FM97.5 / LIVE

ქალი კიმონოში - ძიუდოს მწვრთნელი თამარ ჩანტლაძე ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 24.02.2020
სტერეოტიპებს, რომლებიც ქალებზე არსებობს, არ ცნობს. თვლის, რომ ის უნდა აკეთო, რაც მოგწონს, ამიტომ ჭიდაობს და ცდილობს საყვარელ პროფესიაში რაც შეიძლება მეტი გოგონა ჩართოს. ისწავლა, იასპარეზა და ახლა უკვე ასწავლის - ძიუდოს მწვრთნელი თამარ ჩანტლაძე.

ქალი კიმონოში - ძიუდოს მწვრთნელი თამარ ჩანტლაძე ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მას შემდეგ, რაც ადიგენის სოფელ არლის საჯარო სკოლაში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს დაასრულებს, კიმონოს იცვამს და სპორტდარბაზში გოგონებს ელოდება. აქ უკვე ძიუდოს მწვრთნელია - პირველი, ვინც სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ძიუდოს კლუბი დააარსა, თანაც გოგონებისთვის.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 13 წლის ასაკში მამამ დინამოს სტადიონზე, გოდერძი ველიჯანაშვილის გუნდში მიიყვანა და ჭიდაობის შესწავლისკენ უბიძგა. „საკუთარი თავის დაცვისთვის“ დაწყებული ვარჯიში საქართველოს ნაკრებში ასპარეზობით გაგრძელდა. მისი სამომავლო გზაც ძიუდოს დაუკავშირდა და სკოლის შემდეგ სპორტის აკადემიაში ჩააბარა, თუმცა ოჯახში თამარი პირველი არ იყო, ვინც ჭიდაობდა.

„წელიწად-ნახევარში ჩემი დაც მივიყვანეთ და საკმაოდ წარმატებულები აღმოვჩნდით, საქართველოს ნაკრებში მოვხვდით. საქართველოს ორ გზის ჩემპიონი ვარ. მრავალგზის ვერცხლის პრიზიორი და ასევე მესამე ადგილის მფლობელი. ჩემი დაც ძალიან კარგი მოჭიდავე იყო, იმანაც დაამთავრა სპორტის აკადემია და ისიც ძიუდოს მწვრთნელია. მაგრამ ახლა სხვა სფეროში მუშაობს“.



მაშინ 80-იანი წლები იყო, „ქალისა და კაცის“ საქმის სტერეოტიპული მიდგომების მიუხედავად, თამარს პრობლემები არ შექმნია, თუმცა იხსენებს რომ თავადაც მოჭიდავე და სპორტის მოყვარულ მამას მეზობლები ხშირად საყვედურობდნენ: „მაშინაც იშვიათობა იყო, ქალი მოჭიდავე სხვანაირად აღიქმებოდა. თავიდან, როცა მეზობლებმა გაიგეს, მამაჩემს ეუბნებოდნენ რამ მიგაყვანინა გოგო ჭიდაობაზეო. მერე როცა წარმატებები გვქონდა, აღარ უკვირდათ. სტერეოტიპია, რომ ქალი სუსტია, თუ მოინდომა ყველაფერს შეძლებს და ახლა უფრო მეტი ქალი მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროში და ასე მგონია, რომ უფრო წარმატებულებიც არიან“.

ჭიდაობაში მცირე პაუზა ჰქონდა - ოჯახი შექმნა, თბილისიდან მესხეთში, სოფელ არალში წამოვიდა და ვარჯიშიც ცოტა ხნით შეაჩერა, თუმცა მასზე ზრუნვა არ დავიწყებია.

გადაწყვიტა სოფელში ძიუდოს კლუბი ჩამოეყალიბებინა, თან ახლადგარემონტებული სკოლა ამაში ხელს უწყობდა. დირექტორის თანხმობით ძიუდოს ფედერაციას მიმართა.

„მაშინ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იყო დავით ქევხიშვილი, რომელთანაც მქონდა ამ საკითხზე მიმოწერა სოციალური ქსელის საშულებით. შემდეგ შეიცვალა პრეზიდენტი და გახდა გიორგი ათაბეგაშვილი, ამიტომ მასთან ჩავედი წერილის თაობაზე. შევხვდით, ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ფედერაცია სკოლას ვერ გადმოსცემდა ტატამს, თუმცა თუ კლუბს დავაფუძნებდი, ამ შემთხვევაში მისი განვითარებისთვის იზრუნებდა. ზუსტად ორ დღეში დავარეგისტრიტე კლუბი, წესდების შექმნაში დამეხმარა იურისტი და დავარქვით ლამაზი სახელი „სამცხე“.

დაახლოებით ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ძიუდოს კლუბი „სამცხე“ 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა, 17 იანვარს კი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფედერაციამ კლუბს ტატამი და გოგონებისთვის 12 კიმონო გადასცა.

ქალი კიმონოში - ძიუდოს მწვრთნელი თამარ ჩანტლაძე ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

არლის სკოლის სპორტდარბაზში ვარჯიშები თებერვლიდან დაიწყო. ძიუდოს შესწავლის სურვლი ამ ეტაპზე 25-მა გოგონამ გამოთქვა, თუმცა მათთან ერთად ვარჯიში დაიწყეს ბიჭებმაც.

„ფედერაცია დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მეტი გოგო იყოს ძიუდოში. თან მათ აქვთ რეგიონული განვითარების პროგრამა, რომლიც დაგვეხმარა. კლუბი გოგონებისთვის შეიქმნა, მაგრამ მთხოვეს, რომ ბიჭებიც ამეყვანა და მევარჯიშებინა, ვნახოთ როგორ წამომყვებიან“.

თამარმა ძიუდოს მიმართ ინტერესი საკუთარ გოგონას, ნინოსაც გაუღვიძა. ახლა ნინო სტუდენტია და თბილისში სწავლობს, პარალელურად კი ძიუდოს მოყვარულთა ჯგუფში ვარჯიშობს. არდადეგებზე, როცა იგი სოფელში ჩამოდის დედა–შვილი ჭიდაობის ილეთებს მოსწავლეებს ერთად აჩვენებენ.

იმისთვის, რომ სტერეოტიპულ მიდგომებს ხელი არ შეეშალა, თამარმა საძირკველი თავად მოამზადა: „წინასწარ შევამზადე გოგონების მშობლები. ფეისბუქზე ხშირად ვაზიარებდი ძიუდოს შეჯიბრებების მომენტებს, გოგონებს კიმონოებში რომ ჭიდაობდნენ, ქართველებსაც, უცხოელებსაც და ასე შევაგუე უკვე აქაური მშობლები, რომ მათთვის უცხო არ ყოფილიყო. როცა ვიკითხე, კლუბს ვხსნი და თუ ატარებთ ბავშვებს-მეთქი, პირიქით, ძალიან დაინტერესდნენ და ბევრი პატარა გოგონა მოვიდა“.

კლუბ „სამცხეში“ გოგონები უფასოდ ვარჯიშობენ. იმ შემთხვევაში თუ შეჯიბრებებზე წასვლა მოუწევთ, ფინანსურად ადიგენის მუნიციპალიტეტი დაეხმარება: „კლუბის გახსნაზე ფედერაციამ 12 ფორმა გვაჩუქა, დანარჩენს რაიონის სპორტსკოლა შეიძენს. დააფინანსებს შეჯიბრებაზე წასვლა-წამოსვლასაც“.

თამარ ჩანტლაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მსოფლიო ძიუდოთი იცნობს და ეს ის სახეობაა, რომელშიც ქართველები ნამდვილად წარმატებულები არიან.

„ქართულმა ჭიდაობამ ბევრი კარგი მისცა ძიუდოს. თვითონ იაპონელებიც აღიარებენ, რომ გაამდიდრა ძიუდო თავისი ილეთებით. მსოფლიო მართლაც გვიცნობთ ძიუდოთი. ძალიან კარგი თაობა მოდის და უფრო მეტად გაგვიცნობენ. მე ძლიან მიხარია, საქართველოს დროშა რომ იწევა ხოლმე“.



[თაკო ფეიქრიშვილი, ოთარ აწყურელი ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

27.03.2020 პენსიის გაცემის წესი იცვლება

27.03.2020 სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტი პირველ მაისამდე ვერ შედგება – სამინისტრო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა
ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე ასპინძელმა მარი ფოცხვერაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვა
ძიუდოს ჩემპიონატში ასპინძელმა გოგონებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
ასპინძაში ძიუდოს საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა
ავანგარდი: ძიუდოს ჩემპიონი ასპინძიდან [აუდიო]
ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია
‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან