FM97.5 / LIVE

‘დაკეტილი მსოფლიო’ - რას ჰყვებიან უცხოეთში კარანტინში მყოფი ქართველები

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.03.2020
იზოლაციის პირობები საქართველოშიც და სხვაგანაც თითქმის ერთნაირია, მსგავსია ადამიანთა განცდებიც. როგორია ქართველების თვალით დანახული მსოფლიო, რომელიც გადარჩენისთვის სახლიდან იბრძვის - წაიკითხეთ მათი მონათხრობი ხუთი ქვეყნიდან.

‘დაკეტილი მსოფლიო’ - რას ჰყვებიან უცხოეთში კარანტინში მყოფი ქართველები

თითქმის ყველა ამბავი ერთმანეთს ჰგავს - იკრძალება გარეთ გასვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, ხუთ კაცზე მეტის შეკრება, აფთიაქებში არ იშოვება ანტიბაქტერიული საშუალებები, დაკეტილია საკვები და გასართობი ობიექტები. ასეა საქართველოშიც. და მაინც, ამ დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზით გაფანტული ქართველები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ. ისინი კი, ვინც დაბრუნებას ვერ ახერხებენ ან ამისი სურვილი არც აქვთ, კარანტინის პირობებს ემორჩილებიან.

გერმანია

‘დაკეტილი მსოფლიო’ - რას ჰყვებიან უცხოეთში კარანტინში მყოფი ქართველები

მარი ჩიტაშვილი გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის, ევროპისა და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. მისი ოჯახი ვალეში ცხოვრობს, თავად კი ზაარბრუკენში, საკარანტინო ზონაში იმყოფება.

„13 მარტიდან სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეწყდა. დაიხურა სავაჭრო ცენტრები, კინოები, თეატრები, აიკრძალა და გაუქმდა ყველა რელიგიური ღონისძიება. დაიხურა კაფეები,რესტორნები და სილამაზის სალონები.

21 მარტიდან გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი, რაც მკაცრი წესების დაცვას გვაიძულებს. ამ წესების მიხედვით, არ გვაქვს სახლის დატოვების უფლება, თუ ამას აუცილებელი საჭიროება არ მოითხოვს, როგორიცაა: პროფესიული მოვალეობების შესრულება, სურსათისა და მედიკამენტების შეძენა, ექიმთან სტუმრობა, შინაური ცხოველის გასეირნება და იშვიათ შემთხვევაში, ნათესავისა თუ ოჯახის წევრის სტუმრობა.

ამ კვირების განმავლობაში სურსათის შეძენა რამდენჯერმე მომიწია. დახლებზე სიცარიელეა. დღის მეორე ნახევრისათვის, შესაძლოა მოთხოვნადი პროდუქტები უკვე გაყიდული დაგხვდეს, ვგულისხმობ ბრინჯს, მაკარონს, პურს, ასევე პირველადი მოხმარების ნივთებს, თუმცა, მომდევნო დღეებში შეიძენ. ფასები არ შეცვლილა და იგივეა, რაც აქამდე ბაზარზე იყო.

უფრო რთული სიტუაციაა სააფთიაქო ქსელებში, პირადად მე ვერ შევძელი სადეზინფექციო ხსნარის, ხელთათმანებისა და პირბადის შეძენა.
ქალაქში მუშაობს მხოლოდ ფოსტა, მიტანის სერვიზის სამსახური, საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები, ტრამვაი და მატარებელი). საგანგებო რეჟიმით მუშაობენ სამართალდამცველები.

ამჟამად, გერმანიამ საზღვრები ჩაკეტა მის რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან ესენია: საფრანგეთი, ავსტრია, დანია, ლუქსემბურგი და შვეიცარია. გამონაკლისის სახით, მესაზღვრეები საზღვრის გადაკვეთის საშუალებას აძლევენ მათ, ვინც წარადგენს მუშაობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდა, ვმუშაობ რამდენიმე საშინაო დავალებაზე და ვცდილობ ნეგატიურმა განწყობამ ჩემზე ზეგავლენა არ მოახდინოს.

ჩემი უსაყვარლესი მხარე, სამცხე-ჯავახეთი - ისტორიული მესხეთი, მინდა გულთბილად მოვიკითხო და აქედან გავამხნეო“

ავსტრია

‘დაკეტილი მსოფლიო’ - რას ჰყვებიან უცხოეთში კარანტინში მყოფი ქართველები

ავსტრიაში, ზალცბურგის უნივერსიტეტში „ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობს გიორგი შავაძე. ზალცბურგში თებერვლის შუა რიცხვებში გაემგზავრა, მარტის დასაწყისში კი, კორონავირუსი უკვე ავსტრიაშიც გავრცელდა. თერთმეტი დღეა თვითიზოლაციაშია.

„ავსტრიის მთავრობამ, ოდნავ დაგვიანებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის, რამდენიმე დღეში კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა კარანტინი.

გარდა აუცილებელი საჭიროებისა, როგორიცაა საკვები პროდუქტების მომარაგება, მედიკამენტების შეძენა ან ვინმეს დახმარება, სახლიდან გასვლა გვეკრძალება. ნებადართულია მარტო თანამეოთახესთან ერთად სასეირნოდ გასვლა.

აიკრძალა მაღაზიებში, საცხობებში ხუთზე მეტი ადამიანის ერთდროულად ყოფნა. სპეციალური ლენტით შემოისაზღვრა ავტობუსის მძღოლის სივრცე, ისე რომ ერთი მეტრის რადიუსში ვერ მიუახლოვდე.

დაიხურა კაფე-რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები და სხვა ხალხმრავალი დაწესებულებები.

უნივერსიტეტი ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადავიდა და შეიმუშავა გამოცდების ახალი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც იმ სტუდენტებს, რომლებიც დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში, შეეძლებათ სემესტრი ონლაინ-რეჟიმში დახურონ და გამოცდები დისტანციურად ჩააბარონ.
ჩაიკეტა საზღვარი თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანასთან: უნგრეთთან, გერმანიასთან, ჩეხეთთან, შვეიცარიასთან...

სურსათისა და მედიკამენტების შეძენის პრობლემა ჯერჯერობით არ არის. კარანტინის პირველ დღეებში დეფიციტური იყო პირბადეების, ანტისეპტიკური საშუალებების და ხელის საპნის შეძენა, თუმცა რამდენიმე დღეში შეივსო მარაგები.

თავდაპირველად, კარანტინი პირველ აპრილამდე გამოცხადდა, თუმცა სიტუაციის გაუარესების გამო, 14 აპრილამდე გახანგრძლივდა“.

პოლონეთი

‘დაკეტილი მსოფლიო’ - რას ჰყვებიან უცხოეთში კარანტინში მყოფი ქართველები

უკვე ორი კვირაა, ნინა ჯანაშვილი კარანტინში პოლონეთში იმყოფება. აქ ორი წელია ცხოვრობს და კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში სწავლობს. იმ დღეს, როცა სწავლა უნდა დაწყებულიყო, სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გამოაცხადეს. უკვე ორი კვირაა სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს:

„10 მარტს ჩამოვედი საქართველოდან, რადგან სწავლა დამეწყო და სწორედ ამ დღეს გადაიდო სწავლა გაურკვეველი დროით, დაიკეტა ყველა დაწესებულება. ვიყიდე ბილეთი, ვცდილობდი საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ფრენა გამიუქმეს. ახლა სამი აპრილის ფრენას ველი, მაგრამ ბილეთები არ დაიდო საიტზე რომ ვიყიდო. არადა, გუშინ უნდა დადებულიყო ბილეთები, როგორც გამოაცხადეს, ველოდები, იქნება გამიმართლოს და დავბრუნდე.

ვრეკავ საელჩოში აქაც და საქართველოშიც, ვწერ მეილს, არავინ მპასუხობს, მესმის რომ ისინიც დაკავებულები არიან, მაგრამ იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება.

კრაკოვში ბევრი ქართველი სტუდენტია ჩემს მდგომარეობაში, ზოგმა ენაც არ იცის.

აფთიაქში სადეზინფექციო ხსნარები იყიდება, მაგრამ პირბადეს ძნელად იშოვი.

მაღაზიებში უზარმაზარი რიგია, პროდუქტების ნაკლებობაა, მხოლოდ ძვირიანი პროდუქტებია დარჩენილი. ფასებმა საგრძნობლად აიწია.
უკვე 14 დღეა სახლში, თვითიზოლაციაში ვიმყოფები და საბედნიეროდ, ცოტა პროდუქტის მომარაგება შევძელი“.

იტალია - რომი

‘დაკეტილი მსოფლიო’ - რას ჰყვებიან უცხოეთში კარანტინში მყოფი ქართველები

კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, იტალია ერთ-ერთი მაღალი რისკის ქვეყანაა. ვასიკო ბალიაშვილი დედაქალაქში, რომში ცხოვრობს და ვატიკანის პაპ გრეგორის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს. ამბობს, რომ რომში შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ დაწესდა, რაც ჩრდილოეთ იტალიის რეგიონები „წითელ ზონად“ გამოცხადდა. ახლა ისიც სავალდებულო კარანტინშია.

„მიუხედავად ქვეყნის ჩრდილოეთიდან, სავალალო ცნობებისა, ხალხი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა ყოველდღიურ ცხოვრებას. რომში მდებარე ბარები, ქუჩები და პარკები სავსე იყო ხალხით, არ იგრძნობოდა არავითარი პანიკა. უფრო მეტიც, გარკვეულწილად, იყო არასერიოზული დამოკიდებულებაც. ხშირად გაიგონებდი ასეთ ფრაზებს: მხოლოდ მოხუცებს ერჩის ეს ვირუსი, თუ სხვა მიმდინარე დაავადება არ გაქვს, შეგიძლია მშვიდად იყო, უბრალო გრიპია და ა.შ. თუმცა, აფთიაქებიდან და სუპერმაკეტებიდან უცბად გაქრა სადეზინფექციო საშუალებები და პირბადეები.

ჩრდილოეთ იტალიის დახურვას, რამდენიმე დღეში მოჰყვა იტალიის პრემიერის მიერ გამოცემული დეკრეტი “მე ვრჩები სახლში”, რომლის მიხედვითაც, მთელი ნაციონალური ტერიტორია სავალდებულო კარანტინში მოჰყვა.

თითქმის ყოველ მეორე დღეს მკაცრდება პირველ დეკრეტში გაწერილი მოქალაქეთა ქცევის წესები. მაგალითად, პირველ ეტაპზე, შესაძლებელი იყო შენს უბანში მდებარე პარკში გასულიყავი რამდენიმე საათით, სავალდებულოდ სრულიად მარტო, პირბადითა და ხელთათმანებით, ახლა ეს კომუნალური პარკებიც დახურა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

მკაცრად აიკრძალა არა მარტო რეგიონებს შორის, არამედ ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში გადაადგილებაც. თუ მოქალაქეს აუცილებლობა აქვს გადაადგილების (მაგალითად, მუშაობს, ექიმთან მიდის, ან უმწეო, მარტოხელა ნათესავის დასახმარებლად) უნდა შეავსოს სპეციალური ფორმულარი, სადაც უნდა დაადასტუროს, რომ არ აქვს ვირუსი, არ აქვს გამოწერილი სავალდებულო კარანტინში ყოფნა ექიმის მიერ და გადაადგილების მოტივი.

რასაკვირველია, ასეთი მასიური კონტროლი, გადაადგილებაში დიდ საფრთხეს უქმნის არალეგალ ემიგრანტებს, რომლებიც უსაბუთოდ და უკონტრაქტოდ მუშაობენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაკეტილია ყველაფერი, გარდა აფთიაქებისა, სუპერმარკეტებისა და გაზეთების ჯიხურებისა. ყველას შეუძლია თავისი სახლიდან ყველაზე ახლოს მდებარე აფთიაქში და სუპერმარკეტში მივიდეს. აქ შესვლის რიგს აწესრიგებენ სპეციალური მოდერატორები - როდესაც ერთი გამოდის, ერთი შედის. რიგში დგას ხალხი ერთმანეთისგან ორ მეტრიანი დაშორებით.

სურსათის შეძენაზე არავითარი პრობლემა არ არსებობს, შეუფერხებლად იყიდება ყველაფერი საგანგებო მდგომარეობამდე არსებული ფასებით.
პრობლემაა მხოლოდ პირბადეების, ხელის სადეზინფექციო ხსნარებისა და ეთანოლის სპირტის შეძენა. არამხოლოდ პრობლემაა, თითქმის არ იშოვება“.

იტალია-ტარანტო

სავალდებულო კარანტინში ყოფნა მოუწიათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოდან სამუშაოდ წავიდნენ და ჯერ ლტოლვილის სტატუსი არ აქვთ. „სამხრეთის კარიბჭე“ ერთ-ერთ მათგანს იტალიაში დაუკავშირდა.

„თითქოს ერთ თვეში ყველა დაბერდა დიდი თუ პატარა. ცარიელია ქუჩები, მიუკეტიათ სახლის კარებები და იმდენად შეშინებულია ხალხი თითქოს ერთმანეთს თუ მიესალმებიან, ამითაც გადაედებათ ვირუსი... თავიდან იყო მხნეობა, რაღაც დოზით გვერდში დგომა, ახლა მთლად ჩაიკეტნენ.

დაძაბულები ვუსმენთ ყოველ საინფორმაციოს, იქიდან მხოლოდ მოწოდება „დარჩი სახლში“ ისმის და პირდაპირ ჩართვებში ექიმების ვედრება, რომ აღარ შეუძლიათ ამდენი მიცვალებული...

თითქოს ეს ბოლო ორი დღეა შემცირდა სიკვდილიანობა. დაძაბული ვარ მე, პირადად ჩემი მეგობრების გამო, რომლებსაც ღამის სამსახურები აქვთ და მოძრაობა უწევთ ყოველდღე ქალაქში (მხოლოდ ღამე სჭირდება მოხუცს დახმარება). ყოველი დილა ლოცვით მითენდება და მიღამდება.

უფრო ცუდ სიტუაციაში არიან, ისინი, ვინც დასაქმება ვერ მოასწრო და ყველაფრის გარეშეა დარჩენილი...

მახარებს ის, რომ საქართველოში ასე კარგად უმკლავდებიან ამ მკვლელ ვირუსს. სულ ტელეფონში ვარ, შვილსაც და ყველა ნათესავს თავი მოვაბეზერე მოკითხვებით, ცუდი ხვედრი ყოფილა ემიგრანტობა, თან ასეთ პერიოდში...

სულ იმას ვიძახი ყველაფერი კარგად იქნება, უფალი არ მიგვატოვებს. ახლა ცუდი ფიქრების დრო უბრალოდ აღარ მრჩება“.

ამერიკა

‘დაკეტილი მსოფლიო’ - რას ჰყვებიან უცხოეთში კარანტინში მყოფი ქართველები

ამერიკული არმიის ქართველი ოფიცერი, გიორგი ჩილინგარაშვილი ამჟამად ჯორჯიის შტატში ცხოვრობს, ქალაქ კოლუმბუსში. ამბობს, რომ კორონავირუსის გამო, ცვლილებები სამხედრო ბაზასაც შეეხო.

„ფორტ ბენინგის სამხედრო ბაზაზე გავდივარ სამხედრო მოსამზადებელ კურსებს. კორონავირუსის გამო, როგორც ყველგან, აქაც მაქსიმალურად ცდილობს ხალხი, რომ ნაკლებად გავიდეს სახლიდან და დაემორჩილოს კანონს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპანიების მუშაობაც და სასწავლო პროგრამებიც ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
რამდენიმე შტატშია უკვე კარანტინი გამოცხადებული.

აქ, სამხედრო ბაზაზე მაქსიმალურად ვიცავთ სოციალურ დისტანციას, დაახლოებით ორი მეტრის რადიუსში სიახლოვე გვეკრძალება.
სურსათისა და მედიკამენტების შეძენის პირობები სამხედრო ბაზაზე კარგია, ძირითადად, სადეზინფექციო საშუალებებზეა შეზღუდვა ვინაიდან ძირითადი ნაწილი საავადმყოფოებში იგზავნება.

თუმცა ფაქტობრივად სხვა ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 25 მარტის მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 196 ქვეყანაშია გავრცელებული. ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებად სახელდება ჩინეთი, იტალია, ამერიკა, ესპანეთი, გერმანია, ირანი, საფრანგეთი.

აქ დაავადებულთა რიცხვი 20 000-დან 80 000-მდეა.

საქართველოში კრონავირუსის 73 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 10 გამოჯანმრთელებულია;
კარანტინის რეჟიმში - 4055 პირია;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252;

ამავე თემაზე ნახეთ - უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ფრენები 26 მარტიდან იწყება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.03.2020 საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

30.03.2020 ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე, სამველ პეტროსიანს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედგინათ

30.03.2020 როგორ დავამუშაოთ ხილ-ბოსტნეული - რჩევები

30.03.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სწავლა 21 აპრილამდე გადაიდო
კორონავირუსს მსოფლიოს 186 ქვეყანაში ებრძვიან – 21 მარტის მონაცემები
ყველაფერი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე
საქართველოში COVID 19–ით ინფიცირებულთა რიცხვი 108–მდე გაიზარდა
რას გულისხობს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – გახარიას განმარტება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა შეწყდა
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე