FM97.5 / LIVE

როცა ყველა დუმს - ახალციხელი გოგო ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.03.2020
ზუსტად მხოლოდ ერთ რამ იცის - გააშვილეს. უკვე 17 წელია ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს, მაგრამ ამაოდ. მათ ვინაობას არავინ უმხელს, არც იურიდიული მშობლები და არც ნათესავები. მის დაჟინებულ ინტერსს, იცოდეს ვინ არის, კანონიც ეწინააღმდეგება. თვითონ კი ერთი სურვილი აქვს - ჩაეხუტოს ბიოლოგიურ დედას - ქეთი ქიმერიძის ისტორია.

როცა ყველა დუმს - ახალციხელი გოგო ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

„დავიბადე თბილისში. დედამ გაჩენისთანავე მიმატოვა, საავადმყოფოში. დამტოვა და გაიქცა. სუსტი ბავშვი ვიყავი, რაღაც პრობლემები მქონია და შეიძლება ეგეც არის მიზეზი, რომ შეეშინდა და დამტოვა. სავარაუდოდ, დედა ლეილა ასკეროვა-მამედოღლი იყო, მამა - ელდარ ასკეროვი“, - ეს ის მცირედია, რაც ქეთი ქიმერიძემ საკუთარ თავზე იცის და ესეც დაუზუსტებლად.

ახალციხეში, სოფელ წინუბანში იზრდებოდა. 17 წლის იყო, როცა შემთხვევით გაიგო, რომ ნაშვილებია, „წამოაძახეს“. მას შემდეგ კიდევ 17 წელი გავიდა და ჯერ ზუსტი არაფერი იცის. ბიოლოგიური მშობლების ვინაობას არავინ უმხელს, თვითონ კი ცდას არ აკლებს, რომ გაიგოს თავად ვინ არის.

„შემთხვევით გავიგე, მერე წავედი ბიძასთან, მამის ძმასთან და ვკითხე. დამემოწმა ნაშვილები ხარ, მაგრამ მშობლები ვინ არიან არ ვიციო. მერე დედასაც ვკითხე, მაგრამ დამიმალა. მითხრა ტაშკენტში აფეთქებების დროს ბავშვებს არიგებდნენ და იქიდან წამოგიყვანეო. რა თქმა უნდა, სისულელეა. ბავშვები რა პური ხომ არ არის, რომ დაარიგო“, - იხსენებს ქეთი.

რადგან ახლობლებისგან პასუხი ვერ მიიღო, ვინაობის გაგება თავისი ძალებით სცადა. ახსოვს, რომ მისი გაშვილების დოკუმენტი აჩვენეს, მაგრამ ამ ამბავმა სტრესი გაუმძაფრა.

„ახალციხის არქივში მივედი, ვუთხარი გავიგე, რომ აყვანილი ბავშვი ვარ და მაინტერსებს ვინ არიან ჩემი ბიულოგიური მშობლები-მეთქი. იქ ქალი იყო, მგონი დაიბნა, ალბათ არც უფიქრია შეიძლებოდა თუ არა, გამოიტანა საბუთი და მაჩვენა. წიგნის ფორმის იყო და ხელით იყო შევსებული. როგორც მახსოვს ეწერა: ლეილა ასკიროვა-მამედოღლი და ელდარ ასკიროვი. დავიბენი, თავზარი დამეცა, ძალიან რთული იყო, უცნაურად ვიგრძენი თავი და წამოვედი. ვფიქრობდი ეგ არ ვიქნები-მეთქი. სხვა რაღაცის მოლოდინში ვიყავი. არ ავიღე ეგ საბუთი და წამოვედი..“

დაახლოებთ ორი წლის შემდეგ, არქივს ისევ მიაკითხა, მაგრამ სხვა თანამშრომელი დახვდა, რომელმაც საბუთის ჩვენებაზე სასტიკი უარი უთხრა.


რადგან დედის სახელი და გვარი ახსოვდა, მისი მოძიება ინტერნეტის საშუალებით დაიწყო. ამბობს, რომ შეეხმიანა ყველა ადამიანს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ლეილა ასკიროვას სახელით იყვნენ რეგისტრირებული. მათგან მხოლოდ ერთი გამოეხმაურა: „მითხრა, რომ თბილისში შეყვარებული ჰყავდა, მოატყუეს, გააგდეს... მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ სხვა რამე თქვა. ამ ბოლო დროს გამომიგზავნა საბუთი, სადაც სულ სხვა სახელი ჰქვია. ასკიროვა არის, მაგრამ ლეილა მე დავირქვიო. მომწერა არ გავაშვილებდი შვილს, თუნდაც ავადმყოფი ყოფილიყო, ეგრეთ რამეს არ ვიკადრებდიო. სიტყვას ვენდო თუ არა ეგ არ ვიცი“.

დროთა განმავლობში გაიგო, რომ მის იურიდულ მშობლებს ბავშვის აყვანაში ნათესავი დაეხმარა, რომელიც იმ პერიოდში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. ეჭვობს, რომ ამ ნათესავმა მთელი ისტორია იცის, თუმცა არ უყვება: „რადგანაც ავადმყოფი და უპატრონო ბავშვი ვიყავი, ეს კაცი გამზრდელ მშობლებს ჩემს აყვანაში დაეხმარა. ღარიბი ხალხი იყო, საკუთარი ოთხი თვის შვილი გარდაეცვალათ. არაფერი ებადათ, არც ბაღი, არც ძროხა და ბავშვს ნორმალური ვინ მისცემდა?! რანაირად წავიდნენ და რანაირად გააკეთეს ვერ მივხვდი. რაღა თოთო ბავშვი აიყვანეს, რაღა ავადმყოფი, უპატრონო ბავშვი. დედაჩემი 40 წელს გადაცილებული ქალი იყო და არც პირობები გვქონდა. რა რისკით აიღო და წაიყვანა ბავშვი სახლში, არ ვიცი“.

უკვე ჩვიდმეტი წელია ეძებს. ამასობაში გამზრდელი დედა გარდაიცვალა, ახლა უკვე ასაკოვან მამას სთხოვს დახმარებას: „მამაჩემი ძალიან დაძაბული იყო და რომ ველაპარაკებოდი ვერ გავიგე, ვითომ იცის, ვითომ არ იცის. ვუთხარი ლეილა ჰქვია-მეთქი და ეს სულ სხვა სახელს იძახდა. რაღაცას სხვა ახსოვს. საბუთები ვეძებეთ და არ არის, დედაჩემმა ან დაწვა ან გადაყარა ან სადღაც შეტენა, ვეღარ ვნახეთ“.

ახლა ქეთი პოლონეთში ცხოვრობს და მუშობასთან ერთად, მშობლების ვინაობის დასადგენად ისევ იბრძვის. ამბობს, რომ ვერც იურისტები ეხმარებიან და ვერს კერძო დეტექტივი. ბოლოს 2019 წელს მიაკითხა არქივს, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.

მცდელობით მხოლოდ ის გაიგო, რომ მისი ნამდვილი სახელი სედაა. თუმცა დაბადების ზუსტი თარიღი დღემდე არ იცის: „მამაჩემისგან გავიგე, რომ არ ვარ დაბადებული დეკემბერში და სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში დავიბადე. 1987 წელს არის აღებული საბუთი, მაგრამ ვფიქრობ, რომ 1985 წელს ვარ დაბადებული და შეცვალეს თარიღი“.

ქეთის მარტო ერთი სურვილი აქვს ბიოლოგიურ დედას ჩაეხუტოს, მაგრამ ამაში ხელს თავად კანონიც უშლის.

„ეს არის პერსონალური მონაცემები, ამ დოკუმენტების ასე ღიად გაცემა არ ხდება. ეს არის იმ პიროვნების პერსონალური მონაცემები, რომელმაც გააჩინა ბავშვი და შესაბამისად, კანონის მიხედვით ხდება ამ პროცედურების დარეგულირება“, - განუმარტეს საქართველოს ეროვნულ არქივში „სამხრეთის კარიბჭეს“.

ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი, ლაშა ჯაფიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცემა კანონს ნამდვილად ეწინააღმდეგება. როცა პირი გაშვილებულია, იგი ბიოლოგიური მშობლების მიმართ ყველა პირად და ქონებრივ უფლებას კარგავს.

„უბრალო ინტერსის გულისთვის, გაშვილებულ ბავშვს, ბიოლოგიურ მშობლებზე ინფორმაციას არ მისცემენ. კანონმდებლობა ასეთ გამონაკლისს არ უშვებს. თუ ეს პირი მიიჩნევს, რომ არაწორად გააშვილეს და სურს შვილად აყვანა გაუქმდეს, ამ შემთხვევაში სასამართლო გამოითხოვს დოკუმენტებს იმიტომ, რომ საჭირო გახდება ბიოლოგიური მშობლების მონაცემები. ან თუ ავად არის გაშვილებული პირი და სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად სჭირდება მშობლების ვინაობის გაგება, შეიძლება ამ შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია არქივმა“.

მისივე თქმით, კანონის შესაბამისად, გაშვილებული პირი იურიდიულად არის იმათი შვილი, ვინც იშვილა, ხოლო ფაქტობრივად რა ხდება, ამას კანონი არ არეგუილირებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეხუთე კლასელი ბიჭი ამბობს, რომ თანაკლასელმა შეაგინა და ამიტომ სცემა
არის ერთი ქალი . . .
მშობლები მშობლებისთვის [Video/Photo]
10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ვერც მეზობლები ამბობენ
მეხუთე სკოლაში მშობლების ნაწილი ბილეთების გაყიდვის საკითხს ეხმაურება
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის
ანტი სტიგმა  – დისკუსია ახალციხეში