FM97.5 / LIVE

წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2020
წაღვერის კულტურის სახლში, რომლის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, წვიმა ჩავიდა და კედლები დააზიანა. შენობის დამპროექტებელმა აივნის გადახურვა არ გაითვალისწინა. მისივე მიზეზით, შენობაში საპირფარეშოები ჯერ მოაწყეს, შემდეგ კი, დაანგრიეს და შშმ პირებზე მორგებული, თავიდან ააშენეს.

წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 5 მარტს დასრულდა. შენობას, რომლის რეაბილიტაციაც მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია, თუმცა იგი წვიმის შედეგად უკვე დაზიანებულია. გარე კედლებზე ფილები ჩამოცვივდა, შესასვლელში კი, კედლებს ჭერიდან ჩამოსული წყლის კვალი ამჩნევია.

მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ შენობის დაზიანებაში მათ ბრალი არ მიუძღვით, რადგან სამუშაოები უკვე მომზადებული პროექტის მიხედვით შეასრულეს, სადაც გათვალისწინებული არ იყო შენობაზე არსებული აივნის ე.წ. ვერანდის გადახურვა. მათი მტკიცებით, წყალი სწორედ ამ გადაუხურავი აივნიდან ჩავიდა.

„აივნის თავზე პროექტში არ იყო გათვალისწინებული გადახურვა. ჩვენ რა პროექტიც მოგვცეს ის გავაკეთეთ. როცა მორჩა სამუშაოები, მაშ შემდეგ ამ აივნიდან ჩამოვიდა წყალი და დააზიანა შესასვლელთან კედლები“, – გვიხსნის მშენებელი კომპანიის, შპს „დიკა 2010“–ის ფინანსური დირექტორი ნათია ხვედელიძე.

მისივე თქმით, კომპანია იმ ვალდებულებას, რომ „საგარანტიო პერიოდის ვადაში გამოასწოროს ნებისმიერი ხარვეზი“, არ გაურბის, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაზიანებული კედლების შეკეთებას აზრი არ აქვს, რადგან ბორჯომის მერიამ ჯერ აივნის გადახურვაზე უნდა იზრუნოს: „როგორც კი ამ აივანს გადახურავენ, ჩვენ დაზიანებულ ნაწილს შევაკეთებთ“.

კითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინა აივნის გადახურვა იმ კომპანიამ, რომელმაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მოამზადა, მერიაში მიიჩნევენ, რომ გადახურვის აუცილებლობა არ იდგა.

მათივე მტკიცებით, როგორც დაპროექტების, ასევე სამშენებლო სამუშაოები „ყველა სტანდარტის დაცვით შესრულდა“. გამოვლენილი ხარვეზების მიზეზად კი, კლიმატურ პირობებს ასახელებენ:

„როცა ამხელა პროექტი სრულდება, ასეთი მცირე ხარვეზებიც ბუნებრივია. ძირითადი სამუშაოები ზამთრამდე შესრულდა, ამიტომ როცა ყინვებმა გადაიარა, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებსაც კომპანია საგარანტიო პერიოდის ვადაში გამოასწორებს“ – ამბობს ბორჯომის მერის მოადგილე, ბუბა ბერიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შენობაში წყალი უკვე აღარ ჩამოდის, მაგრამ აივნის გადახურვაზე მაინც იზრუნებენ: „სამუშაო შესრულებულია ყველა სტანდარტის დაცვით, თუმცა ბრტყელი გადახურვა რახან არის[აივანზე], ჩვენს კლიმატურ პირობებში პრობლემას ქმნის, ამიტომ უფრო მეტად დაზღვეულები რომ ვიყოთ, ვაპირებთ შუშის ნავესით გადავხუროთ. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ“.

მერის მოადგილე ვარაუდობს, რომ უკვე დასრულებულ მილიონიან პროექტში, აივნის გადახურვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით, დაახლოებით 3 000 ლარი გამოიყოფა. თუმცა ეს შენობის მშენებლობისას შექმნილი ერთადერთი ხარვეზი არ ყოფილა.

კომპანიას, რომელმაც შენობა დააპროექტა, აივნის სახურავის გარდა, პროექტის ხარჯთაღრისხვის ნაწილში გამორჩა, რომ საპირფარეშოები შშმ პირებითვის ადაპტირებული უნდა ყოფილიყო. ამის გამო, მშენებელმა კომპანიამ პროექტის მიხედვით აშენებული საპირფარეშოები დაანგრია და ხელახლა, უკვე შშმ პირებზე მორგებული ააშენა.

ამ ხარვეზის გამო, გადაიწია ხელშეკრულების ვადამაც. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულება კიდევ ერთი თვით, 5 მარტამდე გახანგრძლივდა.

ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ პროექტის არქიტექტურულ ნაწილში ადაპტირებული საპირფარეშოები გათვალისწინებული იყო, თუმცა ხარჯთაღრიცხვის ნაწილში გამორჩათ. მათივე თქმით, ხარვეზის გამოსწორებისთვის დამატებით თანხები არ დახარჯულა: „ადაპტირებული საპირფარეშოს გარეშე ხომ არ დავტოვებდით, ამიტომ შევიდა ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში და ეკონომიების ხარჯზე გაკეთდა. შესაბამისად, ამაში დამატებით თანხა არ დახარჯულა“ – გვიხსნის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

როგორც აღმოჩნდა, კომპანიას, რომელმაც წაღვერის კულტურის სახლის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა, სამუშაო არაჯეროვნად მხოლოდ აქ არ შეუსრულებია.

შპს ‘Modern Architectural Group’–მა ბორჯომის მერიასთან შენობის დაპროექტებისთვის 2019 წლის მაისში ითანამშრომლა და პროექტი 36 545 ლარად მოამზადა.

ზუსტად ოთხი თვის შემდეგ კი, კომპანია სახელმწფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო მოხვდა. როგორც სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, შპს ‘Modern Architectural Group’–მა ხარვეზებით და ნაწილობრივ შეასრულა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რის გამოც უწყებამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, შედეგად კი, 2019 წლის 23 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებით კომპანიას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალა.

დაბა წაღვერის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 1 045 502 ლარი დაიხარჯა. აქედან 36 545 ლარი საპროექტო დუკუმენტაციის შედგენას, დანარჩენი კი შენობის რეაბილიტაციას მოხმარდა.

წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

[რობი ზარიძე, ბორჯომი]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წაღვერში კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რვასართულიან კორპუსზე სახურავის გადახურვა სრულდება
ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
ორი წლის წინ რეაბილიტირებული კულტურის სახლის სახურავი ბორჯომში ისევ სარემონტოა
გორელოვკის ახლადგარემონტებულ სკოლაში კედლებზე ბზარები გაჩნდა
რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს
მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის