FM97.5 / LIVE

გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 14.02.2020
სოფელზე შეყვარებული მხატვარი და უხუცესი წყვილი – გაგაცნობთ გორგულიდან ოჯახებს, რომლებიც დასახლებას ერთგულად შემორჩნენ.

გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

ადიგენიდან სულ რაღაც ერთი კილომეტრით დაშორებულ სოფელს, გორგულს ვესტუმრეთ. უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული პატარა დასახლება თოვლის თეთრ სამოსში გახვეული დაგვხდა.

პირველად სოფლის უხუცესს, ვანო გოგავას ვესტუმრეთ. იგი გორგულში გოჩაჯიხაიშიდან (ხონის მუნიციპალიტეტი) 1945 წელს, დედასთან და ოთხ დედმამიშვილთან ერთად გადმოასახლეს. მას შემდეგ ამ სოფელში ცხოვრობს, მომავალი მეუღლეც აქ გაიცნო და წასვლაზე აღარ უფიქრია.

„12 წლის ვიქნებოდი როცა გადმოგვასახლეს. მამა ომში წავიდა მის შემდეგ არ გვინახავს, დავრჩით ხუთი და–ძმანი. ჩემი მომავალი მეუღლეც ამ სოფელში გავიცანი, გვყავს შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ეს სოფელი ბევრმა დატოვა, უკან დაბრუნებული არავინ მინახავს, მე კი არასდროს მიფიქრია აქედან წასვლაზე“, – ამბობს სოფელ გორგულის მკვიდრი ვანო გოგავა.

საუბარში მისი მეუღლეც გვერთვება, ამბობს, რომ წლებთან ერთად ბევრი გაჭირვება ნახა, იყო ბევრი კარგიც და ცუდიც, მაგრამ გორგულზე კარგი სოფელი არსად ეგულება.

„ადრინდელი და ახალანდელი ცხოვრების შედარება არ იქნება, ადრე სად იყო წყალი, გაზი ან გზა, ახლა ყველაფერი გვაქვს, დაბასთან ახლოს ვცხოვრობთ. სოფლის მეურნეობით და პენსიით ვირჩენთ თავს და შემოსავალიც ასე თუ ისე გვაქვს, ამაზე კარგ ადგილს სად უნდა წავიდე“.



ვაჟა მერაბიშვილის ოჯახი გორგულში სოფელ უდიდან 1956 წელს დასახლდა.

„ვისაც შრომა უყვარს და არ ეზარება აქ ყველაფერია, ძირითადად მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას მივდევთ, თუ იმუშავებ გექნება შემოსავლი. უგემრიელესი ხილი მოდის, განსაკუთრებული“, – ამბობს ვაჟა მერაბიშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ თითქმის ყველა ოჯახს სამი სული ძროხა მაინც ჰყავს.

ნუგზარ გელაძე და მისი მეუღლე სოფელ გორგულში 13 წლის წინ დასახლდნენ, ისინი ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სოფელში ყველა პირობაა. ზამთარში გორგულში არიან, ზაფხულობით კი გორგულთან ახლოს, ერბუას მთაზე მიდიან, სადაც საქონელი მიჰყავთ.

„ამ სოფელში, კარგი ხალხი ცხოვრობს მეგობრული, თანადგომა იციან, ადრე სამი ძროხა გვყავდა. ახლა კიდევ რვა ძროხა და შვიდი მოზარდი, ქათმებიც გვყავს, ამით ვირჩენთ თავს, აქვე ვაბარებთ რძეს და ყველს ვყიდით“, – ამბობს ნუგზარი.

გორგულში თვითნასწავლ მხატვარს ნინო სტეფანოვას ყველა იცნობს. ის არის ადიგენის დროშის და გერბის ავტორი.

„ადიგენის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა კონკურსი დროშის და ლოგოს დახატვაზე. უიმედოდ, მაგრამ მაინც მივიღე მონაწილეობა. გავიმარჯვე და ადიგენის მუნიციპალიტეტს ჩემს მიერ დახატული, გერბი და დროშა აქვს რაც ძალიან მახარებს“, – გვიყვება ნინო სტეფანოვა.

ამბობს, რომ ხატვისთვის დრო არ რჩება, რაც ძალიან აწუხებს.

„ხატვა ძალიან მიყვარს, მამაც და ბაბუაც ხატავდა, ზუსტად არ მახსოვს ხატვა როდის დავიწყე. გული მწყდება, რომ დრო აღარ მრჩება ხატვისთვის. მინდა პერსონალური გამოფენა მოვაწყო, იმედია შევძლებ ყველაფერს თავი მოვუყარო. ბევრ გამოფენებში და კონკურსებში არ მაქვს მონაწილეობა მიღებული“, – სინანულით ამბობს ნინო.



სოფელში, სადაც 53 ოჯახი ცხოვრობს, არ არის სკოლა და საბავშვო ბაღი.

„14 მოსწავლე დავდივართ ადიგენის სკოლაში ფეხით. დილით სახლიდან ცხრის ნახევარზე გავდივართ, სწავლა ათის ნახევარზე გვეწყება ამ დროს იქ უნდა ვიყოთ. კარგი იქნებოდა სოფელშიც იყოს სკოლა“, – ამბობს გორგულში მცხოვრები 16 წლის თორნიკე ქაშიბაძე.

სოფელში მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ სკოლის გასახსნელად ბავშვების საკმარისი რაოდენობა არ არის.

„დაახლოებით 10 მოსწავლეა და ადიგენის საჯარო სკოლაში დადიან. დიდი მანძილის გავლა არ უწევთ და თან კონტიგენტიც არ არის, რომ აქ სკოლა გვქონდეს“, – ამბობს სოფლის რწმუნებული ვაჟა მერაბიშვილი.

მისი თქმით, წლების წინ, როცა თვითონ იყო მოსწავლე, სოფელს დაწყებითი სკოლა ჰქონდა, მას შემდეგ რაც მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა, სკოლაც დაიხურა.

სოფლის ისტორია


სოფელი გორგული ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე, ადიგენიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

გორგულში პირველად სამი მოსახელე 1595 წელს ვარძელ მარცვალაძე, მისი შვილი გოჩა და ძმა პაპუნა ყოფილა, 1870 წელს სოფელში უკვე ხუთ ოჯახს უცხოვრია. ძირითადად, სოფლის მოსახლეობამ შევსება 1945 წლიდან დაიწყო, ომის პერიოდში აქ დასახლდნენ: იმერლები, აჭარლები, მეგრელები და ადგილობრივები ადიგენის სოფლებიდან.

სოფელს გორგული თურმე გორების გამო დარქმევია, რომელიც გარს აკრავს, როგორც მოსახლეობა იხსენებს წინათ „გორი გულს“ უწოდებდნენ, შემდეგ სახელი შეეცვლა და გორგული დაერქვა.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნის შოშხოთის ეკლესიის ნანგრევები და გვიანდელი შუა საუკუნის ნაეკლესიარი. როგორც ადგილობრივები ამბობენ გორგული ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია.



[ნუკა სტეფნაძე, გიორგი ლონდარიძე, ადიგენი]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
გორგულში ავარიულ ხიდს მომავალ წელს შეაკეთებენ
ფოტორეპორტაჟი სოფელ გორგულიდან
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
სამი წყაროს იმედად


სოფელი მთაში [ფოტო]