FM97.5 / LIVE

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება

მთავარიპოლიტიკა 13.11.2013
თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა იზრდება. იმ ქალაქებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 000-ზე მეტია, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, მათ შორისაა ახალციხეც. რა შეიცვლება სტატუსის მინიჭებით და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს კოდექსში შესულ ცვლილებებს;

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება

ცვლილებები კოდექსში

თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მთავრობამ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა და განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. პარალელურად, ეწყობა კოდექსის საჯარო განხილვები რეგიონებში. კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეცნობიან ექსპერტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ.

„თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ახალი სისტემა ძალაში შევა, თუმცა ამით, რეფორმა არ დასრულდება. ერთია არჩევნების ახალი წესით ჩატარება, თუმცა, შემდეგ საფინანსო ეკონომიკური საკითხები ცოტა მოგვიანებით უნდა შევიდეს ძალაში. ისევე, როგორც თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემა ეტაპობრივად მოხდება და ამას რამდენიმე წელი დასჭირდება“, - განმარტავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.

რა იცვლება

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდებაკოდექსის თანახმად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქის გარდა, ეს სტატუსი ყველა იმ ქალაქს მიენიჭება, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. ხოლო თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან თემები ჩამოყალიბდება, რომლის ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. ასევე, განსაზღვრულია დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რომელიც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს.

კოდექსით, ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნაც, რაც სოფლის მოსახლეობის რეალური საჭიროებების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და სოფლების სწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მოხდება და ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ მოსახლეობას.

„ყოველივე ეს გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობის დონეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში. გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი. ადგილებზე სასიცოცხლო ინტერესების გადაწყვეტა კი საზოგადოების პასუხისმგებლობას გაზრდის“, - აცხადებენ სამინისტროში.

რას მოუტანს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

ახალციხე ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელსაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, ეყოლება მერი, რომელსაც მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს. გარდა ამისა, ქალაქს ექნება საკუთარი ბიუჯეტიც, რომელიც მთლიანად მის განვითარებას მოხმარდება.

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდებაარასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ საქართველოში დღეს არსებულ ხუთივე თვითმმართველ ქალაქს ძალიან ბევრი პლუსი აქვს. თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მოსახლეობა არამარტო პირდაპირი წესით აირჩევს ქალაქის მერს, არამედ ისევ მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული მერის იმპიჩმენტისა და გადაყენების საკითხიც.

„თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელი ხდება მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული მოსახლეობაზე და სხვა არავისზე. ცენტრალური ხელისუფლება უხეშად ვეღარ ჩაერევა და ვეღარ მოახდენს გავლენას ამ ადამიანზე. აქედან გამომდინარე თვითმართველი ქალაქის ხელმძღვანელი, მერი, ორიენტირებულია მოსახლეობის საჭიროებებზე და ის ავტომატურად აღარ ხდება პოლიტიზირებული ფიგურა. პოლიტიკა შორდება თვითმმართველობას, რაც ძალიან კარგი და დადებითია“, - ამბობს გიორგი ანდღულაძე.

ერთ-ერთი მთავარი პლუსი კი, რაც ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ ექნება, ისაა, რომ ქალაქს საკუთარი ბიუჯეტი ექნება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა თავად განკარგავს და დამოკიდებული არ იქნება ცენტრზე.

„თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ ამ ქალაქებს საშუალება ექნებათ, რომ ფინანსურად დამოუკიდებლები იყვნენ და თავად განავითარონ ქალაქი. ეს შესაძლებლობა აქამდე არ იყო, რადგან ცენტრალიზებული იყო დაფინანსებაც, მენეჯმენტიც, რა უნდა გაკეთებულიყო, რა უნდა აშენებულიყო და რა სჭირებოდა ამ ქალაქს, ეს ყველაფერი თბილისში უნდა გადაწყვეტილიყო. სწორედ თვითმმართველობის ახალი კანონის შემოტანა ნიშნავს უფლებების დელეგირებას და მმართველობის დეცენტრალიზაციას, რომლისკენაც მთელი მსოფლიო მიდის“, - ამბობს „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი.

გიორგი ანდღულაძის თქმით, საუბარია იმაზეც, რომ ქალაქს საკუთარი ქონება ჰქონდეს და ამ ქონების სრული განკარგვის უფლება ადგილობრივ თვითმმართველობას ექნება.

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება„თვითმმართველი ერთეული ხარჯებისა და შემოსავლების დაგეგმვაში სრულიად თავისუფალი ხდება. თუ ადგილზე კარგი მენეჯერები აირჩევიან, ყველა ქალაქს და იმ მუნიციპალიტეტებსაც, რომლებიც სოფლების ბაზაზე შეიქმნებიან, განვითარების კარგი შანსი უჩნდებათ. გარდა ამისა, საუბარია გარკვეული გადასახადების გადანაწილებაზეც. მაგალითად, თუ ავიღებთ პოლონურ მოდელს, აქ თვითმმართველ ქალაქებს და დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტებს საშუალება აქვთ გარკვეული გადასახადები თვითონ არეგულირონ. აწიონ ან დაწიონ“, - ამბობს იგი.

„ქვეყანა, სადაც მმართველობის პირველი დონე სუსტია, წარმატებას ვერ მიაღწევს“

ნუგზარ თათეშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის შესახებ კოდექსში შეტანილი ცვლილებებით მმართველობის პირველი დონე გაძლიერდება.

„ქვეყანა, რომელსაც მმართველობის პირველი დონე სუსტი აქვს, წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს, - ამბობს „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ ხელმძღვანელი და ამატებს, რომ თვითმმართველობის ახალი კანონი მოსახლეობასაც გააქტიურებს: საზოგადოება უკვე თვითონ აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქალაქზე, არჩევნებზე. პირველ ხანებში, პირველი და მეორე არჩევნები ალბათ იდეალური არ იქნება, მაგრამ ამ ქალაქის სამოქალაქო საზოგადოებაც გაიზრდება და ყველა ეცდება იცხოვროს კარგ ქალაქში“.

მისივე თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს უფლება ექნება თავისივე არჩეულ მმართველობას მოსთხოვოს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც მას აწუხებს.

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება„როგორც კი დავინახავთ რომ რომელიღაცა თვითმმართველი ქალაქი, მაგალითად ზესტაფონი დაწინაურდა, როგორ განვითარდა ეკონომიკურად, მერე ჩვენც გვექნება პრეტენზია რომ უკეთესი ქალაქი გვქონდეს. ამ კანონით ფეხს ავუწყობთ მოწინავე ქვეყნებს“, - ამბობს ნუგზარ თათეშვილი.

გიორგი ანდღულაძის თქმით, თუ ქალაქის ხელმძღვანელი ორიენტირებული იქნება საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარი ქალაქის განვითარებაზე, ის თავისუფალი იქნება განავითაროს საკუთარი ქალაქი და მუნიციპალიტეტი.

რა ხარვეზები შეიძლება ახლდეს პირველ ეტაპს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომელიც თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს თან სდევს.

„მაგალითად, ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ქალაქებისა და სოფლების დონეზე გართულდება ამდენი კარგი და ჭკვიანი მენეჯერი მოიძებნოს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი სოფლის ან ქალაქის პრობლემებზე იმუშაონ. თუ სადმე გარკვეული ხარვეზი იქნება, მოსახლეობას შეუძლია, როგორც აირჩია, ისევე გადაირჩიოს ის ადამიანი და აირჩიოს ის, ვინც ამ საქმეს თავს გაართმევს“, - ამბობს ანდღულაძე და ამატებს, რომ გარდამავალ ეტაპზე გარკვეული ხარვეზები იქნება, მაგრამ მიუხედავად პრობლემებისა ეს გზა მაინც გასავლელია და ადრე თუ გვიან ამ პრობლემების გადალახვა მოგვიწევს.

გარდა ამისა, გიორგი ანდღულაძე სხვა საფრთხეებზეც საუბრობს. მისი თქმით, თუ დაფინანსების სისტემა არ შეიცვლება, ქალაქის მოსახლეობა იმაზე გაცილებით ნაკლებ ფულს მიიღებს, ვიდრე დღეს იღებს.

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება„იმ ფულის უმეტესი ნაწილი, რომელსაც მუნიციპალიტეტი გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით იღებს, ძირითადად ქალაქში იხარჯება, ხოლო სოფელს დაახლოებით 20 პროცენტი ხვდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ყველა თვითმმართველი ერთეული ცალკე გამოიყოფა, თანხა პირდაპირ თვითმმართველი ერთეულზე გადანაწილდება. პირველ ეტაპზე ამან შეიძლება გარკვეული ტექნიკური პრობლემები შექმნას, მაგრამ საერთო ჯამში ეს გაცილებით სამართლიანი გადანაწილებაა“, - ამბობს გიორგი ანდღულაძე.

ქალაქის ყოფილი მერი: მთავარია ქალაქს დამოუკიდებელი ბიუჯეტი ჰქონდეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი, ქალაქის მერის მოვალეობას 1993-1995 წლებში ასრულებდა. მალხაზ გიქოშვილი იხსენებს, რომ მაშინ ახალციხეს, როგორც თვითმმართველ ქალაქს ბევრი ფუნქცია არ ჰქონდა და არც საკუთარი ბიუჯეტი გააჩნდა.

„ახალციხეს თუ თვითმმართველი ქალაქის სტატუსს მიანიჭებენ, ეს ძალიან ბევრ სიიკეთეს მოუტანს. იქნება უკვე სრულყოფილი თვითმმართველი ერთეული, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი ექნება და თანხების მოპოვებისთვის იბრძოლებს. რადგან, რაც არ უნდა იყოს, თანხის უმეტესი ნაწილი მაინც ქალაქში იხარჯება. იმიტომ, რომ წყლის სისტემა, კანალიზაციის სისტემა, თუნდაც გზები და ასე შემდეგ ქალაქში მოსაწესრიგებელია. თუ არ ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი, მაშინ აზრი არ ექნება ასეთი ქალაქის მერიის არსებობას“, - ამბობს მალხაზ გიქოშვილი და ამატებს, რომ ასეთი თანამდებობის პირები ყოვეთვის არჩევითი უნდა იყოს, რადგან მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს ვინ მართოს საკუთარი ქალაქი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას მოუტანს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?
რამდენი მაჟორიტარი ეყოლებათ საკრებულოებში გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებს
ახალციხეში თვითმმართველობის შეცვლილი კოდექსი განიხილეს
კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video]
ახალციხის პირველი მერი  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მიესალმება
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა  ვეტო დაადო