ნაგავსაყრელების მოწყობაზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს

მთავარისაზოგადოება 14.06.2012
თვენახევრის წინ კანონში შესული ცვლილება, ამ დრომდე არ განხორციელებულა

ნაგავსაყრელების მოწყობაზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს

2012 წლის მარტში, ცვლილებები შევიდა კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", რის შედეგადაც 2012 წლის 1 მაისიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ექსლუზიურ უფლებამოსილებებში "ნაგავსაყრელების მოწყობა" აღარ შედის.

ეს უფლებამოსილება კანონით გადაეცა კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის 1 აპრილამდე უნდა დაეფუძნებინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შემდეგ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაეცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის.

- ”ნაგავსაყრელები ჯერ არ გადაგვიცია, კანონპროექტი მზადდება, მუშა პროცესია, ამ საქმეში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციებიც. რეგიონული განვითარების სამინისტროში შეიქმნება შესაბამისი სამსახური და ნაგავსაყრელების მოწყობა ცენტრალიზებულად მოხდება”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდოამრე მალხაზ გიქოშვილი და ამატებს, რომ ნაგვის გატანა კვლავ მუნიციპალიტეტის საქმე იქნება.

იმსიათვის რომ რეგიონული განვითარების სამინისტრომ ნაგავსაყრელების მოწყობა დაიწყოს, ჯერ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მას ის მიწა უნდა გადასცენ, რომელზეც ნაგავსაყრელებია.

- ”თუმცა, იმისთვის რომ პროცესი დროში არ გაიწელოს, შესაძლოა მიწების გადაცემის პროცესი ცენტრალიზებულადაც მოხდეს: ნაგავსაყრელის მიწები ეკონომიკის სამინისტრომ გადასცეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს”, - ამბობს გიქოშვილი.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის თქმით, რადგან ჯერ ქონება არ გადაუციათ და არ დაფუძნებულა "კერძო სამართლის იურიდიულ პირი" მაშინ გამოდის, რომ "ნაგავსაყრელების მოწყობაზე" პასუხისმგებელი ორგანო ამჟამად არ არსებობს.

სამცხე-ჯავახეთში ხუთი ნაგავსაყრელია, მათ შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტში -2, ახალცხიეში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში თითო-თითო.

ახალციხის მუნიციპლიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან მდებარე ნაგავსაყრელი ადიგენის მუნიციპალიტეტსაც ემსახურება. ნაგავსაყრელი ჭაჭარაქში ახალციხიდან 9 კილომეტრის მოშორებითაა და აქ თვეში დაახლოებით 1 200 კუბური მეტრი ნაგავი იყრის თავს. ახალციხის შპს "კეთილმოწყობის" დირექტორის ამირან ნოზაძის თქმით, ბულდოზერი თვის განმავლობაში დაგროვილ ნაგავს ასწორებს და მარხავს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დასუფთავებისათვის 375 ათას ლარამდეა გათვალისწინებული, თუმცა ეს მხოლოდ ქალაქიდან ნარჩენების გატანისათვის. ნაგავსაყრელისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არასდროს ყოფილა გაწერილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]