FM97.5 / LIVE

მერაბიშვილის დაბრუნებამ ‘რა ჰქმნა’ [ქრონოლოგია]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.09.2020
მას შემდეგ, რაც ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შვიდწლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო დატოვა, პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდა. მის დაბრუნებას მთელი რიგი ცვლილებები მოჰყვა ახალციხე-ადიგენის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ შტაბებში. მერაბიშვილის მიმართ სიმპათიებს შეეწირა ზოგის სამსახური, ზოგმა კი ახალი სტატუსი მოირგო.

მერაბიშვილის დაბრუნებამ ‘რა ჰქმნა’ [ქრონოლოგია]

2013 წელს, მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილი რამდენიმე ბრალდებით დააპატიმრეს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი პოლიტიკური ძალა იყო.

2017 წელს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო და ბოკერია-უგულავას ფრთამ საკუთარი პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნა, ხშირად ისმოდა კითხვა, რომელ პარტიას შეუერთდებოდა ვანო მერაბიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოვიდა.

საპატიმროს დატოვებამდე და მას შემედეგ, ყოფილი შს მინისტრი საკუთარ დამოკიდებულებას ამ ორი პარტიის მიმართ საგანგებოდ ასაიდუმლოებდა. მიუხედავად ამისა, იგი როგორც „ევროპული საქართველოს“ ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში, როგორც ჩანს ავტორიტეტად რჩებოდა. ამას ის ადასტურებს, რომ 2020 წლის 20 თებერვალს, როცა იგი საპატიმროდან გაათავისუფლეს, ახალციხიდან თბილისში დასახვედრად წავიდნენ ორივე პარტიის მხარდამჭერები.

გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს მერაბიშვილი ახალციხეშიც იმყოფებოდა, სადაც ასევე ორივე პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ.

მისმა დუმილმა, რომელ პარტიას შეუერთდებოდა, მხარდამჭერების დაბნეულობა გამოიწვია. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობდა, რომ „ევროპელებს“ აირჩევდა, ნაწილი კი „ნაციონალებს“.

2020 წლის აპრილში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბრუნდებოდა, თუმცა რომელი პარტიის სახელით არ დაუკონკრეტებია: „ჩემი ამოცანა არის ის, რომ ქართველ ხალხთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა მე ერთ–ერთ პარტიაში გავერთიანდები. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. თუ რომელში ამის შესახებ ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველამ იცის ამის შესახებ“.

ამ განცხადებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, „ევროპული საქრთველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გეგმავს: „საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის" საქმეა. საიდუმლო გავეცი? - არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს. მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“.

ივნისში კი, ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადაცემის პირდაპირ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელმა, კობა სანდროშვილმა 26 ივნისს განაცხადა: „საზოგადოებისთვის უცხო არ არის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამცხის ოლქში წარადგენს ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას. რისი თქმის უფლებაც მე მაქვს, ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილია, რომ „ევროპული საქართველო“ არ აპირებს კანდიდატის წარდგენას და ღია მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს რეგიონში ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას“.

მისი განცხადება რეალობას მოკლებული არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი ოფიციალურად მაჟორიტარობის კანდიდატად არ დაუსახელებიათ, ადგილობრივი შტაბი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ მერაბიშვილი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობისთვის გაეცნო.

მერაბიშვილის დეპუტატად დასახელებამ, როგორც ჩანს, გავლენა მოახდინა მმართველ პარტიაზეც. მას შემდეგ, რაც გაჟღერდა, რომ კანდიდატი ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყო, „ქართულმა ოცნებამ“ იმავე ოლქში კანდიდატად მერაბიშვილის სოფლელი ბიზნესმენი, ანტონ ობოლაშვილი დააყენა და უდელებს „საფიქრალი გაუჩინა“.

მერაბიშვილის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს მხარს უჭერდა, არა მხოლოდ „ნაცონალური მოძრაობა“, არამედ „ევროპელებიც“. პარტიას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მათი კანდიდატი ვანო მერაბიშვილი იქნებოდა, ამიტომ სხვა კანდიდატი არ უძებნიათ.

ასე აწყობილი წინასაარჩევნო კამპანიები მოულოდნელად შეიცვალა. 3 აგვისტოს, იმ დღეს, როცა „ევროპულ საქართველოს“ მაჟორიტარობის კანიდატების ოფიციალური წარდგენა ჰქონდა დაანონსებული, ვანო მერაბიშვილმა დილით, დაახლოებით 09:00 საათზე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს: „მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში“.

ასეთმა გადაწყვეტილებამ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის’ ადგილობრივ ორგანიზაციებში მხარდამჭერების დაბნეულობა კიდევ ერთხელ გამოიწვია. შეიცვალა მათი წინასაარჩევნო გეგმებიც.

ორივე პარტია კანდიდატის გარეშე დარჩა ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში.

კანდიდატების ოფიციალურად წარდგენის დღეს, „ევროპულმა საქართველომ“ ამ ოლქში ვერავინ დაასახელა.

მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ არა მხოლოდ დაბნეულობა, არამედ რეორგანიზაციაც გამოიწვია.

16 აგვისტოს, ვანო მერაბიშვილი ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ „სამხრეთის კარიბჭესთან“ პარტიების წევრებმა განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილმა „ევროპელებს“ უთხრა, პარტია დაეტოვებინათ და „ნაციონალებს“ შეერთებოდნენ. აქვე გაჟღერდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი არა ვანო მერაბიშვილი, არამედ ვაჟა ჩიტაშვილი იქნებოდა.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რეორგანიზაცია შტაბებში: „ვანო შემოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ უნდა გადმოხვიდეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა დამიდგეთ გვერდით, მარტო ამ გზით ვხედავ გამარჯვების შანსსო. გვითხრა, ყველამ უნდა ვიმუშაოთ 5 ნომერზეო. ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვართ, გუნდური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - განაცხადეს მაშინ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა.

როგორც ჩანს, გუნდური გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ არა ახალციხის, არამედ „ევროპული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში.
მერაბიშვილთან შეხვედრიდან მესამე დღეს, „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბში ცენტრალური ოფისიდან სერგი კაპანაძე და ზურა ჩილინგარაშვილი მივიდნენ და გელა დემეტრაძეს, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა, პოსტი დაატოვებინეს.

მიზეზი ის აღმოჩნდა, რომ გელა დემეტრაძე მხარს „ნაციონალების“ მაჟორიტარ დეპუტატს, ვაჟა ჩიტაშვილს უჭერდა.

დემეტრაძესთან ერთად, „ევროპელები“ დატოვეს და „ნაციონალებს“ შეუერთდნენ შტაბის სხვა წევრებიც.

შტაბის ხელმძღვანელისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გარეშე დარჩენილმა „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ ძალების მოკრება თავიდან დაიწყო. მას სათავეში ზურა ჩილინგარაშვილი ჩაუდგა და იგი რამდენიმე დღეში მაჟორიტარობის კანდიდატადაც ოფიციალურად დაასახელეს.

თუმცა, ვანო მერაბიშვილის დაბრუნებას მოყოლილი ცვლილებები ამით არ დასრულდებულა. პარტიიდან პარტიაში გადასვლის მსურველები ადიგენშიც აღმოჩნდნენ. ადიგენის საკრებულოში, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, სადაც „ევროპელების“ დეპუტატები ერთიანდებოდნენ, გაუქმდა. მისმა წევრებმა პარტია შეიცვალეს და ახალი ფრაქცია, სახელწოდებით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოაყალიბეს.

„2003 წლიდან ვარ „ნაციონალებში“ და ვანო მერაბიშვილი სადაც იყო, იქ ვიყავი ყოველთვის მე. უბრალოდ, ევროპელებიდან ვიყარე კენჭი, მაჟორიტარი დეპუტატი ვარ ვარხანში. ასეთი სურვილი მქონდა და გადავედი, შევცვალეთ ფრაქცია და დავარქვით „ნაციონალები“ - აცხადებს ტარიელ მსხვილიძე.

ამ ეტაპზე უცნობია, სულ რამდენმა ადამიანმა დატოვა „ევროპული საქართველო“, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ ბევრი მხარდამჭერის პოლიტიკური სიმპათიები შეცვალა.

პარტიებს კი, ვანო მერაბიშვილის მიერ მაჟორიტარ დეპუტატობაზე ნათქვამი უარის შემდეგ, შეცვლილი გეგმები დარჩათ.

საბოლოოდ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, 8 წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ დეპუტატობისთვის იბრძოლებენ ყოფილი პარლამენტარები:

ვალელი ვაჟა ჩიტაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“
არლელი ზურა ჩილინგარაშვილი - „ევროპული საქართველოდან“
და უდელი ანტონ ობოლაშვილი „ქართული ოცნებიდან“.

[თაკო ფეიქრიშვილი]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2020 ვაშაძე: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე კორუფციულ სქემაში მონაწილეობს

17.09.2020 ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია

17.09.2020 1-ელი ოქტომბრიდან რიგასთან პირდაპირი ფრენები გაიხსნება

17.09.2020 ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
‘არ ვიქნები პარლამენტის წევრი’ – ვანო მერაბიშვილი დეპუტატად კენჭს არ იყრის
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი
ადიგენის საკრებულოში ‘ევროპელების’ ფრაქცია დაიშალა და ‘ნაციონალების’ შეიქმნა
‘ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაებმება’ - ენმ-ს წარმომადგენლები
‘მერაბიშვილი არჩევნებში უკონკურენტო იქნება’ - ოპოზიციური პარტიები სამცხე-ჯავახეთში