FM97.5 / LIVE

ზიარება ერთი კოვზიდან და ერთმეტრიანი დისტანცია - მსახურება სამცხე-ჯავახეთის ტაძრებში

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.03.2020
სამცხე-ჯავახეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეული განრიგით აღევლინება. სასულიერო პირები ამბობენ, რომ მსახურებისას მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, თუმცა ზიარების წესი არ შეუცვლიათ.

ზიარება ერთი კოვზიდან და ერთმეტრიანი დისტანცია -  მსახურება სამცხე-ჯავახეთის ტაძრებში
ფოტო:არქივი

საკვირაო ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში ისევ მრევლთან ერთად და ერთი კოვზით ზიარების პრინციპით შესრულდა. 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ტაძრებში ათ ადამიანზე მეტი შეიკრიბა. სასულიერო პირების განმარტებით, ეს პირველი კვირა იყო და მრევლი კარგად ინფორმირებული არ აღმოჩნდა, შესაბამისად, მსახურებისას მათ დისტანციის დაცვა მოსთხოვეს.

„შევეცადეთ, რომ რაღაცნაირად დისტანცირებული ყოფილიყო ხალხი მსახურებაზე, მეტრ-ნახევარი, ორი მეტრი. გარეთაც იდგნენ. ამ შაბათ-კვირას უფრო დახვეწილი იქნება ალბათ ეს მდგომარეობა, უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას თვითონ მრევლი, ვერ განვსაზღვრეთ ზუსტად 10 ადამიანი, მაგრამ შევეცადეთ დისტანცია ყოფილიყო“, - ამბობს ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი ნიკოლოზ აბრამაშვილი.

ტაძრის წინამძღვარი ადასტურებს, რომ მრევლი ერთი კოვზიდან აზიარა: „ზიარება ჩვეულებრივად იყო, მაგრამ გამოვაცხადეთ ტაძარში, რომ თუ შესაძლებელია ბაღდათით არ ესარგებლათ და იყო ერთჯერადი ხელსახოცები, რომ ტუჩები მოეწმინდათ თუ იქნებოდა ამისი საჭიროება“.

ერთი კოვზით ეზიარნენ, მაგრამ მსახურებაზე დასწრებისას დისტანცია დაიცვეს ბორჯომის ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარშიც.

წინამძღვარი, დეკანოზი იოანე ხეცურიანი ამბობს, რომ საკვირაო მსახურებაზე მრევლმა დისტანცია მხოლოდ ზიარების მიღებისას დაარღვია, რომელიც აქაც ტრადიციული წესით შესრულდა: „საუკუნეების მანძილზე, უფლის სისხლითა და ხორცით ადამიანები მძიმე, მომაკვდინებელი სენისგან იკურნებოდნენ. დავრდომილები ფეხზე წამომდგარან. ქრისტე ცოცხლად მოდის ამ დროს ადამიანთან და ადამიანი კოვზზე დაბრძანებულ ქრისტეს ეგებება. აქედან გამომდინარე, რაიმეს გადადება ამ დროს, შეუძლებელია და ვინც ამას ამბობს, მას მართლმადიდებლობასთან კავშირი არ აქვს და შეძლება ითქვას, რომ რწმენა არ გააჩნია“.

კითხვაზე, რატომ იცავენ მორწმუნეები დისტანციას წირვის დროს, წინამძღვარი განმარტავს, რომ ეს მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებია, რომლებსაც ეკლესია ითვალისწინებს რისკების თავიდან აცილების მიზნით: „დავით მეფსალმუნე ქრისტესშობამდე ცხრა საუკუნით ადრე ამბობს ასეთ სიტყვებს: „არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“. ამიტომ ჩვენ რაღაც რისკებს ვერიდებით, არ ვცდით ღმერთს, ვიცით, რომ იქ სულიწმინდაა ტაძარში, ანგელოზებით არის სავსე. ისტორიიდან გამომდინარე, ბერი მსახურებდა ეკლესიაში, ეკლესია კი ლოცულობდა მთავრობისთვის და მხედრობისთვის. ამიტომ მთავრობის რჩევა ჩვენთვის არის მისაღები და ყველა ექიმსა და პროფესორს ვცემთ პატივს“.

მთავრობის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ლიტურგიისას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს მრევლს ვალეშიც.

„პატრიარქისა და მღვდელმთავრის კურთხევით ვცდილობდით დაგვეცვა წესები. შეძლებისდაგვარად შევძელით, რომ ხალხს ჰქონოდა დისტანცირება ერთმანეთთან. ეზოშიც იდგა მრევლი, როგორც იყო პრემიერისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებები“, - ამბობს ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იობ ბრეგვაძე.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მისაღები ზომების შესახებ საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართა, თუმცა არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სინოდის გადაწყვეტილებით, ერთი კოვზის პრინციპით ზიარების წესი არ შეიცვალა.

21 მარტს კი მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ათ ადამიანზე მეტის დახურულ სივრცეში თავშეყრა შეზღუდა.
22 მარტს საკვირაო მსახურებაზე მისული მრევლი ლიტურგიას თავისუფლად დაესწრო. მოძღვრები განმარტავენ, რომ ხმის გამაძლიერებლები იდგა ეზოებშიც, სადაც ხალხს წირვის მოსმენა შეეძლო.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, 8 პაციენტი გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეზღუდულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა და საქალაქთაშორისო გადაადგილება, კარანტინის ზონებადაა გამოცხადებული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რას (არ) აკეთებენ რელიგიური კონფესიები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის
‘ტაძარში უფრო ნაკლები ხალხია, ვიდრე ტრანსპორტში, აფთიაქებსა და მაღაზიებში’  - საპატრიარქო
ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით
‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა
ახალციხის ტაძრებში მრევლი სააღდგომო ლიტურღიის დაწყებას ელოდება  [ფოტო]
ახალციხეში ‘შვიდგზის ზეთისცხება’ ტაძრის ეზოში სრულდება [ფოტო]