FM97.5 / LIVE

მსხვერპლით დასრულებული შელაპარაკება

მთავარისამართალი 25.06.2012
სისხლიანი გარჩევა ვალეში სიკვდილით დასრულდა. დავით ბაღდოშვილი, სასტიკი ცემის გამო, ჩხუბიდან 26-ე დღეს გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულებული შელაპარაკება

ინციდენტი ვალეში, სტალინის ქუჩაზე, 13 მაისს, საღამოს ათი საათისთვის მოხდა.

“იმ დილით კარტოფილი დავთესეთ. შუადღეს უკვე სახლში ვიყავით – იხსენებს გარდაცვლილის მეუღლე ნანა ბაღდოშვილი – საღამოს, მეგობართან ერთად ჯიხურში ლუდს სვამდა, მთვრალი იყო. ეზოდან ჩოჩქოლი შემომესმა. 15 წლის ბიჭი მყავს, მამას ხმა ისმისო და სახლიდან გავარდა, მეც გავყევი”.

ჯიხურთან ბევრი ხალხი ტრიალებდა. ვინ ვის ურტყამდა ძნელი გასარჩევი იყო.

“დავინახე, რომ რატი კაპანაძემ ჩემ ქმარს დიდი კეტი ჩაარტყა თავში. სწორედ ამის გამო გარდაიცვალა დათო. ჩხუბში ჩართული იყო ჩემი მაზლიც. მისგან ვიცი, რომ კეტი დათოს კარკაძემაც ჩაარტყა. იქ მყოფები ამბობენ, რომ კარკაძემ ქვაც ჩაარტყაო”, - გვიყვება ბაღდოშვილი.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ბაღდოშვილი მინდორზე დააწვინეს. მეუღლე სისხლის მობანას ცდილობდა, როცა უკანასკნელი სიტყვები თქვა, უფრო სწორად წაიღიღინა: “არ ყოფილა სამართალი ქვეყნად არავითარი”, სახეზე ხელი მოისვა და მას შემდეგ გონზე აღარ მოსულა.

იმ ღამესვე კატასტროფით თბილისში წაიყვანეს. პირველი ოპერაცია ვალეში მცხოვრები მოსახლეობის მიერ აკრეფილი ექვსი ათასი ლარით გაუკეთეს. როგორც მეუღლე ამბობს, დაზიანებული ჰქონდა ფილტვები, გულმკერდის არე, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა დაშავებულს თავის ტვინთან ჰქონდა. 25 დღის განმავლობაში აპარატს მიერთებული ბაღდოშვილი 26-ე დღეს მოხსნეს.

ნანა ბაღდოშვილის განმარტებით, ვალეში მომხდარი შელაპარაკების მიზეზი ორი წლის წინ, მეზობლის ავტოფარეხის გამო დაწყებული კონფლიქტი იყო.

ვალეში მცხოვრები ზაზა წინწკალაძე ყიდდა ავტოფარეხს, რომელიც მერაბი ბექაურმა იყიდა, მოგვიანებით კი ამ ავტოფარეხის ხელახლა ყიდვის სურვილი მიხეილ (იგივე კაკო) გაჩეჩილაძემ გამოთქვა.

“ჩემი მეუღლე იჭერდა ბექაურის ანუ მის მხარეს, ვინც პირველად იყიდა გარაჟი. კაკოს უთხრა, ფული აქვს გადახდილი და არ წაართვათო”, - გვიამბობს ბაღდოშვილი.

მისივე თქმით, მანამდე, სანამ ჩხუბი დაიწყებოდა, ჯიხურში შეკრებილმა ნასვამმა ბიჭებმა ერთმანეთში იკამათეს: “ამის შემდეგ წავიდა რატი კაპანაძე და ახალციხიდან მანქანით, “დუბინკებით” შეიარაღებული ბიჭები ამოიყვანა”.

იგივეს უდასტურებს “სამხრეთის კარიბჭეს” მერაბი ბექაურიც, თუმცა მოსაზრებას, რომ ჩხუბი ავტოფარეხის გამო მოხდა, კატეგორიულად უარყოფს.

13 მაისის საღამოს დათო ბაღდოშვილი ლუდს ბექაურთან ერთად სვამდა.

“იმ საღამოს კაკო იყო შარზე, ჩხუბი უნდოდა. ჩვენ ლუდს ვსვამდით, კაკოც ნასვამი მოვიდა. შეურაცხყოფა მომაყენა, არ დავუთმე, მეც შეურაცხყოფა მივაყენე. კაკომ რატი კაპანაძე მოიყვანა. რატიმ კი ახალციხიდან ბიჭები ამოიყვანა, - ამბობს ბექაური, თუმცა კაკოსთან შელაპარაკების მიზეზს არ აკონკრეტებს – მნიშვნელოვანზე არაფერზე გვიკამათია, მთვრალები ვიყავით და უბრალოდ სიტყვებზე ავყევით ერთმანეთს. დათომ კი ჩემი მხარე დაიკავა”.

რაც შეეხება ავტოფარეხის ამბავს, ბექაურის თქმით, მას წინწკალაძისგან “გარაჟის” ყიდვა ორი წლის წინ უნდოდა. 300 ლარი გადაუხადა კიდეც. სრულ თანხას, 1 300 ლარს, ავტოფარეხისთვის ბექაური მისი გადაფორმების შემდეგ გადაიხდიდა. ეს ნოტარიუსში ოფიციალურადაც გაფორმდა. თუმცა, მანამდე სანამ ავტოფარეხს ბექაურს გაუფორმებდა, წინწკალაძემ ავტოფარეხის სრული თანხა, 1 300 ლარი კაკო გაჩეჩილაძისგან აიღო, გაჩეჩილაძეს მიჰყიდა.

“გაჩეჩილაძემ სამასი ლარი გადამიხადა. დათო ბაღდოშვილი მეგობრულად მთხოვდა დამეთმო გარაჟი. მოვრიგდით კიდეც და ამის შემდეგ ჩემსა და კაკოს შორის არანაირი კამათი არ ყოფილა. ასე რომ, ეს ჩხუბი გარაჟის გამო მოხდა, ჭორია”, - აცხადებს ბექაური.

მისივე თქმით, გარდაცვლილს არც მასთან და არც კაკოსთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია: “დათო ბაღდოშვილს რაღაც უსიამოვნება ჰქონდა რატი კაპანაძესთან. საერთოდ, რატი საზოგადოებისათვის საშიში პიროვნებაა. არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და არავინ იცის ციხეში აქამდე რატომ არ ჰყავდათ”.

რატი კაპანაძე ამჟამად დაპატიმრებულია. პატიმრობაში არიან ერეკლე კარკაძე და კაკო გაჩეჩილაძეც.

“გაჩეჩილაძე არის ის, ვინც დაიბრალა მე ჩავარტყიო. დაიბრალა, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ კაკო არ დაარტყამდა, რადგან მისი ქომაგი იყო დათო ყოველთვის”, - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

გაჩეჩილაძისა და კაპანაძის ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, ჩხუბში მონაწილეთაგან, ბაღდოშვილზე დარტყმას, მხოლოდ გაჩეჩილაძე აღიარებს.

ამდენად, გარდა გაჩეჩილაძისა, ჩხუბში მონაწილე დაახლოებით შვიდ პიროვნებას, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აქვთ წაყენებული ბრალი, რაც ზოგადად ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. გაჩეჩილაძეს კი 239-ე მუხლთან ერთად ბრალს უყენებენ 117-ე მუხლითაც. ეს არის მძიმე დაზიანება, რამაც სასიკვდილო შედეგი გამოიწვია.

სამარჯიშვილი საქმეში 19 ივნისს ჩაერთო, ამდენად ჯერ არც საქმეს იცნობს ბოლომდე და არც დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვედრია.

“ყურმოკვრით ვიცოდი, რომ გაჩეჩილაძემ აიღო თავზე ეს ამბავი. მკვლელობის თავზე აღება საოცარი ფაქტია, მაშინ როცა მონაწილე უამრავი ადამიანია და შეგიძლია თქვა, რომ მე არ ვყოფილვარ”, - ამბობს სამარჯიშვილი.

მისივე თქმით, მათ შორის ვინც ჩხუბში მონაწილეობდნენ, სწორედ იმ აღიარებიდან გამომდინარე, რომელიც გაჩეჩილაძემ გააკეთა, ყველაზე ნაკლებად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მას ეკუთვნოდა, რადგან მან თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო თავზე და გამოძიებასთან ითანამშრომლა. რაც შეეხება კაპანაძეს, ის ამ დროისთვის თავდებით იყო გარეთ, ამდენად, მისთვის პატიმრობის შეფარდება არგუმენტირებულია.

ის გარემოება, რომ გაჩეჩილაძემ ბაღდოშვილზე დარტყმა აღიარა, ბუნებრივია, გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისი არაა.

“ძნელია იმის განსაზღვრა თუ ვისი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა ბაღდოშვილი. ერთია, ამ ჩხუბში მონაწილეთაგან თუ რომელიმე იტყვის რომ არავისთვის დაურტყამს, ტყუილია. სავალდებულოა, მკაფიოდ განისაზღვროს, თუ ვისი დარტყმის შედეგად მიიღო სიკვდილის გამომწვევი ჭრილობები ბაღდოშვილმა”, - აცხადებს სამარჯიშვილი.

საქმეში გარდა სამარჯიშვილისა, კიდევ სამი ადვოკატია ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი ეკა აბაშიძე, რომელიც მიხეილ კირთაძის ინტერესებს იცავს, კომენტარის გაკეთებისგან, თავს იკავებს: “ჯერ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს გეტყვით”.

იმის შესახებ, თუ რა გახდა ჩხუბის მიზეზი, ჯერ არც სამარჯიშვილი საუბრობს: “ჯერ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს უნდა შევხვდე”.

გარდაცვლილის მეუღლე კი მკვლელისათვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს. გარდა ამისა, უახლოს დღეებში ნანა ბაღდოშვილი სასამართლოში სარჩელს თბილისში, 300 არაგველზე მდებარე ინგოროყვას სახელობის კლინიკის წინააღმდეგაც შეიტანს. ბაღდოშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე უფრო ადრე იყო მკვდარი, ვიდრე ეს ექიმებმა უთხრეს.

ნანას მეუღლესთან შესვლის უფლება არ ჰქონდა, მას მხოლოდ მაშინ ნახულობდა, როცა ავადმყოფი დიალეზის გასაკეთებლად გაჰყავდათ: “ორი კვირის შემდეგ თავის თავს აღარ ჰგავდა, დასუსტდა, სულ ცივი იყო”.

მისივე თქმით, გარდაცვალების შემდეგ გვამის ბალზამირება არ შეიძლებოდა, რადგან წამლებით იყო გაჯერებული. ამიტომ გარდაცვლილი ყინულებში ჰყავდათ.

“ჩამოსვენებიდან მესამე დღეს, ორივე ნესტოდან მატლები წამოუვიდა.
დაფიქსირებული მაქვს ვიდეო კამერით როგორ ასუფთავებს დედამისი. მატლები კი ბოთლში მაქვს შენახული”, - ამბობს ბაღდოშვილი.

ის, ამ მტკიცებულებების წარდგენას სასამართლოსთვის მას შემდეგ აპირებს, რაც ექსპერტიზის დასკვნას მიიღებს: “სადაც გარდაიცვალა იმ საავადმყოფოს პროზექტურაში გავაჭრევინე, მაგრამ ექსპერტი ახალციხიდან ჩავიყვანე. პასუხი 30 დღეში იქნება. ასე გარდაცვალების თარიღს დავადგენ. ზუსტად ვიცი, რომ ადამიანს სიკვდილიდან მესამე დღეს მატლები არ უჩნდება”.

ბაღდოშვილი ფიქრობს, რომ საავადმყოფომ მეუღლის გარდაცვალება, ფულის გაკეთების მიზნით დაუმალა. აქ ბაღდოშვილებს ივლისამდე 17 000 ლარი აქვთ შესატანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალს ყოველდღიურად 0, 05 პროცენტი დაემატება.

ბაღდოშვილის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 31 ივლისსაა ჩანიშნული. გარდაცვლილს მეუღლესთან ერთად სამი შვილი დარჩა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
ყაჩაღობაში ბრალდებულის მეუღლე: ამ დონემდე ვალებმა მიიყვანა
ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ახალციხეში, რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო, 4 პირი დააკავეს
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს