FM97.5 / LIVE

სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 13.03.2020
უდის პატარა, წყლის წისქვილში ქვა გაილია, მაგრამ მაინც ბრუნავს. იფქვება ხორბალი და სიმინდი, მოაქვთ ქერიც. ზოგს „წმინდად დაფქვა“ უნდა, ზოგს ღერღილი ურჩევნია, ზოგს კი უბრალოდ ხორბლის ოდნავ მუქი და ძალიან არომატული პური მოენატრა. მეწისქვილე სურვილის მიხედვით აყენებს ჩარხს, მარცვალს ყრის და ელოდება..

სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

თემურ ათოშვილის პატარა წყლის წისქვილს „ხევის წყალი“ ამუშავებს. ქოხში ათობით ტომარაა, მათი ნაწილი მარცვლეულით არის სავსე, ნაწილი კი ფქვილით. სიმინდს ხორბალი ცვლის, ხორბალს ქერი და ასე განუწყვეტლად.

„1998 წელს გავაკეთეთ, ჩვენი ოჯახის წისქვილია. ძალიან კარგი ხელოსანი იყო, პავლე აბულაძე და იმან გაგვიკეთა. იმ პერიოდში, ფქვილი ძალიან ჭირდა სოფელში და მაგის გამო გადავწყვიტეთ წისქვილის დადგმა. ორი-სამი დღე ვეძებეთ ქვა, ბოლოს საზღვრის [თურქეთის საზღვარი] პირზე ვნახეთ და იქიდან ჩამოვიტანეთ. მაშინ 300-400 კილოს იწონიდა, ახლა გაილია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვა როგორია. კაჟნარევი უნდა იყოს, რომ ქვა ქვაზე რომ იტრიალებს არ დაიფხვნას და თავისი, ფქვილივით ნაშალი მასალა არ გამოიტანოს“, - ამბობს თემურ ათოშვილი.

პატარა სივრცეში ერთდროულად ისმის წყლის ჩხრიალი, ჩარხისა და ქვის ბრუნვის ხმა, მარცვლის ჩავარდნის წკარუნი და ბოლოს ზარის წკრიალი, რომელიც მეწისქვილეს პროცესის დასრულებას ამცნობს. მისთვის ამ პატარა სივრცეში მუშაობა სიამოვნებაა: „რომ შევდივარ ისეთი ხმაა წისქვილში, რიტმული, რომ ვისვენებ. გარდა მაგისა, რასაც ფქვავ იმისი სუნიც, ძალიან სასიამოვნოა“.



უდის „მეიდნებში“ წყლის წიქვილი რომ არის, მთელმა სოფელმა იცის. საფქვავი აქ მეზობელი სოფლებიდანაც მოაქვთ. სავსე ტომრებს ზედ სახელები აწერია. 10 კილოგრამი ფქვილიდან მეწისქვილეს ერთი რჩება.

„სხვა სოფლებიდანაც მოაქვთ: ბოლაჯურიდან, ენთლიდან, ფხეროდან. იმიტომ, რომ რაიონში მარტო ორი-სამი წისქვილია შემორჩენილი. უდეში ორია, მაგრამ ერთი დროებით არ მუშაობს ახლა“.

იმ პერიოდს იხსენებს, როცა ფქვილის ყიდვა მარტივი საქმე არ იყო. ამბობს, რომ მაშინ დასაფქვავი ხორბალი ბევრი იყო. ზოგს პურისთვის „წმინდად“ დაფქვა უნდოდა, ზოგი კი ტრადიციული კერძის „ჰერისასთვის“ ღერღილს ამზადებდა. იყვნენ სიმინდის ტომრებით მოსული ხალხიც, „ზოგი ჭადის ფქვილისთვის, ზოგი კი წიწილების საჭმელისთვის“. მაშინ ჩარხი არ ჩერდებოდა და ქვაც განუწყვეტლად ბრუნავდა. საქმეს მარტო ვერ უმკლავდებოდა, დამხმარეც ჰყავდა და ღამესაც წისქვილში ათენებდა. ახლა ისეთი დატვირთვით აღარ მუშაობს, მაგრამ საფქვავის სიმცირეს არ უჩივის.

„როგორც თვითონ პატრონი გეტყვის, იმის მიხედვით დაფქვავ. საჭმელად უნდათ, ღერღილი უნდათ, წიწილებისთვის უნდათ თუ რა... ჩარხს აწევ და შესაბამისად დააყენებ. დღე-ღამეში 250-300 კილოგრამს ვფქვავ. სამუშაოდ რთულია. მაგალითად, გაზაფხულის პირზე, წყლის სათავე რომ იმღვრევა, ღამე ორ-სამჯერ ავდივარ რომ გავწმინდო. რამე ნაშალი მასალა, ბალახი ან ფოთოლი თუ გაიჭედა, წყალი აღარ წამოვა და ქვაც ვეღარ დატრიალდება“, - ამბობს მეწისქვილე და ამატებს, რომ ხევის წყალი „ირმის ჭალიდან“ მოდის, სათავე კი 100-150 მეტრში აქვთ.

საქმე, რომელსაც თემურ ათოშვილი აკეთებს, მისი ოჯახისთვის უცხო არ არის. ამბობს, რომ მის პაპასაც წისქვილი ჰქონდა, ოღონდ მაშინ, უდეში დაახლოებით 12 წისქვილი მუშაობდა. მერე დრო გავიდა და წყლის წისქვილი ზოგან დენის წისქვილმა ჩაანაცვლა.

„დენის წისქვილი ფქვილს წვავს და ამას მეტიც რომ მოუვიდეს ბურნვა, არ იწვება, ამიტომ ფქვილი უფრო გემრიელია. აქ დაფქვილი ფქვილისგან გამომცხვარ ხორბლის პურს, ვერაფერი ჯობია“.

თემურის წისქვილი მუშაობას ზაფხულში, რწყვის პერიოდში დაახლოებით სამი თვით შეაჩერებს, ეგეც იმიტომ, რომ ხევის წყალი დაიკლებს და ქვის დასაბრუნებლად საკმარისი რაოდენობა არ იქნება. თუმცა მანამდე კიდევ დიდი დროა.

სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.03.2020 საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

30.03.2020 ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე, სამველ პეტროსიანს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედგინათ

30.03.2020 როგორ დავამუშაოთ ხილ-ბოსტნეული - რჩევები

30.03.2020 სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა –5 გრადუსამდე დაეცემა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
სამი წყაროს იმედად

ხუთი დღეა  ახალციხეში დაბინძურებული წყალი მოდის
ახალციხეში, „ხუთსართულიანებში“ წყალი მხოლოდ ღამე მოდის
სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ
'მშრალი' წყაროები ახალციხეში [ფოტო]