფლების მიღებას ჯავახეთში მცხოვრებლები ჯერ კიდევ ელოდებიან.

როგორ უნდა დახმარებოდნენ თანამემამულეებს, ამაზე საუბარი 29 სექტემბერს დილიდან დაიწყეს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ. გადაწყდა, რომ ისინი ფულს შეაგროვებენ.

სომხური მხარის დახმარების სურვილი კი ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში ამით არ დასრულებულა. ისინი მსგავს აქტივობას ისევ გეგმავენ.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მსგავსი აქტივობები გამოჩნდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობაშიც. შესაბამისად, მათმა ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა საქართველო საფრთხის წინაშე დააყენოს.

„კარგი იქნება თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხით სერიოზულად დაინტერესდება. არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჰუმანიტარული დახმარებაა და ხვალ უკვე სხვა ფორმა მიიღოს, ქვეყნისთვის სახიფათო. ამიტომ სერიოზული მიდგომა სჭირდება ამას და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. არ მინდა წინასწარ ვნებათაღელვა გამოვიწვიო, მაგრამ შედეგი შესაძლებელია სულ სხვანაირი დადგეს, იმიტომ, რომ ქვეყნის მტერი აუცილებლად შეეცდება შექმნილი მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენოს და არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა პროვოკაციაც მოხდეს ისე, რომ ვერცერთი ეთნოსის წარმომადგენელი ვერ მიხვდეს, ვის ინტერესებს ემსახურება“, - განმარტავს არეშიძე.

მისივე თქმით, მსგავსი გამოწვევის წინაში საქრთველო 90-იან წლებშიც იდგა, მაშინ როცა მთიან ყარაბაღში ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება დაიწყო.

„უკვე ვიცით, რომ ნინოწმინდაში საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეებად ჩაწერის გადაწყვეტილებაც მიიღეს. უნდა ითქვას, რომ 90-იან წლებშიც იყო ანალოგიური ტენდენციები, მაგრამ მაშინ შეზღუდული იყო საკმაოდ. ჯავახეთშიც და ქვემო ქართლშიც არის შესაბამისი ძეგლები იმ ადამიანებისა, რომლებიც იქ დაიღუპა.მაგრამ მაშინ ამან ჩაიარა მეტ-ნაკლები დანაკარგების გარეშე საქართველოს სახელმწიფოსთვის. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა და ძალიან სერიოზული მიხედვა სჭირდება ამ საქმეს“.

აქვე არეშიძე მიიჩნევს, რომ ტვირთის გატანის სრული აკრძალვაც სასურველ შედეგს არ გამოიწვევს, შესაბამისად, სწორედ ამიტომ უნდა მიიღოს სახელმწიფომ დროული კონტროლის მექანიზმები.

საქართველოს ხელისუფლების როლზე საუბრობს სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდიაც. მისი თქმით, ხელისუფლებას საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ღიად უნდა მიემართა.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სწორი, სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოში მცხოვრები ორივე ეთნიკურ უმცირესობასთან, იმიტომ, რომ თავიდან ავირიდოთ საფრთხეები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტი 27 სექტემბრიდან დღემდე მიმდინარეობს, არანაირი განცხადება ყოფილა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელების ან სომხების მიმართ. ჩვენ ვნახეთ მღელვარება სამცხე-ჯავახეთში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ინტერესია ამ ყველაფრის მშვიდობიანად მოგვარება“, - ამბობს აქუბარდია.

მისივე თქმით, მეზობელ ორ ქვეყანას შორის საომარი ვითარება სერიოზული გამოწვევაა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

„საქართველოს შეუძლია ითამაშოს პოზიტიური როლი მოლაპარალკებებისა და ინიციატივების დაყენების კუთხით, თუმცა შესაძლებლობებისა და რისკების საჯარო განხილვა არ ყოფილა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში, სადაც კანონით უნდა ხდებოდეს ასეთი ტიპის რისკების შეფასება, გაანალიზება და ასევე პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“.

კონფლიქტოლოგი ლევან გერაძის აზრით, საქართევლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თანაბრად დისტანცირებული იყოს ორივე საომარი მხარისაგან და ამავდროულად საკმარისად ახლოს იმისთვის, რომ ორ მხარეს შორის მშვიდობის აღდგენაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ თანაბრად დისტანცირებული ორივე საომარი მხარისაგან და არ მივცეთ საშუალება არც ჩვენს მოქალაქეებს, არც სხვა ძალებს, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ ამ დაპირისპირებაში. არცერთ მხარეს უნდა ვიყოთ არავითარ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება და თუ რომელიმე ან ორივე მხარე გამოთქვამს სურვილს, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ მხარეები დასხდნენ პოლიტიკური, სამხედრო და ყველა სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ერთად“.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთიდან გატანილ სურსათს, გერაძე მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებაა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს: „ბუნებრივია ეს არ მოეწონებათ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და არც აზერბაიჯანში მცხოვრებლებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასეთ რაღაცას გაგებით მოეკიდებიან. ეს არ არის სამხედრო დახმარება, ეს არის ჰუმანიტარული აქცია, საკვები. ჩვენ ყველანაირად თავიდან უნდა ავიცილოთ რაიმე სახის ძალისმიერი ~ აქციის არათუ შესაძლებლობა, არამედ ამაზე ფიქრიც კი. მკაცრი ნეიტრალიტეტი უნდა დავიცვათ“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი.

ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრის დილას დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. საპირისპიროს აცხადებენ აზერბაიჯანში.

ორ მხარეს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ამ დროს ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა.

[თაკო ფეიქრიშვილი]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘არ დავიშლებით,  ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან
ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს
სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში სომხური მხარის დასახმარებლად თანხა და პროდუქტი ისევ გროვდება
რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები