FM97.5 / LIVE

აგარის საარჩევნო უბნის საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს

მთავარიპოლიტიკა 30.10.2013
ვინ და რატომ დატოვა საარჩევნო უბანი, რომელსაც ხმების დათვლისას ალყა ჰქონდა შემორტყმული, კარის ნაცვლად ფანჯრიდან; როგორ აღმოჩნდა დაკეტილ უბანზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დამკვირვებელი; რატომ გამოიძახეს პოლიცია უბაზნე და დადგება თუ არა ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.

აგარის  საარჩევნო უბნის საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს
დამკვირვებელმა, რომელსაც კარი არ გაუღეს, უბანი ფანჯრიდან დატოვა

#37 ახალციხის ოლქის #12 აგარის უბანის საკითხი შესაძლოა სასამართლომ განიხილოს.

„უბანი იყო დახურული, გაიღო კარი და შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენ მოვითხოვეთ ჩვენი წარმომადგენლის შემოსვლა, რადგან დაეფიქსირებინა დარღვევა, რომელიც შემდგომში მდგომარეობს, კერძოდ, არ დაემთხვა ბალანსი, იყო სხვაობა სამაგიდო სიების რაოდენობასა და ბიულეტენებს შორის. რის შემდეგაც სასწრაფოდ დალუქეს სიები სარეგისტრაციო წიგნში გაუტარებლად. შემდეგ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება დაგვედგინა რა განსხვავება იყო პირველად ბალანსში. ამის გამო გამოვთქვით პროტესტი და მოვითხოვეთ უბნის დატოვება. რაზეც მივიღეთ პასუხად კარის გაღებაზე უარი, ამიტომ მოგვიწია ფანჯრიდან გადმოსვლა“, - ნათქვამია „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოს“ დამკვირვებლის საჩივარში, რომელსაც ხელს გიორგი კაპანაძე და მიხეილ ტაბატაძე აწერენ.

ეს იყო აგარის უბნიდან შემოსული 3 საჩივრიდან პირველი, რომელიც 28 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაურით განიხილეს.

საოლქო კომისიის თავმჯდომარე საოლქო კომისიის წევრს: „კოდექსს მე არ უნდა გასწავლიდეთ“

აგარის  საარჩევნო უბნის საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს„დახურულ უბანზე შემოსვლის უფლება ამ ბიჭს არ ჰქონდა, მაგრამ ოლქის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა დაურეკა უბნის თავმჯდომარეს და ამიტომ შემოუშვეს. სად წერია, რომ არასამთავრობოს დამკვირვებელს აქვს უბანზე შემოსვლის უფლება?!“ - ჰკითხა სხდომაზე "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" წევრმა საოლქო სარჩევნო კომისიაში ლელა დანგაძემ (რომელიც ხმების დათვლისას აგარის უბანზე იმყოფებოდა) საოლქო კომისიის თავმჯდომარეს თეა გავაშელს.

„დამკვირვებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში. ცუდია თუ ეძებეთ ეს მუხლი და კოდექსში ვერ ნახეთ. მაპატიეთ, მაგრამ კოდექსს მე არ უნდა გასწავლიდეთ“, - უპასუხა გავაშელმა დანგაძეს.

„ეს კანონი არ შეესაბამება უბნის დახურვის შემდეგ პროცედურებს“, - არ დაუთმო დანგაძემ.

„ცესკოდან ავიღე კონსულტაცია. თუ უზუსტობაში გეპარებათ ეჭვი, შეგიძლაით გადაამოწმოთ“, - მიმართა გავაშელმა დანგაძეს.

„უბნის დაკეტვის შემდეგ შესვლის უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და ისიც ცესკოს წარმომადგენელს აქვს“, - არ თმობდა პოზიციას დანგაძე.

ნასვამი დამკვირვებელი დახურულ უბანზე

მისივე განცხადებით, ვინმე გივი ჯავახიშვილი, რომელიც დახურულ უბანზე გავაშელის ზარის შემდეგ შევიდა, ნასვამ მდგომარეობაში იყო: „მისმა შემოსვლამ არეულობა გამოიწვია.სწორედ ამ დროს ატყდა კარზე ბრახუნიც და ამ ბრახუნის ფონზე ითხოვდნენ ბიჭები გარეთ გასვლას, კარი ამიტომ ვერ გავაღეთ და ამიტომ გადახტნენ ეს ადამიანები ფანჯრიდან“.

"დამკვირვებელი უბნიდან რატომ გარბოდა? დარღვევა იყო და გარბოდა?! უცნაურია", - გაუკვირდათ კომისიის წევრებს.

აგარის  საარჩევნო უბნის საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდესყველაფერი კი ასე დაიწყო... უბნის დახურვამდე 19:00 საათზე ცესკოსა და საოლქოში ამორმჩეველთა რაოდენობის შესახებ მონაცემების გაგზავნისას უბნის თავმჯდომარეს სიმონ გელაშვილს საერთო სიაზე სპეციალური სიისა და გადასატანი ყუთის მონაცემების მიმატება გამორჩა. შესწორებული ვერსია მესიჯით მან ხელახლა, მალევე გაგზავნა. ამის გამო საოლქო კომისიის წევრებმა იფიქრეს, რომ უბანზე პრობლემები იყო და სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ აგარაში უბნის დახურვას 6-მდე საოლქო სარჩევნო კომისიის წევრი ესწრებოდა. ხმების პირველად დათვლისას, როგორც გელაშვილი ამბობს ცდომილება მხოლოდ ერთ ხმაზე მოუვიდათ და სანამ ხელმეორედ დაიწყებდნენ გადათვლას, სწორედ მანამდე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზარის გამო, მას დახურულ უბანზე დამკვირვებლის შეშვება მოუხდა.

„კომისიის წევრები ამბობდნენ, რომ დახურულ უბანზე მისი შემოშვება არ შეიძლებოდა და მეც ასე ვიცოდი. ამიტომ ატყდა აჟიოტაჟი. თან ეს ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რაღაცეებს იღებდა და მდივანს უშლიდა ხელს პროცედურების განხორციელებაში“, - ამბობს გელაშვილი.

ამასობაში, კომისიის იმ წევრების თქმით, რომლებიც უბანზე ხმების დათვლისას იმყოფებოდნენ, კარზე ბრახუნი ატყდა, ისეთი თითქოს ვიღაცა მის შემონგრევას ცდილობდა. ამჯერად დახურულ უბანზე შესვლას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საოლქოში დავით ჯინჭველაძე ცდილობდა, თუმცა იმის გამო, რომ მის გარდა უბანთან კიდევ ბვერი ადამიანი იმყოფებოდა, საუბნო კომისიის წევრებმა მას კარი არ გაუღეს.

„შეიძლება ითქვას, რომ ვეხვეწე თავმჯდომარეს უბანზეე ჯინჭველაძეც შეეშვათ, მაგრამ კომისიის ყველა წევრმა ამაზე უარი განაცხადა“, - გვიხსნის გავაშელი.

საარჩევნო უბანს ალყა შემოარტყეს

საოლქო კომისიის თავმჯდომარის თხოვნის მიუხედავად, ჯინჭველაძე უბანზე რომ მაინც არ შეუშვეს ამაზე ჯინჭველაძე თავადაც საუბრობს.

აგარის  საარჩევნო უბნის საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს„რისი კარის ჩამონგრევა?! არც პატარა ბავშვი ვარ და არც ვიღაცა ხულიგანი, რომ კარი მომენგრია. იქ იმიტომ მივედი, რომ გავიგე უბანზე პრობლემები იყო, - აცხადებს ჯინჭველაძე და ამატებს, რომ მან ჯერ კარზე დააკაკუნა შემდეგ კი ფანჯარაზე, - მინდოდა მათთვის შემეტყობინებინა ვინ ვიყავი და რა მინდოდა“.

მისივე თქმით, დაახლოებით 15 წუთში უბანთან 10-მდე ავტომანქანით „ოცნების“ აქტივისტები მივიდნენ და უბანს ალყა შემოარტყეს. მალევე გაჩნდა უბანთან პოლიციაც: „როგორც ვიცი, სამმართველოში ბურჯანაძის წარმომადგენლებმა დარეკეს“.

ამასობაში, უბანზე ხმების მეოთხედ გადათვლისას შემაჯამებელი ოქმი შეადგინეს. ჯინჭველაძემ კი მომხდართან დაკავშირებით საჩივარი დაწერა.

ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი პროცედურების დარღვევის გამო აგარის უბანზე საჩივარი დაწერა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელმაც. საჩივრის ავტორები კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ. თუმცა, კომისიას მსჯელობისა და კენჭისყრის შემდეგ, დისციპლინური პასუხისმგებლობა არც უბნის თავმჯდომარისთვის და არც სხვა წევრებისთვის არ დაუკისრებია.

„გამჭვირვალობა“ : „ოლქის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელის ლევან ნატროშვილის განცხადებით, დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა არა მხოლოდ უბნის, არამედ საოლქო კომისიის თავმჯდომარესაც. მისი განმარტებით, დახურულ უბანზე ვინმეს შეშვება კანონდარღვევაა.

„უბნის თავმჯდომარეს უარი უნდა ეთქვა ოლქის თავმჯდომარისთვის. ეს ცალსახად კანონდარღვევაა. ამიტომ დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმას, ვინც დაავალა რომ შეეშვა და ვინც აღასრულა, ანუ თავმჯდომარესაც“, - აცხადებს მეტრეველი.

აგარის  საარჩევნო უბნის საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდესმას ეთანხმება, საარჩევნო საკითხების ექსპერტი ნინა ხატისკაციც: „არც დამკვირვებლის და არც წარმომადგენლის შეშვება დახურულ უბანზე არ შეიძლება. მითუმეტეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ოლქს არ აქვს. ამგვარი გადაწყვეტილება უნდა მიეღო საუბნო კომისიას, პროცედურულად საოლქოს არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს უბანზე ვინმე შეუშვას“.

საწინააღდეგოს აცხადებს ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი. მისი განმარტებით, ნებისმიერ უფლებამოსილ პირს აქვს უფლება ხმების დათვლისას უბანზე შევიდეს: „ეს ტექნიკურ საკითხთან უფროა დაკავშირებული, რადგან თვლის პროცესში ხელი გეშლება, ვიდრე სამართლებრივთან“.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ ცესკოს და საოლქოს დავალებით უბანზე ერთი დამკვირვებელი შევიდა, მეორე წარმომადგენელთან მიმართებაში კი ეს ვერ მოხერხდა და იგი უბნის გარეთ დარჩა, გვპასუხობს: „შესაძლოა ბეიჯი, ან პირადობა არ ჰქონდა, ამას დეტალებში გარკვევა სჭირდება“.

„ნაციონალების“ წარმომადგენლის უბანზე შეშვებსაც დაუშვებლად მიიჩნევს ლევან ნატროშვილი. იგივეს აცხადებს ნინა ხატისკაციც, თუმცა, მისი განმარტებით, „შერჩევით შეშვება ტენდენციურობაზე მეტყველებს“.

საოლქოდან სასამართლომდე?

აგარის  საარჩევნო უბნის საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდესნატროშვილი მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა, ანუ ამ შემთხვევაში ჯინჭველაძემ, აღნიშნული საკითხი სასამართლოში უნდა გაასაჩივროს: „მომხდარი ცალსახად კანონდარღვევაა და თუ გაასაჩივრებს, მოგების პერსპექტივაც აქვს“.

გაასაჩივრებს თუ არა ჯინჭველაძე საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას ამის შესახებ N37 ახალციხის ოლქში არაფერი იციან.

„ვერ ვახერხებთ მასთან დაკავშირებას“, - ამბობს გავაშელი.

თავად ჯინჭველაძეს კი სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია: „ქალაქიდან ვარ გასული, გასაჩივრების ვადებს გადავხედავ და საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიასთან შეთანხმებთ მივიღებ“.

შეგახსნებთ, რომ #12 აგარის უბანზე, სადაც 831 ამომრჩეველია, 240 ხმა დავით ბაქრაძემ, 452 კი გიორგი მარგველაშვილმა მიიღო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხმაური საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას
შელაპარაკება N12–ე აგარის უბანზე
ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა
ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
ახალციხის საოლქო კომისიამ  ორი უბნის ხარვეზზე ხელახლა იმსჯელა
ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა