FM97.5 / LIVE

რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

მთავარისიახლე, განათლება, კორონავირუსი 20.03.2020
ვირტუალურ სივრცეში მოწყობილი საკლასო ოთახები და პროცესის ინტერნეტ პლატფორმებით წარმართვა სამცხე-ჯავახეთის ბევრ სკოლაში გამოწვევად რჩება. ახალი რეალობის მორგება პრობლემური აღმოჩნდა, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების ნაწილისთვის. უკეთესი მდგომარეობაა ქალაქის სკოლებში, სოფლად კი გამოწვევას უინტერნეტობაც ემატება.

რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ სავალდებულო არდადეგები ორი მარტიდან დაიწყო. ამ დრომდე უცნობია, როდის განახლდება სწავლა სკოლებში. შესაბამისად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩამორჩენა მოსალოდნელია.

პანდემიის პირობებში, სასწავლო დაწესებულებებმა სამინისტროდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის მითითება მიიღეს. რაც იმას ითვალისწინებს, რომ პედაგოგებმა უნდა მოახერხონ და პროცესი ვირტულაურ სივრცეში განაგრძონ, რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან ერთად. გამოწვევებიც სწორედ აქედან იწყება.

ინტერნეტ პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც კლასების დაჯგუფება უნდა მოხდეს, ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არ არის. სამინსიტროს რჩევაა პედაგოგებმა Microsoft Teams გამოიყენენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პლატფორმა ზოგიერთი სკოლის პედაგოგების და მოსწავლეებისთვისაც რთულია.

„დღეს ჩვენ დირექტორმა შეგვკრიბა ამ საკითხთან დაკავშირებით და გადავწყვტეთ, რომ „ფეისბუქის“ საშუალებით დავუკავშირდეთ მოსწავლეებს. ჩვენთან ინტერნეტი კი არის, მაგრამ მაგდენი კომპიუტერი არ გვაქვს, რომ ამ პლატფორმით ვიმუშაოთ. „ფეისბუქთან წვდომა უფრო აქვთ ბავშვებს, ტელეფონებში. დავალებებს მივცემთ, გადავაგზავნით და მერე გადმოგვიგზავნიან“, -ამბობს ახალციხის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი და ისტორიის მასწავლებელი ცისანა ნადირაძე.

არა ხოლოდ ახალი პლატფორმის, არამედ ინტერნეტის პრობლემაა ჯავახეთის სოფლებშიც. აქ Teams-ის გამოყენებას მხოლოდ უფროს კლასელებში აპირებენ, ესეც იქ, სადაც ინტერეტის დაფარვაა. ნანა შუბითიძე, რომელიც ქალაქ ნინოწმინდასა და სოფელ გორელოვკის სკოლებში ქიმია-ბიოლოგიას ასწავლის, ამბობს, რომ მოსწავლეები უმეტესად „მესენჯერის“ ჩათს იყენებენ.

„პრობლემა ის არის, რომ ყველა ბავშვს არ აქვს კომპიუტერი და არც ინტერნეტთან წვდომა. ნინოწმინდაში კიდევ არა უშავს, მაგრამ მე სოფელშიც ვასწავლი, გორეკოვკაში და იქ უფრო მძიმე სიტუაციაა. ვცდილობთ, რომ ტელეფონით ჩავუნიშნოთ დავალებები და რამე გაუგებრობა თუ არის მშობლებიც გვირეკავენ“.

ნანა შუბითიძე მეხუთედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ბავშვებს ასწავლის და ამბობს, რომ სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პლატფორმას Teams-ს მხოლოდ მეათე და მეტერთმეტე კლასებში იყენებს: „მაღალი კლასის ბავშვებს არ გაუჭირდათ რეგისტრაცია, ასევე ვიყენებთ მესენჯერს, მაქვს ჯგუფები შექმნილი და სასწავლო რესურსსაც იქ ვუგზავნი. ბავშვები კლასებში ბევრნი არ არიან და ამ შემთხვევაში მესენჯერიც ეფექტურია“.

Teams-ში დარეგისტრირდა, თუმცა მესენჯერის საერთო ჩათს და ტექნიკური საგნებისთვის შექმნილ მოსახერხებელ აპლიკაციას „ხანას აკადემიას“ ანიჭებს უპირატესობას აბასთუმნის სკოლის ფიზიკის პედაგოგი, ლია გვარამაძეც.

„ინტერნეტის პრობლემა არ აქვთ ჩემს მოსწავლეებს, მაგრამ არ ვიცი რამდენად ყველა მერთვება გაკვეთილზე. რომელ კლასშიც შევდივარ ვეუნები დამიწერეთ სახელები, შემომეხმიანეთ ყველანი. უმრავლესობა არის ხოლმე და შეიძლება იყოს ერთი-ორი, ვინც ვერ შემოდის. Teams არის პროგრამა, რომელიც თუ ბავშვებმაც არ გაიცნეს, ვერ ასწავლი. ამიტომ „ფეისბუქზე“ მესენჯერით ვაკეთებთ დავალებებს“.

პედაგოგთან ნაწილისთვის ახალი Teams პროგრამის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი მეგი ბექაური აპლიკაციის დახმარებით სასწავლო პროგრამას პირველ კლასთან გადის. ამბობს, რომ დისტანციურ სწავლებას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს და დადებითიც.

„სირთულე ის არის, რომ 28 ბავშვი მყავს კლასში და ყველას ჩართვა რთულია, ხან ინტერნეტი არ მუშაობს. პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ზოგიერთ ოჯახს ინტერნეტის პრობლემა აქვს, ზოგი ტელეფონში ყიდულობს რაღაც ბაიტებს ინტერნეტისას. ნაწილი, რომელიც Teams–ში ვერ მიკავშირდება, მესენჯერში ვეკონტაქტები. ჩართულები არიან მშობლებიც და ისინიც გვეხმარებიან“.

მეგი ამბობს, რომ საგანმანათლებლო აპლიკაციებთან შეხება იქამდე ჰქონდა, ვიდრე პროცესის დისტანციურად წარმართვაზე სამინისტროდან მითითებებს მიიღებდნენ.

„იმ მასწავლებლებისთვისაც რთულია, ვისაც შეხება არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ სექტემბრიდან დავიწყეთ ამ პროგრამების სწავლა, რადგან ჩართული ვიყავით „ახალი სკოლის მოდელში“ და გავიარეთ“.

თინიკო ბერიძე, რომელიც ბორჯომისა და ასპინძის სკოლებში ასწავლის, Teams–ის გააქტიურებისთვის ორივე სკოლის მოსწავლეებს თავად ეხმარება. ამბობს, რომ ეს არის პროცესი, რომლითაც ახალი ტექნოლოგიების შესახებ ძალიან ბევრი გაიგო და სამომავლოდ აქტიურ გამოყენებას გეგმავს.
„ყველა მოსწავლეს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ინტერნეტი ჰქონდეს. ეს ძალიან მაწუხებდა, იმიტომ, რომ ვფქირობდი, რომ ასე ბავშვები იჩაგრენოდნენ და მათი ნაწილის უფლებებს ვარღვევდი, თუმცა რადგანაც ახლა ჩვენ გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვიფიქრე, რომ ბავშვებს რაღაცნაირად უნდა მივხედოთ. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი, სატელეფონო საუბარში ვრთავ. სამწუხაროდ, ჯერ კონკრეტულად ვერ აღვრიცხე რამდენს არ აქვს ინტერნეტი. 99% მესენჯერში ჩართულია, თუმცა მესენჯერი არ გვაძლევს ბევრის საშულებას“.

გარდა Teams–ისა თინათინ ბერიძე „ხანის აკადემიასაც“ იყენებს. რაც შეეხება ბავშვების ჩართულობას, ამბობს, რომ პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

„Teams–ში ჩასართავად სამინისტრომ ინდივიდუალურად შეუქმნა მოსწავლეებს ელ-ფოსტები და ჩვენ ვარეგისტრირებთ. ეს პროცესი ჩემს თავზე ავიღე და მეექვსე დღეა, დღე და ღამე არ მაქვს. ყველა ბავშვს უნდა გაუგზავო თავისი მეილი, შეიძლება არ არის სწორი, მერე ხელმეორედ უგზავნი ზუსტად სიტყვა-სიტყვათ სად უნდა წერტილი, სად უნდა ძაღლუკა, ყველა ბავშვი ვერ შედის, სჭიდება ჩამოტვირთვა, შესვლა. რთულია, თუმცა ვცდილობ მოთმინებით ავუხსნა“, - ამბობს ბერიძე და ამატებს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ერთვებიან, აპლიკაცია ბევრ საშუალებას სთავაზობს, როგორიც არის ვიდეო გაკვეთილები, ცდების გაზიარება და ა.შ.

ინტერნეტ პროგრამას იყენებენ ახალციხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი, მაკა ჯანაშვილის მოსწავლეებიც. ამბობს, რომ არც ინტერნეტის პრობლემა აქვს და არც მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვის: „Teams–ში მეხუთე კლასელები ხალისით ჩაერთვნენ, ასევე „ხანის აკადემიაშიც“, ეს ძალიან კარგი პორტალია, პოზიტიური უკუკავშირი აქვს. როცა რამეს არასწორად აკეთებს ბავშვი ეუბნება, „ჯერ არ არის სწორი, აბა კიდევ სცადე“ და არა პირდაპირ - „შენ ვერ გააკეთე!“. მთელი კლასი დავიმატე და ჩემთანაც ჩანს დღეში ვინ რამდენ წუთს ვარჯიშობს. პარალელურად ვსარგებლოთ მშობლების მესენჯერებითაც, რადგანაც მშობლებიც იყვნენ ჩართულები“.

როდის დაუბრუნდება სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს, უცნობია.ეს კორონავირუსის გავრცელებასა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მანამდე კი, არსებობენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მზად საგაკვეთილო პროცესი ვირტუალურ სივრცეში გააგრძელონ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დისტანციური სწავლება – გამოწვევები არაქართულენოვანი სკოლებისათვის
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ
ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
გიორგი გახარია ვარაუდობს რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე ვერ აღდგება
5 წლის პირველკლასელები
მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება